მორის ფოცხიშვილი – "ყველაფერს ნუ ამისრულებ"

October 8, 2014 § Leave a comment

ყველაფერს ნუ ამისრულებ,
ნუ გამიმეტებ, ღმერთო!
მე მირჩევნია ჩემს მაგიდაზე
ნატვრის ლამპარი ენთოს,
ვიდრე ნატრული ბედით კმაყოფილს,
ნატვრა არ მქონდეს ერთობ…

გემუდარები, ყველაფერს
ნუ ამისრულებ, ღმერთო!

Moris Focxishvili – Yvelafers Nu Amisruleb
მორის ფოცხიშვილი – ყველაფერს ნუ ამისრულებ

მორის ფოცხიშვილი – ყველა დაკარგულს დაეძებს

September 16, 2014 § Leave a comment

“ყველა დაკარგულს დაეძებს
და უნებურად ჰკრგავს
მას, რაც საკუთრად მისია
რითაც არავის არ ჰგავს.

არავინ იცის, სიკვდილი
ვის სად მოუქნევს ნამგალს, –
ყველა საკუთრად მიითვლის
მიწას, სამარეს, სანგარს.

მას, რაც საკუთრად მისია,
რითაც არავის არ ჰგავს, –
ყველა დაკარგულს დაეძებს
და უნებურად ჰკარგავს”

Moris Focxishvili – Yvela Dakarguls Daedzebs
მორის ფოცხიშვილი – ყველა დაკარგულს დაეძებს

მორის ფოცხიშვილი – ვინც ამ გოგოს გააცინებს

July 10, 2014 § Leave a comment

შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინც მისწვდება _ მისია,
ვინც ამ გოგოს გააცინებს,
გოგოს გული მისია…
ეს ცხოვრება ასე არის,
ის ცხოვრება ისეა.
_ ეს მანდილი ვისი არი?
_ ეს ჩანგური ვისია?
_ ეს ხომ ჩემი დისი არი…
_ ეს ხომ ჩემი ძმისია!
ვკისკისებდით მალხაზები,
დარდი გვქონდა რისია?!
თურმე დასასრული იყო,
მე ვთქვი _ დასაწყისია.
როგორ გაჰქრა სიყმაწვილე,
ვეღარ ამომიხსნია.
შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინ გაიგოს, ვისია?
ბაღში გოგო დაგოგმანებს,
გოგოა თუ ნისლია?!
ვინც გაიგებს, ვინც დაიჭერს,
ვინც აკოცებს _ მისია.
ეს ცხოვრება ასე არი,
ის ცხოვრება ისეა.

Moris Focxishvili – Vinc Am Gogos Gaacinebs

მორის ფოცხიშვილი – "სანთლის ფრთებივით ჩამომსხვრეული"

July 10, 2014 § Leave a comment

სანთლის ფრთებივით ჩამომსხვრეული
წლები გზებად და გზები გედებად,-
თანდათანობით დნება სხეული
და სული შუქად სახიერდება…

ვიცი,წვას ვერვინ გამიადვილებს,
მაგრამ არ ვიცი,სულაც რა მომდის,-
თანდათანობით უნდა წავიდე
და შენთან დავრჩე თანდათანობით.

ო,არ გეგონოს,რომ მხრებს ვასვენებ
და თეთრ ჩეროში თოვლს ვეფიფქები,-
ის რაც მე არ ვარ,არ იარსებებს,
რაც იარსებებს,არც ის ვიქნები.

დარდით ივსება ბედის რვეული,
ღამე იწვის და გული ჩერდება,-
თანდათანობით დნება სხეული
და სული შუქად სახიერდება.

Moris Focxishvili – Santlis Frtebivit Chamomsxvreuli

მორის ფოცხიშვილი – გახსენება

July 10, 2014 § Leave a comment

`როცა ვიტყვი `ი~
მაშინ გამო…დი!~
ბალღური

თითქოს გუშინ დასრულდა
შინ და გარეთ, შინ,
ჭრელკაბიან ასულთან
თა…მა…ში…

`ენკი, ბენკი, სიკლისა~,
ენკი, ბენკი, და, _
დღენი სიყმაწვილისა
გა…ვი…და.

მოველ შენს ფანჯარასთან
და ვდუდუნებ: `ი~
შენ კი, შენ კი, არა და
არ გა…მოხვე…დი.

როგორ დაგვიწყებია
`ენკი-ბენკის~ ხმა,
რა ხანია, გძებნი და
ვერ მი…პოვი…ხარ…

მოდი, მოდი, დამბუგე,
მოდი, როგორც გსურს,
თორემ ვინ რას გაუგებს
გაგი…ჟებულ გულს…

`ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, და…~
არა თქვან:
სიჭაბუკეც
გა…ვი…და..

Moris Focxishvili – Gaxseneba

მორის ფოცხიშვილი – გაჰქრა, წავიდა…

July 2, 2014 § Leave a comment

რაც გაჰქრა, გაჰქრა, წავიდა,
რაც არ გამქრალა, ქრება,
ქრება, რომ მერე თავიდან
კვლავ მოგვევლინოს ვნებად.

