ზვიად რატიანი – "როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე"

October 4, 2014 § Leave a comment

როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე
ისეთი სინაზით მხარზე დაგეყრდნობი
და გეტყვი _
სისხლნარევ ცრემლის შეკავებით
მე შენთან მოვედი და ახლა ვიხსენებ
თუ როგორ მიხმობდნენ მე შენი მკლავები
და შენი ტუჩების უძირო სიცხელე
თუ როგორ გეძებდი დაორთქლილ მინებზე
და შენი სურვილით
თუ როგორ ავივსე

Zviad Ratiani – Rogorc Fifqebi Sxdebian Totebze
ზვიად რატიანი – როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე

ზვიად რატიანი – "ესეც თქვენი უკეთესი მომავალი"

September 14, 2014 § Leave a comment

ესეც თქვენი უკეთესი მომავალი.
ზუსტად ისეთი, როგორიც გვთხოვეთ.
მცირედი დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ გაგვიგეთ:
მოთხოვნილება მაღალია, ყველა გვაჩქარებს.
ეს მოხმარების წესებია. გადაიკითხეთ.
საგარანტიო ფურცლის ასლი თქვენთან რჩება.
აქ ხელს მოაწერთ.
თითქოს მართლაც ისეთი ჩანს, როგორიც ვთხოვეთ,
მაგრამ მაინც ეჭვიანად ვათვალიერებთ.
შენ ქალი ხარ – მოხმარების ბუნდოვანი წესები გაფრთხობს,
მე – საგარანტიო ვადების სიმცირე.
შენ ქალი ხარ – ფანჯრებს აღებ
და მომავლის თვალისმომჭრელ შუქში ლივლივებ,
მე კი ჯერაც კართან ვდგავარ
და კურიერს დაბნეული ვართმევ ფურცელს,
ერთხანს უაზროდ ვაკვირდები, ვითომ ვკითხულობ,
და ხელს ვაწერ მითითებულ სვეტში:
მ ა პ ა ტ ი ე თ.
Zviad Ratiani – Esec Tqveni Uketesi Momavali
ზვიად რატიანი – ესეც თქვენი უკეთესი მომავალი

ზვიად რატიანი – "ნუ შეიყვარებ ქვეყანას"

September 6, 2014 § Leave a comment

ნუ შეიყვარებ ქვეყანას: შეიძლება რუკიდან გაქრეს.
მითუფრო ქალაქს: აღენიშნება ჩუმი ლტოლვა ნანგრევებისკენ.

ნუ დაიჭერ საქმეს ხალხთან: ადვილად კვდებიან.
ან უარესი: განსაცდელში ჩავარდნილნი, შველას ითხოვენ.

არ შეინახო სუვენირები. შეიძლება შენი უჯრიდან
ისეთი კვამლი ამოიჭრას, კიდეც დაგახრჩოს.

არანაკლებ მავნებელია ბავშვობის ტბაში დიდხანს ყურება:
ლემნების აპკი შენს ანარეკლს დაამახინჯებს.

შეგიძლია ყველაფერი დააბრალო, რასაც ისურვებ.
დუმილი – მხოლოდ ეს იქნება მათი პასუხი.

ღამის წყვდიადში მოცურავენ ცარიელი სახეები გარდაცვლილების.
შეგიძლია შეურჩიო ის იერი, რომელიც გაწყობს

Zviad Ratiani – Nu Sheiyvareb Qveyanas: Sheidzleba Rukidan Gaqres
ზვიად რატიანი – ნუ შეიყვარებ ქვეყანას: შეიძლება რუკიდან გაქრეს

ზვიად რატიანი – "წერე, რასაც არავინ დაგიჯერებს"

