გოდერძი ჩოხელი – "იის სუნთქვაზე უფრო მსუბუქი"

October 4, 2014 § Leave a comment

იის სუნთქვაზე უფრო მსუბუქი,
გათენებაზე უფრო ალალი,
წყლის დალევაზე უფრო იოლი
და უდაბნოზე უფრო მწყურვალი,
საკუთარ ბედით ანთებული მიჭირავს სული
და,
სამარისკენ მიმავალი
ბნელ გზას ვინათებ”.

Goderdzi Choxeli – Iis Suntqvaze Ufro Msubuqi
გოდერძი ჩოხელი – იის სუნთქვაზე უფრო მსუბუქი

ოთარ ჭილაძე – "გეძახდი, თითქოს ვეძახდი ყველას"

September 26, 2014 § Leave a comment

გეძახდი, თითქოს ვეძახდი ყველას,
ვიხევდი ყელს და ვიგლეჯდი ენას
თითქოს ღმერთისგან ვითხოვდი შველას
და თითქოს ღმერთიც მისმენა მაღლით.

გაგვარჩევინე ცუდი და კარგი
თეთრი და შავი, ქვენა და ზენა,
აღმა და დაღმა, ხროვა და ხალხი
ღმერთო აჩუქე ქვეყანას სმენა

Otar Chiladze – Gedzaxdi, Titqos Vedzaxdi Yvelas

ოთარ ჭილაძე – გეძახდი, თითქოს ვეძახდი ყველას

ტერენტი გრანელი – "მსურს სიკვდილამდე გიმღერო ქება"

September 20, 2014 § Leave a comment

მსურს სიკვდილამდე გიმღერო ქება
ნაზი ძლიერი და საშრიალო,
უნდა ამოვქნა გული ლექსებად
რომ მკითხველები შევაჟრიალო.

მინდა სიტყვაში გრძნობა ჩავასხა,
მინდა ელავდე ჩემში მზესავით,
რომ ყველამ შეძლოს შენი დანახვა,
რომ შეგიყვაროს ყველამ ჩემსავით.

ახლა მანქანას მივსდევ ნივთივით,
ვიცი არ ფიქრობს ჩემზე არავინ,
ამკიდებიხარ გულზე ტვირთივით
და სიმძიმე გაქვს შესაზარავი…

Terenti Graneli – Msurs Sikvdilamde Gimgero Qeba
ტერენტი გრანელი – მსურს სიკვდილამდე გიმღერო ქება

შოთა ნიშნიანიძე – "ქალმა თეთრეული გამოფინა"

September 19, 2014 § Leave a comment

ქალმა თეთრეული გამოფინა
და თოკზე სიზმარიც გადაჰკიდა,
სიზმარი შეირხა და აფოფინდა
გასვლა მოინდომა ქალაქიდან.

თითქოს დასაჭერად დაედევნენ,
უცებ პეპელასებრ აფახულდა,
როგორც უხილავმა მანეკენმა,
ტანზე გადაიცვა გაზაფხულმა.

ერთი აბლაბუდა პერანგია,
ცისარტყელასავით ტანხატულა,
ისეთი ცბიერი და ვერაგია,
შიგ ბევრის მზე გახლართულა.

ქარმა შეასრულა განზრახული
პერანგში შეძვრა და გაილურსა,
სუსტი, კაფანდარა გაზაფხული
უცებ შემოდგომად დაიყურსა.

თოკზე სიზმარია გაკიდული,
რძის და გაზაფხულის სურნელია,
ყველა ფანჯარა და ცხრაკლიტული
კვირტივით დახსნის მსურველია.

მიფრინავს პერანგი რია-რია
ფრთასავით მოქნეულ სახელოთი…
ბევრისთვის მწარე სიზმარია
და ერთ-ერთს კეთილად ახდენოდეს.

Shota Nishnianidze – Qalma Tetreuli Gamofina
შოთა ნიშნიანიძე – ქალმა თეთრეული გამოფინა

მუხრან მაჭავარიანი – "ხორცის სიმძიმე მაიძულებს დავეშვა დაბლა"

September 19, 2014 § Leave a comment

ხორცის სიმძიმე მაიძულებს
დავეშვა დაბლა.
ცაში ვიფრენდი,
რა თქმა უნდა,
იგი რომ არა.
სიტყვას ვიტყოდი,
რა თქმა უნდა,
უფრორე მძაფრად,
იგი რომ არა.

