ჯაშია – "ჩუმად წაიღო ფიქრმა დარდები"

December 19, 2014 § Leave a comment

ჩუმად წაიღო ფიქრმა დარდები,
განცდებს ისინი ვეღარ შველიან,
ფულში გამცვალეს და ვიკარგები
ასე არასდროს არსად მწყენია.

ისევ გაივლის დრო და დავთვრები
ჩავიკლავ გულში რიტმების გროვას
ხელში შემრჩება ეს აკორდები
ისევ გიტარა დაიწყებს გლოვას…

Jashia – Chumad Waigo Fiqrma Dardebi
ჯაშია – ჩუმად წაიღო ფიქრმა დარდები

ვაჟა-ფშაველა – ანდერძი

December 18, 2014 § Leave a comment

ნუ გასჯავრდებით, შვილებო,
და ნუ დაგვიწყებთ გმობასა,
რომ ბევრი საქმე დაგიგდეთ
გასაკეთებლად მოდგმასა.
ჩვენი დრო იყო გრძნობისა,
ჩვენაც ვგლოვობდით, ვტიროდით.
რომ სნეულს წამალიც უნდა,
იმას ვეღარა ვფიქრობდით.
დრო იყო შეუსაბამო,
გარემოება ვერანი,
ამაოდ დაგვრჩა მამებსა
ფიქრი და გულის ძგერანი.
ეგებ თქვენ დაიჯილავოთ
ბარათაშვილის მერანი!
მინდოდა მკვდარსა გამეგო
ქართველთა ბედისწერანი,
რად უნდა დარჩეს ტიალად
ცრემლით მორწყული მღერანი?!
მინდოდა, ჩამოგვძახებდით
საფლავში ერთად ყველანი:
“შვილთ აგისრულეთ ნანატრი,
აწ განისვენეთ ტკბილადა,
ჩვენაცა დავიწერენით
ქართველ მამულიშვილადა”.

Vaja Fshavela – Anderdzi
ვაჟა-ფშაველა – ანდერძი

ვაჟა-ფშაველა – ანკარა წყარო

December 17, 2014 § Leave a comment

ანკარა წყარო მთიდანა
ეშურებოდა ბარადა –
გადადიოდა ლოდებზე
წვრილ მარგალიტის თვალადა.
თან ამას მოიმღეროდა,
ვით საპატარძლო ქალია:
– ნეტავ სულ ია-ვარდს ვრწყავდე,
იმდენი მომცა ძალია…
ნეტავ არავინ მამღვრევდეს,
არა მქელავდენ ღორები,
რაც ღმერთმა მომცა ბუნება,
იმას ნუმც გავეშორები.

Vaja Fshavela – Ankara Wyaro
ვაჟა-ფშაველა – ანკარა წყარო

ვაჟა-ფშაველა – არაგვს

December 17, 2014 § Leave a comment

დაწუხებულმა, არაგვო,
რო გნახე, გავიხარეო,
სრულიად გამოვიცვალე,
წელშიაც ავიხარეო.

რა ლამაზია, წყეულო,
შენთ ზვირთთა ლაღნი ჩქერანი,
გააფთრებულსა ტალღასა
კლდეს რო წაუვლენ თქერანი!

შენ თვალს გარიდებ მაშინა,
მთებისკე მწადის ცქერანი,
უნდომლად მამინდებიან
ბედკრულს ბედკრულნი მღერანი.

გულიც იქ იწევს, თვალიცა,
იქ რო მაღალი მთებია,
ვინც რომ გიჟმაჟი გაგზარდა,
ვის ძუძუც პირში გდებია, _
იმათ კალთაზემც მოვკვდები,
მათ ლოდი გულსამც მდებია!

ზაფხულში აყვავდებიან
მკერდნიც კი სალის კლდისანი,
ყვავილთ პირს ეკონებიან
ცივნი ნამცვრევნი ცისანი.

