მურმან ლებანიძე – "ხრიხონისსა და ქრისტესს შუა…"

August 30, 2014 § Leave a comment

ხრიხონისსა და
ქრისტესს შუა, სხვიერის მთებში,
ამოდის თითბირის
თუ სპილენძის ციერი თეფში….

მდინარესავით
ჩხრიალებს და თავზე გადაგდის
წვრილი ვარსკვლავით
მოჭედილი ღამე მკათათვის…

აღარც-ვის იწვევ,
აღარც ვინმე შენ გიწვევს ხმალში –
ზიხარ ჯორკოზე,
მოწყენილი ხეობის ყბაში…

გამოჰქცევიხარ
ქვეყნურ ხმაურს და ქვეყნის ყაყანს,
ხვალ იმედოვნებ
უხორცობით ცხოვებას ახალს.

Murman Lebanidze – Xrixonissa Da Qristess Shua
მურმან ლებანიძე – ხრიხონისსა და ქრისტესს შუა

მურმან ლებანიძე – "რამდენი შეუძლია პატარა ჭიანჭველას"

August 29, 2014 § Leave a comment

რამდენი შეუძლია პატარა ჭიანჭველას,
გნებავთ – თხუნელას,
მთხრელს მიწისქვეშ კატაკომბების?!
რამდენი შეუძლია პატარა ჭიანჭველას –
დაძვრა, გათრევა-გამოთრევა
რამხელა ტვირთის?!
გამოთვლილია:
თავისთავზე არ ვიცი ცხრაჯერ,
თუ, არ ვიცი, თოთხმეტჯერ მეტის –
რამდენჯერ თქმულა
ყოველივე ამის შესახებ!
იმას კი არვინ იტყვის,
იმას კი არვინ იტყვის,
არც როდის უთქვამთ,
თუ რა ძალუძს, რა შესძლებია,
რა შეუძლია – კაცს, საბრალოს,
კაცს, ადამიანს,
დაკოჟრებულს, დაბეჩავებულს,
რომელსაც – ურო,
რომელსაც – თოხი,
რომელსაც – ცელი,
გნებავს –
თოფი უჭირავს ხელში!!!

. . . . . . . . . .

პატარა კაცი
მისდგომია თვალუწვდენ მინდორს
(თუ ვთიბავთ მინდორს,
ასეთ მინდორს – სათიბი ჰქვია.),
პატარა კაცი
ჩაჰფრენია ვეება მინდორს,
თიბავს,
მკლავს იქნევს,
ყვავილიან
ჭრელ შეღმართს
ჰკიბავს…
ათი წელია,
ყოველ ზაფხულს ამ სურათს ვხედავ
(ერმილე ჰქვია ბერიკაცს ჩვენსას),
ჩემი ფანჯრიდან
მოწონებით გავყურებ მთიბელს,
კაცს ოთხმოცისას,
მზე ფრთაგაშლით დაჰღუის თავზე,
ვერ ვხედავ სახეს,
საჩრდილობელ იმერულ ქუდქვეშ
ვგულისხმობ
თვალებს მოხუცისას –
პატიოსან,
მოწყენილ თვალებს;
თიბავს,
მკლავს იქნევს,
ყვავილოვან
ჭრელ შეღმართს
ჰკიბავს,
დროდადრო შედგება,
ხელის ზურგით შუბლს შეიმშრალებს,
ბალახებში სველ დოქს დასწვდება,
დალევს,
ცელსაც დაალევინებს,
გაიძრობს სალესს,
ლესავს,
ცელს აფხავებს…
თიბავს,
მკლავს იქნევს,
ყვავილოვან
ჭრელ შეღმართს ჰკიბავს –
პატარა კაცი
ჩაჰფრენია თვალუწვდენ მინდორს.

. . . . . . . . . .

