ვახტანგ ჯავახაძე – არაფერი დაგვიკარგავს

July 2, 2014 § Leave a comment

არაფერი დაგვიკარგავს:
არც რწმენა და
არც ენა,
ერთადერთი შოთა გვყავს და
ორად ორი არსენა.

ურწმუნოებს ვედავები
და ვარწმუნებ უვიცებს,
გვყვანან:
ოთხი ლესელიძეც
და ცხრა ხერხეულიძეც.

ზოგჯერ უკან მივიხედავ
და თითებზე დავითვლი:
ოთხი ვახტანგ მეფე მოდის
და თორმეტი დავითი.

ალაგ ჯაჭვის პერანგი ჩანს,
ალაგ – ტყავის სამოსი
და სამასი არაგველის
ხმალი ელავს – სამასი.

ისევ რეკავს ძველი ზარი
და ახალი საათი,
ისევ გვიხმობს
ტექსელიდან –
რვაასორმოცდაათი.

ისევ დგება უხილავი
და შვილივით აღვიძებს –
ხუთი ათას კრწანისელს და
შვიდი ათას ასპინძელს.

ისევ ისე გალობს მტკვარი
მას უკან და მანამდეც,
ისევ ომი ენატრება
ოცი ათას მარაბდელს.

დიდგორიდან –
ორჯერ მეტი –
ხელს გვიქნევს და გვამხნევებს,
იმერლები აქეზებენ
ქართლელებს და
კახელებს.

მარუხიდან
ბერლინამდე გზაა –
ტყვიით ნათესი,
უსახელო ჯარისკაცი
წევს – სამასი ათასი.

გადავლახეთ ერთად ბევრი
ჭაობი და ჭორომი,
ერთიც მიყვარს,
ათიც,
ასიც,
ათასების ჭირიმე!

ღმერთს შევნატრი,
მჯობნის მჯობნი
აღარ გამოილიოს:
სამნახევარს
ვენაცვალე, –
სამნახევარ მილიონს.

Vaxtang Javaxadze – Araferi Dagvikargavs

ვახტანგ ჯავახაძე – არც მინდა

July 2, 2014 § Leave a comment

არც მინდა,
ყველას მოვწონდე,
არც მინდა,
ყველას ვუყვარდე,
საკმარისია –
ოცამდე,
ან კიდევ –
ოცდახუთამდე.

არ მინდა,
ჩემი ტირაჟო
აცილდეს
ათი ათასებს,
მაქებდნენ
პალესტინაში,
მაღიარებდნენ
მალტაზე.


მე მირჩევნია,
დიდგორის
აღმართზე
გავყვე მეგობარს
და გზაზე
ჩემი სტრიქონი
შვილივით
შემომეგებოს;

და შვილზე მეტად
მომენდოს
მიწის ყოველი მტკაველი…
არ დაიჯერო,
პოეტო,
არ ითარგმნება
ტკივილი.

Vaxtang Javaxadze – Arc Minda

ვახტანგ ჯავახაძე – "ტრიალებს და ტრიალებს"

July 2, 2014 § Leave a comment

ტრიალებს და ტრიალებს
წუთისოფლის კორიდა,
წლების მერიდიანებს
ითვლის:
ერთი,
ორი და…

საკენკს გვიყრის წიწილებს,
შეგიტყუა შორიდან,
საათივით ციმციმებს
გული:
ერთი,
ორი და…

მაჩუმებს და მარჯულებს
ეჭვითა და ჭორითა,
უხილავი მსაჯული
დამდევს:
ერთი,
ორი და…

თავზე მადგას უფალი,
ჩემი ჯერიც მოვიდა,
ჩემი წუთისოფელიც
ჩქარობს:
ერთი,
ორი და…

Vaxtang Javaxadze – Trialebs Da Trialebs

ვახტანგ ჯავახაძე – კარუსელი

July 1, 2014 § Leave a comment

ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდა კარუსელი.
ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი.
ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან,
იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა.

გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან,
მაგრამ კი არ თამაშობდა,მამას თვალს არ აშორებდა.
მამაც იქვე,სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების
ვიღაც უცნობ მანდილოსანს შესცქეროდა მორიდებით.

ის უცნობი ძაღლს უცქერდა,ძაღლი იდგა ბეღურებთან,
ძაღლი-გოგოს,გოგო-მამას,მამა-უცნობს შეჰყურებდა.
ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი…
ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდა კარუსელი.

Vaxtang Javaxadze – Karuseli

Where Am I?

You are currently browsing the ვახტანგ ჯავახაძე category at leqsebi.