ტარიელ ჭანტურია – მებაღის სიყვარული

October 3, 2014 § Leave a comment

გავყიდი მიხაკს. მიხაკის ფასად
ვიყიდი ვარდებს. ვარდების ფასად
ვიყიდი იებს. იების ფასად
იების ფასად – გიყიდი შენ!

წაგიყვან ბაღში, ხოლო ბაღიდან
წაგიყვან სახლში, ხოლო სახლიდან
აგიყვან ცაში, აგიყვან ცაში –
ერთად ვიცხოვრებთ ღრუბლებში ჩვენ!

ცისარტყელები გვექნება სიმად!
დაველოდებით ამინდებს კვიმატს,
და ღრუბლებიდან წამოვალთ წვიმად-
დავაწვიმდებით მიხაკებს ჩვენ!

ხოლო ნაწვიმარ მიხაკის ფასად
ვიყიდით ვარდებს! და იმის ფასად
ვიყიდით იებს! და იმის ფასად

იების გოგოს ვიყიდით ჩვენ!
იების ბიჭსაც ვიყიდით ჩვენ!..

Tariel Chanturia – Mebagis Siyvaruli
ტარიელ ჭანტურია – მებაღის სიყვარული

ტარიელ ჭანტურია – შოთა რუსთაველი

July 1, 2014 § Leave a comment

ყოველ ქართველში შენი გენია,
მარად ცოცხალი გენი…
ყოველ ქართველში სული, გენია
და ღიმილია შენი.

სისულელეა – შენს ტვირთს რა ასწევს…
მხრით შენ იმაგრებ ამ თაღს,
და უერთდება ცისფერ რვაას წელს
უსასრულობა ჟამთა…

ხმალს არ ეღირსა შენსას ჩაგება!
როგორ ჩაგეგო, ანკი…
ჟღერენ მსოფლიოს დიდი ჩანგები,
მეფედ – შენია ჩანგი!

მგონია, ჩემშიც შენი გენია,
მარად ცოცხალი გენი…
ყოველ ქართველში სული, გენია
და ღიმილია შენი!..

Tariel Chanturia – Shota Rustaveli

ტარიელ ჭანტურია – "შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე"

April 3, 2014 § Leave a comment

შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი.
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,
რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.

შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,
გაიღოს უცებ სამოთხის კარი-
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი…

რა ჯობს-სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!
სად ჯობს- მიწაზე თუ მიწის გარეთ!..
მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი,
მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე,

და ცა!- ღმერთების ცისფერი ჰოლი-
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს…
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით-
მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:

ბოლოს და ბოლოს , ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!

უხერხულია-შენ გერქვას ცოლი-
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!-
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ…

Tariel Chanturia – Shen Unda Cisfer Grublebtan Iwve

ტარიელ ჭანტურია – ავტომატის ჯერი

May 16, 2013 § Leave a comment

საცოდავი ჩიტი-
ჩიტი. ჩიტმა. ჩიტს…
ავტომატის მჭიდი-
მჭიდი. მჭიდმა. მჭიდს…
ბოლოს ჩახმახისთვის,
ჩახმახისთვის, ჭახ…
გამოკრული თითი-
თითი. თითმა. თითს…

მტრედების გუნდს ბიჭი
მიაყოლებს ჯერს!
გაახარებს ბავშვებს!
მაღლა ასწევს ჭერს!

-ეგ? რას ამბობ, კაცო!
ეგ უსათუოდ,
ეგ აუცილებლად
დაგვიმარცხებს მტერს!

წვიმს ლამაზად, უხმოდ,
მძღოლი ძარას ცლის.
ისმის ნაბიჯები
მთლად ახალი წლის.
სროლის ხმა კი ისევ
შეაქანებს ჭაღს:
_ ჭახ!
_ ჭახ!
_ ჭახ!
_ ჭახ!

Tariel Chanturia – Avtomatis Jeri

ტარიელ ჭანტურია – არის თუ არა სიცოცხლე მარსზე

May 16, 2013 § Leave a comment

”არის თუ არა სიცოცხლე მარსზე!”
“არის თუ არა იქ სადმე წყალი!”
სიცოცხლე მარსზე იქნება მაშინ,
როდესაც მარსზე იქნება… ქალი.

კარგია, როცა ტელესკოპებით
აკვირდებიან უცნაურ არხებს…
მაგრამ სიცოცხლე ის არის, როცა
კაბის ბოლოების ნიავი არხევს…

ღვთისმშობლის მადლი… თამარის სახე…
ღიმილი ფრესკის… მადონა სიქსტის…
ცუდია, თუკი მარსის მინდვრებზე
ჯერ არ უვლია კარდაკარ სიკვდილს…

თუკი იქაურ სარტრს და კამიუს,
იქაურ ჰაიდეგერს და მარსელს,
არ უკვლევიათ ამაოების
მარადიული მარშრუტი მარსზე…

…ბეჭედი უცხო…კამეა ლურჯი…
საყურე გიშრის… საყურე-ლალი…
-სიცოცხლე მარსზე გაჩნდება იმ დღეს,
როდესაც მარსზე გაჩნდება-ქალი!

Tariel Chanturia – Aris Tu Ara Sicocxle Marsze

ტარიელ ჭანტურია – ცეკვა კაფე "ამბასადორში"

May 16, 2013 § Leave a comment

ტვისტი და ტვისტი, ჰალი – გალი!
ფიცი და ფიცი. ქალი. ქალი.
ბიჭი და ბიჭი. ქალი. ქალი.
როკი და როკი. ჰალი _ გალი!

ხომ არ გეშინია?
მეშინია!
რატომ გეშინია?
მეშინია!

-კიდევ გეშინია?
-მეშინია!
-გესმის? გერშვინია!
-გერშვინია.

-კონიაკს დალევ?
-მანგოს წვენს!
-უნდა გაკოცო!
-მაკოცე!
-შენ არ მაკოცებ?
-მე არა!
-მაშინ მე ორჯერ გაკოცებ!

ტვისტი და ტვისტი. როკი!
დრო კი, ძვირფასო, დრო კი,
მიახრიგინებს ვნებებს,
როგორც პარტიზანს დროგი!

ცისფერი კაფე.
ჰალი-გალი!
ცისფერი კაბა. ჰალი-გალი!
ბიჭი და ბიჭი. ქალი. ქალი!
ქალი და ქალი! ჰალი-გალი!

Tariel Chanturia – Cekva Kafe Ambasadorshi

ტარიელ ჭანტურია – უხერხულია შენ გერქვას ცოლი

May 16, 2013 § Leave a comment

შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი.
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,
რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.

შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,
გაიღოს უცებ სამოთხის კარი-
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი…

რა ჯობს-სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!
სად ჯობს- მიწაზე თუ მიწის გარეთ!..
მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი,
მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე.

და ცა!- ღმერთების ცისფერი ჰოლი-
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს…
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით-
მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:

ბოლოს და ბოლოს , ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!

უხერხულია-შენ გერქვას ცოლი,
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!-
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ…

Tariel Chanturia – Uxerxulia Shen Gerqvas Coli
ტარიელ ჭანტურია – უხერხულია შენ გერქვას ცოლი

Where Am I?

You are currently browsing the ტარიელ ჭანტურია category at leqsebi.