რაც მიდის, მიდის, რაც არა,
რჩება უბრალოდ, რჩება,
რჩება ის, რაც არ დამწვარა,
რაც არ გაშლილა ფრთებად.

რაც მოდის, მოდის დროულად,
მოდის, მოჰყვება ნამქერს,
მოდის ის, რაც არ მოსულა,
რომ მოვიდეს და გაჰქრეს.

Moris Focxishvili – Gahqra, Wavida…

მორის ფოცხიშვილი – "ტირიფო, ტირილით გაგაკვირვებ"

April 3, 2014 § Leave a comment

ტირიფო, ტირილით გაგაკვირვებ,
რა გითხრა მტირალა ტირიფს, –
მე თვითონ არ ვიცი, რა მატირებს,
მგონია ტირი და ვტირი.

როგორც მონადირე ნანადირევს
დრო გვყოფს… ჭირვეულობს ჭირი…
მე თვითონ არ ვიცი, რა მაყვირებს,
მგონია ყვირი და ვყვირი.

თენდება იჭვის და დარდის დილა,
რას მერჩი, რა გინდა, ქარო, –
მე თვითონ არ ვიცი, სად მივდივარ,
მგონია ჩქარობ და ვჩქარობ.

წლებმა ძაღლებივით დამიკბინეს
ლექსი დაწერილი ცივად, –
მე თვითონ არ ვიცი, რა ვიტკინე,
მგონია გკტივა და მტკივა.

Moris Focxishvili – Tirifo, Tirilit Gagakvirveb

მორის ფოცხიშვილი – გაქცევა

March 30, 2014 § Leave a comment

ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს,
გაექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს,
იყო და იფიქრო, რაზედაც გინდა,
ან არ იფიქრო საერთოდ სულ, _
იჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირად
აქუცმაცებდე უბრალოდ დროს…
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს.
და გაურბიხარ მეგობრებს, მტრებს,
ეჭვს და სიძულვილს, სიყვარულს, წლებს,
უბრალოდ გინდა მარტო დარჩენა,
რატომღაც მარტო დარჩენა გსურს,
რატომღაც გინდა, წახვიდე სადღაც,
გაექცე ნდობას, ზეიმ-ზარს, შურს…
საქმიან კაცის თვინიერ ნიღბით
ქალაქს ტოვებ და მიდიხარ სოფლად,
მერე სოფლიდან მირბიხარ მთებში,
თახვის თათებით შედიხარ ტყეში,
შედიხარ ტყეში, უსიერ ტYყეში,
უკაცურ ტყეში შედიხარ მშვიდად
და, რომ გგონია,
მარტო ხარ თითქოს, _
ხე რომ ხე არის,
ხე ენას იდგამს,
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს.
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს,
ყველაფრისათვის,
რაც ჰქმენ, რაც იყავ,
რაც არ იყავ ან რაც აიტანე…
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს
და… უბრუნდები ადამიანებს..

Moris Focxishvili – Gaqceva

მორის ფოცხიშვილი – ჭიქა საუბარი

January 12, 2014 § Leave a comment

ნდობა არ გვქონდა ერთმანეთის,

უბრალო ნდობა, –
და მაინც შევხვდით…
სისულელე ყოფილა მტრობა!
სულ ერთი ჭიქა საუბარი
კმაროდა გზნებით,
რომ ერთმანეთში გვეპოვა ძმები.
დრო დროს ედავა,
ცა გაეხსნა სასურველ სურვილს.
მაინც ერთად ვართ, –
სისულელე ყოფილა შურიც!
რაც იყო, იყო,
გასულია ეპოქა მგლური, –
უნდა იპოვოს გონებამ გული!
ნდობა არ გვქონდა ერთმანეთის,
უბრალო ნდობა. 
Moris Focxishvili – Chiqa Saubari
მორის ფოცხიშვილი – ჭიქა საუბარი

მორის ფოცხიშვილი – ქვაზე ამოკითხული

September 18, 2013 § Leave a comment

ვაი შენ, წუთისოფელო,
დაგცადე ათასფერადა, _
შორით დაგიდექ,
შორიდან
არა, არ ღირდი ცქერადა,
ახლოს მოველ და
დამდაგე,
გამხადე დღეთა წერადა,
გავიქეც, გამომეკიდე,
გზა მომიქციე მტვერადა.

ცეცხლად მეკიდე,
მე კიდევ
დარდი ისედაც მკვერავდა,
ვერ იქნა, გაგსწორებოდი,
ვერ იქნა, აუჰ, ვერა და…
კლდე იყავ,
კენჭიც არ გქონდა
მოსარყევ-მოსამტვრევადა.

Moris Focxishvili – Qvaze Amokitxuli

Where Am I?

You are currently browsing the მორის ფოცხიშვილი category at leqsebi.