ოთარ ჭილაძე – გუბე და ღობე

May 9, 2011 § Leave a comment

შენი ლანდია ქუჩის გადაღმა
და ღრუბლის ტოტი, სველი და მძიმე,
და სიჩუმეა, მხოლოდ ხანდახან
ვიღაცა აფრთხობს უჩინარ სიმებს.


და ისევ, როგორც დიდი ხნის წინათ
ოდნავ ბრჭყვიალებს გუბე და ღობე,
ხეებიც ჩრდილებს იქნევენ ფრთხილად
თითქოს მოკლულის ტანსაცმელს ჰყოფენ.


ეს ერთადერთი გზა არის ალბათ,
რომლის გავლასაც ვერ შევძლებ ახლა
სურვილის თოკი, ძველი და ცალფა,
ვერ აიზიდავს ჩემს სხეულს მაღლა.


არ გადმოხვიდე! წადი! იარე!
ჩემს თავშესაფარს რქმევია სორო,
შიში რქმევია ჩემს სიჭკვიანეს,
ცა ტერფის ჩრდილი ყოფილა მხოლოდ.


ქუჩის გადმოღმა ჩრდილივით მდგარი
ისევ ამაოდ აღვიძებ გრძნობებს,
რადგან ჩვენს შორის ღმერთი წევს მკვდარი
და არა მხოლოდ გუბე და ღობე. 



Otar Chiladze – Gube Da Gobe
ოთარ ჭილაძე – გუბე და ღობე

ოთარ ჭილაძე – ძველი რექვიემი

May 9, 2011 § Leave a comment

ძველი რექვიემი კვნესის
ნიშნად თაობათა შეცვლის.
ზარით იუწყება სკოლა განა გაკვეთილზე შესვლას,
მოდი, სჭირდებაო მოვლა ყოფილ მასწავლებელს შენსას.


ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.
ზარს ხმა უმძლავრდება უფრო, როცა აიტაცებს მაღლა
ყვითელ ფოთოლივით კუბოს, ყოფილ მოწაფეთა ტალღა.


 ძველი რექვიემი კვნესის,

ნიშნად თაობათა შეცვლის.
და მეც მეუფლება ღელვა, უტყვი სინანული მკაწრავს,
ერთად დავუბივართ ყველა სიმწრის უჩინმაჩინ ბაწარს.


ძველი რექვიემი კვნესის
ნიშნად თაობათა შეცვლის.
და ღრმად გაჭრილია, ალბათ, მწვანე დედამიწის ბურთი,
სადაც ვიძირებით სწრაფად, როგორც ჟამთასვლაში წუთი.


ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.
ამ გზით წამიღებენ ასე, მაგრამ მასწავლებელს ჩემსას
მაქვს საწყაული სავსე, ხსოვნას უკვდავებად შესვამს.


მე რას გავიყოლებ საგზლად, გარდა შაურიან ლექსის.
ჩვენი ბედისწერის მსგავსად ძველი რექვიემი კვნესის.
მიდის პროცესია დინჯად, კუბოს მორიდებით მივდევ.
ვნატრობ: მოწყურებულ ბიჭად სკოლას მოვევლინო კიდევ.


ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.
სხვა გზას დავადგები, სულ სხვას, დღეის სიმძიმილით სავსე.
ჩემგან განსწავლულთა ნუსხას რკინით ამოკვეთენ ქვაზე.


ხმა, შორს დარეკილი ზარის, თითქოს ცხედარისგან მესმის:
– ასმაგ ურთულესი არის – ქვაზე ამოკვეთა ლექსის.
ძველი რექვიემი კვნესის
ნიშნად თაობათა შეცვლის.


რაღაც საოცარი განცდა ცივი გარემოცვით მგესლავს,
თითქოს მასწავლებლის ნაცვლად ყრმობას მივასვენებ ჩემსას.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.


მე ვინც უძველესი ქვეყნის წრფელად შემაყვარა მიწა,
წევს და სიკვდილითაც ჩემთვის ერთგულ მასწავლებლად იქცა.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.


და მეც ვუერთდები ყველას, მწარე სინანული მკაწრავს,
მთელი პროცესია თელავს ჩემი სიგარეტის ნამწვავს.
ძველი რექვიემი კვნესის,
ნიშნად თაობათა შეცვლის.



Otar Chiladze – Dzveli Reqviemi
ოთარ ჭილაძე – ძველი რექვიემი

ოთარ ჭილაძე – შაურიანი წვიმა

May 9, 2011 § Leave a comment

ახლა, ღრუბლებიდან არ ცრის,
მაგრამ შეწყვეტილი წვიმა
წუხელ გალუმპული ცაცხვის
სველი შტოებიდან ცვივა…


წამლის წვეთებივით ჩემში
კირავს, აკოწიწებს ბზარებს,
წვეთებს გავუწოდე პეშვი,
როგორც წუთისოფლის მგზავრებს.


