თემურ ჩხეტიანი – მსხმოიარენი

December 7, 2012 § Leave a comment

სახლის წინ მდგარმა ბებერმა მსხალმა ისევ დაისხა.
დაისხა და როგორ დაისხა! – ვეღარ გაუძლო –
ერთი დიდი, ლამის მთელი ხის ტოლი ტოტი,
ჩამოეხლიჩა.
ნაყოფი კი ჯერ მკვახე იყო,
არ იჭმებოდა –
მეზობელმა გამოკრიფა – ღორისთვის წავიღებო.

ცოტა ხნის მერე
თითქმის ასე მოუვიდა
ახალგაზრდა, ჭიშკართან მდგარ აყლარწულ ქლიავს:
მაგრად ესხა, მასაც ტოტი ჩამოელეწა.
ქლიავები შეთვალული კი იყო, მაგრამ
საჭმელად და სასიამოდ ცოტაოდენი გამოირჩა –
 ბევრი არ ვარგოდა…

მე კი როგორც მეწლეური ხე, წელს ისე ვარ –
მსუბუქად ვარ
და ალბათ ბევრიც გაიფიქრებს:
არაფერი არ ამძიმებსო.
ჰო, მსუბუქად ვარ –
იმ ხეების საფრთხე ალბათ არ მემუქრება –
წელს მე ლექსებიც ვეღარ მოვისხი.

Temur chxetiani – Msxmoiareni

თემურ ჩხეტიანი – მამას დაბადების დღე

December 7, 2012 § Leave a comment

სარკეში იყურები
და კიდევ ერთხელ რწმუნდები იმაში,
თუ როგორ ჰგავხარ მას –
სრულიად ჭაღარა
და სახედაღარული;
მომღიმარი
და თბილნაღვლიანი…

როგორ ჰგავხარ მას,
ვისგანაც ხარ,
ვისგანაც მოდიხარ !..

და უფრო გაუღიმე,
უფრო მოეფერე
მას – შენში დანახულს;
მიულოცე
და მადლობაც
თვითონ უთხარი.

Temur chxetiani – Mamas dabadebis dge

თემურ ჩხეტიანი – გაცილება

December 7, 2012 § Leave a comment

დამემშვიდობნენ…
ზაფხულმა ხელი გადაჰხვია აგვისტოს და ერთად წავიდნენ.
დავრჩი და თვალი გავაყოლე, მერე შევბრუნდი,
სახლში შევბრუნდი და ღიმილი არ მშორდებოდა.

მერე სუფრა ავალაგე,
ავალაგე და ჭურჭელს ვრეცხავდი;
ვრეცხავდი ჭიქებს, დანა-ჩანგალს, თეფშებს ვრეცხავდი,
ვრეცხავდი და  ისევ ისე მეღიმებოდა…

თეთრ ნიჟარაში
ონკანიდან მომდინარე წყალი ზღვასავით
ხმაურობდა და ლოყაზე ცრემლი
ჩამომიგორდა მარგალიტივით.

Temur Chxetiani – Gacileba

თემურ ჩხეტიანი – კითხვა

December 7, 2012 § Leave a comment

როდესაც  ვხედავ, როგორ ჩუმად და უკვალოდ ქრებიან
ჩემი  ასაკის ადამიანები;

როდესაც ვხედავ, როგორ მიდის ცარიელ შარაზე ფეხარეული ლანდი
და მესმის,
 როგორ იკურთხება ის ღამეში ლამის ყველა მიმართულებით;

როცა ახალგაზრდა, ლამაზი ქალისგან მიყურებს სიმარტოვე
და მესმის მისგან ნათქვამი:
„ თითქოს ყოველღამ სიკვდილთან ვწვებიო“;

როდესაც ყურს მჭრის ყელში გულმობჯენილი ბიჭის სიტყვები:
„მათ უნდათ, რომ ჩვენი თაობაც
 ამ წუმპეში ჩაახრჩონო“;

და, როცა სრულიად ბავშვი – გოგონა –  მეუბნება:
„ძია თემურ, თუ შეიძლება,
თქვენს მხარზე ჩამოვდებ თავს და ვიტირებო“,

არ შემიძლია, არ ამოვიოხრო
და უმისამართოდ არ ვიკითხო:
„ – როდის მივაღწევთ დანიშნულების ადგილამდე ?..“

Temur chxetiani – Kitxva

თემურ ჩხეტიანი – ყანა, ვენახი, ძროხა…

December 7, 2012 § Leave a comment

ყანა, ვენახი, ძროხა…
და კიდევ – ყავისა და თამბაქოს პლანტაციები
სადღაც, ამაზონის თუ ვირჯინიის მიდამოებში.
და უამრავი ხელი – ხელები,
ანუ ერთადერთი დიდი ხელის ნებით და სურვილთ.
და ეს ყველაფერი ჩემთვის,
ჩემი დილის საუზმისათვის.
ჩემთვის – ერთი უბადრუკი არსებისათვის,
რომელიც ჭამს პურსა და ყველს;
რომელიც სვამს არაყს და ყავას;
რომელიც ეწევა თუთუნს;
რომელიც დგას საკუთარი სახლის აივანზე,
 შეყურებს იანვრის მზეს და  ფიქრობს:
„ესაა ცხოვრება ?..
ფიქრობს და ასეთივე უკმაყოფილო  სახით დაეხეტება
ამაზონის თუ ვირჯინიის მიდამოებში.
Temur chxetiani – Yana, venaxi, dzroxa…

თემურ ჩხეტიანი – მთქნარება

December 7, 2012 § Leave a comment

მთქნარება ძილის წინ,
მთქნარება ახლადგაღვიძებულზე.
და ყველაფერი, რაც კი არის – მთქნარებებს შორის.

როგორც სიზმარი დღისა და ღამისა
თავისი ცხადი სტრესებით და კატაკლიზმებით;
თავისი ღამის კოშმარებით და სიურეალიზმით…
მთქნარება გვიან საღამოს,
მთქნარება დილაადრიან.

ჰო,  ყველაფერი სიზმარია:
სიზმარი დღისა,
სიზმარი ღამისა –
ყვავილებიან მდელოზე გამავალი ბილიკით,
თუ მოციმციმე და მოფუსფუსე დარბაზებით;
ავტოსტრადებით თუ ტაიფუნებით;
მეტამორფოზებით
და კალეიდოსკოპური სისწრაფით ცვალებადი დღეებით…

ყველაფერი სიზმარია –
დაამთქნარე და დაიძინე;
გაიღვიძე და ისევ დაამთქნარე.
მთქნარებისას კი დახუჭე თვალები
და წაუყრუე.

და მაინც… ერთხელ,
როცა დილით გაგეღვიძება,
დაამთქნარებ და გემრიელად გაიზმორები,
შეიძლება გაგეფიქროს შენდაუნებურად,
გაგეფიქროს და გაგეღიმოს:
ვინ შექმნა ეს სამყარო და ეს ყველაფერი?
და ნუთუ ისიც ამთქნარებდა
 თვალმოხუჭული, წაყრუებული,
როდესაც ქმნიდა ?..

Temur chxetiani – Mtqnareba

Where Am I?

You are currently browsing the თემურ ჩხეტიანი category at leqsebi.