ანა კალანდაძე – ბოშა ქალი

January 18, 2013 § Leave a comment

და რა ქალი?! ხელის გულით სატარები…
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი…
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები…
შეხედეს და… შეუკურთხეს გამჩენი…

მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და… ისიც ეტყვის ურიგოს…
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
– მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..

ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე…

Ana kalandadze – Bosha qali

ანა კალანდაძე – მრავალჟამიერ

January 18, 2013 § Leave a comment

შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს,
თერგს და დარიალს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!

შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად
რომ იჩქარიან,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!

შენს მამაც გმირებს, – გზა საომარი
მხნედ რომ გალიეს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!

თავისუფლების, შრომის და ბრძოლის
ძლიერ არმიებს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!

რიონს და ჭოროხს, მტკვარსა და არაგვს –
მზიან-მთვარიანს,
ახალ მშენებლებს – დიდება მარად,
მრავალჟამიერ!

მოეფონება შრიალი ხეთა
მიწას გვალვიანს…
მშვიდობა, მარად მშვიდობა შენდა,
მრავალჟამიერ!

ზურგში თუ ფრონტზე გზა საომარი
ძლევით გალიე!
ჩემო სამშობლოვ, დიდება შენდა,
მრავალჟამიერ!

Ana kalandadze – Mravaljamier

ანა კალანდაძე – ბროწეულები

January 18, 2013 § Leave a comment

მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები…

ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ
ბროწეულები!

Ana kalandadze – Broweulebi

ანა კალანდაძე – თათრის გოგონავ

January 18, 2013 § Leave a comment

თათრის გოგონავ დაუკარი შენი დაირა,
წელი ლამაზი შეარხიე ლერწმისნაირა,
წითელ კაბაში შეხვდი ბაირამს…
ო უთვალავი რაღაც ულევი

მკერდზე ბრჭყინავენ ვერცხლის ფულები
სამკაულები ნაირ-ნაირი,
თათრის გოგონავ დაუკარი შენი დაირა,
თათრის გოგონავ მომილხინე შენი დაირით

Ana kalandadze – Tatris gogonav

ანა კალანდაძე – ამ სოფლის იქით სხვა სოფელია…

January 18, 2013 § 1 Comment

ამ სოფლის იქით
სხვა სოფელია,
ამ გზების იქით
გზებია კიდევ.
ნუთუ საგზალი გამოგელია?
იქნებ მძიმეა
და ვეღარ ზიდე?

მე მოგცემ
თუკი გამოგელია,
წაგიღებ,
თუკი ვეღარა ზიდე,
ამ სოფლის იქით
სხვა სოფელია
ამ მთების იქით
მთებია კიდევ.

Ana kalandadze – Am soflis iqit sxva sofelia

ანა კალანდაძე – შემოდიოდა ჩვენში კალანდა

January 18, 2013 § Leave a comment

და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს…
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია…

იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა…
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა…

ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან…
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა…

Ana kalandadze – Shemodioda chvenshi kalanda

ანა კალანდაძე – რომ ავყოლოდი გულისთქმას

January 18, 2013 § Leave a comment

რომ ავყოლოდი გულისთქმას
ჭკუას არ დავიხმარებდი.
შენთან დავლევდი ჩემს დღეებს
შენს გულში გავიხარებდი…

ზურგს საფქვავს წამოვიგდებდი
გზას წისქვილისკენ გავლევდი…
პატარაც რამე გწყენოდა,
სულს ხოხობივით დავლევდი…

Ana kalandadze – Rom avyolodi gulistqmas

გალაკტიონ ტაბიძე – მელანქოლიური მოსიმღერე

January 18, 2013 § Leave a comment

მშვენიერი მახსოვს ბაღი, მებაღე მას არ თარგავს,
დავკარგე და ვიგრძენი, რომ კარგი რამ დამიკარგავს.
უნაზესი სიყვარულიც გულს ვარდებით არ ქარგავს.
დავკარგე და გული მტკივა – კარგი რამ დამიკარგავს.
ჯანმრთელობა არის განძი, სხვა განძებს რომ არა ჰგავს,
დავკარგე და ვიგრძენი, რომ ბევრი რამ დამიკარგავს.
მქონდა დიდი ნებისყოფა, მუხას ჰგავდა, კლდეს ნარგავს,
დავკარგე და იმავე დღეს სიცოცხლეც დამიკარგავს.
აღარ მიყვარს, ო, ქალაქო, ცხოვრების სიავკარგე –
არ ვამბობ, რომ ყველაფერი, ყველაფერი დავკარგე!
ნურც ვინ მეტყვის: გულს ნუ იტეხ, გული ხომ ქვას არა ჰგავს
არაფერი, ან სულ ცოტა, ცოტა რამ დაგიკარგავს!.

Galaktion tabidze – Melanqoliuri Mosimgere

ნიკა ნორიელი – ერთი საღამოს ქრონიკა

January 12, 2013 § Leave a comment

ამოვარდი, ქარიშხალო,
გამიფანტე ღრუბლები.
ფოთოლთ ცვენა დამანახე
დამიფარე ქუჩები.

არ გაჩერდე, ნიაღვარო,
დაანგრიე ყოველი.
შენ წალეკე ყველა ფერი.
მე გაზაფხულს მოველი.

რაღა დამრჩა? მხოლოდ ერთი!
ვუფრთხილდები, ვევლები.
ჩემთვის არის ყველაფერი,
მომაფარე ხელები.

გადავლახე მთა და ბარი,
გავიარე ველები,
თუმცა ჯერაც ვერ ვიხილე
სახლში ჭრელი ფერები.

ეს აბჯარიც უკვე გაცვდა
დამიძველდა, გახუნდა.
როდის მოვა გაზაფხული?
არემარე გაჩუმდა.

მე ვიღლები, უკვე ვატყობ
შემეცვალა განწყობა.
იმედია, შენ მომისწრებ.
შემომესმა გალობა.

დამთავრდება ყოველივე,
დაეშვება ფარდა.
ვერც ვერავინ ვერ გაიგო
ჩემი სულის გარდა.

Nika norieli – Erti sagamos qronika

ნიკა ნორიელი – თეთრი გავხდები

January 12, 2013 § Leave a comment

მე დავბერდები, მაგრამ სიბერით,
ვერ შემაშინებს ვერც ერთი ღმერთი.
ჩემთვის სიბერე არ არის ტვირთი,
ჩემთვის სიბერე არ არის ნისლი.

მომეწონება თეთრი თმა–წვერი,
ვიტყვი, ლამაზი გავხდი, მე მგონი.
მაგრამ ბოროტი გაჩნდება ეჭვი,
დამჭკნარი სახე, ბევრი ნაოჭი…

ამ დროს მუხლებზე პატარა ბავშვი,
ჩამომჯდარია, მიღიმის ლაღი.
და მავიწყდება ჩემი ფიქრები,
მეც ხომ სხვებივით გარდავიქმნები.

გული არასდროს ბერდება, ვიტყვი,
თუ შენ გექნება ამის სურვილი.
სახე –  ჯანდაბას – ეგ არაფერი,
ნაოჭსაც კი აქვს თავისი ხიბლი…

Nika norieli – Tetri gavxdebi

Where Am I?

You are currently viewing the archives for January, 2013 at leqsebi.