მიხეილ ქვლივიძე – ტატოს ვედრება

July 10, 2014 § Leave a comment

გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე და სიცოცხლით
ხელმეორედ გამაოცე!
გამაოცე,
გამაკვირვე,
განმაცვიფრე,
გამახარე,
გამამრავლე,
გამავრცელე
და ამქვეყნად დამამყარე!..
სანამ პირში სული მედგა
და მწყალობდა მაღლით ღმერთი,
სულ რაღაცას მოველოდი,
სულ რაღაცას ვაპირებდი;
სულ იმედის გუთანს ვები, —
რომ დამეხსნა ჩემი მხარე,
მაგრამ ჩემი ჭირნახულით
ვერ იქნა და ვერ ვიხარე!
და ამიტომ გევედრები:
გამაცოცხლე,
გამაცოცხლე,
გამაცოცხლე და სიცოცხლით
კიდევ ერთხელ გამაოცე!
გამაოცე,
გამამრავლე,
გამაასე-და-ათასე…
ცოცხალს თუ ვერ მომიარე,
მკვდარი მაინც დამაფასე!

Mixeil Qvlividze – Tatos Vedreba

მიხეილ ქვლივიძე – "იყო არაბეთს…"

July 10, 2014 § Leave a comment

„იყო არაბეთს“… არაბეთს
არა ყოფილა არავინ!
საქართველოში იმხანად
ხელმწიფედ გვყავდა თამარი,
მგოსანიც გვყავდა — პირველი
წარჩინებულთა სიაში,
მაგრამ ეს კაცი რატომღაც
ცხოვრობდა… პალესტინაში!

„იყო არაბეთს“… ო, ღმერთო!
რისთვის დასჭირდა ქარაგმა?
ვეფხვივით აულაგმავი,
ნეტავ რა ძალამ ალაგმა
და საქართველოს მაგიერ
(ისეთი რა შეეფეთა?)
რამ ათქმევინა ქართველ კაცს:
„ინდოეთს შვიდთა მეფეთა“?!

რამ წაიყვანა უცხოეთს?
ვინ აუბნია გზა-კვალი?
ისეთი მტერი ვინ ჰყავდა
ულმობელი და მზაკვარი,
რომ კაცი, ცამდე მართალი
ღვთისა და ერის წინაშე,
გადააგდეს და დაკარგეს
შორეულ პალესტინაში?!

„იყო არაბეთს“… არაბეთს
არა ყოფილა არავინ:
საქართველოში იმხანად
მეფობდა დ ი დ ი თ ა მ ა რ ი!

Mixeil Qvlividze – Iyo Arabets

მიხეილ ქვლივიძე – თბილისური ბალადა

July 10, 2014 § Leave a comment

ათასხუთასი წელია,
შენს ალაყაფთან ვდგავარ.
კაცი ვარ თუ ნარიყალა,
თუ რიყის თეთრი ქვა ვარ?

ქარი მცემს, წვიმა მასველებს,
ვდგავარ დღისით და ღამით…
რაც უნდა მოხდეს, აქედან
ფეხს არ მოვიცვლი წამით!

ფეხს არ მოვიცვლი, არ წავალ,
ვერც მოვისვენებ ვერსად…
მოვკვდები, აქვე დავრჩები
ჩანგზე დასამღერ ლექსად!

Mixeil Qvlividze – Tbilisuri Balada

მიხეილ ქვლივიძე – ყვავები

July 10, 2014 § Leave a comment

ვარდს საამური ასდის სურნელი,
ანწლი უბრალოდ ყარს…
საკვირველია, მაგრამ რუსები
ფრინველად თვლიან ყვავს!

რა ფრინველია, გეთაყვათ, ყვავი,
ვერ გამიგია მე?
გარედან შავი, შიგნიდან შავი,
ყიამყრალი და მჭლე!

ზამთარ და ზაფხულ, თოვლსა და ყამირს
(აქ არ-რა არის სხვა!)
თავს დასჩხავიან გუნდები ყვავის:
“ყვა-ა, ყვა-ა, ყვა-ა!”

ა,ბობენ, ყვავი სამას წელს ცოცხლობს.
აბა, საქმეა ეს:
გარდასულ დროთა ყვავების ქორო
თავს დამჩხაოდეს დღეს?!