გაჰყუჩებია ნიავსა
ჯიხვი, ყელ-ყურით ლამაზი,
აღარ აჩხერებს ქვიშათა
კლდით კლდეზე მხტომი გავაზი.

ხან რომ ცა მაიღრუბლება,
ჩაბნელდებიან ხევები,
გაჩნდება მეხთა ტკრციალი,
ათრთოლდებიან ხეები,
კლდეებზედ დაიკეცება
სვავთა და არწივთ ფრთეები.

თმებს უკუიყრის ნაკადი,
ცისაკ დაიწყებს ცქერასა,
შაჰყურებს გაოცებული
შავის ღრუბლების მღერასა.

რა ყურმა უნდა გაუძლოს
იმ მთების გულის ძგერასა?!
ხშირად მოხეთქილს წვიმასა
სიპისა აქვის ღარები,
აქა-იქ გაიმტვრევიან
პირგაშაული ღვარები.

იზიდებიან შენკენა
ის გრძნობისაგან მთვრალები,
იმათ ვეღარა დაიჭერს,
თუნდ რკინის დახვდეს კარები!

ახლა ავდარიც გადიყრის
და მზეც გადივლის გორასა,
ნაწყვეტ-ნაწყვეტი ნისლები
ხევებში სდგამენ გორასა.

ვეღარა ჰბედვენ ბეჩავნი
მთებისად მეხის სროლასა,
მაგრამ ფიქრობენ ვაჟანი
სახვალიოდაც ბრძოლასა!

Vaja Fshavela – Aragvs
ვაჟა-ფშაველა – არაგვს

ვაჟა-ფშაველა – არად მიღირს

December 17, 2014 § Leave a comment

მინდა გულმა გაიხადოს თალხები,
მინდა ცხოვლად ავახილო თვალები,
მხიარულმა ვნახო მუდამ ქალები,
რომ დავჩაგრო ქვეყნის მსრველი ძალები.
მაგრამ არა! გულში ისევ ბნელია:
უმსგავსობა ვერსად გამიმხელია,
ვიმალები, უმსგავსი ვარ, მრცხვენია,
ბნელი ძალა ჯერ ვერ დამიძლევია.
ღირსი არ ვარ თქვენთან ყოფნის, სალმისა,
არც მღერისა, ქაღალდის და კალმისა.

Vaja-Fshavela – Arad Migirs
ვაჟა-ფშაველა – არად მიღირს

ვაჟა-ფშაველა – არავის არ გემდურით

December 17, 2014 § Leave a comment

არავის არ გემდურით,
ღმერთი, რჯული, ხატია!
რადგან იმას ვაკეთებ,
რაც მინდა და მწადია.
უიმისოდ მკვდარი ვარ,
ყოფნა ჩემი მჩატია.
ის თქვენ რად გაზღვეინოთ,
რაც მე მიყვარს, მწადია?
ის ჩემია, მე – მისი,
მისთვის დავიბადია.
თქვენ სასყიდელი გთხოვოთ,
რადგან მიყვარს ხატია?!
ჩემი დამმონებელი –
სიყვარულის ბადია!
ბედნიერებით სავსე
ხელთ მიპყრია ბადია,
ვსვამ და როდი ილევა,
თუმც მომწარობს, კარგია.
ჩემი ნატვრითი გრძნობა
მაინც ჩემი ბარგია,
ჩემის ბედნიერების
უმთავრესი დარგია.
იმით ვარ ბედნიერი, –
ავია თუ კარგია.
ყველამაც რომ მიყვიროთ:
„აქით დაიკარგია!“ –
არავის არ დაგწყევლით,
ღმერთი, რჯული, ხატია!
არავის არ გავალებთ,
შემიყვაროთ მისთვისა,
რომ სიმართლეს ვმსახურობ,
თავს მოვიკლავ ძმისთვისა.
ბედნიერი მაშინ ვარ,
როს ვიტანჯვი სხვისთვისა.
ქვეყანას კი ვაყვედრო?!
რადა, ძმებო, რისთვისა?
არავის არაფერს გთხოვთ,
ღმერთი, რჯული, ხატია!
რადგან იმას ვაკეთებ,
რაც მიყვარს და მწადია…
თქვენც გეკეთეთ? ხომ კარგი.
არა? არაფერია!
ჩემს მღერას თუნდ ნუ უსმენთ,
მე მაინცა ვმღერია,
როგორც ბუზი ბზუილა,
როგორც ერთი მწერია.
მოკეთე თუ გამიწყდა,
ეს მტერი ხომ ბევრია!
მაინც თქვენი მონა ვარ,
თქვენი მიწა-მტვერია.