წარბის შეუხრელად, წყნარად
ვდგავარ გაშვერილი ხელით,
სველი შტოებიდან წამლად
წვეთის ჩამოვარდნას ველი.


ხეზე მოდარაჯე ელდა
უცებ ააფეთქებს კვირტებს,
ვიღაც მოქალაქე დგება,
ხელში შაურიანს მიდებს.


თითქოს გადმომასხეს წყალი,
თვალი გავახილე მაშინ…
ასე იაფია წამით
თავის დავიწყება ხალხში?



Otar Chiladze – Shauriani Wvima
ოთარ ჭილაძე – შაურიანი წვიმა

ოთარ ჭილაძე – ვეფხის ბალადა

May 9, 2011 § Leave a comment

შეიშმუშნა ზღვის ნაპირის უდაბური მხარე;
ლერწმებიდან ნადირივით გამოვარდა მთვარე.
ჩამუქებულ შამბნარებში გაიღვიძა მხეცმა,
გაიღვიძა და თვალებში თითქოს ცეცხლი ეცა.


დაიქუხა, დაიჭექა, გაიელვა ჭრელად,
ზე ასწია თათი ვეფხმა მთვარის დასაჭერად.
სისხლისფერი მნათი მშვიდად როცა დაჯდა მთაზე,
ახტა ვეფხი, გაეკიდა მრისხანებით სავსე.


მთვარემ ისევ გადინაცვლა, სხვა მწვერვალზე დაჯდა,
ვეფხიც განა დაიქანცა, მთაგრეხილთან გაჩნდა.
ბედუინთა ცხელი მხარე უკან დარჩა მდევარს,
არ დაეძებს არც ცხვრის ფარებს, არც ცხენების რემას.


ხრამებს, ჩქერებს გადალახავს, მთვარეს შორით უცქერს,
შვლების ჯოგებს სადაც ნახავს, გვერდს შორიდან უქცევს.
მთელი ღამე ასე სდია მოელვარე მთვარეს,
და წააწყდა მთების ძირას სიზმრად ნახულ მხარეს.


რას შეხედა… ვეფხი შედგა, დაატყვევა მიწამ,
დაავიწყდა, მაღალ მთებთან რისთვის გამოიქცა.
შედგა, თითქოს ქანდაკებად გააქვავა მეხმა,
ხელმეორედ დაბადება თუ ინატრა ვეფხმა!


გადახედა ვერხვნარს, ბაღნარს, იალაღებს, არაგვს,
შედგა ვეფხი, არა, სხვაგან წასასვლელი არ აქვს.
დიდხანს იდგა, სანამ დილით არ ახალეს ტყვია,
ძირს დაეცა და სიკვდილი არც კი შეუტყვია.


გაწვა ვეფხი ტიალ გზაზე, მიწას უწყო ლოკვა;
საქართველოს სილამაზემ ასე ბევრი მოკლა.

Otar Chiladze – Vefxvis Balada
ოთარ ჭილაძე – ვეფხის ბალადა

ოთარ ჭილაძე – ჯაჭვის ხიდი

May 9, 2011 § Leave a comment

ჯაჭვის ხიდი, ჩვენი ხიდი,
ჯაჭვი რაჭა-იმერეთის,
ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის
ბალღობიდან – სიბერემდის.


მის ქვეშ ახლა მეტივეთა
მეტივური აღარ ისმის,
ნეტავ ლექსიც მეტი მეთქვა
მეტივეთა საკადრისი.


ამ ხიდიდან გავჩნდებოდი
ათი კაცის საფარავში,
რიონს ზურგზე ვახტებოდი,
როგორც ლურჯას ფაფარაშლილს.


წლები მდორედ არ წამსვლია
და ვერც ახლა გავხდი დინჯი.
წყალს ვტაცებდი აბაზიანს,
ვით მყვინთავი ზანგის ბიჭი.


ვიღაც მიხმობს, გადახტიო,
– წყალი როგორც გაკრთობს, კაცო!
გადახტიო, ყაჩაღ რიონს
რომ ბალღობაც გამოსტაცო.


ჯაჭვის ხიდი, ჩვენი ხიდი,
ჯაჭვი რაჭა-იმერეთის,
ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის
ბალღობიდან – სიბერემდის.



