გურამ რჩეულიშვილი – ცოდვისთვის შობილს

November 25, 2012 § Leave a comment

იმ მიუწვდომელ მშვენიერებას
ბავშვი რომ ხედავს
ქალის სხეულში,
თავის პატარა გაურყვნელი წმინდა ხელებით
როცა დაბერილ თეთრ ძუძუებს
ვნებით უჭყლიტავს,
ვცდილობ მივაგნო,
როგორც ერთი წლის დაბადებიდან
მოურიდებლად თავის დედას გაუხსნის საკინძს
ვარდისფერი ძუძუსთავების დასაწაფებლად.
ისევე წმინდა,
ისევე დიდი,
არის სურვილი ჩემი.
მხოლოდ მორალი დაწესებული გარეშემო
მე შეურაცხმყოფს,
ტყუილ ბრალსა მდებს
და მეც ბრალდებულს
ცოდვისთვის შობილს,
გულის სიღრმეში
მიხარია ეს განაჩენი.
და სხვებთან ერთად
ნეტარ წამებს
შევურაცხყოფ
ენის გაკილვით,
ან იმ ბიბლიურ დაბალი
კაცის მიერ მოგონილ
მაღალ სიტყვებით:
`მე დავამდაბლე აი, ეს დიაცი
და ამ დიაცს დღეის შემდეგ
უწოდეთ ბოზი.
მე აქ ვმაღლდები პირუტყვული
უკუპროპორციით
და თავს ტაშს ვუკრავ,
რადგან არ ვგავარ ვნებააშლილ
ქალთაგან ნაცემ
იმ უძლურ სხეულს,
ვინც იცემა კაფეში ბოზთაგან,
რომ ნამთვრალევმა,
ღამენატეხმა,
დამდაბლება მათი ვერ შეძლო
და საოცარი ყველაფრის მხეთქი
ხმა ამომძახის გეენის ცეცხლივით:
შენ კაცი ხარ, დიდი კაცი, სანამ გიდგება,
და ნახევარი ადამიანი..

Guram rcheulishvili – Codvistvis shobils

ბაჩო კოპაძე – * * *

November 23, 2012 § Leave a comment

ძნელია უყურო ცხოვრების ტალღებს
როცა ეს ყველაფერი შიგნიდან გარბევს
ძნელია იყო მართალი, სწორი
როცა ყველგან დევს ტყუილის მძორი

ძნელია იყო ამქვეყნად მარტო
და საკუთარი ცხოვრება მარტომ მართო
ძნელია იყო ფიქრებში ეული
როცა გარს გახვევია ამდენი სნეული

ძნელია იფიქრო სულის ცხონებაზე
როცა ფიქრობ ამქვეყნიურ ქონებაზე
ძნელია იყო ადამიანი
როცა მხოლოდ სიტყვებით ხარ თავაზიანი

ძნელია წრფელისთვის ცხოვრება სხეულით
როცა თავს დაგტრიალებს ამდენი გრძნეული
ძნელია ცხოვრება ამ უდაბურ ფიქრებში
დაღალული ხელებით მშენებარე მითებში

ძნელია ეძიო უფალი ამქვეყნად
როცა ეშმაკის სახელი აქციეს ხატებად
ძნელია იფიქრო ცოდვის შენდობაზე
როცა ფიქრობ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე

ძნელია მოძმისთვის პოვნა ერთგულის
როცა ფული წყვეტს ბედს ურთიერთობის
ძნელია უყურო ცხოვრების ნგრევას
როცა ეს ყველაფერი შიგნიდან ელავს

ძნელია იყო მართალი, სწორი
როცა ყველგან დევს ტყუილის მძორი

Bacho Kopadze – * * *

ბაჩო კოპაძე – დავიღალე

November 23, 2012 § Leave a comment

დავიღალე იმით რომ ეს ცხოვრება ფანდია
და ყველასთვის ერთურთი ძალზედ დიდი ლანდია
დავიღალე იმით რომ დრო არ კურნავს იარებს
და არავინ არ არსებობს ვინც კი გაგიზიარებს

დავიღალე იმით რომ ველი თითქოს ნათებას
და ყოველდღე ვებრძვი ჩემში ძლიერ არსებას
დავიღალე იმით რომ ავცდი ბილიკს უფლისას
და ყოველდღე სულში ვმარხავ აზრებს უდაბურისას