იქ ერთი ხეა და იმ ხისქვეშ ერმილეს სძინავს…
მოუტანია დედაკაცს სამხარი,
უსამხრია და
სძინავს ბერიკაცს.
ზის ნათიბში
შავოსანი დიაცი ყინჩად,
გაჰყურებს ტყეებს,
ახედავს მზეს, –
ეს მზე არის მისი საათი, –
თავსაფრიანი დედაკაცი
 ქმრის ძილს სდარაჯობს,
ხელში უჭირავს ძეწნის ტოტი,
უგერიებს
მორჩენალს ბუზებს…
ხოლო მოხუცი ხედავს სიზმარს:
ჩამოუღია
წინა ორი საკმეჩი კბილი
გერმანულ ტყვიას,
ასცდენია მალებს კისრისას,
პატიოსნად
გასულა
გარეთ…
წევს გულაღმა პურის ყანაში,
წევს ერმილე, გაკვირვებული,
ვერ ასწრებს სისხლის ამოფურთხებას,
ნაწილს აფურთხებს,
ყრონტში ჩასდის ბეჩავს ნაწილი…
ხედავს მოხუცი ნაცნობ სიზმარს,
წუხს, წრიალებს,
შფოთავს სიზმარში:
თავზე ადგას ორი ქართველი, –
ავტომატიან ფრიცს რაღაცას ეხვეწებიან…
კი, ტყვე, რომელიც
საკუთარი ფეხით ვერ ივლის,
კანონია –
ადგილზე მოკვდეს!
რით, რით აიხსნას გამონაკლისი?!
მიღერებული ავტომატი
გერმანელმა მაღლა ასწია,
მოაცილა
ერმილეს კეფას…
ახსნა არა აქვს გამონაკლისს!
„ფრიცის“ თანხმობით
ქართველები გაჩქარებით საკაცეს კრავენ.
როგორც ცხვრის ფარას,
აქუჩებენ “ჰანსები“ ტყვეებს:
რუსებს, ქართველებს,
სომხებს, თათრებს, –
მსუბუქად დაჭრილებს…
აქა-იქ ისმის ავტომატის მრავალწერტილი
მძიმედ დაჭრილთა
დასაწყნარებლად…
– შეუხვიეთო ერთმანეთს ჭრილობები!
– მოეწყვეთ ოთხრიგად!.. –
კი, ტყვე, რომელიც
საკუთარი ფეხით ვერ ივლის,
კანონია – ადგილზე მოკვდეს!
ასწიეს მაღლა საკაცე და შეუდგეს ბეჭი,
ორმა ქართველმა
უნდა ზიდოს მძიმედ დაჭრილი
თვისტომი თვისი,
უნდა სიკვდილს გადაარჩინოს!
მზე ადუღებს
ყირიმის მიწას,
ვენახები – გადათქერილი!
კინწმოწყვეტილი მზესუმზირები!
ორმა დაჭრილმა
უნდა ზიდოს მესამე დაჭრილი,
აქვე, გზისპირად,
თხრილში სიკვდილს გადაარჩინოს!
ვის შეუძლია ნაღდი გითხრას –
ქერჩიდან საით?
ქერჩი გახლავთ ადგილი დაჭრის!
ქერჩი! – სამარხი,
ქსასაფლაო ქართული ძვლების!
სასაკლაო – საქართველოსი!
როგორც ცხვრის ფარას,
მიირეკავს ტყვეს გერმანელი…
„შნელ!“ – ჰყვირის ბადრაგი,
ფეხს უჩქარეთო, მაშასადამე…
აინტერესებს გერმანელ ოფიცერს,
როდემდე შეძლებს ორი ქართველი
საკაცის თრევას.
„რას შვრები, ერმილე, რავახარ, კაცო?!“ –
გზადაგზა ჰკითხავს ჭიორელი რეხვიაშვილი.
„აპა შენ იცი! გაუძელი! – მალმალე ეტყვის
საკაცით წელში გაზნექილი სუსტი ყმაწვილი
(ბორჯომელი… გვარი არ ახსოვს…)
„შნელ!“ –
ჰყვირის ბადრაგი,
ჯერ საყველპურო გერმანული
არ იცის ერმილემ,
მერე ისწავლის.
იქ, ბანაკში,
ტყვესათვის სამყოფს…
„შნელ!“ –
ჩქარობს ბადრაგი.
მზე დაჰღუის ყირიმის მიწას,
ჩამორჩა ვიღაც, მიბანცალდა კოპიტის ჩრდილში,
დაეფინა ტომარასავით…
ავტომატის მრავალწერტილით
გამოაკლდა
სისხლიან მარათონს…
ორას კილომეტრს რა გაივლის, ჩემო ერმილე,
ორას კილომეტრს
ფეოდოსიამდე!..
კი! ტყვე, რომელიც
საკუთარი ფეხით ვერ ივლის
კანონია –
ადგილზე მოკვდეს!

