ალექსანდრე საჯაია – თოვლი თოვს

October 8, 2014 § Leave a comment

თოვლი თოვს. თეთრი ქარია,
თეთრ სამოსელით ვირთვები.
ჩიტებო, რა გიხარიათ,
რისთვის მღერიხართ ჩიტები.

დიდი ზამთარი იქნება?
ნეტამაც ასე ინებოს!
თქვენ მაინც რა გეფიქრებათ,
რა გენანებათ, ჩიტებო?

გადივლის, დაიფარება
ფიქრებით, თოვლის ქულებით. . .
თქვენ მაინც ვინ გეყვარებათ
ამ პაწაწინა გულებით?

თოვლი თოვს, უფრო თოვდება,
თეთრ სამოსელით ვირთვები.
მივდივარ, აღარ მშორდება
მკერდგაღეღილი ჩიტები.

Aleqsandre Sajaia – Tovli Tovs
ალექსანდრე საჯაია – თოვლი თოვს

ალექსანდრე საჯაია – სვანური მოტივებიდან

October 4, 2014 § Leave a comment

საღამოთი შველი გადამეღობა,
ას წელიწადს მაძებნინა კვალი;
მთვარედ მექცა, ვარსკვლავებში შეტოპა,
მივდევ ელვის მოგიზგიზე ხმალით.
სალოცავად ქართველობა მეყოფა,
საფიცავად შენი თაფლის თვალი.
უშენობით გული დამიმიწდება,
დევის მკლავებს წაერთმევა ძალა:
კვალდაკარგულს ფეხი გადამიცდება,
გავტყდები და მომაშველებ დალალს;
მთის კაცი ვარ, ხელი ცამდე მიწვდება,
ქარის მუხლით მოგეწევი, ქალავ.
დავიწვი და ენგურსა ვთხოვ, მეგობარს,
მომასხუროს მკერდზე წმინდა წყალი.
შენი შუქი ბნელში გადამეღობა,
ღრუბელზედაც ვნახე შენი კვალი.
საამაყოდ ქართველობა მეყოფა,
საფიცავად შენი თაფლის თვალი.
ქარს ღრუბლების ჯოგი მიჰყავს და
დაბრუნდება, იქნებ როდის.
შენ ღრუბელი ყოფილიყავ და
მენაც ქარი ვიქნებოდი.
შენ უშბაზე დაიძინებ და
მე ხევს ჩავალ ქარიშხლებით.
თუკი შევხვდით, ან ვიწვიმებთ და
ანდა სეტყვად დავიშლებით.
მზე მთის საფარს ეფარება,
ეზოს მწუხრი ეპარება,
და ჩრდილები ხეთა,
ფერად ნისლში იძირება,
აივნიდან იმზირება,
მოწყენილი დედა.

Aleqsandre Sajaia – Svanuri Motivebidan
ალექსანდრე საჯაია – სვანური მოტივებიდან

ალექსანდრე საჯაია – ცისარტყელა

April 3, 2014 § Leave a comment

განა ამისთვის ვეწამე ამდენს,
რომ განშორება მეგლოვა ბოლოს.
შენი ბაგენი ალუბლებს ჰგავდნენ,
მეც ალუბლები მიყვარდა მხოლოდ.

მჯერა: ნიავიც ამაოდ ქროდა,
არ მსურს ამაოდ ვარსკვლავი ვთვალო. . .
შენ ღვინისფერი თვალები გქონდა,
მეც შავი ღვინო მიყვარდა, ქალო.

ჩვენ თვითონ ვნახეთ ბავშვი მოცარტი,
ფერად ყვავილებს ფანტავდა ქარში,
იღიმებოდი და საოცარი
მე ცისარტყელა მიყვარდა მაშინ.

ვინ იცის, მოვა კიდევ შხაპუნა?
ვიცი, ერთხელაც იქნება გვიან. . .
მე შენმა ზეცამ ცვარი მაპკურა,
მე უშენოდაც მიჯნური მქვია.

Aleqsandre Sajaia – Cisartyela
ალექსანდრე საჯაია – ცისარტყელა

Where Am I?

You are currently browsing the ალექსანდრე საჯაია category at leqsebi.