ირაკლი აბაშიძე – ცა აფხაზური

September 19, 2013 § Leave a comment

მწყუროდეს მუდამ,
როგორც მწყურია
მთების, ქედების ბროლი ნაჟური:
ქცეული სიზმრად –
დიოსკურია,
ქცეული სიზმრად –
ცა აფხაზური.

მწყუროდეს მუდამ, როგორც მესხეთი,
მწყუროდეს მუდამ, როგორც ისპირი
ჩემი ზღვისპირის ბასრი მერცხლები,
ჩემი უსაზღვრო შავი ზღვისპირი.

ზღვაზე ცახცახით
მზე დაწურული
და მისი ჩასვლა და აღსასრული. . .

მეც ამ ცახცახით, მეც ამ წყურვილით
დამეთმოს ერთხელ ცა აფხაზური.

Irakli Abashidze – Ca Afxazuri

ირაკლი აბაშიძე – ჩვენი ნანგრევები და ჩვენი სიმღერები

November 1, 2012 § Leave a comment

ჩვენი ნანგრევები მაინც ღმერთებია;
ჩვენი ნანგრევები
თან გვდევენ მუნჯად;
ჩვენი ნანგრევები აისბერგებია,
მათ ზღვაში მხოლოდ მწვერვალები უჩანთ.

ჩვენი სიმღერები ლურჯი ბინდებია,
ჩვენი სიმღერები
მაღალ მთებს ჰგვანან;
ჩვენი სიმღერები
პირამიდებია –
მათ უკან საუკუნეები დგანან..

Irakli abashidze – Chveni nangrevebi da chveni simgerebi

ირაკლი აბაშიძე – პირველი თოვლის სიმღერა

November 1, 2012 § Leave a comment

წუხელ თოვდა,
ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე…
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.

დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
თოვლი, თეთრად დასახული,
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.

ჰყვავის ასე,
და განთიადს მიხალისებს
ეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი,
ის თბილისის ხეივნებში კიპარისებს
იმერულად გამოასხამს ტყემლის ყვავილს.

დგას ბუჩქები ვერის ბაღში, შემკრთალები,
ზედ თოვლია თუ ფრიალი ფაფანაკთა?!
ანდა იქნებ ავჭალიდან თეთრ კარვებით
ადგა ჯარი და თბილისში დაბანაკდა?!

რა თოვლია!
შენობებს და ბაღში ხარდანს
ფარავს, თეთრად დასახული…
ეს პირველი თოვაც ისე გამეხარდა,
როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.

მიხარია,
ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,
წვიმაც, ქარიც, უსაქმურად დანაბერი…
ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,
მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი!.

Irakli abashidze – Pirveli tovlis simgera

ირაკლი აბაშიძე – მცხეთა

November 1, 2012 § Leave a comment

თუ ყველაფერი არის სიზმარი,
თუ ბინდის ფერი არის ყოველი,
მაშინ რატომ დგას დღეს მცხეთის ჯვარი,
რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი?

რატომ ელვარებს უძველეს ქვაში
სამთავროს სვეტი მცირე და დიდი
ან ზედ ქალაქთან შეგუბულ მტკვარში
რატომ ჩანს ისევ პომპეის ხიდი?

მე დაგანახვებ არმაზის მხარეს –
კედლებს, ნანგრევებს, მკვდარ ნაქალაქევს,
სადაც არაგვის უძლეველ მთავრებს
სძინავთ – ჩვენს ძველთა ძვალშესალაგებს.

და გაგახსენებ იმ დღეებს, როცა
მცხეთას ზღაპრული გახსნეს თაღები,
და ჩვენს წინ, როგორც მეორედ მოსვლა,
აღსდგნენ არმაზის სარკოფაგები.

ჩვენ აღტაცებით დავცქერით განძებს,
აკლდამის ქვებში მარჯვედ ჩასმულებს:
საოცარ თვლებით მოჭედილ თასებს,
საოცარ თვლებით ნაჭედ სასმურებს,

სურებს, გვირგვინებს, ლარნაკებს, ხონჩებს,
კვლავ ცოცხლობს რაღაც უცნობ წამალით…
(თუმცა ამაოდ ვეძებდით ჩონჩხებს –
ქვებში არ ჩანდა ძვლის ნატამალიც)

და მე ვფიცავდი თავსა და სინდისს,
ამ უცხოდ ნაჭედ განძის მპოვნელი,
რომ ყველაფერი არ არის ბინდი,
რომ არც სიზმარი არის ყოველი.

