ალექსანდრე გაბური – მზე

March 16, 2014 § Leave a comment

ცოტა ხანს კიდევ მინათებ
ჩემი სამზეოს დასტურად,
მერე ვიკმარებ დილამდე
ამ წუთისოფლის სამდურავს.

მერე ცას _ მზერა გადახდილს
სიცოცხლის სასჯელს შევურევ
და იშრიალებს ბალახი _
ჩემი აქ ყოფნის მეურვე.

და ვიდრე გადაიგორებ
შორი თვალების ყინულზე _
ცივ ხელებს და მჭლე სტრიქონებს
შენი მზეობის მიუზღე.

შენით ნანატრი დღე ვიცან,
გზა ვიცან _ გადასარჩენი…
მიხვალ, მოგყვება ჩემი ცა _
ბოლო ოცნების ნარჩენი.

გაყრის წვა უნდა მაჩვენო
ნასისხლი მწუხრის ბაგეთი.
მერე პირს შეკრავ საჩემოს,
მე გზას შევრჩები შავეთის.

უფრო თვალებში დაგეძებ,
რამეთუ ყოფნის სვე მრუდობს.
შენს პირს შესთაფლდეს რაც შევძელ,
რაც ვერა _ ღმერთმა შეუნდოს.

შენით ნუგეში თავს მედგა
ჩასაფერფლ-ჩასაკრეფელად
და გულს უვლიდი გარედან
მზე _ დამზრალ სულის პეპელა.

რა ქვას ათბობდა დღე ჩემი,
რა მისაბრუნი მიკურთხე.
შენ სააქაოს შერჩები,
მე _ საიქიოს ვიკუთვნებ.

ღამეს აუწყავ თვალებით
ლოდინის წილად ჩრდილოელს.
წახვალ… მთებს მიეფარები,
საღამოც დამიგრილოებს.

ჯერ კი _ სხივს აბამ გვიანდელს,
ვაჟღერებ შენს ტანს ფანდურად…
მერე ვიკმარებ დილამდე
ამ წუთისოფლის სამდურავს.

Aleqsandre Gaburi – Mze

ალექსანდრე გაბური – შენ და მე

March 16, 2014 § Leave a comment

წახველ… დასრულდა… მე კი აქ დავრჩი,
მაგრამ შენს კუთვნილ ტკივილს ვინ ზიდავს…
სულში ჩამიქრა თვალები ბავშვის
და სინანული ამოიზიდა.

ამოიწელა ეული ლანდი
ჩამოძენძილი, დამჭკნარი ბედით.
მიგაქვს სიცოცხლით ნაკლები დარდი,
მე კიდევ _ შენი სიკვდილით მეტი.

ჩვენ ხომ სატკივარს საერთოდ ვთვლიდით,
რამ გაყო ხვედრი ორად ნეტავი?..
შენა ხარ ჩემზე სიკვდილით მშვიდი,
მე კი _ სიცოცხლით შენზე ბეჩავი.

ამ სამზეოზე რა გრჩება ვიცი,
მშვიდობით!.. შენი ტკივილით ცხონდი.
გზა გაქვს მსუბუქი მამულის მიწით,
მე მძიმე _ შენი საფლავის ლოდით.

Aleqsandre Gaburi – Shen Da Me

ალექსანდრე გაბური – ყორანი

March 16, 2014 § Leave a comment

შენეულ შავს და წყევლასაც ვითმენ,
რახან მართალი არც მე ვარ შენთან
და გველებივით გაწოლილ რითმებს
ნადღევარების ვარამი წვეთავს.

ჭრილობად შერჩა ლოდინი რამდენ
ნაფიქრალს _წლებთან ჩუმად რომ დავთმე…
ასე ყრანტალით ნაგროვებ-ნადევნ
ცოტა ხომ შენი ბედისაც მმართებს!

ჩემი სამზეოს ჩამოშლილ ცის სხივს
თუ მუხლმოდრეკით ვუბედავ სათქმელს,
დასაბამიდან მოსვრილი სისხლით _
ცოტა ხომ შენი კლანჭების მმართებს!

და თავის სამყოფს მოველით მზიდან,
აქეთ მე, იქით _ მდინარე ლეთა…
თუ შავ ხვედრს ჩემი იმედით ზიდავ,
სულმთლად მართალი არც მე ვარ შენთან!

