გრიგოლ რობაქიძე – საქართველოს

July 10, 2014 § Leave a comment

ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.

ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.

მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:

უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, –
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.

Grigol Robaqidze – Saqartvelos

გრიგოლ რობაქიძე – ფრანგ პოეტს

July 1, 2014 § Leave a comment

შენი გენია მეტეორის ალმა გაჰმურა.
სიგიჟის ხორბლით ავსებ მარად ქვეყნის ხვიმერებს.
ღამის სოროებს დასტრიალებ როგორც ღამურა.
ავხორცი ტვინით ბუდეს უნგრევ ყვითელ ქიმერებს.

ტანამღვრეული ეშურები მაცდურ აშარას.
ლუესის წვეთით გიხელდება ბნელი დიანოს.
აპოკალიპსის ცხენს აუბამ ლექსის ავშარას.
ხერხემლით ჰშიშობ: განკითხვის დღემ არ იგვიანოს.

თეთრად ათენებ: თავს გესხმიან ავი ბოდვები.
ბნედა გერევა მიწის წყლულის ხილვით გაოსილს,
დამხრჩვალ კატებში გაოგნდება მთვარის ცოდვები.

პირზე გაშრება ცოფიანი დუჟი ქაოსის.
განთიადისას ლორწიან ტუჩს მზის ძაღლი გლოკავს.
შენს სონეტებში გადარევა შეკრული როკავს.

Grigol Robaqidze – Frang Poets

გრიგოლ რობაქიძე – ვეფხვობის თვეში

September 30, 2013 § Leave a comment

ყივჩაღეთ იყო….
ქალი მოვიტაცე.
ცხენზე შემოვიგდე, დედალი ავაზა.
ტანი დაყურსული
გავშხვართე უნაგირზე,
თეთრი თეძოების ვიხილე გახელება.

ხტოდნენ ატეხილი, ავხორცი მუხლები.
და თვითონ ნადირი გავხდი, მე ნადირი.
კოცნა-კბენა იყო,
ალერსი-დანა,
მუცელი გაზნექილი
პირით გადავღადრე,
და მარჯვენა ნაპირიდან,
ქალი გაფატრული
ვესროლე მდინარეს.


სიგიჟის წვეთი
ცხენს მოხვდა საფეთქელში,
ცეცხლი წაეკიდა უნალო ფლოქვებში
და თითქო დაკოდილი
გავარდა ჭენებით.
მე სისხლის ყივილი,
მოღუშულ სივრცეებს,
მათრახათ გადავკარი!
… ეს იყო ყივჩაღეთ,
ვეფხობის თვეში.

Grigol Robaqidze – Vefxvobis Tveshi

გრიგოლ რობაქიძე – ველური ცხენები

September 23, 2013 § Leave a comment

ამგვარად ამაყს და ამგვარად ჟინიანს,
რად არ გეშინია? რად არ გეშინია?
ჩემში ველურ ცხენებს გაშლიათ ფაფარი,
ჩემში სიმკაცრეა ათასი აფთარის
და ჩემი მერნების ფაფართა ფლოქვები,
არა, არ გაბედო! წაგლეკავს! მოკვდები!

მე არც ედემი ვარ, არც ზეცა მეშვიდე,
მე გირჩევ შეშინდე! შეშინდე! შეშინდე!
მარჯვენით დაღალულს მიპყრია სადავე,
ქარმა ხმა წარმტაცა, ცეცხლში მაქვს სათავე,

ისეთი მართალი ვარ, ვერ მაცდენს სიყალბე,
არა, არ გაბედო! არა, არ გიყვარდე!
შეშინდი! შეშინდი! რამეთუ ცხელებით,
ჩემში გრიალებენ ველური ცხენები…


grigol robaqidze-veluri cxenebi

გრიგოლ რობაქიძე – გველის პერანგი

December 5, 2012 § 2 Comments

ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის –
და ატევრილი სხეულმზიანი
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს –
რომ დაგიურვოს…
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი… შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით –
და გავარდები…
დაგედევნები…
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი მოდი გევნები,
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში –
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები…
მაგრამ თვალები –
თვალები – თვალები: –
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად
ცხენის ძუაზე…
მაგრამ თვალები –
თვალები – თვალები:
ეხლა მადონნა – წმინდა – ხასხასა.
რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები – 
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით.

Grigol robaqidze – Gvelis perangi
გრიგოლ რობაქიძე – გველის პერანგი

გრიგოლ რობაქიძე – წმინდა ნინო

April 6, 2012 § Leave a comment

ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,
ჩვენ, დანებულნი და გულახდილები,
შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.
მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან,
გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია –
ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან
და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე.
ღვთიური ტკივილი და არა – წამება
იყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები.
არ გვინდა, დედაო, სხვა ჯვარი ბერწების,
არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასხლევი!
ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწამის –
ტოტებს აიყრიან მეტი გახელებით,
როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით.
ქალწულო ნინო, ათასჯერ გვენახე!
შენ გეალერდება დედული ვენახი.
ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები
სხვა როგორ ვიგულვოთ აქ შენი ნაცვალი?
ზვარში რომ გაივლი, ჩაყრილი მტევნების
მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი.
შორითგან გიყურებს, ავს რომ აგაშოროს,
ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი.
ის არის ივერის მცველი და მზვერავი
და ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ!
ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები,
შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები.
მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით
და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით.
დაო და დედაო,
ღვთისმშობლის დობილო,
ვართ შენზე დანდობილი
და შენი შენდობით
არ გადავშენდებით!
Grigol Robaqidze – Wminda Nino

Where Am I?

You are currently browsing the გრიგოლ რობაქიძე category at leqsebi.