გალაკტიონ ტაბიძე – "ისეთ ნაირად გაჰქრა"

October 8, 2014 § Leave a comment

ისეთ ნაირად გაჰქრა
ეს შემოდგომა ქარვის,
რომ ერთი გაღიმებაც
არ მოუცია არვის.

მაგრამ, ასი წლის შემდეგ,
შენ გამამართლებ, არა?
მადლობელი ვარ მაინც,
ჩემთვის ეს გრძნობაც კმარა.

თორემ რას ვგავდით გუშინ
ან მე, ანუ შენ, ან ის?
რისთვის გვწყუროდა ყველას
გულში ჩაგება დანის?

ნამეტანია! საით?
იქ შენ არავინ გელის,
ნუ გეჩქარება ნახვა
იმ უდაბური ველის.

ასეთ ნაირად გაჰქრა
ეს შემოდგომა ქარვის,
მაგრამ ასი წლის შემდეგ
ის არ დაგვტოვებს არვის.

Galaktion Tabidze – Iset Nairad Gahqra
გალაკტიონ ტაბიძე – ისეთ ნაირად გაჰქრა

გალაკტიონ ტაბიძე – შუაღამისას

October 8, 2014 § Leave a comment

შუაღამისას ჩემს სარეცელთან
რაღაც უცნობი მესმის ვედრება,
თვალთგან ჩვენებას ცრემლები სცვივა,
განთიადისას კი მიდის, ჰქრება.

და მწუხარე ჟამს მარტოობისას
სული არ მშვიდობს, გული არ სცხრება,
თვალწინ იშლება მთელი წარსული
უბედურება, ბედნიერება.

გავაღებ სარკმელს, დაბერავს ქარი,
ნაზი პეპელა შემოფრინდება.
შუქი ეცემა კედლებს, სარკეებს.
გათენდა. სულში კი არ თენდება.

Galaktion Tabidze – Shuagamisas
გალაკტიონ ტაბიძე – შუაღამისას

გალაკტიონ ტაბიძე – საფლავი

October 8, 2014 § Leave a comment

ნაზი პეპელა თავს დასციმციმებს,
გარშემო ყვავის გაშლილი ველი,
მიყვარს, საფლავო, ეგ მდუმარება
და ეგ სიჩუმე დაურღვეველი.
შენსკენ ვისწრაფვი, რაკი დატანჯულს
სევდა და ფიქრი შემომაწვება,
თუმცა კი ვიცი, შენს სიჩუმეში
თვითონ სიჩუმეც საგრძნობი ხდება.
გულს აღელვებულს, სხეულს მოწამლულს
ნიავი ნელი ეთამაშება.
არ ვიცი რისთვის, ჩემი ტანჯვებით
ბუნება თითქო ხარობს და სტკბება.

*
მსურს, რომ ვიცოცხლო… მსურს აღარ მოვკვდე,
მსურს ცრემლი ვღვარო და ვივალალო,
ცრემლი ციურ ცვრად არეს ვაპკურო,
გზა ეკლიანი ცრემლით გავკვალო.
მე ტანჯვისთვისა ვარ გაჩენილი,
ჩემი ხვედრია კვნესა, წამება…
დეე, ვიტანჯო, ყოფნა გრძნეული
გულს არასდროს არ დაენანება.

*
ყველაფერს ამბობს ობლის საფლავი
ობოლ კუთხეში, ობლად შთენილი
და სიჩუმის ხმით მესაუბრება
ხმა ნაზი, ციდან გარდმოვლენილი.
სიცოცხლისავე საფლავს მაგონებს
მოღლილ, მოქანცულს და მოდუნებულს,
არსებობის ძარღვს მკვდარს, უსიცოცხლოს,
არვისგან ნახულს, არრისგან შემკულს.
სიკვდილო, მე ნუ მიახლოვდები,
მსურს, რომ ვიტანჯო და ვივალალო,
ცრემლი ციურ ცვრად არეს ვაპკურო,
გზა ეკლიანი ცრემლით გავკვალო!

Galaktion Tabidze – Saflavi
გალაკტიონ ტაბიძე – საფლავი

გალაკტიონ ტაბიძე – მატარებლიდან

October 8, 2014 § Leave a comment

შორით გამოჩნდა ფოსტა,
იჭერს წერილებს მაღლით
გაჩერებული ხბოსთან
ბიჭი პატარა ძაღლით.

გვიან ყვავილთა რიგით
ბაღი თანდათან ცხრება,
აქეთ – სადგური. იქით –
მშვიდ სოფლელების კრება.

მოდის სოფელი, როგორც
დამსვენებელი ჩრდილი,
რაღაცას მღერის გოგო
მშვენიერი და ზრდილი.

