თორნიკე ნაროზაული – "მათხოვარი"

May 24, 2014 § Leave a comment

“რა არის წუთია, წამია ცოხვრება,
სიმდიდრე ქონება რა ჭირად გვარდია?
სამოსი კი არა, სხუელიც ბარგია,
ხვალ მიწა წაიღებს, არ გვემახსოვრება!”
ქალაქში ისეთი სიცივე გამეფდა,
მადლობა უნდა თქვა სითბო თუ იგრძენი,
და სახლში შესვლისას შემთხვევით კარებთან
დიდხანს თუ გაჩერდი, ყინულად იქცევი.
კაფეში სეზონი გაიხსნა ყავების,
სიგარეტს ეწევა დიდი და პატარა,
(სადა ააქვთ ტვინები? სად ააქვთ თავები?)
-აცივდა კაცო-ო, იძახის სატანა.
ჯოჯოხეთს ახურებს ახალი სულებით,
გვცივაო ყვირიან დამზრალი ფანჯრები,
წითელი ცხივრებით, წითელი ყურებით,
მეტროდან-მეტროში თაგვივით დავძვრებით.
და მეც ამ ქალაქის ერთ-ერთი ტუსაღი,
ვუჩივი სიცივეს. (ზამთარი კი მიყვარს)
გზას ვეძებ ტაძრისკენ, არ ვიცი თუმცა კი
მარტოდენ ტაძარი, ღმერთთან თუ მიმიყვანს.
თან ისე ცივა, რომ ვერ ვფიქრობ ამაზე,
გზად მხვდება ნაცნობი, რომელსაც ვერა ვცნობ,
რაღაცას მიყვება დედაზე, მამაზე…
და ამბობს – რამხელა გახდიო, შე კაცო.
მიღიმის, ვუღიმი ( რა უნდა? ვინ არი?)
მოკითხვას მაბარებს ჩვენებთან სოფელში,
მშორდება.. ბუტ-ბუტებს კვლავ სახე მცინარი,
-რამხელა გახდაო და ჯდება “ოპელში.”
სიცივე მაფხიზლებს ფიქრების რულიდან,
-ჰუ, ჰუ, ჰუუ, ყინვაა, ყინვაა მაგარი,
ვიღაცის ფეხებთან დავარდა ფული და,
ხმა მომწვდა ყურამდე, გალობის მაგვარი –
“ხურდა ხომ არა გაქვს? წყალობა გაიღეთ,”
სიზმარი მეგონა, ზმანება მეგონა,
და ალბათ პირველად აღმომხდა – ვაი, მე!
თვალებში მიცქერდა ათი წლის გოგონა.
“გთხოვთ დამეხმარეთ-ო” ძლივს ამოიხვნეშა,
და იქვე დაფენილ ქურთუკზე ჩამოჯდა,
მისმა ხმამ დამაგდო და გამიწიხლქვეშა,
ქალაქი გაქვავდა, ქალაქი გაგონჯდა.
მის მწვანე თვალებში ელავდა მაისი,
ის ბავშვი არ იყო, არ იყო, ღმერთმანი,
დავჯექი და გოგო მუხლებზე დავისვი,
არ ვიცი რამდენხანს ვუმზერდით ერთმანეთს.
ანგელოზს მოჰგავდა, პატარა ანგელოზს,
ყინვისგან დამკსდარი ტუჩები სტკიოდა,
ვინ რემბრანტს, ვინ გოგის, ვინ მიქელანჯელოს,
შეეძლო შეექმნა ეს მშვენიერება?
სციოდა საბრალოს, ფეხებზე სციოდა,
მივიკარ მკერდზე და დავუწყე ფერება.
-წამო-ო, – ვუთხარი, – გაგათბობ და გაჭმევ.
-არა-ო, პატარამ – და მიწა გამისკდა,
-დაგვარცხნი ლამაზ თმებს და თბილად ჩაგაცმევ,
სიცოცხლეს მოგცემო დავპირდი ლამის და…
რა აღარ ვუთხარი, რას აღარ ვეცადე,
შეწუხდა გოგონა, წამოხტა კალთიდან,
მისი ხმის წკრიალი აღწევდა ზეცამდე –
დედა თუ დავტოვე, ეგ სითბო რათ მინდა?!
ატირდა პატარა, და სადღაც გაიქცა,
ენა ვერ დავძარი, მუხლი ვერ გავმართე,
გონს როცა მოვედი, ავყვირდი – დაიცა!
მთელი დღე გიჟივით ავრბოდი აღმართებს.
დაღმართებს ჩავრბოდი, ვგმინავდი, ვკვნესოდი,
ხან მტვერში დავვარდი, ხან ფურთხში ვიცოცე,
საკუთარ ანარეკლს მჭიდს, მჭიდზე ვესროდი,
ვწყევლიდი მიწას და ამ დამპალ სიცოცხლეს.
სახლში რომ დავბრუნდი, ცის პირი ტყდებოდა,
თვალიდან ცრემლები ფიფქებდა მცვიოდა,
-მოხვედი? – დედის ხმა მომესმა ქვემოდან,
სხეული კი არა სულიც კი მტკიოდა!
დაფლეთილ სამოსელს მაშინღა დავხედე,
გადამსკდარ მუხლებს და დასერილ ყვრიმალებს,
მე – შვილი უძღები, მე – შვილი თავხედი,
ვერსად გავიქეცი, ვერსაც დავიმალე…
-თორრნიკე მოხვედი? პასუხი გამეცი!
მე სიტყვებს ვეძებდი, შესაფერს მომენტის,
და ბოლოს დედის წინ მუხლებზე დავეცი,
-ხო, დედა, დავბრუნდი, უძღები მოვედი.
__________________________________
უთხარი დედას რომ გიყვარს და გახარებს,
და თუ კი ცას მიდის, იქაც შენ მიყავხარ,
-დე, ვიცი, მუდამ რომ მაგ გულით მატარებ,
ამიტომ ყველაზე ძალიან მიყვარხარ!