Otar Chiladze – Jachvis Xidi

ოთარ ჭილაძე – ჯაჭვის ხიდი

ოთარ ჭილაძე – კუმურდოს ტაძარი

May 9, 2011 § Leave a comment

უდაბურ ზეგანზე სადგურდება
ნგრევის და არყოფნის ნატერფალი,
ინთქმება, იქცევა, ნადგურდება
კუმურდოს უმრევლო კათედრალი.

დრო ლოდებს აგორებს ყომარივით,
გარშემო ნამსხვრევთა შრაპნელია,
და ჯვარი, აქშეულ ყორანივით,
საფლავის ბალახში ჩაფრენილა.

ნაგები ზეკაცურ რუდუნებით
იშლება ტაძარი ნახანძრალი,
ბავშვები ისვრიან შურდულებით
 აწმყოდან წარსულში გადამძვრალი.


ღვთისგან და კაცისგან მიგდებული
თვალებში ჩამცქრის მგლოვიარე
პორტალი მანიშნებს დიდებული:
მომხედე, მიშველე, მომიარე,

გამთანგველ გოდებას ვუჩუმდები
და სულში გუბდება ქარტეხილი,
კამარის იყრება ჩუქურთმები –
სამოთხის ვაზებად დაგრეხილი.

ინთქმება, მიწაში ითესება,
სვეტები ემხობა თავდაყირა,
რაც ოფლი დაღვარეს ქიტესებმა
ფრეზებზე მარილად გადაჰყრია.

თაღის წილ ლაჟვარდის ნახევია,
სიწმინდე ლივლივებს ქალწულური,
ქვის მტევნებს ტბებივით გახელია
მარცვლები – ცრემლებად დაწურული.

უდაბნოს დუმილი სადგურდება
ბზარებში ამოჩრილ ბალახივით.
კურთხეულ ოსტატთა საკუთრება
ქარს მიაქვს უჩინარ ბალდახინით,

და თითქოს ზარები დაირეკა,
წკარუნი ჩამესმა ღამურული.
მიმწუხრის ჩრდილებად აირეკლა
ფრესკები – წაშლილი, გამურული.

ვიღაცამ ყვედრებით წამომძახა:
– ნანგრევზე ვალალი გვიანია;
უკვდავის მოკვდავად წარმოსახვა,
ვინ უწყის რაოდენ გვინანია.

უდაბურ ზეგანზე ბანაკდება
უთაღო, უმრევლო ნატაძრალი,
დაქცეულ სიცოცხლის ქანდაკებად
მაინც დგას ქვითკირის პატარძალი.

უებრო ლაზათი შეუცვლია
და როგორც გაფანტვა წვრილმანების,
კუმურდოს აროდეს შეუძლია,
დაკარგვა ყოფილი ბრწყინვალების.

რადგან მან ხარკივით ჩააბარა
საწუთროს მშვენება გარდასული
და ყოფნა-არყოფნის ანაბარა
არ უცდის უკვალო დასასრული.

ფესვებით სამარხთა ბორცვებზეა,
წმინდაა კაცთანაც, უფალთანაც
და თეთრი ლოდების პროცესია
უგალობს ამაო სულთათანას.

ჟამთასვლა მოკვდავებს უმკლავდება,
ტაძარი ვერასგზით წაუშლია,
რამეთუ კუმურდოს უკვდავება
გასცლია და უკვე წარსულშია.


Otar Chiladze – Kumurdos Tadzari
ოთარ ჭილაძე – კუმურდოს ტაძარი

ოთარ ჭილაძე – ათას ერთი ღამის წერილებიდან

May 9, 2011 § Leave a comment

ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით

და როცა მეწყება განსაცდელი,
როდესაც შენს გარდა აღარსაით,
არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,

ტკივილი ცოტახნით დამიამე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ძარღვებში სისხლივით დამიარე,
თვალებში შუქივით შეიჭერი.

შემივსე საგულე ცარიელი
და, ნიშნად ხელახლა დაბადების,
სიმხნევე მაღირსე წამიერი,
არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.

არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას,
ირწმუნე სათქმელი განდობილი,
მაღირსებ ოცნების შესრულებას?
ცოტასიც დავრჩები მადლობელი.

ჰო, მაგრამ მარტოდენ ბოდვებია
ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული,
სხეულზე ცეცხლივით მომდებია
სიცოცხლის უშენო დასასრული.

და იწვის ბუხარში წუხანდელი
წერილი, კუნძივით მობრიალე,
სტრიქონებს ედება ჟრუანტელი:
მარტო ვარ, მომხედე, მომიარე!

ლურჯ კვამლად იერთებს საკვამური
ლიცლიცა ღამეებს, საღამოებს
და როგორც ვეება სალამური
ოთახში აკვესებს საგალობლებს.

