თემურ შენგელაია – შესამოსელად დაგიბურავს ცეცხლის ალები

April 12, 2014 § Leave a comment

შესამოსელად დაგიბურავს ცეცხლის ალები,
ჯაჭვის პერანგად მოგიქარგავს წვიმის წვეთები,
ქალის საზრისებს მორჩილებენ ბნელი ძალები,
შენს სველ ბაგეზე წვიმას კრთომილს შევუერთდები…

მზე მე არ მყოფნის, შენ მინდიხარ იქნებ სათბობად,
ჩემსკენ გიბიძგებს, ზენა დღისით, ღამე წამები,
თეთრი ღრუბლები გაგიხდია თითქოს საწოლად,
დავძლევ სიშორეს, თუ სიყვარულს არ ვეწამები…

გრძნობას გონიდან, გულთან მისულს, ჯვარცმად მიტანილს,
იგალობებენ, წიაღს ზეცად, მედავითნენი,
ღრმა ოკეანე თუ ძირავდა ბედკრულ ტიტანიკს,
შენს ღრმა მორევში უმაშველოდ მეც დავინთქმები…

ქვიშის საათი, არ იძინებს, იბრუნებს ვიცი,
გავა, გაირბენს, ამ ცხოვრების მძიმე წუთები,
მერე კი მოხვალ, სიყვარულის გამტყდარი ფიცით
და მოღალატეს, თუმც საყვარელს ჩაგეხუტები…

Temur Shengelaia – Shesamoselad Dagiburavs Cecxlis Alebi

თემურ შენგელაია – წუთში წამი გაჩერდა

March 9, 2014 § Leave a comment

წუთში წამი გაჩერდა,
საათში კი ისრები,
თითქოს ცხადად ვიხილე
მონაბერი ფიქრები….

ვნების ჯარი გავუშვი,
ოცნებებში ჩავერთე,
გამიტაცა ფიქრებმა,
ზმანებაში გავერთე:

ვხედავ სხვა მხრივ ქვეყანას,
ბოროტებას კეთილად,
კაენს ძმის მოყვარულად,
ნოინს ცოტნეს ვექილად…

შეცვლილია სამყარო,
შეცვლილია წარსული,
თითქოს “დაბადებიდან”
წამებია გასული…

ოცდაცამეტ წელში ვართ,
აღარავინ ბერდება,
ჯოჯოხეთში გაისმის
გულკეთილი ვედრება:

ნუ წამართმევთ იმედებს,
მომავლის რომ მჯეროდეს,
გული უცემს ბარაბას,
ცრემლი მოსდის ჰეროდეს…

ნუ წამართმევთ სიყვარულს,
ვფიცავ ვტოვო აროდეს,
ჩემი გული თუ არა,
ჩემი სული კმაროდეს…

აღარ ისმის ყვედრება,
ოცდაათი ვერცხლისა,
იუდას სულს გატანჯულს,
მოსვენება ეღირსა…

სახე გამთელებია, კუზმას,
შმიდტის მეკობრეს,
ცხვრებს ურიგებს ციკლოპი,
ოდისევსის მეგობრებს…

კუკარაჩა, მურტალო,
ინგას ერთად ელიან,
მტრობის ნაცვლად ვაჟკაცნი,
ნასვამები მღერიან…

აღარავინ ამცირებს
მილიონერ ფიროსმანს,
სვეტიცხოველს მადლობენ,
ორმკლავიან დიდოსტატს…

თავს არ იკლავს არავინ,
ბაჩო ლექსებს მიყვება,
მერი ცოლად სხვის ნაცვლად
გალაკტიონს მიჰყვება…

ყველა ხარობს, ზეიმობს,
სიკეთეა ყოველგან,
ყველა ცოდვილს შეუნდეს
ბრძანა ყოვლის მპყრობელმან…

ზოგჯერ ქისას კეთილი,
გლახაკისთვის გაიღებს,
მაგრამ ქარის მოტანილს
ისევ ქარი წაიღებს…

ზმანებები წავიდა,
ისევ ქარმა წაიღო,
ბედი უკან გაბრუნდა,
ჩვენზე ხელი აიღო…

გინდა შენი სამყარო
მთლად შიშველი განახო???
მაშინ თვალი გააღე,
ცრემლი? არ დამანახო!!!

