როინ აბუსელიძე – პროტესტი კულისებიდან

April 12, 2014 § Leave a comment

სახურავებზე ელვა აზის ბებერ ანტენებს,
დახეთქილ მინებს გაუჩრიათ პირში ფარდები,
ქართულად წვიმს და შენ სიკვდილთან ღამეს ათენებ,
მერე კი, როგორც ცუდი ფილმი, ისე მთავრდები.

რადგან იცხოვრე შენი გზით და სხვისი წესებით,
წუთი-სოფელშიც ოცი წელი ისე გივლია,
თითქოს მსოფლიო შეისრუტე, ხოლო ლექსების
მცირე რვეულში გადაწერე მთელი ბიბლია…

წვიმს უნიათოდ, ოთახში კი წვეთავს ნიათი,
წერ და თევზაობ ყოფნასა და შორის არყოფნის,
ხოლო სურვილებს იმოდენა სივრცე მიართვი,
გრჩება შეგრძნება, რომ სიკვდილი გაქვს და არ გყოფნის.

მაგრამ, სანამდის საფეთქლები სტრიქონს გაცრიან,
ალბათ აჯობებს, ტრომბონებში რომ გადმოერთო
და თუ მუსიკას ირჩევ ლექსში თექვსმეტმარცვლიანს,
ასე გამოდის, სხვის დაკრულზე ცეკვავ პოეტო,

ან მეორდები, ანდა ელვა ბებერ ანტენებს
ისევ აწვალებს. შენ მაჯებზე გაზის მიზნები,
ზიხარ ზოგადად და ღამესთან ღამეს ათენებ,
ყოველ დილით კი ერთი დღით და ლექსით იზრდები.

Roin Abuselidze – Protesti Kulisebidan

როინ აბუსელიძე – ჩემი ძმაკაცები და…

April 12, 2014 § Leave a comment

BOX და სამი, შვიდი, ცხრა, უმჯობესი MUZ-ასი,
ფურცლებს ლექსებიანებს ქარი დასტაცებია,
გვიან ღამით ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე,
ბიჭები რომ მღერიან ჩემი ძმაკაცებია.

ყველა პოეტია და საქართველო ქართულად
აჩიკოსი არ იყოს ბათუმიდან თენდება
და ამ ღამით სხვისი მზე ჩვენთვის არის ნათურა,
ყოველ გამთენიისას ბოძზე რომ ითენთება.

პოეტები აფრენენ, გიჟდებიან, წვებიან
ასფალტზე და გენრისაც მონატრება სწყურია
აფხაზების, ბათუმშიც რაც თუ აფხაზებია,
უმეტესი მათ შორის ახლა მებადურია –
რადგან ის ტკივილები ზღვაში მოითევზაონ,
ბოთლშიც მცირე წერილად აცურებენ იმედებს,
ვგონებ არ გეკადრება ეს სურათი შენც ზღვაო,
ჰოდა ერთი ნაპირი კიდევ გამოიმეტე,

თორემ ვთვრებით რარიგად ამ პოეტურ ღამეში,
ბოლო-ბოლო სიფხიზლის აღარ შეგვრჩეს იოტი?
მზეს თუ ვერ შეაჩერებს ახლა ისუ-ნავესი,
როი საიქიოშიც იტრაბახებს გიოთი.

ასე იყო იმ ღამით ცას ლექსები სწყუროდა,
წვიმამ იაცაბაცა და პალმებზე ილაშქრა,
მერე ჩვენმა ძმაკაცმა დაგვირეკა ხულოდან,
“გენაცვალე” გავცვალეთ ჩვენ და გიორგი-ლაშამ.