September 3, 2014 § Leave a comment

წერე, რასაც არავინ დაგიჯერებს,
ვითომც არაფერი, წერე
მოჩვენებებზე, რომელთა არსებობას
ვერც შენ ირწმუნებდი, მაგრამ…
წერე, რასაც არავინ გაპატიებს
მანდ არა!
ქვემოთ, ფურცელზე წერე,
რომ შენ თვითონ ხარ საკუთარი თავის სამშობლო
და რომ წმინდააა შენი გული.
წერე, რის გამოც დაგცინებენ
ნუ დაუცდი შთაგონებას, თამამად წერე
ყოველდღიურ უსამართლო დამცირებებზე
და პირჯვარ-აყრილ
შენს რწმენაზე
… კიდე რა?
წერე სიყვარულზეც
და თქვი, რომ ჩაწვი საიდუმლოს
რომ ლექსები
იწერება
სიყვარულმადე
და იკითხება
სიყვარულის შემდეგ.

Zviad Ratiani – Were, Rasac Aravin Dagijerebs
ზვიად რატიანი – წერე, რასაც არავინ დაგიჯერებს

ზვიად რატიანი – დროა, დავისაჯო მეც

May 11, 2014 § Leave a comment

დროა, დავისაჯო მეც.
თუნდაც შენს გამო.
როგორ გაგაღვიძე.

შენ ცხოვრობდი სიზმარში,
სიზმარი იყო კოშმარული.
იქ ყველას კლავდნენ,
სიკვდილი გდევნიდა შენც.

და შენ გარბოდი,
გზას მიიკვლევდი მკვდრეში.
თავზე გენგრეოდა სამყარო.
მე კი გაგაღვიძე.

და შენ შეგაძრწუნა შეუჩვეველმა სიმშვიდემ,
დილის ოთახმა, თეთრმა კედლებმა,
ჩემმა ღიმილმა.

ვერ დაიჯერე ცხადი,
ვეღარც ძილი შეიბრუნე
და მოკვდი –

მოკვდი ისე სწრაფად,
საეჭვოა, რომ მოგესწრო ჩემი შეძულება.
ისე მოკვდი, ალბათ გიყვარდი.

იყო სხვა ციდვებიც. უფრო მძიმე. უფრო მსუბუქი.
მძიმეები, რომლებიც არ მახსოვს.
მსუბუქები, რომლებსაც ვმალავ.

და ალბათ დროა, დავისაჯო მეც.

დროა, დავისაჯო მკაცრად.

დროა, გამაღვიძონ მეც.

Zviad Ratiani – Droa, Davisajo Mec
ზვიად რატიანი – დროა, დავისაჯო მეც

ზვიად რატიანი – დაგვიანებული პასუხი მეგობარს

May 11, 2014 § Leave a comment

რა გიპასუხო? განა ღმერთი ასეთებს გვხედავს.
განა ის ხედავს ჩვენს ქმნილებებს, სიმწრით ნაკეთებს.
ამ ნაგებობებს, ამ მანქანებს, რომლებშიც ვსხედვართ.
ამ თვითმფრინავებს, მატარებლებს, გემებს, რაკეტებს.
განა ის ხედავს ჩვენს სავარძლებს, ტელევიზორებს
და ჩვენს კედლებზე მოწიკწიკე იაფ საათებს.
სარკეებს, სადაც გამრუდებულ სახეს ვისწორებთ.
საწოლებს, სადაც უკანასკნელ ღამეს გავათევთ.

ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ქაღალდებს; როგორც ფასიანს _
ფულის ნიშნებს და ასე შემდეგ, ისე სავსებით
უსარგებლოებს _ ხელნაწერებს, რითიც სავსეა
ჩვენი უჯრები, და უჯრები ჩვენი მსგავსების.
ვერ ხედავს არყით გადავსებულ ერთჯერად ჭიქებს.
ვერც ბნელ ტროტუარს, ნამთვრალევი სადაც ვირწევით.
ვერც თაროებზე უწესრიგოდ მიწყობილ წიგნებს.
ვერც ჩვენს სახელებს, ზოგიერთის ყდაზე მიწერილს.