. . . . . . . . . .

პატარა კაცი
მისდგომია თვალუწვდენ მინდორს,
პატარა კაცი
ჩაჰფრენია თვალუწვდენ მინდორს,
გაუღვიძნია
ჩემს ერმილეს, ერმილე ბერელიძეს,
დაუღწევია
თავი ძნელი,
გრძელი სიზმრისთვის,
თიბავს ნასამხრევს,
თიბავს,
მკლავს იქნევს,
ყვავილიან
გორაკებს ჰკიბავს…
ზემორაჭული მზე დაჰღუის
ტყვეყოფილს თავზე…
დადის, დაღოღავს, როგორც ამბობს,
დაფაჩუნობს ოთხმოცის კაცი,
რა გააჩერებს სიკვდილამდე!
მაგ ბალახებში უნდა მოკვდეს,
რომელსაც თიბავს…
რამდენი შეუძლია პატარა ჭიანჭველას,
გნებავთ – თხუნელას,
მთხრელს მიწისქვეშ კატაკომბების?!
რამდენი შეუძლია პატარა ჭიანჭველას –
დაძვრა,
გათრევა-გამოთრევა რამხელა ტვირთის?!
ათასჯერ თქმულა
ყოველივე ამის შესახებ!
იმას კი არვინ იტყვის,
იმას კი არვინ იტყვის,
არც როდის უთქვამთ,
თუ რა ძალუძს, რა შესძლებია,
რა შეუძლია – კაცს, საბრალოს,
კაცს,
ადამიანს,
დაკოჟრებულს,
დაბეჩავებულს,
რომელსაც – ურო,
რომელსაც – თოხი,
რომელსაც – ცელი,
გნებავს – თოფი
დიახ – თოფი
თოფი უჭირავს ხელში!!!

Murman Lebanidze – Ramdeni Sheudzlia Patara Chianchvelas
მურმან ლებანიძე – რამდენი შეუძლია პატარა ჭიანჭველას

მურმან ლებანიძე – "იოდი, ბინტი, ჭრილობა, ჩირქი…"

August 29, 2014 § Leave a comment

იოდი, ბინტი, ჭრილობა, ჩირქი,
ირგვლივ ომი და ჰოსპიტლის ჭვარტლი…
ხარ ხეიბარი, რიყისქვა, ჯირკი,
კაცი არა ხარ, –
აგდიხარ ჯირკი!

ცა – ლამპის შუშა ტრამალის ბოლოს,
მზე – ჩაწეული, როგორც პატრუქი…
აგდიხარ ხორცი და ხორცში ცხოვრობს
სული დაღლილი
და უბადრუკი!

Murman Lebanidze – Iodi, Binti, Chriloba, Chirqi
მურმან ლებანიძე – იოდი, ბინტი, ჭრილობა, ჩირქი…

მურმან ლებანიძე – "ჯუჯა სალდათი ბინოკლს ჩააკვდა"

August 29, 2014 § Leave a comment

ჯუჯა სალდათი ბინოკლს ჩააკვდა
შენიშნა შორს:
თოვლში იდო და ბეწვი არ აკლდა
ცხენისას მძორს.

რაღაც ანიშნა სალდათმა სალდათს,
„კასტილებს“ წასწვდა,
ცივად მოსცილდა ჰოსპიტლის ფარდას,
კარებთან გაჩნდა.