Aleqsandre Gaburi – Yorani

ალექსანდრე გაბური – "ვინ დამიბრუნებს ჩამქრალს და ჩავლილს?"

March 16, 2014 § Leave a comment

ვინ დამიბრუნებს ჩამქრალს და ჩავლილს?
ვინ დამრეკს ავად ჩამომწყრალ ზარებს?..
გამოვიტირე ქარიდან ქარი,
გამოვიტირე ღამიდან ღამე.

არ გიმძიმს? _ მიწად ქცევისკენ დახრილს
თუ ჩემს ბედს ხელისგულებს აფარებ,
შენ კარგად იყავ, მზად არის ხალხი
და დროშასავით ჩამომატარებს.

გამოიგლოვებს ჩრდილების ჩადრით
მწყურვალ ძახილს და მოლოდინს უკმარს…
დავასამარე სიკვდილის ლანდი
და თავდახრილი ვბრუნდები უკან.

გამოყოლილი თვალები შრება
ჯვარდაწერილი ერთგული ხელით.
გამოვიტირე ტკბობიდან შვება,
გამოვიტირე ტანჯვიდან ცრემლი.

და მოადგება ნაპირს შორიდან
სისხლი, წარმართის ვნებებით მღვრიე.
მოვალ, აპრილის ხელით მოგიტან
ჩემს ტკივილებზე ამოსულ იებს.

Aleqsandre Gaburi – Vin Damibrunebs Chamqrals Da Chavlils?

ალექსანდრე გაბური – "იმ შეცდომებით, ტკივილით, ტანჯვით"

March 16, 2014 § Leave a comment

იმ შეცდომებით, ტკივილით, ტანჯვით,
დღეებით _ მთვარის ვნებით დამთვრალით,
ფეხდაფეხ მომდევ და ვიცი დამსჯი,
ერთხელ დადგება ბოლო ზამთარი.

ჩაქრება დღეთა ლურჯი ხარება,
ქარებს წაყვება ზაფხული ცხელი.
ზღვა სიხარულს და ზღვა მწუხარებას
გადამიწონი ერთადერთ ცრემლით…

მანანებ მზეზე დაფერილ სურვილს,
ღამეებს_შენზე ფიქრებით დაღლილს
და შეიქმნება ცივი და ჩუმი
დედა-სამყარო _ ვეება სახლი.

იმ სიხარულით, ლტოლვით, განცდებით,
იმ ტყუილ-მართლით, ფიქრით, დარდებით,
ერთხელ ხელებში შემოგაცვდები,
გაგელევი და გაგითავდები.

Aleqsandre Gaburi – Im SHecdomebit, Tkivilit, Tanjvit

ალექსანდრე გაბური – "ისევ დასთელავთ ვაჟები ჩორეხს"

March 16, 2014 § Leave a comment

ისევ დასთელავთ ვაჟები ჩორეხს,
მზერას გაჰკიდებთ შავწყალს და ბისნას,
ნუ დაადუმებთ მთა-კლდეებს, თორემ
მიჩუმებული მამული მტრისას!

გარიჟრაჟისას წამოშლით გორებს,
არ მოგეშლებათ იმედი მზისა,
ნუ გააბორტვებთ ხატისკარს თორემ
რწმენამოშლილი მამული, მტრისას!

აღმა შევყვებით დღეთა ფალანგებს,
ტკივილს გრიგალებს გაატანთ ნისლად,
ისევ თქვენ გაზრდით სამას არაგველს,
უარაგველო სიცოცხლე მტრისას!

Aleqsandre Gaburi – Isev Dastelavt Vajebs Chorexs

ალექსანდრე გაბური – "რა ვუთხრა შენი თვალებით ივლისს?"

March 16, 2014 § Leave a comment

რა ვუთხრა შენი თვალებით ივლისს?
ქარი რა ზამთარს ვახეთქო მდურვით?
უკვე მიყვარდა მე ჩემი წილი,
ახლა უარით ვიშუშებ სურვილს.

გაშორდა მთვარე ღამის სარეცელს,
სატკივარს _ პეპლის ერთი დღე ჰყოფნის,
მე ლურჯი ფრთები უკვე დავკეცე,
აწ უნდა ვზიდო ტალახი სოფლის.

არ შემრჩა გული განუკითხავი,
რომ დასდგომოდა გასავლელს შუქად.
მე მზეჭაბუკი უკვე ვიყავი,
ახლა ზღაპრიდან ვბრუნდები უკან.