ღმერთისთვის ისევ შიშვლები ვართ. და ჩვენს გარშემო
როგორიც შექმნა, ისეთია ისევ სამყარო.
რამდენიც გინდა ცათამბჯენი, ქოხი ვაშენოთ,
უშენ მინდვრებზე ამწეების ჩრდილი დავხაროთ,
მისთვის არსებობს მხოლოდ მიწა, რომელსაც ქარი
გვის და ამტვერებს; და რომელშიც შიშვლად ვმარხივართ.
და მას არ ესმის ტელეფონის გაბმული ზარი
ცარიელ სახლში. და ვერც ხედავს, თუ აქ სახლია.

Zviad Ratiani – Dagvianebuli Pasuxi Megobars

ზვიად რატიანი – ცხოვრება ქვებში

May 11, 2014 § Leave a comment

გასაგებია ყველაფერი.
მეც სწორედ მსგავსი სიბრძნეებით ვისულელებდი
ჩემს გულს, მაგრამ გაიწელა –

ეს ჟამი ქვების შეგროვების – სწორად ვამბობ? – ჰოდა ეს ჟამი
უსაშველოდ, სამარცხვინოდ გაიწელა:
შეგროვილია ყველა ლოდი და ყველა კენჭი,
უზარმაზარი გალავანი ამოშენდა
ჩემს გარშემო,
და იმსიმაღლე –
გინდაც მოვიდეს ჟამი სროლის,
ალბათ ყველაზე მსუბუქ კენჭსაც ვერ გადავაცდენ,
ვერ გადავაგდებ გალავნის მიღმა.

განძრევისაც კი მეშინია – შეიძლება ჩამოიშალონ
ეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვები
და მომსრისონ. ვზივარ უძრავად

და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ;
ზოგიერთი მიყვარდება,
მაგრამ ვერ ვუმხელ.

Zviad Ratiani – Cxovreba Qvebshi

ზვიად რატიანი –

May 11, 2014 § Leave a comment

რა მყუდრო იქნებოდა შენი ცარიელი სახლი
რა ადვილი იქნებოდა შენი სიმარტოვე
რომ არა ეს თაგვი:
გამოხტება ხოლმე
რით’არ და რამდენჯერ’არ ამოქოლილი სოროდან
გასრიალდება ხის იატაკზე
და ძვრება ძველი კარადის უკან.

როგორ აკლია ასეთ დროს მთელ სახლს
ქალის უეცარი
მოკლე შეკივლება.

Zviad Ratiani – Ra Myudro Iqneboda Sheni Carieli Saxli

ზვიად რატიანი – "ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. მითუფრო – ღამით"

May 11, 2014 § Leave a comment

ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. მითუფრო – ღამით.
მითუფრო – როცა სხვაგანაა. სხვაგან და მარტო.
როცა ვერავინ ანუგეშებს სიტყვით ან წამლით.
გდია სასტუმროს ბნელ ნომერში. საბანი, პალტო,
თუკი რამ იყო, წაიფარა. მაინც აციებს.
და ბოთლშიც წყალი ცოტავდება, საცაა, დაცლის.
ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. თანაც კაცია.
კაცი ასეთ დროს გაცილებით სუსტია. კაცი
გაცილებით ძნელად უძლებს ფიზიკურ ამბებს,
როცა მარტოა. როცა გვერდით არ არის იგი,
– დედა, და, ცოლი, საყვარელი, – რომელიც დარბის
ცალ ხელში წამლით, მეორეში – წყლიანი ჭიქით.
და სულ გახსოვდეს ის სიმწარე, როგორ იმატა
სიკვდილის შიშმა. აქ სიკვდილის. უკვე ხედავდი,
რა საწყლად ეგდო თეთრ ზეწარზე შენი ცხედარი;
და როგორ შეგრცხვა ამ ყველაფრის, როცა ინათა

Zviad Ratiani – Nu Gaxdi Avad, Vinc Martoa, Mitufro – Gamit
ზვიად რატიანი – ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. მითუფრო – ღამით

ზვიად რატიანი – "რომ ასე სუსტი და ასე უძლური"

April 3, 2014 § Leave a comment

…რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ.

Zviad Ratiani – Rom Ase Susti Da Ase Udzluri

Where Am I?

You are currently browsing the ზვიად რატიანი category at leqsebi.