(ბესიკი) ბესარიონ გაბაშვილი – მე შენი მგონე

July 10, 2014 § Leave a comment

მე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო,
ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელო დალალო,
მთიებო პირო, მიჯნურთ მჭირო, ბროლო და ლალო,
კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო!
მე შენსა ყარიბს და მიჯნურსა მაქვს სავალალო.

ჰხამს, შენთვის ხელმა, სოფელს მვლელმა, თავი ჭირს
აროს,
შენნი უწყალო ჰინდთ ლაშქარნი გარ-შეისაროს,
მათგან დაზიდულს მშვილდსა უძლოს, გულსა ისაროს,
დაჭრილი ჰრბოდეს, ცხოველობა გაიმქისაროს!
მაგრამ უბრალოდ სისხლი შენზედ არს საალალო!

როს მოგიხილე, მყის შევიქენ თავისა მტერი:
რად არ ვიცოდი, არა გყვანდა შენი საფერი?!
ყოვლი მოყვარე შენგან ჩივის: ყმაა თუ ბერი.
რა გიამების – არვინ იცის: ვსცან ვერა ვერი!
დროა, თუ მომკლავ შენ, სიკეთე დაუთვალალო!

ძნელი ყოფილა, დამაშვრალსა შეხვდეს წყურვილი,
რა მზის სიცხოვლე მირასჭირდეს, შექმნას ურვილი!
ვა ჩემსა ბედსა! იცი, მე ვარ სულ მიწურვილი;
მიკვირს, რად აღარ დამაკარვენ სათნი ბურვილი?!
ჰგავს, რომ მოყვარე არად გინდა, მიუთვალალო!

მე შენმა თვალმა გარდმიბირა, როს გნახე მთვარე:
შვიდნი ციურნი მოციმციმედ არ შეგადარე.
შენის ბაგისა ორნი მეცნეს: ტკბილი და მწარე,
ორკეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე!
შენი მიჯნური რად დამაგდენ, შეუბრალალო!

Besiki Besarion Gabashvili – Me Sheni Mgone

(ბესიკი) ბესარიონ გაბაშვილი – შევკრთი, როს ვნახე

July 2, 2014 § Leave a comment

შევკრთი, როს ვნახე წალკოტს მსხდომარე,
სად ვარდი შლილა და შვენის არე,
სხივთ მოფენილნი უცხოთ ზდილობენ.
დავბრუნდი ჭმუნვით, დავშთი მგლომარე.

მთიებო, შენ გიშრის თვალსადა,
კეკლუცთა მიმოსვლა სადა,
ტკბილად უბნობა სადა;
ვით მიუცი-ვარ წვასადა!

თმენით მტანჯვენ, თუცა მდაგვენ, ვით მე მალხენენ.
მსურს, მინდა ვაქო, მუდამ ბულბული,
შეყრობით ვარდთან ხმით დადაგული,
ჰყეფს გადაგებით, შლით ვერ ნახული;
ღამე მკლავს ოხვრა, დღენი აქვს მწარე.

ნარგიზნი ჰგრძნობენ, – ვარდის ქებითა
იასამან ოხრავს მწუხარებითა;
ზამბახნი შლილან გარსა კრებითა.
მეც ან მიმსურნე, ან გამატარე!

რადგან შევიქენ, მონა ვარ მარად,
მიმართებს მოვსთქვა ლექსი ამ გვარად:
ესდენი ტანჯვა მაკმარე მწყნარად,
ბესიკი ერთ მცირედს მეც დამადარე!

Besiki Besarion Gabashvili – Shevkrti, Ros Vnaxe

Where Am I?

You are currently browsing the ბესარიონ გაბაშვილი category at leqsebi.