ხარ ხორციელი –
სიდიადეს ვინ დაგიჯერებს! –
სხეული შენი
შენ უღმერთოდ გაპატარავებს.
ღმერთიც რომ იყო –
სიტყვას შენსას შორს დაიჭერენ!
– პატივს გცემს ვინმე?
– გიცნობს ვინმე?
– ალბათ, არავინ!

რას წარმოიდგენს
თავისთავად შენი ცხოვრება?
– მუდამ,
ყოველდღე –
იმედების გაბედითებას!
– რა გელოდება?
– არაერთხელ ჩაიქოლები!
– კიდევ რა გელის?
– ჯვარცმა!
– მერე?
– მერე… დიდება! –
ოდეს
ხორცისგან განიტვირთები!

Muxran Machavariani – Xorcis Simdzime Maidzulebs Daveshva Dabla
მუხრან მაჭავარიანი – ხორცის სიმძიმე მაიძულებს დავეშვა დაბლა

გიორგი ზანგური – გამოცანა

September 15, 2014 § Leave a comment

ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი,
ჭერამი იცმევს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.
ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა;
მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი,
მზემ ხელისგულზე შინდი დაისვა,
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა…
_ გაზაფხულია!

Giorgi Zanguri – Gamocana
გიორგი ზანგური –  გამოცანა

გიორგი ზანგური – ლოთი ქალაქში

September 15, 2014 § Leave a comment

ბარები დაკეტს, ქალაქი ჩუმია,
ცარიელ ქუჩებში ძუნძულებს ავდარი;
კაშნეზე იაფი თამბაქოს სუნია
და ჩემი ოცნება, ღრუბლებო, მანდ არი!

სადღაც სიახლოვე დაირღვა ტანგოში,
ვიღაცამ უსიტყვოდ ვიღაცა დატოვა,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
ყველაფრით, ყველასთვის, ყველაზე მარტო ვარ.

ფილმივით აეწყო წვიმაში კადრები,
გალუმპულ ჭადართან ლამპიონს ეძინა;
არსად პოეტები, აღარსად მხატვრები…
სამყაროს მათგან ხომ ღიმილი ეწყინა.

დღეები ერთმანეთს გვანან და არ ჯერათ,
ჰაერშიც იგივე ნოემბრის სუსხია.
ყვავილებს სუნთქვა რომ თოვლის ქვეშ ჩარჩებათ,
შენს შემოსაშვებად დავტოვებ სულს ღიად.

არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში,
წვიმაში ვიცეკვოთ, ქალაქი ჩუმია,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
მარტო ვარ, იაფი თამბაქოს სუნია.

Giorgi Zanguri – Loti Qalaqshi
გიორგი ზანგური – ლოთი ქალაქში

მელანო ზუკაკიშვილი – ”სულიერი ზღვარი”

September 10, 2014 § Leave a comment

ისე მორცხვად წვიმს, თითქოს ზეცა ცრემლებს მიმალავს,
შეჩვეულ სევდას… ვერც მიმხელს და ვეღარც ინახავს.
კვალში მომყვება ყვავ-ყორანი, ცისკენ მიმავალს,
მე ღამე ასე უსასრულო, ჯერ არ მინახავს.

მოგისმენიათ?! – ალიონზე რას ყვება წვიმა…
რა საუცხოო ბგერებს ქარგავს ძირს დაცემული.
ალბათ ოდესმე ჩემი თხოვნა ღმერთამდე მივა,
როგორ არ ვუთხრა უსამართლო წლებს საყვედური.

როგორ არ ვნახო ყოველ ღამით მთვარის გოდება
და მონატრებით გაჟღენთილი ზეცის ცრემლები.
უკვე არ ვიცი ეს წამება როდის მორჩება
და უიმედო ისევ მტანჯველ ფიქრებს ვნებდები.

ან თუ გინახავთ ოკეანის შორეულ ნაპირს,
როგორ შერწყმია ვარსკვლავეთის საუფლო, ზეცა.
მე ისევ ცივი, უკუნეთი ლოდინი დამღლის,
უწინ ამ ლოდინს ”საიმედო” მანტია ეცვა.