Vaja Fshavela – Aravis Ar Gemdurit
ვაჟა-ფშაველა – არავის არ გემდურით

ვაჟა-ფშაველა – არ ვტირი

December 17, 2014 § Leave a comment

არ ვტირი, არც რას ვემდური,
მწარეს ბედს, მწარეს ყოფნასა,
მუდამ ეს მოსდევს, ამბობენ,
სიმართლესა და ცოდნასა, –
რად დავიჩივლებ ტანჯვასა,
თუ სხვას რას ვარგებ ცოტასა?!
ამიტომა ვსთხოვ უფალსა,
ნუგეშად ვყვანდე ყველასა,
რომ არ ვზარობდე არადროს
გაჭირვებულის შველასა,
თოფს ვესვრი დაუმცდარადა
ცბიერსა თეთრსა მელასა:
ცხვრად ეჩვენება ქათმებსა,
არც ზარობს იმათ კბენასა;
მოკეთეობას შეჰფიცავს,
მარჯვედა ხმარობს ენასა.
ტყავს გავხდი, ვაჭარს მივყიდი,
გაუხარდება დედასა,
რო ჰნახავს კუდ–გაძაგრულსა
ქათმის ძვალების მკვნეტავსა.
ვერ ვუმტრობ, მინდა ვუშველო
დაჩაგრულსა და ბეჩავსა.
ან კი რას ვამბობ? უფალი
ციდამ ყველასაც გვხედავსა,
ყველას საკუთნოს მოგვიწყავს –
მართალს და ქვეყნის მყვლეფავსა.

Vaja Fshavela – Ar Vtiri
ვაჟა-ფშაველა – არ ვტირი

ავქსენტი ცაგარელი – ყარაჩუღელი ლოთი

December 17, 2014 § Leave a comment

მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი, ძმობილო?
ბატონებო, ანუ კეთილშობილო?!
მე ქრისტე ღმერთს კინტოთ გავუჩენივარ,
ლოთობაა ჩვენი წესი, ადათი…
მითომ რაო! თქვენისთანა ვაჟები
ბიჭობაში არ მეყოფა არც ათი!
მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი, ძმობილო?
ბატონებო, ან შენ, კეთილშობილო?!
არ მკადრულობთ და დაცინვით მიყურებთ,
თითქო მე ღმერთს მეტი გაუჩენივარ!
მე ზოგსავით არც ძმასა ვკლავ, არც ვპარავ
და ღარიბი ლუკმისა მომთმენი ვარ!
ჯაფა-ტანჯვით ალალ ლუკმას ვშოულობ,
მთელი კვირა ოფლს სულ ასე ვიწურავ…
კვირა დღეს კი გამოვდივარ ძმა-ბიჭში,
ყარაჩოღულ ლურჯ ქუდს გვერდზე ვიხურავ!
მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი, ძმობილო?
ბატონებო, ან შენ, კეთილშობილო!
ძუნწი კაცი ქვეყანაზედ რად ცხოვრობს?
ოჰ, გაუწყრეს მდიდარ ძუნწებსა ქოქი!
მე რომ მოვკვდე, გევედრებით, ძმაოჯან,
დამახალოთ ზედ თავზედ სავსე დოქი!
მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი, ძმობილო,
ლოთ ბიჭშია, აბა, რა ნახე ცუდი?
მეც კაცი ვარ, რატომ ეგრე მიყურებ?
მეცა მხურავს თავზედ ნამუსის ქუდი!

