ვაჟა-ფშაველა – ბაყაყის სიმღერა

April 23, 2014 § Leave a comment

ჭყანტში ბაყაყი მღეროდა
გულ-დიდად, რიხიანადა:
– მე ვარ და ჩემი ჭაობი,
მცხოვრებნი ჯიშიანადა!
ჭაობი დარჩეს, ქვეყანა
აღიფხვრას ძირიანადა!
მიყვარს იმისი სიშმორე
და ზედაპირზე ობია,
ქვეყნად მას რა შაედრება?
ყველაფერს ისა სჯობია.
ის მასაზრდოვებს, მასუქებს
ათასგვარ ჭია-მღილითა,
არც ვსაჭიროებ, რომ ავდგე
საზრდოსთვის ადრე დილითა:
უხვად მაქვს საზრდო ძვირფასი,
ვძღები და ვცხვები ძილითა.
ღმერთმა ამრავლოს ჭიები,
მატლები! – ვმღერი იმითა.
ღმერთმა აცოცხლოს ჭაობი!
სადღეგრძელოს ვსვამ ჯიხვითა.
წერო დასწყევლოს კლანჭ-გრძელი,
თავის ნისკარტით დიდითა.
მიწამლავს ბედნიერებას
თავის უმსგავსის ჯიშითა.
როცა ის მომაგონდება,
გული მევსება ვიშითა.

Vaja Fshavela – Bayayis Simgera

ვაჟა-ფშაველა – ბებერი ლომი

April 23, 2014 § Leave a comment

დაბერდა ლომი, დაბერდა,
კლანჭებსა ხმარობს ვეღარა:
დაედვა შეუდრეკს ძალას
ჟამთ ვითარების ბეგარა.
სხეულით დაუძლურებულს
ვინ შაიბრალებს ნეტარა?!
ის დრო აღარ აქვს მეფესა,
მიწას რო სდრეკდა ტოტითა
გმირულის გავლით ვაჟკაცი,
მამაცის გადაბოტვითა.
ვეღარ სჭექს წინანდებურად,
ბუნაგშია წევს წყნარადა.
ნადირთა თავზარდამცემი
ეხლა იმალვის თავადა,
ჰგავს თორმეტის წლის სნეულსა,
გულით ისეა ავადა,
ფიქრი უპირო სოფელზე
სახეს ატყვია შავადა.
დაბერდა ლომი, დაბერდა,
კლანჭებსა ხმარობს ვეღარა:
დაედვა შეუდრეკს ძალას
ჟამთ ვითარების ბეგარა.
ტანი სულ დაჰკოჟრებია,
შემომტვრევია ბწკალები,
არ ანათებენ ძველებრივ
მისი ლამაზი თვალები.
ბეჩავო ნადირთ მეფეო,
ნეტავ, ვის შაებრალები?
წაჰსვლია ძველი ილეთი,
წყლულად ჰქცევია ტყავია,
ვაჰმე, რა საბრალო არის,
რა ძნელი სანახავია!
სიმშილით შეწუხებული
ჰქექავს თაგვების სოროსა,
თხოულობს მოწყალებასა,
რომ ტანჯვა დაიშოროსა.
ყურს ვინ მიუგდებს საწყალსა?
ყველა თავისთვის ნადირობს,
ზოგი თავხედი და ბრიყვი
ჯავრის ამოყრას აპირობს,
ბევრს იამს ბუნების ცოდვა.
დაუძლურება გმირისა,
არც ერთი ლომის სიბერეს
ნადირი არა სტირისა.
ვეფხვს უფრო გაჰხარებია
სისუსტე ავის პირისა;
გალაღებული ირემი
ფურს უხმობს, მთაზე ყვირისა.
დაბერდა ლომი, დაბერდა,
კლანჭებსა ხმარობს ვეღარა:
დაედვა შეუდრეკს ძალას
ჟამთ ვითარების ბეგარა.
იგონებს იმ დროს, როდესაც
ნადირთა გუნდი ებარა
და ლეში იმის ბუნაგში
გამოულევლად ეყარა.