„კარდალი! დანა!“ – ეს იყო აზრი,
ითქვა მუნჯურად.
„მერე ასანთი?!“ – დაჭრილმა დაჭრილს.
ჰკითხა ჩურჩულით.

სხვა დაჭრილებმა თვალები სჭყიტეს,
ხერხს მიხვდნენ ნაცადს,
და უთხრა ერთმა ჯუჯას და ყვითელს:
„არ მოგცემთ ასანთს!

მსუბუქად დაჭრილთ ქვეყანა დაგრჩათ!
ჩვენ წოლით ვლპებით,
თქვენ ველად ჰყრიხართ,ცხენის ლეშს ხარშავთ,
წახვალთ და სძღებით!“

„შევრიგდეთ! – ეს თქვა სალდათმა ჯუჯამ, –
მდურებას მოვრჩით!
რაც იყო – იყო! ცხენის ხორცს თუ ჭამთ,
დაგაძღებით ხორცით!“

„მიეცი! – უთხრა მძიმედ დაჭრილმა
ასანთის პატრონს, –
გავუსწორდები, თუ კაცი ვარ,
მე მაგათ სხვა დროს!“

ბალიშქვეშ შეჰყო დაჭრილმა ხელი –
„ტფუ!“ – ზიზღით მოსჭრა,
გამოიღო და კოლოფი ჭრელი
სახეში ტყორცნა.

ჰაერში სტაცა კოლოფს ბრჭყალი და
ითაქა ჯიბეს;
გამოიხურა ორმა კარი და
ჩამოჰყვნენ კიბეს;

გალიპულ კიბეს ჩამოჰყვნენ ფრთხილად,
შიშობდნენ სხლტომას,
თოვდა და თოვლში შევიდნენ წყვილად
და მიჰყვნენ თოვას…

და თოვლში დიდხანს ვიდოდა ორი
და იმ ორისგან
გზა იდო თოვლში შორი და სწორი
ცხენის მძორისკენ.

უცბად შენიშნეს სხვა დაჭრილები
და შედგნენ ცივად:
თოვლს მისტოპავდნენ თავდახრილები,
ვიდოდნენ მწკრივად…

და ცაშიც, ცაშიც, – შორი მგზავრები
მკვდარი მთა-ველის, –
დიოდნენ გუნდად მძორისმჭამლები
წყნარი ხავილით.

იდგა ხავილი ცად ყორნის, ზრდილის,
ყაყანი ჭკების,
და ათასობით მოძრავი ჩრდილი
იმათი ფრთების

თოვლს აბნელებდა, ბურავდა თალხად
მძორისკენ სავალს,
გადიოდა ტალღად და ტალღად
თოვლიან ტრამალს.

მძრომი, ფრინველი, კაცი, ცხოველი, –
შეძრული ბრძოლისგან, –
ეშურებოდა არსი ყოველი
თოვლში მძორისკენ…

მეც, მეც იქ ვიყავ – შეჭირვებული
ზამთრით რუსულით…
თოვდა და თოვდა, თოვდა და თოვდა,
თოვდა ბუზღუნით.

Murman Lebanidze – Juja Saldati Binokls Chaakvda
მურმან ლებანიძე – ჯუჯა სალდათი ბინოკლს ჩააკვდა

მურმან ლებანიძე – "ვიცნობ პოეტებს ახლებს…"

August 29, 2014 § Leave a comment

ვიცნობ პოეტებს ახლებს
და არანაკლებ ძველებს,
მათ, ვინც უსხედან დახლებს
და ლექსებს
წერენ ჭრელებს!

ვერ გეტყვით – გრძნობა ზაფრავთ,
არ მითქვამს – ცაში ფრენენ!
მშობელს უდგანან ჩაფრად,
დასხდებიან და
წერენ!

ჰგავს შრომა მათი იმას:
რასაც წერს, კაცს არ სწამდეს,
არ შიოდეს და თივას,
ანუ, ვთქვათ,
ნახერხს ჭამდეს!

ასე ნახერხის ჭამით,
ასე -ფიცით და მტკიცით,
წერენ – დღისით თუ ღამით,
წერენ –
ღამით თუ დღისით!

