მუხრან მაჭავარიანი – "ვიცი: შენ, ალბათ, ახლა მჭადის ცხობაში ხარ და…"

November 15, 2014 § Leave a comment

ვიცი: შენ, ალბათ, ახლა მჭადის ცხობაში ხარ და
გესმის წყვეტილი ყმული მგლის, ზუზუნი ქართა.
ძვლებამდე ჰყინავს,- არის ზამთრის ღამე ქათქათა.
კრუტუნებს ცეცხლთან წამომჯდარი მცივანა კატა
და ოხრავს,
ოხრავს
შეჭირხლული ვერხვი ჭიშკართან.

ნედლი საკეცით უტრიალებ მხურვალე კეცებს.
საკეცე ხელში გიჭირავს და საკეცეს ეძებ.

ღონდები, რადგან თქვა ვიღაცა დროულმა გლეხმა:-
მოსალოდნელი არიო ლეღმა!

მთელი ქალაქი მისცემია აქ ჩემს ძაგებას,
გამაბოროტეს, როგორც სოფლის მთვარე ძაღლებმა.

შენც ყოველ თვეში გიზიდავენ მარღნი ცხელ ჭორებს,
თითქოს მე, შენი ვაჟიშვილი, უზომოდ ვლოთობ…
არ დამიღონდე,- ყოველივეს გამოვასწორებ,-
ვინც ვეტრფი ქვეყნად
მზეს წითელსა
და მწვანე ფოთოლს.

Muxran Machavariani – Vici: Shen, Albat, Axla Mchadis Cxobashi Xar Da
მუხრან მაჭავარიანი – ვიცი: შენ, ალბათ, ახლა მჭადის ცხოვაში ხარ და

მუხრან მაჭავარიანი – არა!

November 15, 2014 § Leave a comment

ტყუილა კი არ ატყორცნილან ამხელა ხენი!
თავ-პირს ტყუილა კი არ იმტვრევს ქვებზე ყვირილა!
ანდა, საწნახელს უტკბილესი ქვიშხურის წვენი.
ტყუილა კი არ წასკდომია სისხლად ცხვირიდან!

არა!
მე ამან საუკუნოდ აღმაფრთოვანა…
არგვეთის სივრცემ ჩამაწურა სულში ფირუზი…
გული სოფლიდან წამოვიღე სწორუპოვარი
და ძმაკაცივით გადავკოცნე დილა თბილისის.

არა!
ტყუილა არ ჰყიოდა მამალი თურმე!
ვაშლებში თურმე თენდებოდა ტყუილა როდი!
ჭრიალ-ჭრიალიც არ გაჰქონდა ტყუილა ურმებს!
არც ყვირილაზე ქანაობდა ტყუილა ბონდი!

არა!
მე ამან საუკუნოდ აღმაფრთოვანა…
არგვეთის სივრცემ ჩამაწურა სულში ფირუზი…
გული სოფლიდან წამოვიღე სწორუპოვარი
და ძმაკაცივით გადავკოცნე დილა თბილისის.

Muxran Machavariani – Ara!
მუხრან მაჭავარიანი – არა!

მუხრან მაჭავარიანი – სიხარული

November 15, 2014 § Leave a comment

დილის ცვარი ქალაკოდას
შერჩენია ქარვასავით.
სიმინდების გასაფარსად
მოშრიალებს ქარ-ვარსამი.

ჩინებულად შეუნახავს
მოკურდღლავე ყანა გლედიჩს,
ქარქვეტებში გარბის ქარი
ულვაშების წინაგლეჯით…

სიხარულმა აღმიტაცა,
მომანდომა თამაშობა,
სიხარულმა გამაბრუა
და ეს ლექსიც ამან შობა…

ზღვას გავაპობ, როგორც მოსე,
არ მჭირდება მისი კვერთხი,
მარგალიტი ჰყრია მოლზე, –
ზღვის არა ჰგავს, მე შენ გეტყვი?!