აი, შენი ქვეყანა,
ჯიბრის ბნელი ტურია,
კაენს შურით დაბოღმილს,
ძმის სისხლი რომ სწყურია…

ხო! ბნელია სამყარო,
სისხლიანი წარსული,
ქრისტეს დაბადებიდან,
საუკუნე გასული…

მე? 19 წლისა ვარ,
ყველა უცებ ბერდება,
ჯოჯოხეთში გაისმის
ტანჯვა, ოხვრა, ვედრება:

რად წამართვით იმედი?
ახლა რისი მჯეროდეს?
ჯვარს არ აცვეს ბარაბა,
ჩვილებს ხოცავს ჰეროდე…

განიბნია ვერცხლები,
ქრისტე ღალატს მიუხვდა,
თოკზე პირქუშ ღამეში,
ჩამოიხრჩვა იუდა…

კუზმას, შმიდტის კაპიტანს,
სახე ურჩხულს მიუგავს,
ციკლოპს სისხლი სწადია,
კარზე ლოდი მიუდგამს…

კუკარაჩა მოუკლავთ,
ყაჩაღების ფენიდან,
მისი სისხლიც დალიეს,
გადახსნილი ვენიდან…

ვინღა იცნობს უბედურს,
აბრის მხატველ ფიროსმანს,
კარგის აგებისათვის,
მკლავი მოსჭრეს დიდოსტატს…

გალაკტიონს ბაძავენ,
ეს სენია ქართული,
მერის სადღა სცალია
ქორწილშია გართული…

აჰა თქვენი სამყარო!
აჰა თქვენი ცოდვები!
ეცით ერთურთს დაგლიჯეთ,
მე კი კარგად, გშორდებით…

კაცნი ძმას არ დაინდობთ,
ყველას ცოლებს გა”ფლირტ”ავთ
ვერ გაიყოფთ ხომ ვიცი
დედამიწას დაფლითავთ…

ზოგი კარგი ტიპია,
ზოგი ცუდი ტიპია,
ზოგს ბევრი ჰყავს ქალები,
ზოგს კი კარგი პიპია…

მე გისურვებთ წასვლამდე,
ყველას კარგი მოეგოს,
ყველა “პროპკა” არ არის,
ყველა ბოთლს რომ მოერგოს…

და თუ ჩემთან წამოხვალთ
გაიმზადეთ წიგნები,
პლანეტაზე თუ არა
ორბიტაზე ვიქნები!

Temur Shengelaia – Wutshi Wami Gacherda

თემურ შენგელაია – თეთრი ცხელება

March 9, 2014 § Leave a comment

შენგან გულმოკლულს სიზმრად მაინც მერქმევა ლოთი,
მოლანდებები დამეწყება ჩეშმარიტ დამლევს,
ვამჩნევ კიდევაც ჩემს გარშემო გამიჯნულს დროთი,
ვიღაც მეძახის, ვინ არის ნეტავ? ვაცეცებ თვალებს…

ჩიბუხს ვაბოლებ, ულვაშიც მაქვს, ღვინოსაც ჩავცლი,
მსოფლიო ფრონტი სისხლიანმა ბელადად ვნახე,
რიგით ჯარისკაცს გენერალზე არასდროს გავცვლი,
მთვრალმა შევიცან საკუთარ თავში სტალინის სახე…

ქვიშის საათი სულს ღაფავს დარდით, იცლება ჩუმად,
გავუცნაურდი, დავრჩი მარტო უცნობი იქსი,
პირამიდები საჭორაოდ დავსვი და დუმან,
ღამე სიზმარში მთვრალმა ავაგე ეგვიპტის სფინქსი…