Avqsenti Cagareli – Yarachugeli Loti
ავქსენტი ცაგარელი – ყარაჩუღელი ლოთი 

ვაჟა-ფშაველა – არწივი და კაკაბი

December 16, 2014 § Leave a comment

კაკაბმა უთხრა არწივსა:
“გთხოვ, ამიყვანო შვილადა”.
სთქვა და თვალთაგან ცრემლები
გადმოუგორდა წყვილადა.
“შენ რომა მყვანდე ქომაგად,
რას დამაკლებენ ქორები?
დავგოგავ თავისუფლადა,
არავის შევეპოვები.
შიშს ქვეშა ვცხოვრობ დღე და ღამ
და საკენკსა ვკენკ თრთოლითა,
ყოველი ლუკმა, ნაბიჯი
რწყულია შიშის ოფლითა.
ცის ქვეშე ჩემი მფარველი
არსით არ მოიპოვება,
უმწეოდ რომ ვგრძნობ ჩემს თავსა,
დაბნეული მაქვს გონება.
ოჰ, რომ იცოდე, არწივო,
ჩემი ტანჯვა და გოდება,
აღარ მოჰკლავდი კაკაბსა,
არ ჩაუყრიდი ბრჯღალებსა,
მის ხორცს არ დააფეთებდი
მაგ შენს მშვენიერს თვალებსა”.
– რას ამბობ, რასა, კაკაბო,
შე კლანჭ-უძლურო, ნაცარა?
ვინ დაგარიგა, ან ჭკუა
თავში რამ გამოგაცალა?
ხომ წაწყმდა მთელი სამეფო,
ქორ-შავარდნების ბრბოები,
თქვენ დაგრჩესთ სანავარდოდა
მინდვრის და მთათა შტოები!
ბარემ ის მითხრა, – მოკვდი-თქო,
პირდაპირ, მოუფერებლად!
გასწი, გამშორდი თვალთაგან,
ჩემ კლანჭთა მოუღერებლად,
თორემ იქნება ბუმბული
შენი წაიღოს ნიავმა,
მთისა მწვერვალი ახაროს
შენის ბუმბულის ტრიალმა!
განაბა სული კაკაბმა,
იქვე მოძებნა საფარი,
ჩაქრა სხივ-გამოუცემლად
გულს ანთებული ლამპარი.
დაიწყო მწარედ გოდება,
ნუგეშმცემელი სად არი?!
არწივი ცის მკერდს გაეკრა,
ფარფაშობს, როგორც მაყარი,
ცას უპოხს გამხმარს გულ-მკერდსა
ხამუშად მისი ყარყარი.
დასცინის უძლურთ სისუსტეს,
ლოცავს არსებულს წესებსა:
ზოგი რომ აბედი არის,
სხვა ზედ ცეცხლს დააკვესებსა,
გაუპობს ნადავლს გულ-მკერდსა,
დაჰბღუჯავს, დააკვნესებსა.

Vaja Fshavela – Arwivi Da Kakabi
ვაჟა-ფშაველა – არწივი და კაკაბი

ვაჟა-ფშაველა – არჩილური

December 16, 2014 § Leave a comment

იმდენი ოფლი, იმდენი სისხლი
არც ერთსა ერსა არ დაუღვრია,
პატარას, დიდსა სამშობლოსათვის
ომშია თავი არ დაუდვია.
ნათლის გონებით, მგზნებარე გულით
ერთს სხვას მამული არ ჰყვარებია.
ლამაზის ერის ლამაზმა ქცევამ
ერებს ჩვენფერებს მადლი მოჰფინა,
ბინა-დაკარგულთ, დაწიოკებულთ
იმათგან ლამის იპოვონ ბინა.

Vaja Fshavela – Archiluri
ვაჟა-ფშაველა – არჩილური