თორნიკე ჭელიძე – წრის პოეზია

May 17, 2013 § Leave a comment

”ჩემ წინ ისეთი აღმართია, რომ შეიძლება
სულ ბოლომდე წამოიმართოს
და ჩამეხვიოს ქუჩისპირა ხეების ჩრდილით”. –

ვეღარ მოვეშვი უსარგებლო ლექსების წერას,
უსარგებლო – აქამდე, თორემ
მომტანია რაღაც ხიფათის,
ტკივილის, განცდის
და მე, როგორც ბავშვი – ჯემის ქილაში,
ჩემს ტკბილ წარსულში ხელს ვაფათურებ.

მიკვირს ოჯახიც და სიყვარულიც,
რადგან მხოლოდ სიცოცხლე მაქვს გენეტიკურად.
დანარჩენი კი მივიღე, ან დავიმსახურე,
როგორც ჯილდო, როგორც სასჯელი,
მივიღე, ან დავიმსახურე

და ამ ყოფაში
შენ ხარ სიბნელე,
ყველა შუქზე თავისთავადი.

Tornike Chelidze – Wris Poezia

თორნიკე ჭელიძე – ეშმაკის ბორბალი

May 17, 2013 § Leave a comment

შენ ახლა რაღაც შეცვლილი და მაინც ბავშვური
სახით, იერით, ხასიათით აყევი კიბეს
და იღიმოდი ცხოვრებაზე, რაც შეიძლება
სულაც არ არის სასაცილო. რადგან ჯერ მკვდრებით,
ჩვენივე მკვდრებით გადავსებულ ქალაქში ვხარობთ,
ჩვენი გვამებით დამძიმებულ სახლებში გვძინავს,
უკვე არსაით დაუბერავს – ვჩურჩულებთ – ქარი.
თავისებური პრეზიდენტი, პარტია, ნინა –
უტიციანოდ, დაგვრჩა გზები, ტურიზმი, რუქა –
აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე, კიდევ
დაგვრჩა სტალინი, რამდენიმე თაობის უკან,
და მის ხსოვნაზე ცვილის ბოლო იმედებს ჰკიდებს
რამოდენიმე წინაპარი. ბოლოს კი იყო
შიმშილით მკვდარი რვა წლის ბავშვი სახლისკენ გზაში,
დღეს ჩვენ, მიწიდან, თვალებს ისევ ზეცისკენ ვრიყავთ,
რომ მივაწვდინოთ შეძახილი (საუფლო): ”ვაშა”!
და ამ დროს სისხლის მდინარებას, შენი ტანიდან,
რაღა აკლია, გაიტანოს ძვლები – მორები?!.
ახლა, როდესაც დღეებიც კი აღარ გადიან
და საკუთარ თავს ზედმიწევნით იმეორებენ.

Otar Chelidze – Eshmakis Borbali

თორნიკე ჭელიძე – კრავის ბალადა

May 17, 2013 § Leave a comment

რკონი,
ნიავი…
მზის სხივებმა მტვრის – დროის ხაზი
ტაძრის ქვიან ტანში გამოჭრეს
(ისმოდა ლოცვა – ყელგაღადრულ კრავთა ბალადა).
მე მომეჩვენა,
დიდი ხნის წინ ნაწერ ფრესკაზე
იდგა მარიამ…
და ჩვილ ქრისტეს, როგორც ნაოჭებს,
სახეზე
კედლის წარსულ ბზარებს ვერ უმალავდა.

Tornike Chelidze – Kravis Balada

თორნიკე ჭელიძე – ქაღალდის მტრედი

May 17, 2013 § Leave a comment

მრავალი რამე ხდება ჩემთან, უკვე იმდენად
აღუნუსხავი, შემიძლია დიდხანს გავერთო
და ისღა ვწერო, დღეებს როგორ მშვიდად მიდენის
ერთფეროვანი ღამეები, კვირა, საათი,
ან ყველა დილას სამსახურში რომ ვიგვიანებ,
მზეზე ადრე კი დედაჩემის მზერა ფანჯრიდან
მოცოცავს ტანზე და ჩამოხრილ მხრებზე მადგება
და მწვავს. ასეთი ცხოვრებაა გამოჯავრება
დამხრჩვალი კატის, ნაპირთან რომ სველი აგდია
და შემდეგ ვიღაც ფეხს მიარტყამს და წყალში ისვრის,
წყალი კი უკან გამორიყავს, ისევ იგივე.
თბილისში დარჩა აქციები, პროტესტის კერა –
მეტროსადგური რუსთაველი, ან პარლამენტის
ტერიტორია (მიმდებარე), ხალხის მსვლელობა
ყველა ქუჩიდან – სამებამდე, რომ მიიტევონ
შეცოდებანი თავიანთი. საუბედუროდ,
პირი არ უჩანს დასრულებას ჩემი არაფრის.
ბედს რაღაც მძაფრი დაჟინებით ვეთამაშები
და ბოლოს ალბათ საკუთარი ძვლები დამფარავს,
ტანიდან გარეთ გამოყრილი, გამოსაშრობად.