კვლავ მესიზმრება, მსახიობი ვარ ვცემე დუბლიორს,
დაძაბულობა მოთმენის უნარს საწყისში ახვევს,
მსახიობი ვარ, არ ვიცი ტექსტი, ვეძებ სუფლიორს,
და დრამატურგი გაცოფებული პიესას დახევს…

სიზმარში ვხედავ უაზრო ლანდებს, მთვრალი ვარ ისევ,
თეთრი ცხელება შემეყარა შენგან დარდიანს,
ხელი მოვკიდე თაფლის ქოთანს და ფუტკრებს ვისევ,
უგონოდ მთვრალმა როლი მოვპარე ცოტნე დადიანს…

შენზე ფიქრების მკრთალი ნათება უკვალოდ ქრება,
ნისლიან დილას დავმარცხდები ძილთან ბრძოლაში,
დიონისესთან ჩემი ლანდი სიზმარში თვრება,
მთვრალმა ვაცდუნე ზევსის ნიმფა ღამით ოთახში…

მოგონებები ჩაინთქმებიან ნისლიან დილას,
ღამენათევის დაილევიან ფუჭი ფიქრები,
ოდესღაც ფხიზელ შენდამი გრძნობას მკვდარივით სძინავს,
გაივლის ჟამი და მოგონებად გარდაიქმნები…

Temur Shengelaia – Tetri Cxeleba

თემურ შენგელაია – "შენ ვერ გამიგე მინდოდა მეთქვა"

March 9, 2014 § Leave a comment

შენ ვერ გამიგე მინდოდა მეთქვა,
ცრემლს სიცრუისგან როგორ ვერ არჩევ,
ნუთუ არ გესმის ამ გულის ფეთქვა
ცოცხალი რომ ვარ ფეთქვითღა ვამჩნევ…

ჩემზე ნაწყენი ვინმეზე გამცვლი,
ჩაიცმევ ალბათ ქორწილის კაბას,
მე კი გულმოკლულს გრძნობებად დამცლი,
რომ მისთხოვდები მელოტს და დაბალს…

მოვალ მე შენთან ქორწილში უცხოდ,
გეცმება ალბათ ცისფერი კაბა,
დავლევ ერთ ჭიქას კუთხეში უხმოდ,
დავლევ, დავცლი და უჩუმრად წავალ…

წვიმაში ჩავკლავ უზომო ტკივილს,
შენს გვერდით ნაგრძნობ წუთიერ შვებას,
ბავშვურ თვალებზე მაგ ღვთურ ღიმილს,
შენი ტუჩების დაწითლულ ვნებას…

მომეძალება გიშრის თვალები,
და გამახელებს ველურის ძალით,
მომბეზრდა ჩვენი მელოდრამები,
მომკალით ვინმემ! გთხოვთ, თუნდაც წამით…

მე თქვენს მკვდარ ქორწილს გავხდი სუდარას,
ბინდი მეკვრება თვალებზე ღამით,
აღარ შევისმენ აღარც მუდარას,
დავითრევ სიძეს, უბრალოს ბრალით!

ვიღებ იარაღს და გულში ვესვრი,
თან შემოგხედავ თვალებით მკვლელის,
მე ჯოჯოხეთის გზის წყარო შევსვი,
შენგან გულმოკლულს იქ შვება მელის…

მინდა გაგშორდე და თანაც მალე,
გნახე იმასთან ტირილით მჯდარი,
ვისზე გამცვალე? ვის მანაცვალე?
ის თუ მკვდარია, მე ორგზის მკვდარი!

