მანანა ფრუიძე – "საუკუნე, წელიწადი და თვე"

January 16, 2014 § Leave a comment

საუკუნე, წელიწადი და თვე,
კვირა, დღე და საათი და წუთი,
წამი, მელანქოლია და მე,
ყელში უშნოდ გაჩხერილი ბურთი.
ღამე, კარზე კაკუნი და… შენ,
გარეთ თავსხმა, გალუმპული თმა,
“გაზაფხული შემოსულა ლენ”, –
როიალი, თითები და ხმა.

შამპანური, ბუხარი და სითბო,
თვალი თვალში, მოპარული მზერა,
გახელება, გაგიჟება, რითმა,
სიყვარული, ღიმილი და წერა…

ყოყმანი და მიხურული კარი,
სველი დილა, ნაცრისფერი დღე…
შიშველ მხრებზე მოხვეული ქარი,
სიყვარული, აპრილი და შენ!.

Manana Fruidze – Saukune, Weliwadi Da Tve

მანანა ფრუიძე – * * *

September 18, 2013 § Leave a comment

მყვირალობისას თორმეტ სანთელს ავინთებ ქედზე,
წყალდიდობისას გადავლეკავ დანისლულ ჭალებს,
სუბსარქისისას ვიბობოქრებ ქარიშხლის გვერდზე
და კვირტობისას შენთან ერთად გავახელ თვალებს.

ყვავილობისას გაგეშლები სოსნად და ვარდად,
მარიამობას ჩამოგიკრავ ერდოზე ზარებს,
სათიბობისას გავხუნდები მოცელილ დარდად,
და ღვინობისას ჭურ-მარანის შეგიღებ კარებს.

ფოთოლცვენისას ავცეკვდები სურვილით ქარის,
გიორგობისთვეს შენს სარკმელთან მომიტანს ბედი,
ქრისტესშობისას ავმაღლდები სხეულში ქალის
და აღსარებად ავკვნესდები სიმღერით გედის.

დიდთოვლობისას დაგიფარავ ციცაბოს გზათა,
ენძელობისას ლილო-ჭრილოდ მოგივალ ხევში
და როცა მარტი აგისუსხავს სისველეს თვალთა,
ტყემლის ყვავილად ჩაგაკვდები საფიცარს ხელში…

Manana Fruidze – Myviralobisas Tormet Santels Avinteb Qedze

მანანა ფრუიძე – "ჭირხლი დაედო დაღლილ იმედებს"

September 18, 2013 § Leave a comment

ჭირხლი დაედო დაღლილ იმედებს,
ცა თვალებს ხუჭავს და ძილში მიდის,
ვეცადე,მაგრამ ვერ გაგიმეტე,
ვისაც ხსოვნიდან გულდაგულ გგვიდი.

ახლა ვუწევარ სიზმარს მარჯვნიდან,
გონჯი აჩრდილი მრუდე სარკეთა,
და დაკაწრული,ცივი ფანჯრიდან
მიმზერს ჩემივე სასოწარკვეთა…

Manana Fruidze – Chirxli Daedo Daglil Imedebs

მანანა ფრუიძე – მონანიება

September 18, 2013 § Leave a comment

შენს სუნთქვას ვუსმენ და მეკვრება სუნთქვა წამიერ,
შენი გული ძგერს და ჩემს მკერდში გული ჩერდება,
შენი თვალებით ვიხედები და ვინანიებ,
რომ ვარსებობდი უშენოდ და ბრალად მედება

სხვის სარეცელზე დაფანტული ყველა სიყალბე,
არარსებული სიყვარულის ყველა პარტია…
მოვინანიებ ახლა ყველა ავხორც სიხარბეს,
მოვინანიებ და თუ ღმერთმაც არ მაპატია,

ამ ერთ ღამესაც გადავუთვლი ღამეთა უფალს,
განსასვენებელს ამოვბლანდავ მუხის ფიცრებით,
ცრემლით ჩავაქრობ ვნებასავით გიზგიზა ბუხარს
და განთიადზე შენს სხეულში გარდავიცვლები…

Manana Fruidze – Monanieba

მანანა ფრუიძე – "სადმე წამიყვანა ნეტავ"

May 16, 2013 § Leave a comment

სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში,
ბილიკს ამადევნა კენტად,
წვიმის დამაწია თქეში,
მუხა შემახვედრა ბედად,
ბინდით ჩაღამებულ ტყეში,
უკუ მაყრევინა სევდა,
კოცნა მაბნევინა თმებში,
წამით დამანახა დედა,
დილით აგორებულ მზეში,
მწყურვალს შემაგება კლდე და
მასვა ნაკადული პეშვით.
რამდენ სითამამეს ვბედავ,
ძვალზე გაკიდული ლეში,-
“სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში.”

Manana Fruidze – Sadme Wamiyvana Netav

Where Am I?

You are currently browsing the მანანა ფრუიძე category at leqsebi.