Mixeil Qvlividze – Yvavebi

მიხეილ ქვლივიძე – ცოლს

July 10, 2014 § Leave a comment

ჩემზე კარგო და ჩემზე ჭკვიანო –
შენ შეგიძლია იეჭვიანო:
მე გაძლევ ამის საკმაო საბაბს
მეოცნებე და სახით ვნებულო,
ასე უზომოდ და ასე ხარბად
მთელ ქვეყანაზე შეყვარებულო!

Mixeil Qvlividze – Cols

მიხეილ ქვლივიძე – 9 აპრილი, 1989 წელი

July 10, 2014 § Leave a comment

დღეს ქართველებს არა გვჯერა აღარც ერთი ქადაგის,
გადათელა ტანკმა ნერგი ახალშობილ “გარდაქმნის”.
დაეკარგა ფასი ყველა მიმართვას და “უკაზებს”
და თბილისი – საფლავია საბჭოეთის რუკაზე.

აქ უღმერთოდ დაჩეხილნი ბარითა და კეტებით,
წვანან ჩვენი მოშიმშილე შვილები და დედები,
აქ ი მ ე დ ი განისვენებს, აქ – გ ო დ ე ბ ი ს სახლია,
მაგრამ აქვე საქართველოს მ ო თ მ ი ნ ე ბ ა ც მარხია!

Mixeil Qvlividze – 9 Aprili, 1989 Weli

მიხეილ ქვლივიძე – "სხვა საქართველო სად არი?"

July 10, 2014 § Leave a comment

სხვა საქართველო სად არი,
სხვა ეგვიპტეც, სხვა განაც…
შენ სახლი თქვი, თორემ საფლავს
გაგვითხრიან სხვაგანაც!

Mixeil Qvlividze – Sxva Saqartvelo Sad Aris?

მიხეილ ქვლივიძე – ჩემს საბჭოთა ხელისუფალს

July 10, 2014 § Leave a comment

შენ მომიწოდებ, სადღაც წამოგყვე
და თაყვანი ვცე ახალ სალოცავს,
მე კი არა მწამს შენი სამოთხე
და არ ვაპირებ ღმერთის გამოცვლას.

შენ საზეიმოდ მპირდები ამინდს,
საყოველთაოს და თან საჩემოს
და შენი კერპი მელოტი თავი
გსურს ამომავალ მზედ მომაჩვენო…

რამდენიც გინდა ხარჯე სიტყვები,
ვერ გასჭრის შენი ფიცი-მტკიცება:
მე ისევ იმ ჩემ ბილიკს მივყვები,
შარაგზაზე რომ არ გაიცვლება,

მე ისევ ჩემი მომწონს ხატები,
ავის და კარგის ვიცი გარჩევა…
თუ მაიძულებ, ტყვედ ჩაგბარდები,
მაგრამ რას მოგცემს ეს გამარჯვება?

ვერც გიერთგულებ, ვერც გემონები,
შენთან ვიქნები და არც ვიქნები…
თუ ხელსაყრელი დადგა მომენტი,
ზურგს შეგაქცევ და გადაგიდგები!

Mixeil Qvlividze – Chems Sabchota Xelisufals

მიხეილ ქვლივიძე – სამოქალაქო ომი

July 10, 2014 § Leave a comment

ნუ ვეძებთ მკვლელებს საქართველოს ფარგლების გარეთ,
რადგან ქართველებს ქართველები თვითონვე ჰკლავენ!
ნუ ვეძებთ სხვაგან ავაზაკებს და ქურდბაცაცებს
რადგან ქართველებს ქართველები თვითონ ძარცვავენ!
გადაგვარების ჩვენის მიზეზს ნუ ვეძებთ სხვაგან,
დამნაშავენი ყველაფერში ჩვენა ვართ რადგან,
და სჯობს სარკეში ჩავიხედოთ და ყველამ ერთად
პასუხი ჩვენი წახდენისთვის მოვთხოვოთ ჩვენ თავს!..

Mixeil Qvlividze – Samoqalaqo Omi

მიხეილ ქვლივიძე – პოეზია

July 10, 2014 § Leave a comment

თუ გიცდიათ მდინარეში ჩანგლით თევზის ჭერა?
სულ უბრალო საქმე არი: ზიხარ… უცდი… გჯერა…
ასეთია ჩვენი საქმეც,
ანუ ლექსის წერა:
კალმით ხელში მაგიდასთან
ზიხარ. უცდი. გჯერა.

Mixeil Qvlividze – Poezia

Where Am I?

You are currently browsing the მიხეილ ქვლივიძე category at leqsebi.