ვალერიან გაფრინდაშვილი – ისეთი ლექსი

July 10, 2014 § Leave a comment

ვიყავი მხოლოდ ლექსით მდიდარი,

არ მიძებნია მეტი ქონება
და ლექსისი გარდა არავითარი
მე არ მხიბლავდა სხვა შთაგონება.
ისეთი ლექსი დავწერო მინდა,
რომ არ დამჭირდეს კვლავ ლექსის წერა,
მსურს, დავიფერფლო, ვით ცეცხლი წმინდა
და ეს იქნება გედის სიმღერა.
ჩემი სიცოცხლე არის ლოდინი
ამ აგონიის და ამ სიმღერის.
რამდენი წელი, დღე რაოდენი
ვიყავ მძებნელი იდუმალ ფერის.
მე აღარ მინდა მეტი წვალება,
სულის და ხორცის ყოფაზე ზრუნვა,
დღეთა კოშმარი ცეცხლისთვალება,
რითმების ძებნა, სიტყვების ბრუნვა.
კმარა, გათავდეს მწველი ამბავი,
უკანასკნელად ვიმღერო, მინდა
ლექსი, ჩემს შემდეგ დასასტამბავი –
ჩემი ანდერძი და სიტყვა წმინდა.
და მაშინ ვიტყვი გულგაპობილი:
– ბედო, შავპირო, გამიშვი ახლა,
გულში ჩამიკრავს მიწა მშობელი,
დამიტირებენ ვარსკვლავნი მაღლა…
ისეთი ლექსი დავწერო, მინდა,
რომ არ დამჭირდეს კიდევ ცხოვრება,
და მჯერა, ჩემი სიმღერა წმინდა
სამშობლო მხარეს ემახსოვრება.
Valerian Gafrindashvili – Iseti Leqsi

ვალერიან გაფრინდაშვილი – პირველი თოვლი

January 9, 2014 § Leave a comment

პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს
და პირველ ღამეს,
როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს –
ახალ სიამეს.
ციდან დაჰკიდა რეჟისორმა ფარდა უსწორო,
ფარდა მთოველი,
და მთელ ქვეყანას დაგვაშორა მხოლოდ ჩვენ ორი.
სდუმდა ყოველი.
განმარტოებით ხმაურობდა სადღაც სარაჯი,
შრიალი ქსელთა.
და იდგა თვალი – საპატიო თეთრი დარაჯი
ჩვენს სარეცელთან.
მაგრამ შეირხა თოვლიანი ფარდა მრავალი-
ცა იმედების.
მოვიდა ქარი და გამართა სხვა კარნავალი
თეთრი გედების.
სარეცლიდან დავინახეთ მთელი თეატრი,
ჩვენთან მოსული.
ყველა გმირები გვილოცავდნენ და ბეატრიჩე,
ბროლით მოცული,
იყო ნირვანა და გრიგალის ხმა დაკორძილი
წვით და წვალებით.
პირველმა თოვლმა გადიხადა ჩვენი ქორწილი
მეტ ბრწყინვალებით.
ო,რარიგ არის სანეტარო თოვლი პირველი:
პირველი თოვლი!
ნათელ ბავშვობის სიყვარულის გასაკვირველი
პირველი თოვლი.
პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს
და პირველ ღამეს,
როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს –
ახალ სიამეს.

Valerian Gafrindashvili – Pirveli Tovli

ვალერიან გაფრინდაშვილი – ვარ მოწყენილი

January 9, 2014 § Leave a comment

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.

მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბად მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.

Valerian Gafrindashvili – Var Mowyenili
ვალერიან გაფრინდაშვილი – ვარ მოწყენილი

ვალერიან გაფრინდაშვილი – პროვინციალური გაზაფხული

October 24, 2013 § Leave a comment

ცვალებადია დრო და ალაგი.
ახლა მაისმა მოსვლა ინებოს,
როგორც პოეტი ელის ქალაქი
თეთრი ტყემლებით დაგვირგვინებას.

