მირზა გელოვანი – "მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა"

October 2, 2014 § Leave a comment

მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა.
მიყვარს ვარდები: ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი.
და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი,
შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად.

ირიბად დავალ, ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს,
ცა სისხლისფერად შეიღება, როგორც იარა.
ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს
და შენს სახლის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად.

Mirza Gelovani – Miyvars Nabiji: Darxeuli Da Waramara
მირზა გელოვანი – მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა

მირზა გელოვანი – "შეხვედრისას ქარი ჰქროდა"

October 2, 2014 § Leave a comment

შეხვედრისას ქარი ჰქროდა,
მთვარე ვარსკვლავთ თითქოს თვლიდა,
ვერხვს ლამაზი ტანი ჰქონდა,
ტანს ვიღაცა ჩემსკენ ხრიდა.

ღამევ, ჩვენი შეხვედრისას,
იცინოდა ზეცის კარი,
მიგიგავდა ტანი ისარს,
მეც მშვილდივით აგეკარი.

Mirza Gelovani – Shexvedrisas Qari Hqroda
მირზა გელოვანი – შეხვედრისას ქარი ჰქროდა

მირზა გელოვანი – ასე წავიდა ღამე…

September 6, 2014 § Leave a comment

ასე წავიდა ღამე,
ასე მოვიდა დილა,
ასე ნაბავდი თვალებს,
ასე მაქციე ჩრდილად.

 ასე ვხვდებოდით უხმოდ,
ასე დავშორდით ჩუმად.
ასე მწყურიხარ ახლაც,
ასე დავტირი გაყრას.

Mirza Gelovani – Ase Wavida Game
მირზა გელოვანი- ასე წავიდა ღამე

მირზა გელოვანი – შენ

July 10, 2014 § Leave a comment

შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა
გაუგონარი, მღვრიე დაწვითა,
შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა
და ამხანაგის გულში გაცივდა.
როგორ დაეცა იგი დაჭრილი,
როგორ კაწრავდნენ მიწას თითები
და გაზაფხულის შორი აჩრდილი
როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით.
მაგრამ მითხარი, განა გიშველის,
რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო!
რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი
ბავშვი უსახლო და უდედმამო!
შენ მიდიოდი… გზა იყო სისხლის
და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს…
სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის,
თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე.
Mirza Gelovani – Shen

მირზა გელოვანი – "მე არ ვარ გმირი, ცეცხლში ბრძოლების"

July 10, 2014 § Leave a comment

მე არ ვარ გმირი, ცეცხლში ბრძოლების
ბედი მწყალობს და სიკვდილს ახელებს.
არდაბრუნება არ მეძნელება,
უფრო ძნელია თქვენზე წუხილი,
მიტომ კი არა, რომ სიყვარული
იყო პირველი, იყო უთქმელი.
რომ მოპარული, რომ დაფარული
არ ჰგავდა სხვისას ალერსი თქვენი,
რომ რამე, ჩვენგან დამწვარი ერთად,
იყო მხურვალე, ვიდრე ვიცოდი,
რომ გრძნობა ჩემი მძაფრი და მკვეთრი,
სხვასთან ამგვარად არ დაიწვოდა!..
ო, არა… მაგრამ სიკვდილის გვერდით,
სისხლიან ჩრდილში მწვავე ბრძოლების,
თქვენ მაგონდებით, როგორც იმედი
წარსულთა დღეთა განმეორების.

Mirza Gelovani – Me Ar Var Gmiri, Cecxlshi Brdzolebis

მირზა გელოვანი – ო, მაპატიეთ

July 10, 2014 § Leave a comment

ბედმა უცნობი გზით გამაქამანა,
თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…
და, როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.

Mirza Gelovani – O, Mapatiet

მირზა გელოვანი – "დამაცადე,ნატყვიარში დავიფიო ბალახი"

July 10, 2014 § Leave a comment

დამაცადე,ნატყვიარში დავიფიო ბალახი,
კვლავ ვიხილო მთები ქარში,ჩემგან გადანალახი.
გაგიტაცო,ლურჯა მალი მიგვაფრენდეს მალვითა,
მომკიოდეს შენი ქმარი ასი მეომარითა.

