ირაკლი ჩარკვიანი – "ძუნწო მეფეო სიღრმეთა მიწის"

January 16, 2014 § Leave a comment

ძუნწო მეფეო სიღრმეთა მიწის,
მწყემსო კაცთა და იმპერატორთა,
ორსულ მარცვალთა საშოთა სიცხეს,
მოკვდავი ხორცის აქცევ საწოლად.
ზღვის ფსკერზე ვეშაპთა მძინარე ჩონჩხებს,
გადაავიწყდა შიში და მოცდა,
უდროოდ ჩაძირულ,დიდებულ გემებს,
ლოკოკინათა მიეკრო კოცნა.

Irakli Charkviani – Dzunwo Mefeo Sigrmeta Miwis

გიორგი ზანგური – სტროფისტული ტრაქტატი დედამიწას

January 16, 2014 § 1 Comment

არ მიყვარს:
ცუდი ხასიათის ადამიანები – ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული,
უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, “მეჩქარება ადამიანები”,
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე
არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
ზარმაცი მეოცნებენი,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
სიმშვიდის მოყვარული პოეტი,
მტირალა მასხარა,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,
ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,
ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,
უსიზმრო ძილი,
დაგვიანებული პაემანი.

Giorgi Zanguri – Strofistuli Traqtati Dedamiwas

გიორგი ზანგური – საღამო

January 16, 2014 § Leave a comment

თვალი თევზივით დავამარილე
მლაშე ცრემლები მიახმა ლოყას
დგას ღვთისმშობელი ვით მარმარილო
სანთლებს ვედრება ხატებთან მოჰყავს

წმინდანებს თითქოს სიყვარულს უხსნის
ისე გულწრფელად ლოცულობს ბერი
სამრეკლოს შერჩა თებერვლის სუსხი
მკაცრი ტყემლების ყვავილის ფერი

ქარმა გაჩეჩა მატყლივით ქუჩა
ლამაზ ქალწულთა გაშლილი თმებით
სკდება აპრილი როგორც ალუჩა
და სიმპათიურ საღამოს ვხვდები.

Giorgi Zanguri – Sagamo

გიორგი ზანგური – სოფელი

January 16, 2014 § Leave a comment

ინდაურები ამოფრინდნენ თივის ზვინიდან,
სოფლის ჭალაში დაიბერა მწიფე ალუჩა,
ამოუყვიათ თავი ლეკვებს ჭრელ ხურჯინიდან,
ბაღიც ველურმა ქლიავებმა გადაალურჯა.
მარნის კარებზე ორშიმოსთან ჩირი გამოხმა,
კალთას იბერტყავს წიწილებით ნაზად ბებია
ხორბლის ტომარა პაწაწინა თაგვმა გამოხრა
და ვენახებშიც ქურდბაცაცა თეთრი თხებია.
მწვანე მინდვრები მოუთმენლად წვიმას ელიან,
ვირმა გომურში ნაღვლიანი თვალი დახუჭა,
დაუჭერიათ მთაში მწყემსებს ცოცხლად მელია,
სოფლის ბავშვებმა რომ აიგდეს წრეში აბუჩად.
ვაზის ფოთლები დაწინწკლულა შაბიამანით,
დგება საღამო უბრუნდება სოფელს ნახირი,
დაწნულ ღობეში გაიშალა იასამანი,
როგორც მაისის მშვენიერი გამოძახილი….

Giorgi Zanguri – Sofeli

ტარიელ ხარხელაური – "არ ვიცი"

January 16, 2014 § Leave a comment

არ ვიცი,
თავს ვერ ვარწმუნებ,
როგორ დაგკვლიე, იაო…
გეძინა ყოჩივარდასთან,
თვალები გქონდა ღიაო.
როგორც ანგელოზს ,ღიმილმა
ბაგენი აგიმღვრიაო,
შენ რას ეჩრები,გვირილავ
შენი ვერ გამიგიაო.
შენ არ სთქვა,თავადაც ვიცი,
მზის სწორი ისევ მზეაო…

Tariel Xarxelauri – Ar Vici

შოთა ნიშნიანიძე – "ახლოს"

January 16, 2014 § Leave a comment

ახლოს,
სულ ახლოს ჩამიქროლა ბედნიერებამ,
ახლოს,
სულ ახლოს,
ზედ ყურისძირთან.
მომელამუნა მაგ თმებივით,
მაგ ჩურჩულივით
და აცდენილი ტყვიასავით გაიზუზუნა..

