ზაზა ბიბილაშვილი – ლექსი მოყმისა და სიყვარულისა

May 11, 2014 § Leave a comment

გაცუდდა, რაც-რა ვეთრიე,
რაც ვკვლიე შენი გზა-კვალი:
ვერ შეგიპყარი,
ვერ მოგკალ,
ვერ თავი შემოგაკალი.
ხან – ჭიუხების ჭირხლები,
ხან – ხალნი ველის ხაოთა –
შენად ნაწოლად მენიშნა,
ვნახე – აფთარი ხაოდა.
ეგებ, დააგდე საჩვენო,
სხვა მზე ირჩიე,
სხვა წყალი?
ეგებ, ჯილაგით ამოწყდი –
კაცის ჯილაგზე გამწყრალი?
ეგება, კიდეც დაგლანდე
სადმე, ჩამომწვარ გორებთან? –
დამცეცხლა კოცნის სახმილმა –
მახვილს რა მომაგონებდა!
აღარ დამცალდა,
ნანატრი
ელდის ელვებით გაშოლტილს, –
ცალი ყბით შემომიღრინე,
ცალად გამკარ და გამშორდი.
არც საიქიოდ გამწირე,
არც შემიფარე სწორფერი,
დამიგდე, როგორც დილეგი –
უსიყვარულო სოფელი…
ეგება ფიქრობ, მოვრჯულდე
უმადურ კვალზე ნათრევი,
ვერცხლის ბომონებს დავაკლა
ჩემი უბელო ნატვრები,
გავთბე სარკმლიდან სამადლოდ
შემოგდებული მზის სხივით,
ტრფიალი აღარ მომშივდეს
აუღებელი სისხლივით,
რადმე ვიღირო უშენო
დღენი – უგვანოდ კუშტები,
ისევ არ გამოგეკიდო,
როგორც კი გამოვშუშდები!

Zaza Bibilashvili – Leqsi Moymisa Da Siyvarulisa

Where Am I?

You are currently browsing the ზაზა ბიბილაშვილი category at leqsebi.