დავიღალე იმით რომ ყველასთვის ლანდი ხარ
და ეს მაშინ როცა აღარაფრად ვარგიხარ
დავიღალე იმით რომ ვუსმენ აზრებს ხალხისას
და საკუთარ თავზე წარმოდგენა უსწრებს ძალებს ხატისას

დავიღალე იმით რომ ვუყურებ ახალი თაობის დაცემას
და ძუძუმტის სისხლის ერთმანეთში აღრევას
დავიღალე იმით რომ ცისფერობა მოდაა
და ქართული ვაჟკაცობა ახლა მხოლოდ ბოდვაა

დავიღალე იმით რომ აქ ტყუილი მეფობს
და ამ ხალხის სულებში ლუციფერი ღმერთობს
დავიღალე იმით რომ სწავლა ახლა გრეხია
ხოლო უსაქმურობა „კაი კაცის’’ სენია

დავიღალე იმით რომ ხალხი ელის შველას
ხოლო საპასუხოდ კი აჰყვებიან ვნებას
დავიღალე იმით რომ სიყვარული ბოდვაა
და რომ ამ ქვეყანაში ყველა შეუძლოდაა

დავიღალე იმით რომ ეს ცხოვრება ფანდია
და ყველასთვის ერთურთი ძალზედ დიდი ლანდია
დავიღალე იმით რომ დრო არ კურნავს იარებს
და არავინ არ არსებობს ვინც კი გაგიზიარებს

Bacho Kopadze – Davigale

ლადო ასათიანი – წვიმაში

November 11, 2012 § Leave a comment

დღეს მიკვირს, ისე როგორ გადავრჩი,
რომ ოდნავადაც კი არ დავსველდი
ისეთ ქუხილში, ისეთ ავდარში
მე — ამ დროების მეათასედი.

ქარ-წვიმა იყო, თუ სროლა ისრის,
სამაგალითოდ შენაქუჩების.
მე მოვიარე საავდრო ნისლში
დედაქალაქის ყველა ქუჩები.

და მერე, როცა ჩვეული რიგით
გავხსენ რუსთველის ქუჩის ურდული,
დაიგრუხუნა თბილისის ირგვლივ
და წამოვიდა წვიმა შურდულით.

გავხედე: თრთოდნენ ქარ-წვიმის ხმაში
ქუჩები, ბევრჯერ გადანათელი,
მარტო გამზირზე არ წვიმდა მაშინ
და მარტო გამზირს ადგა ნათელი.

მაგრამ უეცრად იქუხა ისევ
მეტ გახელებით და გამძაფრებით.
და გამზირიდან ღრუბლიან ცისკენ
გაჩნდნენ ქარის და წვიმის ძაფები.

ბევრი ვეომე ძლიერ ზენაქარს,
ჩემს მშობელ ქუჩას თავს ვევლებოდი.
ბოლოს საფარი რომ არ მენახა,
შესაბრალისად დავსველდებოდი.

ავდართან გმირულ ბრძოლებით დაღლილს
არსად რომ თავი არ დამეხარა:
გადამეფარა ქაშვეთის თაღი,
გადამეფარა და დამეხმარა.

წვიმა კი რბოდა როგორც აფთარი,
ცას გაუშავა ნაზი ღაწვები,
და მე ვხედავდი, წელში გამტყდარი,
როგორ წვებოდნენ ქარში ნაძვები.

ორბელიანის საფლავთან მდგარმა
ქალაქს გავძახე ლექსი ქართული,
და რაწამს ყალყზე ამდგარმა ქარმა
მოინახულა ჩემი სართული, —

იმ წამს წარსული დიდების ძალით
შეუჩერებლივ ავფრინდი ცამდე,
მერე ავენთე, ვით ნაკვერჩხალი,
და ნარიყალას კედელთან დავდექ.

აქ ვაჟკაცურად ვმღეროდი მართალს
მარადისობით გადანისლული,
აქ, ნარიყალას ხავსიან კართან,
დაეცა ჩემი ამაყი სული,

ვხედავდი: თრთოდენ ქარწვიმის ხმაში
ქუჩები ბევრჯერ გადანათელი…
მარტო ჩემს ირგვლივ არ წვიმდა მაშინ,
მარტო ჩემს ირგვლივ იდგა ნათელი.