წინ კი ეუჰ, რამდენი პოეტური წლებია,
მაგჰრად დათვრა მინდიაც, არ დაუთვრა სტრიქონი,
ხოლო ღამის ბათუმში ზეცას ვარსკვლავებიანს,
ჩვენი სიმღერებისგან ასძვრა იერიქონი.
ღრუბლის თეთრი ჩოხებიც ვარსკვლავებმა შელამბა,
მთვარე შვიდი პოეტის მეტაფორით გაერთო,
როცა ჭიქის მაგიერ გული დადო მერაბმა,
ხოლო მთელი საღამო გახდა საალავერდო.

გორგილაძის ქუჩაზე იმედები ეყარა,
ხოლო დილას წინა დღის განცდა მომეტებია,
წუხელ ვინც გიმღეროდა ჩემო კარგო ქვეყანავ,
ჩემი ძმაკაცები და შენი პოეტებია!

Roin Abuselidze – Chemi Dzmakacebi Da…

როინ აბუსელიძე – მამაჩემი

April 12, 2014 § Leave a comment

ღამეა სხვათა შორის
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი,
ძალიან არაფერი,
უბრალოდ მეწერება
და ახლა მამასავით
მაკლია მამაჩემი.

ქარი ზის ფორთოხლებზე,
ფანჯრისკენ მივტრიალდი,
იმედი თუ იმედობს
იქნება დანარჩენიც,
დავდივარ ქუჩებში და
ვრწმუნდები იშვიათი,
ძალიან უმნიშვნელო
ქუჩაა მამაჩემი.

გავლენით არავითარ,
ვაგრძელებ ჩვეულებრივ,
ქრონიკას რეალობის
ტოტები ავაჭერი,
ვიღაცას არ სჯერა და
მე მართლა გეუბნებით
აი ეს ეპოქაა
(მარტივად)მამაჩემი.

ცხადია როგორც წესი
ლექსებიც ბერდებიან,
შენ უკვე დამარცხდი და
კუთხეში აიტუზე,
მამებიც შიგადაშიგ
ცოცხალი ხეებია
და ქმნიან გარდაცვლილი
მამების ჰაბიტუსებს.

ბავშვობას უმარილო
კადრებად ვალაგებ და
მშორდება იშვიათად
რაღაცა ირონია,
სხვას თავი დავანებოთ
არც მეტი, არც ნაკლები,
საბრალო მამაჩემი,
აი ეს სტრიქონია.

ღამეა გეფიცები
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი
და ასე უმეტესად
ძალიან მეწერება
და ასე იშვიათად
მეც მქვია მამაჩემი……………………

Roin Abuselidze – Mamachemi

როინ აბუსელიძე – ჩემი ნენე და დედაშენი

October 8, 2013 § Leave a comment

დედაშენი –
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე –
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი –
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე –
ჩადრში მალავს ხატებს.

დედაშენი –
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე –
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.


თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ – ქარში –
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.

დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს…

ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.

დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.

ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი – ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!…

Roin Abuselidze – Chemi Nene Da Dedasheni

როინ აბუსელიძე – მღვდლების ცოლები

October 8, 2013 § Leave a comment

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა და
განსხვავდებიან სხვა ქალთაგან ფოფოდიები,
პირჯვარს სახავენ ღრუბლებიდან მიწის ბინადართ
ანგელოზები, ოთახში კი მიმოზებია,
დგებიან ადრე მოძღვრები და მათი ცოლები,
დგებიან ადრე და კაბებით იმოსებიან.

თუმც პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს და
ღმერთის სურნელი იბადება ანუ პურიდან,
ცოლებს მოძღვართა, ყოველ დილით, ყოველ საღამო
მათხოვრები და მტრედები რომ ეობლებიან,
ისმის სიცილი და ტირიან ფოფოდიები,
ფოფოდიები მკერდმოჭრილი დედოფლებია…

ნუ შეგვიყვანებ განსაცდელსა გვიხსენ არამედ,
მალე ღამდება, ასე ჩანს და ვამბობთ გარედან,
ფოფოდიები მიჰყვებიან მოძღვრებს კარამდე,
ან მოჰყვებიან და დაღლილნი ვნებას მოწოლილს,
დაიოკებენ, თან იძინებს მთელი პლანეტა,
როცა კოცონთან სხდებიან და თბება კოცონი –