რომ იქნებ მათაც,
მიწიდან ახლა
ამ ძვირფას თვლებით რომ შემოგვხედეს,
სიზმრად მიაჩნდათ ყოველი ქვეყნად,
ამ უკვდავ განძის ძველ შემოქმედებს.

ჩვენ კი დღეს სწორედ,
ჩვენ კი დღეს სწორედ,
ათას წელს ქვებში მოწმედ დებულებს,
ათას წლის შემდეგ მაღლა ვწევთ სურებს,
სასმურებს, მათგან მოწოდებულებს.

არა, არ წაგყვეს,
არ წაგყვეს ჯავრი, –
თუ ბინდის ფერი არის ყოველი,
რატომ დგას, რატომ, დღეს მცხეთის ჯვარი,
რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი!.

Irakli abashidze – Mcxeta

ირაკლი აბაშიძე – მე ველი სიზმარს

November 1, 2012 § Leave a comment

ჯერ კიდევ სისხლი
დუღს ძალ-ღონეში,
ღმერთს კი ღმერთს თვისი
აქვს განაჩენი –
მე ველი სიზმარს,
სიზმარს, რომელშიც
კარს მომადგება ბრმა მამაჩემი.

კვალვ იმ ჩექმებში,
კვლავ იმ ჩოხაში,
მამა ტანადი, მამა თვალადი;
მამა,რომელსაც ჩემს ბავშვობაში
მე ნათელ ცისქვეშ გზას ვუკვალავდი.

იმ ძველ ალერსით,
იმ ძველ ყავარჯნით,
იმ ძველ საუბრით,
ძველ შეკითხვებით…
მეტყვის: დამიდექ ისევ მკვლავმარჯვნით,
დღეს ამ ბნელ გზებში მე შეგიძღვები..

Irakli abashidze – Me veli sizmars

ირაკლი აბაშიძე – მამა

November 1, 2012 § Leave a comment

თუ იმერეთში სინათლით სავსე
გინახავთ ჩვენი პატარა თემი
და უსინათლო ვაჟკაცი გახსოვთ-
მშობელი მამა ის იყო ჩემი.

მას ერთხელ გაჰკრა სიკვდილმა გვერდი
და თვალში მოხვდა რჯულძაღლის ცელი,
და მერე ჩამქრალ თვალების სევდით
ოდაში იჯდა თხუთმეტი წელი.

ხან თემშარაზეც ფრთხილად და ჩუმად
გამოჩნდებოდა ჩალისფერ ჩოხით
და სიცოცხლის და სიკვდილის შუა
გზას მიიკვლევდა ბამბუკის ჯოხით.

და მოკვდა ისე, რომ მას სიკვდილი,
არ დაუნახავს – გამხმარი ძვალი
და მოკვდა ისე, რომ ტკბილზე ტკბილიც
არ დაუნახავს ქვეყანა თვალით;

არ ჩარჩენია ჯავრად მშვენება
ლურჯი ველების, ლურჯი ქედების…
მე კი, მე იმ დროს რა მეშველება,
ორივე თვალში რომ ვიხედები..

Irakli abashidze – Mama

ირაკლი აბაშიძე – დაგვტოვეთ მარტო

November 1, 2012 § Leave a comment

დაგვტოვეთ მარტო!..
მე დღეს ხმაც და სიმიც დამაცვდა,
იმ საზღვრის ხაზთან,
იმ შავ ხაზთან
დღეს მეც შევჩერდი.
დაგტოვეთ მარტო-
ერთი სიტყვაც
მაქვს ქვეყანასთან,
დაგვტოვეთ მარტო
ახლა მე და ეს მზისქვეშეთი.

მე ცამდე სავსე
ათას დრამით, ათას ქარიშხლით,
ყველა ქარიშხლის
ყველა დრამის
სუნთქვით მცნობელი…
ერთი რამ სიტყვაც,
ერთიც დამრჩა
მე ანგარიში-
დაგვტოვეთ მარტო
მე და ჩვენი წუთისოფელი.

მე მისი ჯიში,
სისხლი მისი
და მისიანი,
მე ხმა შენდობის
ხმა იმედის
ხმა დამშვიდების;
ქება-დიდებით მე ვავსებდი
ამ დიდ მზიანეთს,
სხვა რამ არ მითქვამს
გარდა
ქება-დიდების.

