მარიამ მელიქიშვილი – ოღონდ

November 17, 2013 § Leave a comment

და მემუქრება ზეცა, ელვას წვეთებად მაყრის,
ქვაფენილს რეცხავს წვიმა, უმიზეზობით აყრილს…

და თქეში თმებში ჩამდის, ღრუბლებს დავიტევ თმებში,
ოღონდ ვცხოვრობდე სოფლად (მიმო)დაკარგულ მთებში.

ოღონდ შენი ხმა მქონდეს, შავ მიწას მივცემ სხეულს!
სულ არ დავეძებ ტკივილს, ეკალზე შემოხეულს…

ოღონდ შენ მყავდე წყაროდ, შენით ვიკლავდე წყურვილს,
აღარ გავახმობ ფერებს, ვაებითა და ურვით…

ოღონდ მე ვიყო შენში, შენ ხომ სულ ჩემში სახლობ.
ასე გავცდები მიწას, ვიქნები მზესთან ახლოს…

ოღონდ შენს ხელზე მედოს ჩემი დაღლილი ხელი,
მერე თუნდ გვალვა იყოს, თუნდა ადიდდეს ხევი.

ოღონდ შენს სურნელს ქარი, თან მიტარებდეს ახლო,
მერე თუნდ ზვავმა ლეწოს ის, ჩემი სამოსახლო…

ოღონდ ფიქრებში მყავდე, თვალდახუჭული შეგხვდე,
არ დავიდარდებ ჩემს თავს, ხეზე ფოთლად რომ შევხმე…

აქ სამყაროში მზეა, სხივები გრადაციის,
ფურცელზე მინდა ვწერო – სურნელი აკაციის.

აქ გაიბადრა მთვარე, ისევ გადავშლი შელლის…
მე შენზე ფიქრი მიყვარს, მე შენზე ფიქრი მშველის…

mariam melikishvili – ogond

მარიამ მელიქიშვილი – დგანან უცხო დღეები

June 5, 2013 § 2 Comments

დგანან უცხო დღეები,
შენი მწიფე ქარიზმა.
ვარდი მონაღერები
მოიძულა მაისმა…

რადგან ჩემი სიტყვები
შენგან ისე შორია,
მდუმარებამ დაფარა
მთელი ტერიტორია.

რადგან ჩემგან წასული
ფიქრით მომეხიზნები.
დაგავიწყდა წარსული,
დოგმა, კატეხიზმები.

დააბიჯებს მიწაზე
ასეთი ათასები,
გამორჩეულს უყვარდი,
შენ კი ვერ აფასებდი…

ფიქრი ჩემი, ტოტიდან
აფრენილი გნოლია,
დგანან უცხო დღეები,
მწიფე მელანქოლია…

mariam meliqishvili-dganan ucxo dgeebi

Where Am I?

You are currently browsing the მარიამ მელიქიშვილი category at leqsebi.