მათი აურით, მივუტევებთ ვითარცა ჩვენ და
სუნთქავენ მანამ, ჰაერს ღეჭავს სანამ სატანა,
სანთლის შუქზე კი ჩრდილები და ღამე კანკალებს,
იზრდება სითბო ბინაში და ბინაც იზრდება,
დღეს დაღლილები დაწვებიან ფოფოდიები,
დაწვებიან და ღვთისმშობელი დაესიზმრებათ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა და
განსხვავდებიან სხვა ქალთაგან მღვდლების ცოლები,
პირჯვარს სახავენ ღრუბლებიდან მიწის ბინადართ
ანგელოზები, ოთახში კი მიმოზებია,
დგებიან ადრე მოძღვრები და ფოფოდიები,
დგებიან ასე და კაბებით იმოსებიან.

roin abuselidze – mgvdlebis colebi

როინ აბუსელიძე – მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ

July 25, 2013 § Leave a comment

მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ,
ამ ბოლოს დამჩემდა ფიქრი და ანკესი,
სიყვარულს ძალიან ხმამაღლა ვყვირივარ,
სიყვარულს ვყვირივარ და შენ კი არ გესმის.

დაცურავს კალმახი და ჭალის კანაფებს,
მივყავარ სადღაც და ვეჩვევი ხეტიალს,
შენსავით ამ ქვეყნად არ ვნატრობ არაფერს,
თუმც ძაღლის ყველაზე უბედო ბედი მაქვს.

წვებიან დღეები მოდიხარ ჩემთან და
მწყევსით გარეკავ ამ დარდს და კაეშანს,
მზეც ისევ გაწვება დაღლილი კლდესთან და
თულექსებაცრილი საღამოც დაეშვა –

კვლავ მუზებს ვისტუმრებ, გრძნობების ექიმებს,
ისევ პოეზია… ღამე და ანკესი,
სიყვარულს ვდუმვარ და სიყვარულს ვყვირივარ
ვიცოდე ნეტავი შენ ვერ თუ არ გესმის –

მიყვარხარ, (ეს ისე) მიკვდება გული და
კანაფის საშინელ – სიცილით ვტირივარ,
მე თუ ვარ ფხიზელი ძალიან ცუდი და…
თუ მთვრალი, – ყველაზე მაგარი წყვილი ვართ!

roin abuselidze – me da shen yvelaze magari wyvili vart

როინ აბუსელიძე – ტაიმ-აუტი

July 13, 2013 § Leave a comment

დღეს ისევ წვიმაა ამინდის ტაქტიკა,
წვეთები ტოვებენ ტოტებზე სტალაქტიდს
და ხვდები პოეტიც რომ უფლის ტაქტი ხარ,
უბრალოდ ქრისტეში ვერაფრით დალაგდი.

უბრალოდ იესო ვერაფრით დალაგდა,
ამ ცოდვანაგროვებ შენსა და შენს შორის,
გრჩება საკამათო ჩონჩხიან ქალაქთან,
შიშველ მეფეებთან და როგორც სენსორი,

ისეა დღეს შენი დამპალი ლირიკა,
ღმერთშია შველა და ღმერთშია ხაფანგი,
ყველა სინანული მან ჩამოგირიგა,
როდესაც ტკივილებს ნერწყვივით ყლაპავდი.

ახლა კი უბრალოდ ზიხარ და იგონებ,
შენს მერის, ოლივერს, დანტეს და ჯონათანს,
დღეს ვინ დაგიჯერებს რომ თვითონ იპოვნე
პოეტში მთვარე და მთვარეში სონატა.