ახლა კი ჩემი იმედების ზღვისფერი გედი,
მიცვალებული ჩაატარეს ვერცხლის კუბოთი.
ჩემი თვალებით აიწყვიტა მკათათვემ ღვედი
და დაღლილ მაჯებს არტერიებს შანთით ვუპობდი.

ვიღაცა იტყვის ჩემს ლექსებზე, სევდის ფერი აქვს,
დიახ, სევდიან სტრიქონებს, ხომ მე ვწერ სისხლისგან.
ვიღაც მიწოდებს ცხოვრებისგან დაღლილ ხეიბარს
და თუ არ მოგწონთ ჩემი ხილვა, თქვენგან მივდივარ.

რადგან მე მიყვარს სევდისფერი ლექსების ფეთქვა,
რადგან მე მიყვარს წარმართებთან ბრძოლა, ამბოხი.
სწორედ ამიტომ მივდივარ და მე ვტოვებ თქვენთან,
სიტყვებს, რომელსაც დრო იტყვის და მე ვერ ვამბობდი

გარეთ ისევ წვიმს გაიჟღინთა მიწა ცის ცრემლით,
ცრემლი კი არა ნაწამები ქრისტეს სისხლია.
ქვეყნიერების გარიჟრაჟზე გლოვობს შვილს ღმერთი
და მე კი თქვენგან ხორცით არა, სულით მივდივარ!!!

Melano Zukakishvili – Sulieri Zgvari
მელანო ზუკაკიშვილი – სულიერი ზღვარი

ტიციან ტაბიძე – დადა მანიფესტი

September 6, 2014 § Leave a comment

ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია
სპარსული რომ ჩამოაქვს ენზელიდან
შიგ ეტევა მთელი აზიის სისულელე
და ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის.
რა შეედრება, როცა ყრუ სომეხი მუცელს იცლის
ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა
თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა მოვტყან!!!…
ჩემს იქით პარიზია…
ელისეის მინდვრები…
ჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათ წმინდა ილიას ცხენებს,
პოლ კლოდელი კოცნის ჩინელი ქალის ბალღამიან ფეხს
და ტრისტან ტცარა ათამაშებს ”დადას” კუკლას.
ვზივარ მოედანში.. შეღებილი ინით თათარი
აგორებს კამათლებს (ესეც კოსმეტიკაა და თავის გასართობი)
(ამბობენ არაბები ვარსკვლავთმრიცხველობენ).
უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსები
როცა სატურიის სანაოზე გლეხებს უხსნიან ელექტროფიკაციას
როცა პრეზიდენტია მიხა ცხაკაიაა.
მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიან
ერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელი
ვის უნდა შენი ნაზი ლექსები
ორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიან
თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს.

Tician Tabidze – Dada Manifesti
ტიციან ტაბიძე – დადა მანიფესტი

მურმან ლებანიძე – "მშვენიერია! მიხარია…"

August 26, 2014 § Leave a comment

მშვენიერია!
მიხარია – ეს გზაც გაშენდა!
კლდე გაიჭრა და
უშგულისკენ
კლდეში გაჭენდა.

კალა-უშგულო!
აღარ გიჭირს უგზობით აწი!
მაგრამ მე მახსოვს,
ამობრძანდა
აქ ერთხელ კაცი –

კი, მეფისტოლა
კაცი იგი, ალბათ, დაბერდა –
ოცი წლის წინათ,
ზუსტად ოცის,
ამ გზას დაგპირდა!

მშვენიერია!
დიდებული! – ეს გზაც დამშვენდა,
კლდე გაიჭრა და
უშგულისკენ
კლდეში გაჭენდა

ოღონდ ეს მიკვირს:
მშენებლობა რატომ გაძნელდა?!
სამწუხაროა –
ოც წელიწადს
რატომ გაგრძელდა!

Murman Lebanidze – Mshvenieria! Mixaria – Es Gzac Gashenda
მურმან ლებანიძე – მშვენიერია! მიხარია – ეს გზაც გაშენდა

Where Am I?

You are currently browsing the Uncategorized category at leqsebi.