ო, ყველას ახსოვს ზამთარი დიდი!
მაგრამ გამოჩნდა ტყის იალქანი.
ვით აივანი ამაღლდა ხიდი
და აყვავილდა ძველი ბალკონი.

აღებენ ფანჯრებს ნაზი ხელები.
კვალად გაიხსნა ფუტკრების ტურნე.
კათოლიკური კარაველები
ცას უგზავნიან სალოცავ სურნელს.

რუხ მდინარეზე სოველი ტივი
და სააღდგომო რეკვა ზარების.
სადღაც იკერავს გამხდარი ქვრივი
კაბას ტრაურულს და უღარიბესს.

ცაზე ჰკიდია მზე – მალაღური,
აპრილი აკრავს მწვანე აფიშებს,
ვით ბალდახინის თეთრი მსახური
სასაფლაოსკენ ის მიაბიჯებს.

სადაც მოელის ლეში უძრავი
გაზაფხულს, როგორც თავის მესსიას
და იზრაილი შეუმუსრავი
კიდევ მოითხოვს შავ პროცესიას.

Valerian Gafrindashvili – Provincialuri Gazafxuli

ვალერიან გაფრინდაშვილი – "მაისის ტრიოლეტები" IV

September 18, 2013 § Leave a comment

შეხვედრის წუთებს განშორება ვერ ანიავებს,
და მე არ მინდა დავივიწყო შენი ღაწვები,
ტრფობის ტკივილებს მოგონება ისევ მიავებს,
შეხვედრის წუთებს განშორება ვერ ანიავებს.

დაიშლი კავებს და მიუშვერ სარკეს ღლიავებს,
დავარცხნილ თმებით, მოთენთილი მარტო დაწვები,
შეხვედრის წუთებს განშორება ვერ ანიავებს
და მე არ მინდა დავივიწყო შენი ღაწვები.

Valerian Gafrindashvili – Shexvedris Wutebs Ganshoreba Ver Aniavebs
Maisis Trioletebi IV

ვალერიან გაფრინდაშვილი – ისეთი ლექსი

May 9, 2013 § Leave a comment

ვიყავი მხოლოდ ლექსით მდიდარი,
არ მიძებნია მეტი ქონება
და ლექსის გარდა არავითარი
მე არ მხიბლავდა სხვა შთაგონება.

ისეთი ლექსი დავწერო მინდა,
რომ არ დამჭირდეს კვლავ ლექსის წერა
მსურს დავიფერფლო, ვით ცეცხლი წმინდა
და ეს იქნება გედის სიმღერა.

ჩემი ცხოვრებ არის ლოდინი,
ამ აგონიის და ამ სიმღერის.
რამდენი წელი დღე რაოდენი
ვიყავ მძებნელი იდუმალ ფერის!

მე აღარ მინდა მეტი წვალება,
სულის და ხორცის ყოფაზე ზრუნვა,
დღეთა კოშმარი ცეცხლისთვალება,
რითმების ძებნა სიტყვების ბრუნვა!

კმარა! გათავდეს მწველი ამბავი.
უკანასკნელად ვიმღერო მინდა.
ლექსი, ჩემს შემდეგ დასასტამბავი –
ჩემი ანდერძი და სიტყვა წმინდა.

და მაშინ ვიტყვი გულგაპობილი:
– ბედო, შავპირო! გამიშვი ახლა!
გულში ჩამიკრავს მიწა მშობელი,
დამიტირებენ ვარსკვლავნი მაღლა.

ისეთი ლექსი დავწერო მინდა,
რომ არ დამჭირდეს კიდეც ცხოვრება,
და მჟერა, ჩემი სიმღერა წმინდა
სამშობლო მხარეს ემახსოვრება.

Valerian Gafrindashvili – Iseti Leqsi

Where Am I?

You are currently browsing the ვალერიან გაფრინდაშვილი category at leqsebi.