იმავ იარაღს შენ იღებ ხელში,
მიმიზნებ გულში და სისხლიც მოსჩანს,
თუ ეს ჭრილობა არ მომკლავს მაშინ,
შენი თვალების სიშავე მომკლავს…

მორჩილად ვგდივართ შენთვის ურჩები,
თვალებით ვხედავ შენს სხეულს მოძრავს,
თუ წითელ სისხლსაც გადავურჩები,
შენი ტუჩების სიწითლე მომკლავს…

დაგვასვენებენ მტრებს ბოლოს ერთად,
მას – ჩემგან მოკლულს, მე კი შენგან მკვდარს,
მე მიწას შევჭამ საფლავში მტერთან,
შენ მისთხოვდები ალბათ ვიღაც მხდალს…

მცირეხნიანი ტირილის შემდეგ,
გადაგვივიწყებ შენი კვნესამე,
ჩვენ დავიწყების მორევში შეგვდებ,
შენ კი გაჰყვები ვიგაც მესამეს…

სულთა სამყაროს ჩხიბავს მიონი,
ჩვენს ცივ სახეებს ცრემლები დაფლავს,
გამახსენდება გალაკტიონი
და მესაფლავე გაგვითხრის საფლავს…!!!

Temur Shengelaia – Shen Ver Gamige Mindoda Metqva

თემურ შენგელაია – მენატრები..

March 9, 2014 § Leave a comment

ისევ უსახლკარო ღრუბლები და
მთვარე კახპასავით გაცრეცილი,
როცა შენთან მოსვლის ცდუნებიდან,
ერთი ნაბიჯია დარჩენილი:
შენი ბავშვის სახით მელანდები,
გარეთ ძაღლისფერი ფერებია,
ყველა მუქი კალმის მელანები,
თითქოს შეღამებას შერევია…
გულში ფიფქებივით მომეფანტე,
ტუჩის დასველებით შენ რომ იცი
ახლა ისე ძლიერ მომენატრე,
ტანზე უშენობა შემოვიცვი…
ცდილობს შემოდგომა გადარჩენას,
გარეთ ფერებია მეძავური
ისე ვერ შევძლებ შენს გადაჩვევას,
როგორც თევზისჭერას მებადური…
ღამე მარტოობამ გაიტანა,
ცაზე დაგლეჯილი ღრუბლებია,
რადგან იქ წახვედი საიდანაც,
ალბათ აღარასდროს ბრუნდებიან…!

Temur Shengelaia – Menatrebi…

თემურ შენგელაია – "მე დაჭრილი ვარ, როგორც ომში"

March 9, 2014 § Leave a comment

მე დაჭრილი ვარ, როგორც ომში
დიდხანს მებრძოლი,
დაუნდობელი შენთვის მზერას
ვინც კი ისურვებს,
სწორედ ამიტომ შენს მზერას რომ
დიდხანს ველოდი,
მაღიზიანებს ყველა კაცი
ვინც კი გიყურებს…

მე დიდ ხანს გძერწე და ამისთვის
მადლობას გიხდი,
დაღვრის საზრისი რომ ყოფილა
თვით ავსებაში,
დიდ ხანს ვიფიქრე საყვარელო და
ახლა მივხვდი,
თვით სიყვარული შემიყვარდა
შენს არსებაში…

Temur Shengelaia – Me Dachrili Var, Rogorc Omshi

თემურ შენგელაია – პირველი ღამე

March 9, 2014 § Leave a comment

ცისფერ სარეცლზე
გაძნელდა ლოდინი,
აღარ შემოვაო
იფიქრა გონებამ,
მაგრამ ამჯობინა
შიშს მაინც ლოგინი,
შეიპყრო ქალწული
ვნებათა მონებამ…

სირცხვილი იხრჩობოდა
გრძნობათა გუბეში,
ბაგეებს აგარ სურთ
სიტყვების შერჩვა,
წელზე მიცოცავენ
თითები უხეში,
შიშველი გოგოს მკერდი
გარემოს ეჩვევა…

ტუჩებმა იპოვეს
საერთო წერტილი,
გრძნობათა მორევში
ათრთოლდა ვნებები,
გოგო დაიბნიდა
ბიჭთან დაწრეტილი,
სიყვარულს გოგოსავით
ნურასდროს დანებდები…

ფეხებთან დაეცემა
ქალწულის მანდილი,
როს ვნებათაგან გონი აერევა,
მტკივნეულიაო
პირველად განცდილი,
თუმც გარყვნილ
ფიქრში მაინც გაერევა…