Tornike Narozauli – Matxovari

თორნიკე ნაროზაული – სულ რომ არაფერი

July 12, 2013 § 1 Comment

სულ რომ არაფერი – სისხლი მაქვს ისეთი,
ჯიში მაქვს ისეთი – სულს აგიწიოკებს,
სამშობლო – არხვატი, მტირსათვის – შიშეთი!
ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს.

სულ რომ არაფერი – გული მაქვს იმხელა,
რწმენა – ქრისტიანის, მთებს რომ აზანზარებს,
ცეკვა მაქვს ისეთი… ისეთი სიმღერა…
აღადგენს საფლავში ჩადებულ ლაზარეს!

სულ რომ არაფერი – ისეთი ქალი მყავს,
ისეთი შვილი მყავს – სამოთხის მარცვალი,
როგორ ვთქვა – “ასეთი სამშობლო არ მიყვარს?!..”
ასეთი სამშობლო რა განძში გავცვალო?

შორს რომ არ წავიდე, არ გავცდე ბასიანს,
ღმერთი მყავს ჯვარცმული და მზეზე ნათელი,
“ფეხებზე მკიდია ევროპაც, აზიაც…”
მე ისიც მეყოფა, რომ მქვია ქართველი!

torrnike narozauli – sul rom araferi

თორნიკე ნაროზაული – ვარ სხვანაირი ფერის თვალება

July 12, 2013 § Leave a comment

ვარ,
სხვანაირი ფერის თვალება,
უბრალო ბიჭი, შავი სამოსით,
და რადგან ჩემი ფერისცვალება
ღმერთმა ინება, სასაფლაოსი
კარი უთუოდ უნდა გაიღოს,
და დამარხული აღსდგეს მკვდრეთიდან
საბრალო სული. მიწამ წაიღოს
სხვა დანარჩენი, რადგან ვერ ვიტან
სიმყრალით მოსილ სურნელს სამანის,
წყვდიადით მალულ სინათლის სხივებს,
რომ ჩამიბნელეს ვიწრო სავალი,
რომ მიმატოვეს, არ მომისმინეს…

ვარ,
სხვანაირი ფერის თვალება,
რადგან თვალებში ქრისტე მარხია,
სულზე ჩოქვით რომ გადაიარა,
შენზე ფიქრით რომ შეიცვარება,
ჩემი თვალები სფერო კი არა,
ჩემი თვალები – შენი სახლია!

tornike narozauli – var sxvanairi feris tvaleba

თორნიკე ნაროზაული – წვიმს

July 12, 2013 § Leave a comment

ისევ წვიმს… ისევ წვიმს… ისევ წვიმს…
და თვალებს მე შენსას დავეძებ,
წვეთებში, ცრემლებში, ფიქრებში,
და მინდა წვეთივით დავეცე
მიწას, რომ ვიწამო – ლაზარე
და ობლად დამრჩალი არხვატი,
(იესოს ცრემლებით ნახატი),

თუ ოდეს სიკვდილათან დაზავდნენ,
წვეთივით მკვდრეთიდან აღადგენს,
ოთხდღე თუ ათასდღე მკვდარყოფილს,
ქრისტეჲ კვლავ სანთლად აღანთებს,
რამეთუ სინათლე არ გვყოფნის.
ისევ წვიმს… ისევ წვიმს… ისევ წვიმს…
მივყვებით მე და შენ ქვაფენილს,
წვეთისფრად, ცრემლისფრად გაფერილს,
და გვეწვის, შენ გეწვის, მეც მეწვის
ლაზარე – გუშინ, რომ დავმარხეთ,
და ობლად დამრჩალი არხვატი,
იესოს ცრემლებით ნახატი –
განახებ აღდგენილს განახებს!

ვფიცავარ ამ წვეთებს, ამ წვიმას,
სამშობლოს მკვდარიც არ გავწირავ!

tornike narozauli – wvims

Where Am I?

You are currently browsing the თორნიკე ნაროზაული category at leqsebi.