ქარს მიაქვს ნაშთივით მწარე ბოლი
და შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული,
ვით გულისჯიბიდან ვალიდოლი,
აბებად გულისკენ გადასული.

თავზე ცა მემღვრება შავ ზღვასავით,
მეწყება უწყალო განსაცდელი,
გამიგე, შენს გარდა აღარსაით
არ მქონდა, არცა მაქვს გასაქცევი.

ტკივილი ცოტახნით დამიყუჩე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ხომ ხედავ, კუნძივით გავირუჯე,
ჰაერში კვამლივით შევიჭერი.

Otar Chiladze – Atas Erti Gamis Werilebidan
ოთარ ჭილაძე – ათას ერთი ღამის წერილებიდან

ოთარ ჭილაძე – სიზმარი

May 9, 2011 § Leave a comment

გამოჩნდა მიწა. შენთან ვარ თითქმის.
იღვიძებს მიწა და პერანგს იცვამს.
ეს ხომ თოვლია. მე წუთებს ვითვლი.
ნათურებს ანთებს და მორბის მიწა.

ოღონდ შენთანაც სინათლე ენთოს
და ყველა სასჯელს უხმოდ ავიტან.
და აი, უკვე შენთან ვარ, ღმერთო,
ეს შენი ხმაა- როგორ? საიდან?

ამოდის მთვარე და ცალი თვალით
ჩემს ხელებს ზვერავს ჩუმად და მკაცრად,
მე კი ოთახში შემომყავს ძალით
და თავქვეშ გიდებ ბალიშის ნაცვლად.


Otar Chiladze – Sizmari

ოთარ ჭილაძე – სიზმარი

ოთარ ჭილაძე – დღესაც გრძელდება დღესაც ასეა

May 9, 2011 § Leave a comment

დღესაც გრძელდება დღესაც ასეა
ქარი, სიჩუმე, და ფოთოლცვენა..
და მე ვგრძნობ როგორ მიცვლის ხასიათს
ქარი, სიჩუმე .. და ფოთოლცვენა….

მე, შეიძლება, დღეს დამეწერა
ის, რაც მაწვალებს გაჩენის დღიდან,
მაგრამ ჩემს თვალწინს მოწყდა კენწერო,
რომელსაც გუშინ ქარი ვერ ხრიდა.

და ისევ ქუჩებს ვუბრუნებს თვალებს,
თითქოს მდინარეს ვუბრუნებ თევზებს
და ვიცდი, რადაგნ ვიცი, რომ მალე
ამტკივდებიან ფიქრები შენზე.

დღესაც ასეა დღესაც ასეა
ქარი, სიჩუმე, და ფოთოლცვენა..
და მე ვგრძნობ როგორ მიცლს ხასიათს
ქარი… სიჩუმე .. და ფოთოლცვენა….

Otar Chiladze – Dgesac Grdzeldeba Dgesac Asea
ოთარ ჭილაძე – დღესაც გრძელდება დღესაც ასეა

ოთარ ჭილაძე – გამოთხოვება

May 9, 2011 § Leave a comment

რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით.
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, –
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო


ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების,
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მიყვარხარ!
მაგრამ ამ სიტყვას ახლა


იაფი სცენის სურნელიც ახლავს,
რაც არ უხდება და არც სჭირდება,
ამიტომ ალბათ გამიჭირდება
მისი წარმოთქმა. მაგრამ გახსოვდეს,


მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.
და გზა, რომელიც გაიყო ორად


და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად,
იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,
თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით,
ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:


ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის
გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,
რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ,
რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთი და


მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის,
ჩემს დასაცავად და დასაღუპად.
და რისხვა, გულმა რაც დააგუბა,
რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,


წვრილმან გრძნობების წასალეკავად
გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით
შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი
და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით,


და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით
იქცეს კოშმარად და მოჩვენებად,
დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება,
რომ ფრთებშეკვეცილ ფრინველის მსგავსად,


აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.
მერე რა მოხდა, თუ უცხო თვალი,
ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,
ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს


და იმ ღიმილის უხეში ქიმი
გაგვივლის გულში…
შენ კი გახსოვდეს,
რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,


რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც
და ჩემი სულის ყველა ნაფოტი
იმ კოცონისთვს გროვდება ახლა,
რომელზეც შენი სურვილით ახვალ.


მაგრამ იქამდე შენი სახელი,
ვით ჩემი მტრების თანამზრახველი,
ან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელით
დამახრჩობს, თუკი ამოძახებას
ვერ შევძლებ უცებ.


Otar Chiladze –  Gamotxoveba
ოთარ ჭილაძე – გამოთხოვება

Where Am I?

You are currently viewing the archives for May, 2011 at leqsebi.