ჩუ! მაცვალმა სიმინდისამ
დაიძახა უცებ: – ჭიტა!
დაიძახა და ამოძვრა
მოყვითალო ფუჩეჩიდან…

სიხარულმა აღმიტაცა,
მომანდომა თამაშობა,
სიხარულმა გამაბრუა
და ეს ლექსიც ამან შობა!

Muxran Machavariani – Sixaruli
მუხრან მაჭავარიანი – სიხარული

მუხრან მაჭავარიანი – ნაცნობი მთვარე

November 15, 2014 § Leave a comment

იგი სახლიდან გამოდის ახლა.
ამხანაგები უცდიან გარეთ.
კვლავინდებურად ელვარებს მაღლა
დედაქალაქის ქათქათა მთვარე.

სიცოცხლით სავსე გუგუნებს ქუჩა.
გოგონას სახეს უმშვენებს კდემა.
ტურფად უბრწყინავს თვალები ლურჯი,
მოდის ტრამვაი – ნომერი – 5.
ადის ტრამვაის კიბეზე მარდად.
ისწორებს ხელით ქათიბის კალთას
და
ფანჯარასთან ჯდება.

ტრამვაი მიდის…
განიერ გზაზე
ერთმანეთს სცვლიან ჭადრები, ხალხი.
მარტოდენ მთვარე,
თეთრონი მთვარე –
მისდევს ტრამვაი უცვლელი სახით.

ქუჩაში სუფევს დუმილი ხეთა.

. . . . . . . . . .

ყველაფერი ამას სოფლიდან ვხედავ.

. . . . . . . . . .

გულს ახალისებს ჰაერი სოფლის.
დგას საწნახელში ჭაბუკი ერთი.
შუბლზე წვეთები ასხედან ოფლის, –
ძალუმად სუნთქავს პიტალო მკერდით.

გაწითლებია მტრედივით წვივნი.
თმის წამდაუწუმ ისწორებს ხელით.
მარანს თანდათან ერევა ძილი, –
წითელი ტკბილით ივსება ქვევრი.

გარეთ ფერები დაღვრიან კირის.
სივრცეში თეთრად მოძრაობს მთვარე.
იპირებიან ქვევრები ტკბილით, –
ხუჭავს მარანი მეწამულ თვალებს.

კომშის ტოტებზე ქათმები სხედან.

. . . . . . . . . .

ორთავეს გვხედავს მთვარე კეთილი –
რძის დიდი წვეთი,
თეთრი წერტილი,
და აგონდებ:
ვარაზის ხევთან
შარშან
მე და შენ
რომ გვნახა ერთად.

Muxran Machavariani – Nacnobi Mtvare
მუხრან მაჭავარიანი – ნაცნობი მთვარე

მუხრან მაჭავარიანი – შემოდგომა

November 15, 2014 § Leave a comment

მთებზე გადმოდგნენ ზამთრის ჯარები –
გადმოათეთრეს მთათა წვერები…
დაფრთხნენ ვაზები,
დაფრთხნენ ჭალები,
დაფრთხნენ ყანები,დაფრთხნენ ველები.

– თავს უშველეთო! – იჭექა ვერხვმა
და…
რაც კი იყო ამჟამად ხილი:
უნაბი,
კომში,
ატამი,
ლეღვი, –
ყველამ ბეღლისკენ იბრუნა პირი.

კაკლები მაღლიდან ხტებიან კანკალით, –
ჯდებიან გოდრებში… გარბიან ბეღლისკენ…
თავპირისმტვრევით ცვივა კაკალი, –
ხელებს იფარებს თავზე ლეღვის ხე.

სიმინდის ტეხვა და აჩეხვაც გახურდა, –
ძარებში დიდრონი ტარონი სხდებიან.
კიდობნის ახდას და კიდობნის დახურვას, –
ღმერთმანი, ვეღარ აუდის ბებია.

ყურძენი ვენახიდან გამორბის კოდებით, -მარანში საწნახლები ივსება ხელად.
ვაშლებმა სასწრაფოდ დაცალეს ტოტები
და სახლის თავზე  მოთავსდა ყველა.