Vaja Fshavela – Beberi Lomi

ვაჟა-ფშაველა – ბედის მომლოდნე უბედო დავრჩი

April 23, 2014 § Leave a comment

ბედის მომლოდნე უბედო დავრჩი,
გამწარდა ჩემი სიცოცხლე–ყოფა.
სხვას ვერას ვამბობ, ამას ვიძახი:
იმ დედაჩემმა რისთვისა მშობა?

რად ჩაიმწარა ძილის წამები,
რად დამათირა იავ–ნანითა,
თუ ვერ ვხედავდი ერთხელ ნათელსა,
ვეხეტებოდი მუდამ ღამითა?!

თავით მესვენა ღვთისმშობლის ხატი,
გულს მიბრწყინავდა მაცხოვრის შანა,
და დედის ლოცვას მხურვალეს ჩემთვის
გვირგვინად უდგა თავს იავ–ნანა.

ამაოდ დარჩა მშობლისა ლხენა,
გაუკუღმართდა მისი იმედი:
დედა უძლური, შვილი ბეჩავი,
ორივე ვიწვით, როგორც აბედი.

ვაი, რა ფუჭად სიცოცხლესა ვლევ,
როგორ გაცრუვდა იმედი ჩემი!
რა ცუდს ალაგას გარიყა ზღვამა
აფრა–გაშლილი მსრბოლარი გემი!

როცა აღარ მაქვს საგანი სოფლად,
მაშინ მხოლოდა სიკვდილს–ღა ველი.
რა ნუგეშია სიკვდილის ნატვრა?
ვერ ვანუგეშებ თავს მე იმითა!

რა მადლი არის სიცოცხლისათვის
ცივს სამარეში ძღომა ძილითა,
და გულ–მოკლულად სულის დალევა,
მისვლა იმ სოფლად შავის პირითა?!

რა მივუტანო ამბავი გმირთა?
რით ვანუგეშო სამშობლოს მცველნი?
ნუთუ ის ვუთხრა: ძლეულ ვიქმენით,
საქართველოზე ხარობენ მტერნი?!

ვაი, რა ცუდ დროს ჯანღი დაგვეცა,
ვაი, რა ცუდ დროს გაგვიტყდაგემი;
ვაი, რა ფუჭად გული ვაძგერე,
უკვალოდ რჩება ნავალი ჩემი!

Vaja Fshavela – Bedis Momlodne Ubedo Davrchi

გრიგოლ რობაქიძე – გლოვა

April 23, 2014 § Leave a comment

უკანასკნელი გადაირბენს სიტყვის კამარა
და შემოაგდებს უცხო თვალებს, ყვითელმზერიანს,
უეცრად ვტოვებ გარინდულებს ლექსის ამარა
ალის, პაოლოს, ტიციანსა და ვალერიანს.

მრუდე ლანდებად მენისლება, ჩემ გარს რაც არი,
მძიმე ბარბაცით თუ ვინგრევით მე და თბილისი.
მოგონებაში აიშლება თბილი ნაცარი,
სადაც შენ სდუმხარ, ჩემო ალკა, შენ, უტკბილესი.

სილამაზისთვის მიწა დედა აღარ გეშვება,
მაგრამ არ დედობს შენთვის იგი – ავი დედალი.
შენი სინორჩით მკერდი მისი გადილეშება,
რომ უფრო მკაცრად მან იგემოს მზის ნაღვერდალი.


დამატრიალებს მავნე ფიქრი ფოთლებგაშვეტილს
და სასისხლაოდ ეშურება ლოცვა – ნუგეში,
ხოლო მანელებს მომდურავი სახე ქაშვეთის
და მეშინია, არ შეწუხდე ნინოს უბეში.

ბედის დატეხამ ბევრი გზები გადამატარა,
მშვიდო მაცხოვარ, ერთხელ არის, მაინც მამეშვი,
ვეღარ ვგულოვნობ ძველებურად, ჩემო პატარა,
არ დაივიწყო მამა შენი ამ ცუდ ღამეში!