გადაკრეფილა ველი სამარჯნე,
გაწბილებულა ოცნების ბოლო.
მე ჩემი ღმერთი უკვე დავხარჯე _
დღეს ნასხვისარი იმედით ვცხოვრობ…

Aleqsandre Gaburi – Ra Vutxra Sheni Tvalebit Ivliss

ალექსანდრე გაბური – "შენ რომ აუშვი, ის წვეთი მზიდავს"

March 16, 2014 § Leave a comment

შენ რომ აუშვი, ის წვეთი მზიდავს
და ადიდებულ თვალებს მოამღვრევს…
ვინ მოვა ახლა, ვინ ამხსნის ჯვრიდან
და სიმარტოვეს ვინ შემოაღებს?!

ვინ შემოყვება აღმართებს `მიყვარს” _
გზას საცალფეხოს, გულამდე _ კითხვის
და ხანჯლად ყელში გამჩრია სიტყვა,
სიტყვა, რომელსაც ვერასდროს ვიტყვი.

ხსნასა და ნუგეშს ველი შორიდან
და დათვლილ წუთებს ლოდინად ვხარჯავ.
გულს ვინც მატკენდა, ყველა მოვიდა,
ვინც მიშველიდა, ყველა იქ დარჩა…

და არმოუსვლელ სიხარულს ვუცდი,
ართქმული სიტყვის ზეიმს და გლოვას
და შემოაღებს ჩემს კარებს წუთი,
წუთი, რომელიც არასდროს მოვა…

Aleqsandre Gaburi – Shen Rom Aushvi, Is Wveti Mzidavs

ალექსანდრე გაბური – "ხელთა მაქვს შენი ნანატრი წიგნი"

March 16, 2014 § Leave a comment

ხელთა მაქვს შენი ნანატრი წიგნი,
შენი ტკივილი _ თარგმნილი ლექსად;
გამომწყვდეული ფურცლების შიგნით
დამწვარი მზე და დათვლილი კვნესა.

და ახლა ხსოვნის კედლები იშრობს
ჩქამს _ გამოღწეულს შენი ფეხისას
და ვეფერები შენს ობოლ პირმშოს,
რომლის დანახვაც აღარ გეღირსა.

სიცოცხლე _ პეშვის ერთი ამოსმა,
რა დიდ წყურვილად უჯდებათ გულებს…
შენი ლექსების წიგნად გამოსვლას
შენი სიკვდილი უნდოდა თურმე.

Aleqsandre Gaburi – Xelta Maqvs Sheni Nanatri Wigni

ალექსანდრე გაბური – "ვინაც გელოდა, შენ ის დატოვე"

March 16, 2014 § Leave a comment

ვინაც გელოდა, შენ ის დატოვე,
ნანატრი მხარეც წყალს გაღმა დარჩა…
ვინ გაპატიებს აქ სიმარტოვეს,
დილის ძოწსა და საღამოს მარჯანს.
მწუხრი გადახრის თვალების ავდარს
და უპასუხოდ ერთი დღეც წავა…
ვინ დაგანებებს საკუთარ თავთან,
საკუთარ ფიქრთან ყოფნას და დავას.
საბედისწეროდ გაცდუნა მარტმა,
კვნესს ნაზამთრალი ვნებების წყლული.
არ დაგითმობენ მიამიტ ნატვრას,
ღამის გუბეში ჩაქცეულ დუმილს.
სიმართლე ხანჯლის პირებზე ელავს, _
დასაბამიდან ეს ბედი დაგყვა.
ვინ დაგამადლის სამ სიტყვა წყევლას,
წყლის-ნათელ დღეთა ნუგეშად-ნაყვას.
რისხვად მოიქცა ყურიც საწიერს.
ვინ გაპატიებს საკუთარ რწმენას,
საკუთარ ტკივილს ვინ გაპატიებს.
არ შეგარჩენენ ყვავილთა ციმციმს,
ფშანის პირებზე ჩრდილების დახრას.
მე გითხარ… ახლა შენ თვითონ იცი _
ისევ დარჩები, თუ მაინც წახვალ!.

Aleqsandre Gaburi – Vinac Geloda, Shen Is Datove

Where Am I?

You are currently browsing the ალექსანდრე გაბური category at leqsebi.