ღრუბლებმა დაფარეს ცის ლურჯი კამარა.
ურმებმა ამოავსეს შარა.
წელზე შემოირტყა სასწრაფოდ ქამარი, –
ყანიდან გაიქცა ჩალა.

და…
დარჩა საქონელს ბურთი და მოედანი.

. . . . . . . . . .

ბუხრის ყელიდან მტრედისფერი ამოდის კვამლი…
წიწილებივით გაფანტვია ძეწნას ფოთლები…
– დამიბრუნდითო! – საცოდავი უმწეოდ კნავის,
ამაოდ უხმობს გაქსუებულთ… შავი ტოტებით.

ბუხრის ყელიდან მტრედისფერი ამოდის კვამლი…
კითხულობს გაზეთს დერეფანში შუახნის კაცი.
იქვე ხელამოდ აუთოვებს თეთრეულს ქალი,
თავი ჩაურგავს
შორიახლო
წიგნებში ყმაწვილს…

და…
სოფელს უსიტყვოდ დაჰქათქათებს მთვარე მკაფიო,
დედამიწაზე ისახება ჩრდილები ხეთა…
მდუმარებაა.
და –
ვინ იცის, მთვარე რას ფიქრობს! –
ეს მთვარე ახლა მსოფლიოს ხედავს.

Muxran Machavariani – Shemodgoma
მუხრან მაჭავარიანი – შემოდგომა

მუხრან მაჭავარიანი – არგვეთის წვიმა

November 15, 2014 § Leave a comment

ჩვენს აივანზე მერცხალი გალობს, –
ყმაწვილს მწყურია მერცხლის ალერსი…
ცა იყოს თითქოს მართალი კალო,
როგორც ხორბალი – კევრის ნალეწი, –
წვეთები წვიმის
ცვივა
ციდანა…

სველდება ველი გადაცელილი.
ვხედავ სიმინდის დაულვაშებას.
გადაათეთრა მშვიდად წერილი.
გამოიტანა ზალიდან სკამი.
დაჯდა.
ცხამისკენ გაექცა თვალი
და
გააბოლა ბაბუაჩემმა.

. . . . . . . . . .

ლეღვის ფოთლებზე თქარუნობს წვიმა.
წიფლის იატაკს მერცხალი დამზერს.
ჩემს პატარა დას ცრემლები სცვივა,
ვზივარ
ბაბუას საყვარელ სკამზე.

. . . . . . . . . .

სასაფლაოზე – ლაშარულის გაღმა –
მარხია ჩვენი ბაბუა ახლა.

. . . . . . . . . .

ჟუჟუნა წვიმა იკარებს უცებ,
აღფრთოვანდება უეცრად ყველა.
სხვადასხვა ფერის –
სხვადასხვა ბუზებს
დაედევნება მერცხალი ველად.

– ირბინე!
უხმოდ გეძახის ველი.
– იფრინე! –
უხმოდ გეძახის ზეცა.
ფრინველებივით გალობენ ხენი.
დიდება მიწას!
დიდება მზესა!

Muxran Machavariani – Argvetis Wvima
მუხრან მაჭავარიანი – არგვეთის წვიმა

მუხრან მაჭავარიანი – გზადაგზა

November 15, 2014 § Leave a comment

კმაყოფილი ჭაბუკი ვიღიმები, ვიჩქარი,
იღვიძებენ გზადაგზა სიყმაწვილის დღეები;
წისქვილები,
მინდვრები,
წყაროები,
ტყეები
და…
კაკლების ჩეროში
ჩვენი სახლიც…
შეხედე!

ცოტა დამრჩა მანძილი,
მუხლი მიჭრის ვაჟურად.
გზაში მხვდება სიცილით
იზვარა და ლაშურა.

აი, ჩემი სოფელი,
აი, ჩემი არგვეთი,
აქ მე რომ არ მიმიღოს, –
ქვაც არ გდია არც ერთი.