ბარრიკადი, 1920, №1, 18 ოქტომბერი

Grigol Robaqidze – Glova (Chemi Bavshvis Xsovnas)

გალაკტიონ ტაბიძე – ეს წინათ იყო

April 19, 2014 § Leave a comment

ეს წინათ იყო, მდინარეს თითქო
ვერცხლის ეფინა მძინარე ჩადრი
და კიდეებზე მდუმარედ იდგა
შეუცნობელი შრიალი ჭადრის.

შრიალი ვერხვის, შრიალი ყანის,
უდარებელი სამშობლო მხარე!
რა უწყალოა რონინი ხანის
აუსრულებელ იმედთა გარე!

Galaktion Tabidze – Es Winat Iyo

გალაკტიონ ტაბიძე – ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის?

April 19, 2014 § Leave a comment

– ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის,
რა სიბნელეში დგას ცეცხლის სვეტი? –
– ეს ამ გულიდან სიმღერა იძვრის
და თან მოჰყვება მას სისხლის წვეთი.

– ეს რა შავბნელი კვამლი მოედო,
რა ბურუსები მოაქვს რგოლებად?
– ეს შენს სიმღერას და სისხლს, პოეტო,
თან მოსდევს წყევლა და დაბრკოლება.

– ეს რა გრიგალმა დაიწყო ძრწოლა,
რა ჟრუანტელი წყვდიადს აწუხებს?
– ეს შენი ისმის სიმღერის ბრძოლა,
ბრძოლაზე ბრძოლით რომ უპასუხებს.

– ეს რა ბრწყინვალე მზე ამოენთო,
რა ჟრიამულმა გადაიჟღერა?
– ეს სიმღერაა შენი, პოეტო,
გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა!

Galaktion Tabidze – Es Ra Niagvrebs Vezuvi Isvris?

გალაკტიონ ტაბიძე – ეს მშობლიური ქარია

April 19, 2014 § Leave a comment

I

შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
აიმართნენ კოშკები
ცისა და ნესტანისა.
გახსოვს? ტოტი ქარისა
აქანებდა მთვარესა…
“ნეტა ახლა სადა ხარ
და რომელსა მხარესა”.
მგლოვიარე ბინდებით
იბურება ყვარელი,
ვაზით და სიმინდებით
მიდის გზა საყვარელი;
ჩანს შორეულ ჩრდილების
კიდეებზე მონთება
და ომგადახდილების
ოხვრა მომაგონდება.
შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
ეცემიან კოშკები
ცისა და ნესტანისა.
II
ეს მშობლიური ქარია.
ეს სოფელია მძინარე.
არ ვიცი, რად მიხარია:
ვაზი, ყანები, მდინარე.
დღემ ნისლი შემოიხვია,
გზაც სიარულმა დალია,
ის – ძველისძველი ციხეა,
იქ კიდევ წინანდალია.
წინანდალს ვაზი ამშვენებს,
ახმეტას – ვაშლი წითელი.
როგორ რთავს, როგორ აშენებს
აკიდოების მკიდელი.
იქ ტყეა მთვარით ქსოვილი,
ვით ლოენგრინეს სიზმრი,
ლაჟვარდით გადათოვილი
და ვერცხლით ნათილისმარი.
III
შუქი გაიშალა,
წყალი დაიფერა,
სიო დაიბერა,
ჩალა გაიჩალა,
სიზმარს აბარია
ველი შენაფერი…
ახლა ყველაფერი
ოქროს ზღაპარია.
არც ხმა, არც ჩურჩული,
ბინა – მინაგნები,
თვალებდალურჯული
თრთიან იალქნები.
ძილი მეგონება:
უცებ ქაოსიდან
მთვარემ ამოზიდა
ლურჯი მოგონება.
Galaktion Tabidze – Es Mshobliuri Qaria

გალაკტიონ ტაბიძე – ერთხელ…

April 19, 2014 § Leave a comment

წვიმა და ქარი ერთხელ ღამით, შემოდგომისას
მძვინვარ ქარიშხლად გადაიქცა და იწყო ქროლა,
დაიგუგუნა შუაღამის შავმა გრიგალმა,
მიაწყდა ხეებს, ააკვნესა და აათრთოლა.