თან – წიგნი უდევთ დახლთან,
სხვის წიგნს ჩასცქერენ ხარბად,
რომ, თუ საწირო გახდა,
კიდევაც
სცქაფონ სწრაფად…

მაშ, წინ! მაღლა და ზევით,
ჩემო – ვასო და ტასო!
„აგრე ჩიბუხის წევით
წე-
გედეივლით მთასო“

Murman Lebanidze – Vicnob Poetebs Axlebs
მურმან ლებანიძე – ვიცნობ პოეტებს ახლებს…

მურმან ლებანიძე – ჯანსულ კახიძეს

August 29, 2014 § Leave a comment

ხარ ოქროსფერი,
ხარ კახიძე და ხალხში დგახარ,
ხარ შვილი ხალხის,
რა კარგია,
ჩვენს დროში
გვყავხარ…

როდესაც სდუმხარ,
რა თქმა უნდა, ჯანსუღო, სხვა ხარ,
სახემოღრეცილ
მეციხოვნეს
(ბოღმისგან!)
ჰგავხარ…

ხოლო, როდესაც
აზრად იკვრის ფიცხელი ხმები,
როდესაც მღერი
და სიმღერით
ხვედრს ჩვენსას
ჰყვები, –

ვკვდები, ვცოცხლდები,
სისხლის ჩემის ჩხრიალით ვკრთები,
ვხვდები ყველაფერს
და შრიალით
მეზრდება
ფრთები…

ჩვენ ვართ მოსული
ათასწლების ლურჯი ნისლიდან –
ამოგწკრიალებს
საყვარელი
ხმები კისრიდან.

Murman Lebanidze – Jansul Kaxidzes
მურმან ლებანიძე – ჯანსულ კახიძეს

მურმან ლებანიძე – "ერმილე ჭრელ ყვავილს თიბავს"

August 29, 2014 § Leave a comment

ერმილე ჭრელ ყვავილს თიბავს,
მთისრაჭას კარგი გვაქვს ბუნება ,
ჩვენ გორაკს გულდაგულ ჰკიბავს,
მე მიყვარს სამშობლოს ყურება.

ამბობენ- ყვავილებს სტკივათ,
უბრალო ბალახებს -ნაკლებად !
ყვავილი-იქცევა თივად,
რას ვიზამთ-ხარ–ძროხის საკვებად!

ქორთიდან ღრუბელი იძვრის,
დროდადრო ჩაახველებს გასაგებად…
დავკრიფე ყვავილი მინდვრის
სოფლიდან-ქალაქში წასაღებად.

ყვავილი ყვავილთან დაწყვილდა
ბადახშის საყურეებად..
ერმილე მეკითხება :’ რად გინდა?”
ვპასუხობ:”ზამთარში საყურებლად!”

პოეტი-ოცნებით თვრება,
წერას და ტკბილ ზამთარს ეპირება.
ერმილე -ყველაფერს ხვდება,
სახეზე ღიმილი ეფინება,,,

გლეხკაცი-ჭრელ ყვავილს თიბავს-
მთისრაჭას-სამოთხეა ბუნება,-
ჩვენს გორაკს,ჭრელ გოტაკს ჰკიბავს,
მე მიყვარს-სამშობლოს ყურება!.

Murman Lebanidze – Ermile Chrel Yvavils Tibavs
მურმან ლებანიძე – ერმილე ჭრელ ყვავილს თიბავს

მურმან ლებანიძე – "დაპატარავდა ჯამაგიძის ქალი საყვარლად"