დღეს ვინ დაგიჯერებს ბავშვობის გვირისტი,
ცამდე სავალალო, წარსულს რომ შეახმა,
როგორ გამზადებდნენ წლები გვირგვინისთვის
და მეფე კი არა რაინდიც ვერა ხარ.

და მიხვდი პოეტი რომ უფლის ტაქტია,
უბრალოდ ქრისტეში ვერაფრით დალაგდი,
დღეს ისევ წვიმაა ამინდის ტაქტიკა,
წვეთები ტოვებენ ტოტებზე სტალაქტიდს!…

roin abuselidze – taim-auti

როინ აბუსელიძე – მიზეზი

July 13, 2013 § Leave a comment

ქუჩა ლექსისთვის ეძებდა საბაბს,
შენ კი გამოვლა დააგვიანე,
იმ დღეს არ გეცვა ლამაზი კაბა,
თუმცა ამინდი იყო მზიანი,

თუმცა მგზავრებიც სხვადასხვა გზებით
ვიდოდნენ, ბევრმა სურვილიც ზოგა,
შენ ტრამვაიში აგქონდა გზნება
და უნებურად ამოგყვა ზოგი.

შემდეგ ჰაერიც ნელ-ნელა გალხვა,
მოესპო დუმილის ხმაურის მიჯნა
და როგორც ტაძარს – გიცქერდა ხალხი
და მხოლოდ ერთი იწერდა პირჯვარს.

შენ კი იდექი და თმაგაშლილი,
აქრობდი ცხელი ფიქრების ლავას,
რომ სიბნელეში დამფრთხალ ბავშვივით
საკუთარ გულში გეფეთქა თავად.

და სიცოცხლეში (მიხვდი თავიდან)
ვერას იზამდი იმაზე კეთილს –
რომ იმ კაცს დარჩა შენი შარმი და
იესოს სამი პირჯვარით მეტი.

roin abuselidze – mizezi

როინ აბუსელიძე – ეს ლექსი

July 13, 2013 § Leave a comment

ეს სიცხე – მორიგი დღეების ბათმანი,
უცქერ და ვერაფერს ვერ ამჩნევ გარედან,
ზაფხული მწამს ჩვენი გრძნობებით გათბა ნინ
და ახლა ისე ვართ არ გვყოფნის პლანეტა.

სული იხუთება და უკვე რამდენი
თვე არის რაც ასე ვბერდებით შიგნიდან,
მე ისევ მიყვარხარ და ისევ ცამდე ნინ,
წყენას კი წერისას ფრჩხილივით ვიკვნიტავ.

მომბეზრდა ამდენი უაზრო ლოდინი,
უშენო დღეებიც შემძულდა საშინლად
და როცა ვიჩხუბებთ უბრალოდ მოდი ნინ,
ეს ლექსი გახსოვდეს, ეს ლექსი მაშინაც.

roin abuselidze – es leqsi

როინ აბუსელიძე – ნინოს

May 8, 2013 § Leave a comment

ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები,
რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები.

კედლის კალენდარზე ზამთრის
ფორმატია,
თეთრი სუფლიორიც მალე
მოგვაკითხავს,
შენ კი იმით ჰგავხარ ახლა
რომანტიულს,
წვეთიც რომ არ არის შენში
რომანტიკა.

სურს რომ დედამიწა ტანზე
დაგახაზოს,
ისე სადისტია ჩემი
ამბიცია,
ოცდათვრამეტი და კიდევ
სამი ხაზი,
ანუ ავად ვარ და ანუ
ამიწია –

სიცხემ, საკუთარი თავის
ემიგრანტი,
მერქვა დეკემბერიც სისხლში
მიჟონავდა,
მაგრამ გეფიცები რაც შენ
შემიყვარდი
სიცხეს გულის მხარეს აღარ
ვიზომავ და… –

რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები,
ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები.

Roin Abuselidze – Ninos

Where Am I?

You are currently browsing the როინ აბუსელიძე category at leqsebi.