როგორ მინდოდა, თუმცა ჯერაც ვერსად გავედი
ამ ქალაქიდან, ვისთვის როგორ, ალბათ ასეა,
სასაცილოა ბევრისათვის ეს უიმედო
და დოგმატური (მათი დასკვნით) ჩემი აზრები,
თუმცა ჯანდაბის გზა ჰქონია დოგმებს, იმედებს,
რაც ჩვენს გარეშეც იარსებებს, როგორც უცვლელი
ჭეშმარიტება. ჩემიდან კი ვინც შორს წავიდა
მხოლოდ თვალი თუ გავაყოლე, ვერ გავაცილე
დამტვრეულ ცაში, ვეღარსაით, ის, ვინც აქამდე
გამოიტანა ჩემი სისხლი და ამ ძარღვებში
გაუშვა, მე კი ვამბობდი რომ საქანელაა
მთელი ეს ყოფა, ან არყოფნა, კვლევა – ძიება
საქანელაა და ერთხელაც მოწყდება ხიდან
და იმ ძველ დღეებს დაგვიტოვებს ჩვენ რომ აქამდე
ვფარავდით, როგორც კომუნალურ გადასახადებს,
რადგან ვერ მოვრჩით, ვერ გავყინეთ, ვერ გავაუქმეთ,

თუმცა მოვეშვი ამ საერთო ფონის მოსინჯვას,
მე ახლა უფრო მეტად მინდა ჩემს თავზე მოვყვე,
თუ როგორ ვარ, ან ვისთვის ვარ და სად გადის მიჯნა
მრავალფეროვან ცხოვრებასა და ნაკლებ მსუყე
სიყვარულს შორის. როცა სიტყვებს აღარ იგონებ,
არამედ რაღაც თავისთავად ატარებ შენში
და ბოლოს ყველას გადამალავ საგულდაგულოდ,
როგორც სკოლაში, ბავშვობისას მიღებულ ნიშანს
ცუდი სტატუსით, რომ არ გინდა მიგიხვდეს ვინმე
და ამისათვის დაისაჯო, ან, როგორც თოვლის
გუნდაში ჩასმულ ქვას რომ ესვრი მეზობლის მინას
და გაიქცევი, ის კი ღამით შენს სახლში მოვა
და სხვა თემებზე ისაუბრებს.

სიცხეა გარეთ,
ნამდვილად ერთი საქმე არის ამის გაძლება,
მივდივარ, უფრო სწორად რომ ვთქვა, ფეხებს მივათრევ
მშრალი ხიდისკენ; გასაყიდი სიძველეები,
ამ ათასფერად გადაშლილი დღეების მსგავსად
ყრია მზის გულზე და თანდათან მტვერი დაფარავს,
ახლა ყველაფრით სავსე ყოფა პირისპირ დადგა
უმაკიაჟოდ, უმიმიკოდ, უსაფუაროდ.

და როგორც თბილ სულს,
სხეულიდან ახლად ამოსულს,
შერჩენილი აქვს საკუთარი სხეულის სუნი,
ისე ვარ, როცა ხმაურიან მეგაპოლისში
შენს სახელს ვამბობ –
ვაწკრიალებ და დიდხანს ვუსმენ.

Tornike Chelidze – Qagaldis Mtredi

თორნიკე ჭელიძე – როცა გეძინა

May 17, 2013 § Leave a comment

ოთახში იდგა სიჩუმე და ძველი კარადა,
ისმოდა უცხო მელოდიის ხმა რადიოდან,
შენ კი გეძინა ისევ, მშვიდი სიზმრით, არა და
დილის მზე, უკვე, ყირამალას გადადიოდა…

და გაგეღვიძა, როგორც ქრისტეს – ქვის აკლდამაში,
ქარმა ნისლები, ირიბული წყობით, შენისლა,
ყოველდღიური რიტუალი გაითამაშე
სახლში და ქუჩას ააყოლე, როცა, შენი სვლა,

ქალაქში თოვას გაემართა თეთრი ქორწილი,
თვალს უსწორებდი ტროტუარებს შავი ქოლგიდან,
მერე თამბაქო, ღრუბელივით, მძაფრად მოწიე
და ამინდების, უფრო მეტი, სითბო მოგინდა.