Lado asatiani – wvimashi

ვასილ გულეური – ვის რა აჩუქა თოვლის პაპამ

November 11, 2012 § Leave a comment

ზეიმია უღრან ტყეში,
ცეკვავენ და მღერიან –
შეიკრიბნენ ცხოველები,
თოვლის პაპას ელიან.

ნაძვი მორთეს, ათასფერად
ციმციმებს და ანათებს.
ნაძვის ძირში ალაგებენ
საახალწლო ბარათებს.

უხარიათ ხეზე ჩიტებს,
სოროში კი თაგუნებს:
– მალე მოვა თოვლის პაპა
და ჩვენც რამეს გვარგუნებს.

სწორედ მაშინ, ტყის საათმა
თორმეტჯერ რომ ჩამოჰკრა,
ატყდა ერთი ჟრიამული,
რა გგონიათ, რა მოხდა?

რისი სანტა, რა კლაუსი,
წამოვიდა თოვლი და
თეთრი წვერით, შავი ნაბდით
თოვლის პაპა მოვიდა.

მის გარშემო შეიკრიბა
ყველა, ტყეში ვინც არის.
ვის რა ერგო საჩუქარი,
აბა, გამოიცანით!

დათუნიას – განა თაფლი?
მისცა ჭრელი ბალიში.
მაინც სძინავს მთელ ზამთარს და
თათის ლოკვას არ იშლის.

მგელს აჩუქა რადიოლა,
– დამიფასებ ამაგსო,
ღამღამობით რომ ყმუიხარ,
მოუსმინე ამასო.

ჩამოაცვა გრძელ ყურებზე
კურდღელს დიდი სათვალე
– ბაჭიები არ დაკარგო,
გაიკეთე, დათვალე!

კალათბურთის სათამაშოდ
ჟირაფს ერგო ბურთი და
ზღარბს – ძაფები ათასფერი,
ჯადოსნური ყუთიდან.

წიგნი მისცა ზღაპრებისა
მელაკუდა-მელიას
– წაიკითხე არაკები,
შენ თუ გამოგელია.

ლომს აჩუქა მაკრატელი,
– არ გამიწყრე ამაზე,
მეფე ხარ და დაგჭირდება,
ფაფარს გაილამაზებ.

სარკე მისცა მაიმუნს და
ტურას – დიდი საყვირი,
სავარცხელი – ოფოფს, ზებრას _
ზოლიანი აღვირი.

სპილოს აძლევს კბილის ჯაგრისს
– დაიხეხე ეშვები!
ჩიტებს – ლამაზ პარაშუტებს
– ძირს ამით დაეშვებით!

საჩუქარი ჭრელ ხურჯინში
ყველასათვის აღმოჩნდა.
მერე ისევ ჩაყო ხელი,
მგონი, რაღაც გამორჩა…

ჰო, ახალ წელს, გაგონილა,
ტკბილეული არ იყოს?
რა თქმა უნდა, კანფეტებიც
უნდა ჩამოარიგოს.

მთელი ღამე ლხინი ჰქონდათ
უღრანი ტყის ბინადართ…
მაგრამ დილით, თოვლის პაპა
ისევ გაუჩინარდა..

Vasil guleuri – vis ra achuqa tovlis papam

ლელა ცუცქირიძე – წერილი თოვლის ბაბუას

November 11, 2012 § Leave a comment

ჩემო თოვლის ბაბუა,
მენატრები ძალიან,
გავიგე, რომ ბავშვებთან
გულით მოგიხარია.

ისიც ვიცი, ხურჯინი
საჩუქრებით სავსე გაქვს,
ალბათ როგორ დაგღალა
მძიმე ტვირთის ტარებამ!

ჰოდა, თოვლის ბაბუა,
იცი, მე რას ვნატრულობ?
საახალწლოდ ეგ სავსე
ხურჯინი რომ მაჩუქო!

Lela cucqiridze – werili tovlis babuas

ვასილ გულეური – ციკოს თოვლის პაპა

November 11, 2012 § Leave a comment

ახლა წლამდე ცოტა დარჩა,
მოადგება აგერ, მთებს.
მუხის ძირას ციყვი ციკო
თოვლის პაპას აკეთებს.

 მოაგროვა სამი გუნდა,
არ დასჭირდა წვალება.
ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს
თოვლის პაპას თვალებად.