კარი, ფანჯრები, სარკეები მთლად აძაგძაგდნენ,
სანთელთა შუქმა ქარიშხალთან დაიწყო შებმა,
მიირხ-მოირხა მოელვარე დიდი კანდელი
და რეკვა იწყო მისმა მწვანე მინის მძივებმა.

მე ვკანკალებდი. უცნაურ ძალს ტყვედ ჰყავდა მაშინ
ქარის აკორდად გარდაქმნილი ჩემი არსება.
როგორ მწყუროდა ქარიშხალთან ერთად გაფრენა,
ბრძოლა, სიცოცხლე, სიყვარული, სიამე, შვება!

Galaktion Tabidze – Ertxel

გალაკტიონ ტაბიძე – ელეგია

April 19, 2014 § Leave a comment

წვიმის წვეთები დასცურავენ
ფანჯრის მინებზე,
ქარი ვედრებით კარებთან დგას:
“გამიღეთ კარი!”
რა ადრე გაჰქრა გაზაფხულის
მზიანი ჩრდილი,
რა ადრე გაჰქრა ჩემი ყრმობა,
ჩემი სიზმარი!
დროო წყეულო, სად წარიღე
ჩემი ფიქრები!
დროო ბოროტო, სად დამარხე
ოცნება წყნარი?
მარქვი, ოჰ, გველო, რად დაგჭირდა,
რომ მოგეწამლა
ყვავილოვანი სიყმაწვილე
და ჩემი ქნარი?
დაღონებული გავცქერივარ
ცისა დასავალს,
სადაც იშლება მოღუშული
ღრუბელთა ჯარი…
ქვითინებს ზეცა, ქვითინებენ
ცაცხვის ხეები
და გულმოკლული ქვითინებს და
ქვითინებს ქარი…
დამათრობელი – როგორც ჩემი
მოგონებები,
წინ მიდგას ღვინო, ლალისფერი
და ძველი ღვინო…
ვსვამ განუწყვეტლად, ვსვამ, რომ
დავთვრე მოგონებებით,
რომ მეც საზარლად ვიქვითინო
და ვიქვითინო.
ოჰ, რად მომექცა ასე უღვთოდ
მე ჩემი ბედი,
რად დამიმსხვრია სიყმაწვილის
წრფელი სიამე…
სადაა ჩემი ყვავილები,
სადაა რწმენა?
ზეცავ სასტიკო, მიპასუხე,
მითხარი რამე!

Galaktion Tabidze – Elegia

გალაკტიონ ტაბიძე – ეიფელის კოშკზე

April 19, 2014 § Leave a comment

არის მთასავით კოლოსალური
მარსის მინდორზე მდგარი შენობა.
მე ავდიოდი, ვით მოხარული
სვეტებზე ადის შუქთაფენობა.

ოთხკუთხიანი ეს პირამიდა,
პარიზზე ასე განით მჭვრეტელი,
ახლაც იგონებს, როგორ ავიდა
ამ სიმაღლეზე აკაკი წერეთელი!

(ვიღაცა სწუხდა მგონი ლექსებით,
რომ გვიან შეხვდა უეცარ ალებს,
რომ დაუძლურდა, რომ ექსცესებით
ვეღარ გაართობს პარიზელ ქალებს).

მე ამ კოშკს ჩემი შევწირე მსხვერპლი
და შევიწირე, ვით სახსოვარი,
ზრუნვის საათი, ჩემი საფერფლე,
ერთიც იდეა სწორუპოვარი:

რომ ეიფელის მწვერვალზე დადგმულს
რადიოსადგურს უსმენს პარიზი:
უთანაბრობა დროებამ შთანთქა,
ახლა ჩვენია ეს ასპარეზი!

Galaktion Tabidze – Eifelis Koshkze

Where Am I?

You are currently viewing the archives for April, 2014 at leqsebi.