ასსა ვკრავ და ასს მივაწვენ,
სისხლს გავუშვებ ღვარადა,
ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ,
ტოტს ვიფარებ ფარადა.

ბაგე მალო,ვერ დამალავ,კოცნას მაინც დავაჩენ,
ერთი წუთით შენს შავ დალალს ბალახებში დავაფენ.
მერე მომწვდნენ,მერე მნახონ,აღარ მედარდებოდეს,
გადამკრან და გადამჩეხონ,ხმალი მიწას სწვდებოდეს.

ბევრჯერ ვლესე შავი დანა ბრაზით და გახელებით,
სისხლმა ბევრჯერ გადანამა ჩემი თეთრი ხელები.
უფრო ბევრჯერ ღიმის ჩენით ვზიდე გულის ტკივილი,
ახლაც ახსოვს ღამეს ჩემი არწივული ყივილი

და სიკვდილმაც ჩემთან ახლოს
ბევრის თვალი მოფისა,
მთებსაც ახსოვს,ქარსაც ახსოვს
ეხო ჩემი თოფისა…

დამაცადე,შავ ღამეში დაგილეწო კარები,
მოვიხვიო შენი ეშხი,შენი შმაგი მკლავები…
მერე მომწვდნენ,მერე მნახონ,აღარ მედარდებოდეს,
გადამკრან და გადამჩეხონ,ხმალი მიწას სწვდებოდეს.

Mirza Gelovani – Damacade, Natyviarshi Davifio Balaxi

მირზა გელოვანი – "ახლაც, შუა ღამეში, შენი ნახვა მომინდა"

May 11, 2014 § Leave a comment

ახლაც, შუა ღამეში, შენი ნახვა მომინდა,
თითქოს გული მტკივანი შემიჩერდა ბუდეში.
შენობა ვერ გასწიეს, თუმცა ბევრი მოვიდა,
ზოგი შენზედ სათუთი, ზოგი შენზედ უხეში.

რომ შეგეძლოს გაგება, თუ რარიგად ვეწამე,
შენვე შეგძულდებოდა შენი ტლანქი მოქცევა,
როგორც სხვა დროს, ამ წუთშიც წამებაა ეს ღამე
და ძნელია გრძნობების ვნების ლაფში მოთრევა.

მაგრამ ახლაც ალერსი სხვაგან უნდა ვიყიდო,
თორემ შენ არ მოდიხარ და მომწყინდა ლოდინი,
ჩემი ბრალი არ არის, გოგო ცეცხლ-მოსაკიდო,
სხვას დაუგე საშენოდ შეწირული ლოგინი.

Mirza Gelovani – Axlac, Shua Gameshi, SHeni Naxva Mominda
მირზა გელოვანი – ახლაც, შუა ღამეში, შენი ნახვა მომინდა

მირზა გელოვანი – სადგურზე

November 11, 2013 § Leave a comment

სადგური სავსე ჯარისკაცებით,
ხმაური არხევს მღვრიე ვაგონებს,
შენ მითხარი, რომ ეს განშორება,
რაღაც შორეულ სიზმარს გაგონებს…

შენ მითხარი, რომ ჩემს დაბრუნებას
დაუცდის შენი ბავშვობა წმინდა,
მაგრამ შენ გქონდა ქალის ბუნება,
შენ ქალი იყავ და დაგავიწყდა…

ვერ გაგამტყუნებ, არ მაქვს უნარი,
გავკიცხო შენში, რაც ასე გშვენის,
ამქვეყნად მე ვარ გასამტყუნარი,
რომ სიკვდილამდე მჯეროდა შენი.

Mirza Gelovani – Sadgurze

მირზა გელოვანი – "მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა"

October 24, 2013 § Leave a comment

მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა.
მიყვარს ვარდები: ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი.
და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი,
შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად.

ირიბად დავალ. ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს,
ცა სისხლისფერად შეიღება, როგორც იარა.
ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს
და შენს ბინის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად.

Mirza Gelovani – Miyvars Nabiji: Darxeuli Da Waramara

Where Am I?

You are currently browsing the მირზა გელოვანი category at leqsebi.