აჰა, ღამდება. ბიჯი
და – აქვე არის სახლი.
მიდის წერილით ბიჭი,
ხბო და პატარა ძაღლი.

Galaktion Tabidze – Matareblidan
გალაკტიონ ტაბიძე – მატარებლიდან

გალაკტიონ ტაბიძე – ღვინოს დააბრალებენ

October 8, 2014 § Leave a comment

სადაც უნდა მივდიოდე
უცხო ქვეყნად მარები,
უკანასკნელ შვიდიოდე
წლის თან დამდევს ქარები.

სადაც უნდა შევიარო,
ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო,-
ღვინოს დააბრალებენ.

ო, ძვირფასო, ჯვარზე მაცვეს,
გაქრა გიჟი ოვნება,
ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს,
მაგრამ რა მეკოცნება

Galaktion Tabidze – Gvinos Daabraleben
გალაკტიონ ტაბიძე – ღვინოს დააბრალებენ

გალაკტიონ ტაბიძე – "დღეს მეზიზღება მყუდრო ნაპირი"

October 8, 2014 § Leave a comment

დღეს მეზიზღება მყუდრო ნაპირი,
სხვა არაფერი…
ქარი მწყურია მე პირდაპირი,
სხვა არაფერი..
რომ ღამე იყოს შავი ,მწყურია,
ერთი უბრალო ნავი მწყურია,
ო.ნავი,ნავი,ნავი მწყურია,
ერთიც ნიჩაბი,
სხვა არაფერი….

Galaktion Tabidze – Dges Mezizgeba Myudro Napiri
გალაკტიონ ტაბიძე – დღეს მეზიზღება მყუდრო ნაპირი

გალაკტიონ ტაბიძე – სამშობლოს

October 8, 2014 § Leave a comment

სამშობლოს წინსვლა გასაკვირველი,
მზის მხურვალება გარს რომ ავლია,
აი, პირველი! აი, პირველი –
რის სიყვარულიც მე მისწავლია.

შენს გამარჯვებას, ჩანგო, მოველი!
ოჰ, შენთან დღენი ჩემნი წარვლიან,
მედგარი ბრძოლა! -აი, ყოველი,
რის სიყვარულიც მე მისწავლია.

გავშლი ძვირფასი ლექსების კონებს:
რა სიუხვეა! რა სიმრავლეა!
გადამასწავლოს – ნურავინ ჰგონებს –
რის სიყვარულიც მე მისწავლია!

Galaktion Tabidze – Samshoblos
გალაკტიონ ტაბიძე – სამშობლოს

გალაკტიონ ტაბიძე – შინდისის ჭადრებს

October 4, 2014 § Leave a comment

ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო,
შემოხვეულნო შუქთა ბადრებით,
ო, მე არ ვიცი, რას შეგადაროთ,
ან უცხოეთში რად მენატრებით?
კვლავ გახვევიათ ოქროს ზეწარი
და შემოდგომის მკრთალი ბლონდები?
მე, უთვისტომო და გარეწარი,
თქვენ გაგიხსენებთ და დავღონდები.
თქვენთან რბიოდნენ ნათელნი დღენი,
ლოცვა ბავშვური, ფერი გედური,
ახლა რად მესმის შრიალი თქვენი,
როგორც ტირილი და საყვედური?

Galaktion Tabidze – Shindisis Chadrebs
გალაკტიონ ტაბიძე – შინდისის ჭადრებს

გალაკტიონ ტაბიძე – სასწაულს

October 4, 2014 § Leave a comment

შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს,
ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძინვარეს,
ლუციფერს, მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს
და ეხლა მძინარეს.

შეუნდე, შეუნდე ჯოჯოხეთს –ჩემს თვალებს,
შეუნდე ჩემს ხელებს, ბოროთად დაღალულს,
მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს,
მე ველი სასწაულს.

Galaktion Tabidze – Saswauls
გალაკტიონ ტაბიძე – სასწაულს

გალაკტიონ ტაბიძე – შავი ყორანი

October 3, 2014 § Leave a comment

გზა გავიარე… მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
”ნუ იხედები… ნუ იხედები!”

გზაზე მივდივარ… მსურს გავარკვიო
გასასვლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
”შორს ნუ გასცქერი… შორს ნურვის ელი!”

მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა…

გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი – ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე – ყველაფრის მიმტევებელი.

Galaktion Tabidze – Shavi Yorani
გალაკტიონ ტაბიძე – შავი ყორანი

Where Am I?

You are currently browsing the გალაკტიონ ტაბიძე category at leqsebi.