ველი გადახნულია,ჰყვავის აკაციები,
აქაც გაზაფხულია,
ხარობს აქაც იები.
მივდივარ და მომდევენ გვერდით აკაციები,
ვხედავ: იქაც იები,
ვხედავ: იქაც იები.

ცაო, შენი ბრალია მიწას რომ არ აჩნია,
ჩემი პატარაობის მკრთალი ნაფეხურები.
ცად გაშლილო ჯეჯილო!
ცავ – ჯეჯილად გაშლილო!
ვერა!
მე ვერ გავძღები საქართველოს ყურებით.

ცოტა დამრჩა მანძილი,
მუხლი მიჭრის ვაჟურად.
გამარჯობა, იზვარა!
გამარჯობა, ლაშურა!

Muxran Machavariani – Gzadagza
მუხრან მაჭავარიანი – გზადაგზა

თამუნა ხელაძე – "შენებრ ეშხიანი რამდენია"

November 10, 2014 § Leave a comment

შენებრ ეშხიანი რამდენია,
ჩემებრ გადარეულს სადღა ნახავ?
შენ ეს სილამაზე რა გგონია?
რომ მე უბერებელს ვეღარ მნახავ!
შენებრ დარდიმანდი რამდენია,
(ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ)
რისთვის მოიგონეს ჰარმონია?
ჩემში ქალი რომ ვერ დაგენახა!
წადი გადალახე გაზაფხული,
შენთვის ცრემლები არ დამდენია,
ჩემებრ შეშლილ ქალს შენ სადღა ნახავ?
შენებრ უმადური რამდენია!

Tamuna Xeladze – Shenebr Eshxiani Ramdenia
თამუნა ხელაძე – შენებრ ეშხიანი რამდენია

მუხრან მაჭავარიანი – "ვიცი, წამერთმის მზისა ჭვრეტანი"

November 9, 2014 § Leave a comment

ვიცი, წამერთმის მზისა ჭვრეტანი,
დღეს არა, ხვალე მოვკვდები, ვიცი,
ვიცი, იქ ჩავა ჩემი ცხედარიც,
სადაც უთვალავი ჩასულა სხვისი.

ვიცი, ჩემს მერეც მოკვდება ბევრი,
ზოგი სიკვდილის იქნება ღირსიც…
ვის რა ხელს მისცემს სიკვდილი ჩემი! –
ვინ ამოავსო სამარე სხვისი.

Muxran machavariani – Vici, Wamertmis Mzisa Chvretani
მუხრან მაჭავარიანი – ვიცი, წამერთმის მზისა ჭვრეტანი

მუხრან მაჭავარიანი – "საგანი ღვარძლის…"

November 9, 2014 § Leave a comment

საგანი ღვარძლის,
საგანი შურის, –
წარსულით სავსე,
იმედით სავსე –
მიგორავს სული,
მიგორავს სული,
მიგორავს სული
დედამიწაზე.

მიგორავს,
როგორც ქუჩაში კასრი,
რომელიც
შემდეგ სარდაფში ჩადის;
მიგორავს,
როგორც ტრამვაის ხაზზე
წითელი ფერის
ტრამვაი მიდის…

გზადაგზა ხვდება
ფერები სათის…
ფერები თოვლის…
ფერები შინდის…

წარსულით სავსე,
იმედით სავსე –
მიგორავს სული,
მიგორავს სული,
მიგორავს სული
დედამიწაზე…

ეხლება ამას.
ეხლება იმას,
ეხლება ხეებს,
ეხლება კედლებს…
ივსება თოვლით,
ივსება მწვანით,
ივსება წვიმით,
ივსება მთვარით…

სინათლით სავსე,
შრიალით სავსე –
მიგორავს სული,
მიგორავს სული,
მიგორავს სული
დედამიწაზე.

Muxran Machavariani – Sagani Gvardzlis…
მუხრან მაჭავარიანი – საგანი ღვარძლის…

Where Am I?

You are currently viewing the archives for November, 2014 at leqsebi.