პირველად უარყოფილს
თავად დახარბდება,
როცა აღგზნებული
მიაღწევს საწადელს,
შიშნარევი გრძნობა
გულისკენ გაქანდება,
ნამუსის გადმონაშთებს
ვნებებში აწამებს…

მდუღარე ემოცია
თანდათან განელდება,
მოაშთო ინტერესმა
პანიკის მცდელობა,
მაცდური რხევებით
გონება დაბნელდება,
ქილერმა აგასრულა
სასისხლო მკვლელობა!!!

Temur Shengelaia – Pirveli Game

თემურ შენგელაია – ჩაბნელებული ოთახი

March 9, 2014 § Leave a comment

ჩაბნელებულ ოთახში დუმილი და მეტი რა?
მარტოობის ხმაური, ალკოჰოლიც არა და,
ახლა ისევ ბავშვივით მოვინდომე მეტირა,
გული ვერ დავიმშვიდე ჩემი გრძნობის კარადა.

უშენობას ვინახავ მხრებიანი საკიდით,
იქვე შენზე ოცნებებს მის კუთხეში ვაყუდებ,
სანამ შენს მონატრებას ძველმანებში გავყიდი,
მიცქერს უჯრის სიღრმიდან პეპლიანი საყურე.

ჩემს კარადას ვნებებში ჩრჩილი შემოჩვევია,
გამალებით ისრუტავს ალუზიურ საწყისებს,
ჩემს გულს ალბათ სულ არა, ანდა ოდნავ ეჭვიანს,
სანამ ფეთქვას ლამობს და სანამ კვდომას დაიწყებს

სწადიხარ და წლებივით არ იკითხავ ჩემო და
მერე ალბათ იპოვი ძველ ფიქრებში გამტვერილს,
გადმოვიღებ მგზავრივით უშენობის ჩემოდანს
და მთელს სივრცეს საგზალად ჩახუტებით გავტენი.

ჩემს კარადას მფარველობს სქელყდიანი ბიბლია,
უღმერთობის ქალაქში ანგელოზებს ჩავბარდი,
ახლა მე უშენობა ისე არ შემიძლია,
როგორც დაკვრა როიალს – ყველაკლავიშჩავარდნილს.

ახლა შესატყვისია ჩემთვის შავი ფერები,
მინდა ვნების ჯარებმა შეტევებით დამღალოს,
თითქოს გვერდზე წევხარ და ისე შემეფერები,
როგორც კვირტის დასკდომა გაზაფხულის საღამოს.

გარეთ მარტის სიმკაცრეს მობურცვია ტუჩები,
ალბათ ახლა მაღლიდან საბოლოოდ იწვიმებს,
ვწერვარ, მტვრიან სარეცელს, ვიგუებ და ვრწმუნდები,
ჩემში შენი სხეულის სიფერმკრთალე ვიტირე.

მარტოობამ ნოტები მოიპარა ქუჩიდან,
ფარდის უკან გოლგოთა, მსხვერპლად სხივი ვიწირე,
გარეთ მარტის სიმკაცრეს მოებერა ტუჩი და
სადაცაა ზეციდან უშენობა იწვიმებს..!

Temur Shengelaia – Chabnelebuli Otaxi

თემურ შენგელაია – ზამთრიდან უსასრულობამდე

March 9, 2014 § Leave a comment

არაფერია ღამღამობით ხელებგაწვდილი,
იესოს თუკი ვეხვეწები დილით არ წვიმდეს,
ღმერთს არ ეტყობა აწუხებდეს მკაცრი ამინდი,
რადგან თვით ღმერთიც არ ეტყობა ახლა ამინდებს,

ოქტომბერია, პერიოდი მიწა არ შრება
და წვიმებია არახშირი, მაგრამ ქარებად,
შენც წვიმასავით, ალაგ-ალაგ, დროგამოშვებით,
მწერ, მაშინ როცა, ეს სამყარო გეცოტავება..