Shota Nishnianidze – Axlos

მანანა ფრუიძე – "საუკუნე, წელიწადი და თვე"

January 16, 2014 § Leave a comment

საუკუნე, წელიწადი და თვე,
კვირა, დღე და საათი და წუთი,
წამი, მელანქოლია და მე,
ყელში უშნოდ გაჩხერილი ბურთი.
ღამე, კარზე კაკუნი და… შენ,
გარეთ თავსხმა, გალუმპული თმა,
“გაზაფხული შემოსულა ლენ”, –
როიალი, თითები და ხმა.

შამპანური, ბუხარი და სითბო,
თვალი თვალში, მოპარული მზერა,
გახელება, გაგიჟება, რითმა,
სიყვარული, ღიმილი და წერა…

ყოყმანი და მიხურული კარი,
სველი დილა, ნაცრისფერი დღე…
შიშველ მხრებზე მოხვეული ქარი,
სიყვარული, აპრილი და შენ!.

Manana Fruidze – Saukune, Weliwadi Da Tve

თამაზ ბაძაღუა – "ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე"

January 16, 2014 § Leave a comment

ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე
ვერც სიყვარულით და ვერც იმედით,
სად არის ქალი, რომ გამყოლოდეს
იმ გზაზე, სადაც ვეღარ მივედი.

წვიმამ და ქარმა დამსუსხა ერთად,
და საკუთარი წამართვა ლანდიც.
მწყუროდა ღვინო და ვსვამდი ქეძაფს,
მწყუროდა ზეცა და მიწას ვჭამდი.

თან იმ ჭრილობებს სულს ვუბერავდი
ხან ღმუილით და ხანაც სიცილით,
ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით,
არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.

შენ _ განუწყვეტლივ მიბიძგებ საით?
მარადიულო დღეო და ღამევ,
ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც
ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე,

ყველა ცდუნებას გზა მოვუჭერი,
რომ ჩავიღვარო შენში ვით წვენი,
თუ მხოლოდ ეს ვარ _ უტყვი ჭურჭელი,
რათა ბოლომდე ავივსო შენით.

Tamaz Badzagua – Ver Movityue Tavi Bolomde

რობერტ მესხი – იქნებ როგორა ვარ…

January 16, 2014 § Leave a comment

ზოგჯერ მომიკითხე იქნებ როგორა ვარ,
როცა გადაივლის წუთი განრისხების.
წუხელ ჰამაკივით მთვარე აქანავა
ქარმა, წერილს გწერდა მერე თავისხელით.

ფოთლებს ვერ აუდის ქურთი მეეზოვე…
აბა შემოდგომა როგორ ეყვარება.
მე კი უშენობა ისე მოვიძულე,
წუთებს აივნებზე ვითვლი რიკულებად.

ზოგჯერ მომიკითხე იქნებ როგორა ვარ,
თუკი გახსოვარ და თუკი გენაღვლები.
თორემ შემოდგომა, როგორც მეგობარმა,
ლამის მივატოვო უკვე ხელაღებით..

Robert Mesxi – Iqneb Rogora Var…

მიხეილ ქვლივიძე – "წვიმამ მოიკლა ჟინი ღამით"

January 16, 2014 § Leave a comment

წვიმამ მოიკლა ჟინი ღამით
და ახლა გრილა
და სველ სილაზე
მკვდარ თევზივით აგდია დილა….
ნისლია მთებზე
და ბურუსში სახლებიც გაქრა
და ზღვაში
თეთრი ხომალდივით
შეცურდა გაგრა…
უცებ შორიდან, — ვერ გაიგებ, საიდან
ისმის, —
ქალის კივილმა
ხანჯალივით გაკვეთა ნისლი,
როგორც სიგნალი განსაცდელის, ეძახის ყველას:
— სოს! სოს! სოს! ჩქარა, ვიღუპებით! —
და ითხოვს შველას! ……….

Mixeil Qvlividze – Wvimam Moikla Jini Gamit

Where Am I?

You are currently viewing the archives for January, 2014 at leqsebi.