მარიამ მაღლაკელიძე – მე…

March 18, 2013 § 1 Comment

არასდროს ყოფილა ჩემში კეისარი,
არც მოცარტობას ვიჩემებ დღეს
მუდამ მიტაცებდა შოპენის აკორდები,
მაგრამ მის ჰანგებსაც ვერ ვუძლებ დღეს.

ვიტყვი, რომ ვერასროს დავიპყრობ ევერესტს,
თუმცა კი ვეტრფოდი მე დიდად მთებს.
შევიგრძნობ ჩარკვიანს, მუსიკის აკორდებს
იცით? მე მაინც ვერ ვცურავ ზღვებს.

პრომეთედ, ამირანად ჯაჭვში გავები,
ყვავმაც კი დამცინა, მატირა მე.
შექსპირად გადვიქეცი, აზრებად დავიღვარე,
როცა მე წერასაც ვერ ვფლობდი ჯერ..

არასდროს ყოფილა ჩემში კეისარი,
გაიგეთ,სიმტკიცე სიმცირეს მძენს,
მახსოვს, მიყვარდა ჰანგებში ხეტიალი,
ლომის ბოკვრებთან არ ვზრდილვარ მე…

ოდესღაც გრანელმა სიჩუმე მიწოდა,
როცა ზღვის ტალღებში ვბღაოდი მე
ახლა მომიწოდებთ, ვიქცე ბარბაროსად
მე ვერ შევიცვლები, გაიგეთ , ვერ !

სიჩუმის ამბორში, შავ ნისლში გავგორდი
(კენ კიზის ბელადი მალავდა თმებს),
მოცარტის რექვიემში ტრაგიზმით გავოგნდი,
მინორულ პროცესიას ვერწყმოდი მეც…

იცით – კეისრობა ბრალდებად მომესაჯა?!
მე დღეს ეს ცხოვრება სიკვდილზე მდებს
თუ ვერ გამიცანი, თუ ვერ გაგიცანი,
გრანელთან სიჩუმეში მეძიეთ მე..

ზღვა უკვე მშვიდი არის…
გრძნობები დიდი არის…
კეისრის მუხლებთან,
დავობლდი
მე…

Mariam Maglakelidze

მარიამ მაღლაკელიძე

March 18, 2013 § Leave a comment

ოცნებას აისის
გადაჰყვა ფიქრები,
მკრთალ სამოსელით
მე მოვფრინდები,
ნაწნავში გაყრილი
კომპწია იებით
სიცხადედ, სიჩუმედ
მე მოგინდები.
ხეები ჯვარს იწერენ
ფოთლებთან მაისში..
იცი? მაშინ, როცა
გვირგვინებს დაგიწნი,
ვარდების სურნელის
სიცხადით აისში
ზამბახის ყვავილთან,
თეთრ ვარდთან დაგიცდი…
მზის სხივთან ალერსში
სიცხისგან დავიწვი,
ღაწვებზე ჭორფლები
ზამთრამდე დაიცდის.
სიჩუმემ რა იცის?
სიცხადემ რა იცის..
გაზაფხულს მე დიდად ,
ო, დიდად განვიცდი!
სიმღერის ჰანგებში
სირმებად გავები,
ბულბულთა სასმენად
სუნთქვაც კი გავეცი…
შეხვედრა მაისთან…
გრძნობებში აცივდა…
ტანგო, პაემანი,
წვიმაში ამიხდა..

Mariam Maglakelidze

მარიამ მაღლაკელიძე

March 18, 2013 § Leave a comment

ყოველთვის როცა უმზერ ჰორიზონტს
და სივრცის იქით შეიგრძნობ სუნთქვას,
ყოველთვის როცა დაბერავს ქარი
და დალელებში ჩაგაწნის გუნდას…

ღამე თეთრია მოგონებების,
როცა წარსულით თავს იღლი მუდამ..
მდუმარედ იცდის მთაწმინდის მთვარე
სანამ ფიქრებში გაახვევს უბანს..

ნუ ეძებ საფლავს ცრემლით ნასველებს,
ის უკვე შთანთქა დუმილის ღმერთმა,
თბილ გარემოში შეფარებული
შვილად მიიღო სიცივე ერთმა..

უმანკოება იგრძნობა შენში
ამადეუსიც სიმტკიცეს გმატებს,
ჰარმონიაა ბგერის თამაში
როცა ხმის სიმებს სიმშვიდე მართებს..

ყოველთვის როცა იხსენებ ქალაქს,
პატარას, მცირეს, მოგონებებით..
იცოდე, ეძებ? მალე იპოვნი
სიშორეც შენში სიმშვიდედ მესმის..

ყოველთვის, როცა უმზერ ჰორიზონტს
და სივრცის იქით შეიგრძნობ სუნთქვას,
იცოდე მაშინ დაბერავს ქარი
და დალალებში ჩაგაწნის გუნდას…

Mariam Maglakelidze

მარიამ მაღლაკელიძე – …

March 18, 2013 § Leave a comment

უძილობით გაიტანჯა ღამე,
მესამასედ იბადება მთვარე..
შუქ_ნათელი დაკრავს ჯუჯა სახლებს
ორღობეში ჩაეძინათ ხავსებს.

მოლოდინით დაიღალა ღამე..
პაემანზე იგვიანებს მთვარე..
ოხშივარში გაეხვია მწარედ,
დაბადება, ვიცი, გაგვაწამებს..

თაიგული კვლავ აკრიფა ღამემ,
ნელანელა ააწაპნა ხავსებს..
მოლოდინი ცქერად გადაიქცა,
პაემანი ვიცი დაგვაღამებს..

მუქ ხეობებს დაესიზმრათ ზეცა
ცისფერთვალა მოლიცლიცე დარი..
ძნელი არის შენ უცქირო ზეცას
როცა ღამე პაემანზე არის..

შუქ_ნათელი დაეფინა მიწას,
მოლოდინად იქცა მთა და ბარი,
ვარსკვალავებმა ჯვრისწერისთვის ზეცა
გაამზადეს, როგორც ნინოს ჯვარიი..

უძილობით ემთქნარება ღამეს..
მესამასედ იბადება მთვარე
მოლოდინით დაიღალა ღამე..
პაემანზე იგვიანებს მთვარე..

Mariam Maglakelidze

Where Am I?

You are currently browsing the მარიამ მაღლაკელიძე category at leqsebi.