თებერვალია და სიცივე ნელ-ნელა გვტოვებს,
ჩვენც პირველ გრძნობას ვეურჩებით და გავს ძალიან –
რომ შეიძლება ზამთრის პირას ვიდაოთ თოვლზე,
მაგრამ ბოლოს რომ მის გარეშე არ შეგვიძლია,

მარტის თვე სიკვდილს ახალშობილ კვირტებით ებრძვის,
აპრილის თვეც და ზამთრის სუსხი მოკვდა ან მოკლეს,
დღე უშენობით – რომ არ მინდა იმაზე გრძელი,
არის და შენით – რომ არ მინდა იმაზე მოკლე…

ფანჯრებთან თავი ჩამოიხრჩო აგვისტოს ღამემ,
თენდება, რაღაც უჩვეულოდ სექტემბრის დილა,
ხეები გარეთ უშველებელ ტოტების მკლავებს
შლიან და შიგნით ჩემს ხელებში ბავშვურად გძინავს.

ნოემბრის მერე აცივდება, იცი რომ გეტყვი,
თოვლიან თითებს მე გაგითბობ ჩემი ბაგიდან.
დღეს დეკემბერში ერთად უნდა გვეარა ჩვენ კი
სიცივის თვეში ახლო-ახლო ყოფნის მაგივრად

დავდივართ თოვლში არა ერთად არამედ ერთნი.
მიყვარხარ, რაღა დავამატო გავიდა წელი,
ქალაქში ახლაც სიცივეებს ზამთარი ძერწავს
ქალაქში ახლაც შეყრილ ღრუბლებს ზამთარი წველის.

ისეა ისევ, (როგორც წინათ) თბილისში ბარდნის,
თუმც განსხვავდება მიზეზები და ვითარება:
შენ წინა ზამთარს მოხვედი და ჩემს გულში დარჩი
და სამუდამოდ გადაიდო გამოზამთრება!

Temur Shengelaia – Zamtridan Usasrulobamde

თემურ შენგელაია – მსურდა იანვარი მარტოს გამეცვითა

March 9, 2014 § Leave a comment

მსურდა იანვარი მარტოს გამეცვითა,
თოვლი სიჯიუტეს თავსაც არ ანებებს,
მერე თებერვალში გული გავეცი და
ეხლა ერთად ვამჩნევთ თოვლში ნაკვალევებს…

მძევლად გაზაფხულზე მოგგვრი მონა მარტებს
მსურდა აპრილი შენს ფეხქვეშ მომეფინა,
მინდა გავუტოლდე მიჯნურ ბონაპარტეს,
უფრო შეგიყვარო ვიდრე ჟოზეფინა…

მაისს ველოდები რაღაც გახელებით,
ისე მეგრილები როგორც ივნისია,
მერე შეგეხები ოდნავ და ხელებით,
ჩუმად გაგრძნობინებ ჩვენში ვინ ვისია..

ივლისს ჩავაგორებ შენი მოფერებით,
დედა ღვთისმშობელს ვთხოვ რიდით ჩვენზე ლოცვას,
მერე აგვისტოში ვნების მომეტებით,
ღამე სანთლის შუქზე გკადრებ პირველ კოცნას..

წყლიან სექტემბერში მკლავქვეშ შეგაფარებ,
უფრო მეყვარები ვიდრე ყველა მოყვასს,
მერე ოქტომბერში ჩუმად შეგაპარებ,
ყველა ბავშვი მართლა წეროს რომ არ მოყავს…

გაზრდის ნოემბერი ღამეს მოცულობით,
მათბობ დეკემბერში, როგორც მლოცველს ჯვარი,
ისე დამტკბარი ხარ ქალავ ორსულობით,
როგორც ალუჩის ხე ტყემალს შენაჯვარი…

Temur Shengelaia – Msurda Ianvari Martos Gamecvita

Where Am I?

You are currently browsing the თემურ შენგელაია category at leqsebi.