ტანზე კოხტად ჩაურიგა
ყავისფერი ღილები.
განა მართლა ღილებია –
გაკროლილი თხილები.

სტაფილო აქვს ცხვირის ნაცვლად –
ციკო მართლა არ ხუმრობს.
მხოლოდ ქუდი ვერ იშოვა,
თავზე რომ დაახუროს.

 ფუღუროსკენ გაეშურა,
იქნებ, რამე მოძებნოს…
თოვლის პაპა მარტო დარჩა
და თავისთვის ოცნებობს:

 “მალე ქუდსაც დავიხურავ,
ხელში ჯოხსაც დავიჭერ.
სულ პირველი მე გავიგებ
ახალი წლის ნაბიჯებს!..”

 უცებ, მართლა ნაბიჯების
ხმა მოისმა შორიდან.
გაუკვირდა თოვლის პაპას –
ნუთუ, უკვე მოვიდა?

 მაგრამ, არა, ახალი წლის
ნაბიჯები როდია,
ეს კურდღელი ამბაკო და
თაგვი თენგო მოდიან.

დაინახეს თოვლის პაპა…
რა გგონიათ, რა მოხდა?
ცოტა ხანში, როცა ციკო
ხიდან დაბლა ჩამოხტა,

 იქ რაც დახვდა, დამშვიდებით
აბა, როგორ უცქიროს –
თოვლის პაპა უღილებოდ,
უთვალებოდ, უცხვიროდ!

Vasil guleuri – cikos tovlis papa

ვასილ გულეური – საახალწლო სიზმარი

November 11, 2012 § Leave a comment

ახალი წლის ღამეა
და სასწაულს ველი,
მალე დაჰკრავს თორმეტჯერ –
მიდის წელი ძველი.

ნაძვის ხესთან ვზივარ და
არ ჩამთვლიმოს, ვცდილობ.
თოვლის პაპას რომ დავხვდე,
არ მსურს, დავიძინო.

გარეთ ცივა, სახლში კი
საამურად თბილა…
ჰოდა, შუაღამემდე
ჩამეძინა ტკბილად.

თოვლის პაპა მესიზმრა
და სიზმარი ახდა –
როცა გამომეღვიძა,
საჩუქრები დამხვდა.

ასე ჩუმად რად მოდის
თოვლის პაპა, ნეტავ?
შუაღამეს რად უცდის,
დღე რატომ ვერ ვხედავ?

ნატვრადა მაქვს ქცეული
თოვლის პაპის ნახვა…
კიდევ ერთ წელს მის მოსვლას
სად ვუცადო ახლა?..

Vasil guleuri – saaxalwlo sizmari

ვასილ გულეური – თოვლის შვილიშვილი

November 11, 2012 § Leave a comment

გაუჭირდა თოვლის პაპას,
ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს.

დავბერდიო, – ასე ამბობს, –
მხნედ ვიყავი შარშან ამ დროს!

საჩუქრების დიდი გუდა
ძლივს ასწია, შველა უნდა.

შუბლზე ცვარი მოიწმინდა:
– თოვლის შვილიშვილი მინდა!
Vasil guleuri – tovlis shvilishvili

ნიკა ჩერქეზიშვილი – მიყურებ და ისევ, არ იცი, რა მითხრა

November 7, 2012 § Leave a comment

მიყურებ და ისევ, არ იცი, რა მითხრა,
დღეს ჩვენი სახლიდან ისმოდა სტრავინსკი,
მოდი, გავმარტივდეთ და პირველ საკითხად
შენ ალბათ ჩაი და მე ყავა დამისხი.

მერე, ჩვეულებრივ თვალები დახარე,
ხომ იცი, შენს დახრილ თვალებზე ვგიჟდები,
ისე, რომ ერთ წამსაც ვერ ვითმენ, ახლავე,
სულ უფრო მეტად და საშინლად მინდება

მაგ შენი თვალების დახრილი სიგიჟე,
მაგ შენი თითებით დაკრული მაჟორი,
და ვხვდები, ნერვებმა ბოლომდე მიმიშვეს
და სისხლმაც დახეთქილ ძარღვებში გაჟონა.

Nika Cherqezishvili – miyureb da isev, ar ici, ra mitxra
ნიკა ჩერქეზიშვილი – მიყურებ და ისევ, არ იცი, რა მითხრა

Where Am I?

You are currently viewing the archives for November, 2012 at leqsebi.