ახლა დავკეცოთ,
ახლა დავდოთ,
ახლა დავხუროთ
რაც რამ დამთავრდა,
რაც რამ გაქრა,
რაც რამ დანაცრდა…
უშუამავლოდ, უმსაჯულოდ, უმეთვალყუროდ
დამტოვეთ მარტო
მე ამ დღესთან, ამ ქვეყანასთან..

Irakli abashidze – Dagvtovet marto

ირაკლი აბაშიძე – ბევრი ამქვეყნად

November 1, 2012 § Leave a comment

ბევრი ამქვეყნად
ერთ თბილ დღეს ნატრობს.
ბევრს თოვლიც არ წვავს,
გულით რომ სურდეს.
მე კი სხვა მიცის რა უნდა მშურდეს
სამშობლო ჩემო, შენს შვილს და პატრონს

ცხელ ინდოეთის ვიყავ სტუმარი,
სულით შევეწყვე, გულით გავენდე,
მიწას არ ჰქონდა რამ საწუნარი
ოკეანიდან ოკეანემდე.

რის დაწუნება, რა დაწუნება
ისიც შენგვარად არის ზღაპარი.
მაგრამ შენ არ ხარ მარტო ბუნება,
მაგრამ შენ არ ხარ მარტო მთა-ბარი.


სუნთქვა ხარ, სუნთქვა, გულის ფანცქალი,
ლხინის აფრენა, ჭირის მოთმენა,
მაგრამ მცირე ხარ,
შენ გენაცვალე,
სულ პატარა ხარ, გულისოდენა.

არ გასწვდომიხარ მერიდიანებს,
ამ დედამიწის სიგრძე-განედებს,
შენი ფოთოლი არ მიფრიალებს.

Irakli abashidze – Bevri amqveynad

ირაკლი აბაშიძე – ცა აფხაზური

October 22, 2012 § Leave a comment

მწყუროდეს მუდამ,
როგორც მწყურია
მთების, ქედების ბროლი ნაჟური:
ქცეული სიზმრად –
დიოსკურია,
ქცეული სიზმრად –
ცა აფხაზური.
მწყუროდეს მუდამ, როგორც მესხეთი,
მწყუროდეს მუდამ, როგორც ისპირი
ჩემი ზღვისპირის ბასრი მერცხლები,
ჩემი უსაზღვრო შავი ზღვისპირი.
ზღვაზე ცახცახით
მზე დაწურული
და მისი ჩასვლა და აღსასრული. . .
მეც ამ ცახცახით, მეც ამ წყურვილით
დამეთმოს ერთხელ ცა აფხაზური.
Irakli Abashidze – Ca Afxazuri

ირაკლი აბაშიძე – ჰიმნი ტრადიციული

October 22, 2012 § Leave a comment

შენ ხარ წარსული. . .
მაგრამ არასდროს
მხოლოდ ნამყო და მხოლოდ წარსული,
სუნთქვას განაგრძობს,
ბრწყინვას განაგრძობს
შენი საუნჯე და საგანძური.

შენ ხარ სიცოცხლე,
რადგან გაუძელ
ათას ჭირსა და ხმლით გაციებას;
ათას გაქრობას დღესასწაულზე
ხარ მარად უქრობ ცეცხლის ძიება.

შენ ხარ ძიება
მარად მაღალის,
მარად კეთილის, მარად მართალის,
შენ ხარ ძიება
ჯერ უნახავის,
ჯერ უდაბურის, ჯერ უმართავის.

შენ ხარ ძიება, დაუდეგარი,
მხოლოდ მომავლის,
მხოლოდ ახალის,
სწორედ ეგ არის
სწორედ ეგ არის
სწორედ აქ არის,
სწორედ აქ არის!

შენ ხარ მარჯვენა, მარად მფეთქავი,
შენ ხარ სანთელი დაუქრობელი,
შენ ხარ სიმკვრივე გაუკვეთავი,
შენ ხარ სიმაღლე დაუპყრობელი.

ხარ გაქანება, ხარ წინმსვლელობა,
ხარ ცად ასროლა ადათ-წესების,
როგორც სხივები უსასრულობას –
ათასწლებს გაჰყვეს შენი ფესვები.

Irakli Abashidze – Himni Tradiciuli

Where Am I?

You are currently browsing the ირაკლი აბაშიძე category at leqsebi.