August 29, 2014 § Leave a comment

დაპატარავდა
ჯამაგიძის ქალი საყვარლად, –
სათნპ, კეთილი,
ცალუღელა მთიული ქალი, –
ჩვენი ვახტანგის,
გორგანელის, საწყალი დედა, –
ჩმუ, უთქმელი,
ობლობაში პოეტის მზრდელი, –
დაპატარავდა,
გაილია ცელის ქვასავით…
სადღა იყო – ჯარასავით მისი ტრიალი!
ჩაგვივარდა
ერთ დღეს ლოგინად,
მშვიდობითო, –
თვალებით გვითხრა…
ჩავაბრძანეთ მუხის ჭურჭელში,
აქეთ-იქიდან
შემოვუწყეთ
ყვავილი
ნამჯად,
გავალამაზეთ
ამაგდარი დედილა ჩვენი…
 კი, შევყარეთ მილეთის ხალხი,
გადვუხადეთ პანაშვიდები,
მივაბარეთ თბილისის მიწას…
დაჰხურეს ხუფი
უბოროტო ღვთისნიერ სახეს..
რა დარჩა მისგან, ძმაო ვახტანგ,
გადიდებული სურათის და
ტკივილის მეტი?!
დარჩა –
ვეება, საკვირველი სიცარიელე!
დარჩა –
მკივანი მოგონება და სიბრალული!
„ჩემი ვახტანგა!“ –
ხმა ჩამესმა ანაზდად ყურში,
„მიეხმარეთო ერთმენეთს ძმურად!“
„ არ იყოსო, შვილებო, ღალატი!“ –
იტყოდა ხოლმე საკურთხეული…
ვიდექ საფლავთან
უხერხულად ფრთააწურული…
დავაკლეთ რამე,
ძმაო ვახტანგ, დედილას ჩვენსას?!
ოჰ, არაფერი, არაფერი, ჩემო ძამია!
ხომ შემოვუწყვეთ –
ყვავილი ნამჯად,
ჩავუჭუჭკეთ –
აბრეშუმები,
შევუდგით ბეჭი –
მუხის ჭურჭელს,
წავიღეთ ციმციმ…
შენ ნურას სწუხარ,
საიქიოს ლურჯია ჰაერი,
ჩვენც იქითა ვართ მიმავალი
დღესა თუ ხვალე,
გაგვისწორებენ
წაქცეულებს დაღრჭენილ ხახას, –
ესრეთ
ჩვენს ამაგს გარდიხდიან
ჩვენი შვილები!

Murman Lebanidze – Dapataravda Jamagidzis Qali Sayvarlad
მურმან ლებანიძე – დაპატარავდა ჯამაგიძის ქალი საყვარლად

მურმან ლებანიძე – "ღალატს ისტორია სულ ორგვარს იცნობს"

August 29, 2014 § Leave a comment

ღალატს ისტორია სულ ორგვარს იცნობს, __
მომსწრე ვარ ორგვარისვე ურიცხვის:
რამდენჯერ უღალატა თვისტომმა თვისტომს
ხორცისთვის
და არა სულისთვის?!

კი! თვისტომს ღალატობს თვისტომი მუხანათი:
ქალისთვის! სახელისთვის! ფულისთვის!
მაგრამ ესეც ითქვას: რამდენჯერ უღალატა
დამპყრობელს
დამპყრობელმა სჯულისთვის?!
დიაღაც სისხლისთვის! დიაღაც ჯიშისთვის!
დიაღაც __
თვისტომის გულისთვის!

Murman Lebanidze – Galats Istoria Sul Orgvars Icnobs
მურმან ლებანიძე – ღალატს ისტორია სულ ორგვარს იცნობს

მუხრან მაჭავარიანი – კახეთის ღამე

August 28, 2014 § Leave a comment

მზეს მოხუც მთვარეს დაუთმო სკამი,
ისე, როგორც ეს მიწაზე ხდება…
კახეთი ჯერ არ მენახა ღამით,
კახეთის ღამის მსმენოდა ქება.

როგორც ჩარგალთან,
როგორც სხვიტორთან
„მთვარე მეფურად,
მძლავრად ვიდოდა“;
ქერა დიაცი
უმზერდა ზეცას
ჭავჭავაძიანთ
ასულთ ნამზერსა.

Muxran Machavariani – Kaxetis Game
მუხრან მაჭავარიანი – კახეთის ღამე

Where Am I?

You are currently viewing the archives for August, 2014 at leqsebi.