იოსებ ნონეშვილი – "დედავ – სიცოცხლის დიდო საწყისო"

October 2, 2014 § Leave a comment

დედავ – სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ – ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,
რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.

ახლაც შენა ხარ შენი კანდელი,
სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,
შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.

შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,
თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და სიყვარული დავიმსახურე.

დედავ – სიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავ – ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

Ioseb Noneshvili – Dedav – Sicocxlis Dido Sawyiso
იოსებ ნონეშვილი – დედავ – სიცოცხლის დიდო საწყისო

იოსებ ნონეშვილი – "ჩემს ქუჩაზე"

July 2, 2014 § Leave a comment

ჩემს ქუჩაზე ერთი ქერა
ქალიშვილი დადის.
ქალია თუ ბედისწერა,
თუ სიზმარი ცხადი.
ო, არ მინდა ნატვრით მოღლილს
ნატვრა ამის გარდა –
შორს გვფარავდეს ლერწმის ქოხის
საოცნებო კალთა.
თეთრ გვირილებს ვკრედეთ ველად,
სიყვარულით მთვრალი.
მიბერავდეს მისი ქერა
დალალების ქარი.
და როს წლები წავლენ წყნარად,
დავბერდებით უკვე,
როს მის თმებში მზე კი არა,
მთვარე გააშუქებს;
როს შორს დარეკს, როგორც ზარი,
ჟამი გარდასული
და გაქრება, ვით ზღაპარი,
ბუხრის პირას თქმული, –
ო, არ მინდა ნატვრით მოღლილს
ნატვრა ამის მეტი –
დე, აფრინდეს ლერწმის ქოხი,
ვით ცისფერი გედი…
აგვიყვანოს, ლურჯი ფრთებით
გასჭრას ზეცის კალთა,
სადაც კრთიან ვარსკვლავები –
სულნი წინაპართა.
…ჩემს ქუჩაზე ერთი ქერა
ქალიშვილი დადის.
ქალია თუ ბედისწერა,
თუ ოცნება ცხადი?!

Ioseb Noneshvili – Chems Quchaze Erti Qera Qalishvili Dadis

იოსებ ნონეშვილი – ცხოვრების გზაზე

April 18, 2014 § Leave a comment

ცხოვრების გზაზე
რად შემხვდი გვიან,
გულზე სახმილი
რად შემომიგზენ…
რა მშვენიერი სახელი გქვია,
რა სევდიანი
თვალებით მიმზერ.
აღმოსავლეთის მგოსნები ყველა
წარმოგაჩენდნენ
თვალებით შველის,
რას არ იტყოდნენ,
რომ ცისარტყელად
გამოეშუქათ წარბებიც შენი.

მე კი…
ო,მე კი ვერც ვხედავ კარგად
რა ხორციელი მშვენება გხატავს…
რაც ჩემი იყო,
რაც დამეკარგა,
რაც სულში ოდით ყუჩობდა ნატვრად,

შევიცან შენი თვალების სევდად,
არამქვეყნიურ
ნისლში და ხმაში
და ცა,
ბრჭყვიალა,
თავზე რომ მედგა
პირველქმნილ შუქით განიხვნა მაშინ.

და გადმომხედა
მოწყალემ ყოვლად,
ყოვლად მრისხანე
მუზამ თუ ღმერთმა…
სევდამ,
ღიმილმა,
ვით ტოლი ტოლმა,
იცნო…
და ვიგრძენ, ვიქნებით ერთად.

…რა სევდიანი
თვალებით მიმზერ,
რა მშვენიერი სახელი გქვია…
გულზე თაკარა
რად შემომიგზენ,
საწუთროს გზაზე
რად შემხვდი გვიან.

Ioseb Noneshvili – Cxovrebis Gzaze
იოსებ ნონეშვილი – ცხოვრების გზაზე

იოსებ ნონეშვილი – მასწავლებელი

April 17, 2014 § Leave a comment

მასწავლებელი – მშობლის ალერსით
ამოქარგული ტკბილი ანბანი,
მასწავლებელი – ნორჩის თვალებში
ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.

მასწავლებელი – ჩვენს სიყვარულში
განათებული, როგორც ოცნება,
მასწავლებელი – სინდის-ნამუსი,
მხოლოდ ხალასი პატიოსნება.

მასწავლებელი – დედის გულივით
მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი.
მასწავლებელი – ბავშვის სურვილი:
მასწავლებელი გავხდე ნეტავი.

მასწავლებელი – გულისხმიერი,
ვთვლიდით აღმზრდელად, ვთვლიდით მეგობრად.
მასწავლებელი – მასზე ძლიერი,
მასზე სწავლული არვინ გვეგონა.

მასწავლებელი – ამ ქვეყანაზე
სიტყვით ქებული, საქმით ქებული.
მასწავლებელი – დედაენაზე,
მშობელ ენაზე შეყვარებული.

მასწავლებელი – სიტყვა ფრთიანი,
მუდამ მამულზე ფიქრით გართული,
მასწავლებელი – მართლაც ტრფიალი,
რაც კი კარგია, რაც კი ქართული.

მასწავლებელი – ღამე უძილო,
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი – ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.

მასწავლებელი – რამ დაგვავიწყოს,
ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა.
ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.

ბევრი სარდალი, ითქვას მართალი,
იბრძოდა მტკიცედ და გულგოროზად,
მაგრამ სად იყო ქვეყნად სარდალი,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.

ზოგმა სიცოცხლის შუქი მოგვფინა,
კეთილი ვეღარ სძლია ბოროტმა,
ქვეყნად ბელადიც არა ყოფილა,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.

მასწავლებელი – გულს ჩახატული,
დიდი ფიქრები, დიდი სურვილი.
მასწავლებელი – მზე, გაზაფხული,
მთები, ყანები, ოქროცურვილი.

მასწავლებელი – ცოდნის ნათელით
უსწავლელობის დამმარცხებელი…
აი, რას ნიშნავს მასწავლებელი,
აი, რად გვიყვარს მასწავლებელი.

მასწავლებელი – ღამე უძილო,
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი – ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.

Ioseb Noneshvili – Maswavlebeli

იოსებ ნონეშვილი – შემოდგომა

October 19, 2013 § Leave a comment

ხილით, ლხენით, ზეიმით
შემოდგომა მოვიდა.
– შემოდგომავ, გვითხარი,
მობრძანდები შორიდან?

– არა ჩემო კარგებო,
შორი მგზავრი როდი ვარ,
მე თვენს ვენახებიდან,
ბაღებიდან მოვდივარ.

– გვითხარ, ასე ბარაქით
ნეტავ ვინ დაგამშვენა?
– ვინა? თქვენი მშობლების
დაუღლელმა მარჯვენამ.

– გვითხარ, რა მოგვიტანე,
აგრემც შემოგევლებით?
– პაპის ხელით მოწვდილი
დაშაქრული მტევნები,

მოსავალი ულევი,
თვალით ჯერ არ ნახული
ნარინჯები კოლხური,
ჩურჩხელები კახური.

– ჩვენგან რაღას მოითხოვ,
შემოდგომავ, ლამაზო?
– მინდა კარგად ისწავლოთ,
მინდა, არ იზარმაცოთ.

მემრის, როცა ოქროსფრად
კვლავ მოგირთავთ ვენახებს,
შემდეგ კლასში ხუთებზე
გადასული მენახეთ!

Ioseb Noneshvili – Shemodgoma

Where Am I?

You are currently browsing the იოსებ ნონეშვილი category at leqsebi.