მარიკა ბარათაშვილი – წერეთლის ქალი

March 18, 2014 § Leave a comment

ქრება სიცოცხლე შორეულ ცის ქვეშ
ზემოიმერელ წერეთლის ქალის…
_ ო, შემახედეთ ქართული ცისთვის,
შემომასხურეთ ყვირილას წყალი!
რაო, მკურნალმა, _ სენს რა ჰქვიაო?
ძალა წამერთვა, ვეღარ ვერევი…
_
უბრალოდ… მხოლოდ…
ნოსტალგიაო…
_ მოურჩენელი, მოურჩენელი…
სად აფრენილი ფრთას საით ვკეცავ,
ჰეი, სად ვკვდები წერეთლის ქალი,
წამით მაჩვენეთ ქართული ზეცა!..
შემომასხურეთ ყვირილას წყალი!..

Marika Baratashvili – Weretlis Qali

მარიკა ბარათაშვილი – კვლავ ვეძებ

March 18, 2014 § Leave a comment

… და კვლავ ვცდილობ და კვლავ ვწვალობ
და კვლავ ახალ გზებს დავეძებ,
გაცრეცილი ჩემი ჯვალო
რომ გავფინო განედებზე…
ავყოლილვარ გულის ნებას
და ოცნების დანაპირებს…
ვიღაც მკითხავს: “ვის სჭირდება,
შვილიშვილებს? შვილთაშვილებს?”
ეგებ?…
და მე კვლავაც ვეძებ
საკერებლებს, ვკემსავ ჯვალოს…
ეგებ, ვინმე გავახარო,
ან ტკივილი დავუამო…

Marika Baratashvili – Kvlav Vedzeb

მარიკა ბარათაშვილი – იასამნები

March 18, 2014 § Leave a comment

მომაგონდება: გაზაფხული
და იმერეთი,
იასამნებში ხუთფურცლიან
გვირგვინს ვეძებდი.
თუ ვიპოვიდი, ო, როგორი
გულით ვხარობდი
იმ გაზაფხულით, იმ ჯილდოთი,
იმ სამყაროთი.
`ნუთუ ვუყვარვარ?” (ვმკითხაობდი)…
რა შეედრება
იმ საოცარი `აღმოჩენის
ბედნიერებას!”
…შორეულიდან წლები, წლები,
წლები გასულა…
აღარც მახსოვდა _ მომაგონა
ამ გაზაფხულმა,
როდესაც ისევ, ჩვეულებრივ,
დროის განგებით,
კვლავაც აყვავდა ჩემს სარკმელთან
იასამნები.
საოცრებაა, მოგონებას
რა შეუძლია!
შვილთაშვილისთვის ყვავილს ვეძებ, _
კვლავ ხუთფურცლიანს.

Marika Baratashvili – Iasamnebi

მარიკა ბარათაშვილი – სიბერე

March 18, 2014 § Leave a comment

ჯერ მიანავლა კოცონი _ მწველი,
მართლაც მეხანძრის საქმის “გაგებით”,
შემდეგ ასევე გამოცდილ ხელით
შუბლზე დააგო ლიანდაგები.

ჩამოაფარა სახეს პირბადედ
ობობის ქსელი, ღაწვებს აფითრებს.
ფეხებს წაართვა შნო და სიმარდე,
ტანს სინარნარე და სინატიფე.

ო, ამ გრიმიორს თვალს ვერ შეასწრებ,
სხვადასხვა ნიღაბს ისე გიფერებს,
რომ ბოლოს ქვეყნის ავანსცენაზე
გამოფრატუნდეს თავად სიბერე.

Marika Baratashvili – Sibere

მარიკა ბარათაშვილი – ჭიათურა

March 18, 2014 § Leave a comment

ახლა იმ შორეულს
ნისლის ბადე ჰხურავს,
ბინდში ჩაძირულან
შავი მთაგორები…
სადღაც კონტურები
ძველი ჭიათურის
სადღაც, ბავშვობაში
ბორგავს მოგონება:
ქალაქის სიცოცხლე
ბჟუტავს ნათურებით,
ბექობს შეფენილი
ფიცრული სახლებით,
სადღაც მიჭრიალებს
პატარა ურემი,
მარაოდ მიჰყვება
მტვრის კორიანტელი…
მთები დაწერილი
დამრეც ბილიკებით,
სადღაც გვირილებიც
ძაძით შემოსილან…
ღამეა, ბარბაცით
აღმართს მიიკვლევენ
მაღაროელები-
შავი ნიღბოსნები.
ზემოთ ,,საშევარდნო”
კიაფობს ნუგეშად,
მისაკენ აფრენილა
ოცნება – რამდენი!
წევს შავი ქალაქი
მთების მარწუხებში
და დასიზმრებია
ფრთები შევარდენის…

Marika Baratashvili – Chiatura

მარიკა ბარათაშვილი – საპოვნელა

March 18, 2014 § Leave a comment

ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია,
შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად:
პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია,
იმერეთში ეძახიან “საპოვნელას”.

შევხედე და მიმიზიდა იმთავითვე
თურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს,
ბედს დაეძებს თუ დანაკარგს – რამე ნივთებს,
ევედრება: “საპოვნელა, მაპოვნინე!”

მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე,
ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა,
ვენაცვალე, სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,
რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა.

Marika Baratashvili – Sapovnela

Where Am I?

You are currently browsing the მარიკა ბარათაშვილი category at leqsebi.