ვეღარ იტევდა ქუჩა ტანზე მავალ მანქანებს
და საყვირების შეკივლებას გრძნობდა გონება,
მდუმარე ზეცა ჰორიზონტზე გადააქანეს,
თოვლს მიიკვლევდი, ლექსებად და მეტაფორებად,

ბინისკენ, სადაც მოგელოდა, ნაცნობ აურით,
ყოველი ნივთი, უშენობით შენაციები,
ქალაქს, მოტივად, გაეჩინა აურზაური,
კედლის საათი შუაღამეს მიაცილებდა.

ოთახში იდგა სიჩუმე და ძველი კარადა,
ისმოდა უცხო მელოდიის ხმა რადიოდან,
შენ კი გეძინა ისევ, მშვიდი სიზმრით, არა და
დილის მზე, დღესაც, ყირამალას გადადიოდა.

Otar Chelidze – Roca Gedzina

თორნიკე ჭელიძე – თბილისის ღამე

May 17, 2013 § Leave a comment

ღამე – ასაკით ოთხი საათი,
ახლა, თბილისი ისე იძინებს,
რომ არ არსებობს სხვა მისამართი,
სიჩუმის, უფრო მეტი, სიმძიმე.

სარკმელთან, ნელი გაწევა ფარდის,
დაუსაბამო დუმილის გზნება…
და ჩემს ოთახში ქალაქი დადის
მთვარეულივით, უაზრო გზებით.

თითქმის, დრო არის წერტილი დასვა,
ან გამთენიას დაუკრა ტაში,
მე, საკუთარ თავს დავუწყებ დავას
და ჟრუანტელი დამივლის ტანში.

ღამე – ასაკით ოთხი საათი,
ახლა, თბილისი ისე იძინებს,
რომ არ არსებობს სხვა მისამართი,
სიჩუმის, უფრო მეტი, სიმძიმე.

Tornike Chelidze – Tbilisis Game

თორნიკე ჭელიძე – მე ხშირად ვამბობ

May 17, 2013 § Leave a comment

მე ხშირად ვამბობ, რომ უღმერთოდ მაკლიხარ,
ვამბობ და ქუჩაში ვეჩვევი ხეტიალს,
როცა შენ მდუმარედ მიყურებ სარკმლიდან,
თვალებით ნათქვამი სიტყვებზე მეტია…

ღამეთა თენება დამჩემდა, რომ ასე
ფიქრი და ფილტვები, თუთუნით, გავბოლო,
ქუჩაში, ყოველღამ, ასრულებს რომანსებს
სიჩუმის ორკესტრი და ცა უთავბოლო.

ქალაქში თებერვლის, კვლავ, ავი ნესტია
და ძვლებში გამჯდარი სიცივის სცენარი,
მეკუთვნის სიკვდილი, ვით ამინისტია,
საფლავზე დარგული ოთახის მცენარე.

მე ხშირად ვამბობ, რომ უღმერთოდ მაკლიხარ,
სახლივით აშენებს ბედს უცხო ქვითხურო,
როდესაც მდუმარედ მიყურებ სარკმლიდან
და, შენი მზერიდან, ჩემს ლექსებს ვკითხულობ.

Tornike Chelidze – Me Xshirad Vambob

თორნიკე ჭელიძე

May 9, 2013 § Leave a comment

“სტუდენტობისას,
ერთხელ, პროსპექტზე,
უსინათლო რომ გადამყავდა,
რაღაც აზრებმა შუა გზაზე გამყინეს უცებ;

წარმოვიდგინე,
თუ რა დღეში ჩავარდებოდა,
მე რომ მისთვის ხელი გამეშვა,
გავშორებოდი…

და ზუსტად ასე მოვიქეცი,
იქ მივატოვე,
გადმოვედი მეორე მხარეს
და დავაკვირდი;

არც რამე უთქვამს, სახის ნაოჭიც
კი არ შეცვლია,
სულ ერთი წამით, შედგა მხოლოდ,
წელში გასწორდა
და გააგრძელა თავისი სვლა ტროტუარისკენ.

რომ გადმოვიდა,
მივედი ისევ და, როგორც უცხომ,
ჩემი თავი ვუგინე დიდხანს.
ერთი აუგიც არ დასცდენია:
– ნახევარ გზაზე მოხმარებაც ხომ საქმეაო, –
თქვა და გამშორდა.

ამის შემდეგ, მეც ჩვევად მექცა,
ვინც ცხოვრებაში ჩამომშორდება,
იმათ რაიმეს კი არ ვუყვირი, –
დასაბრუნებელს, ან გულისსატკენს, –
თითქოს ვიღაცა მეკითხებოდეს,
ვეპასუხები;

მასთან საერთო წარსული ხომ მაინც ძვირფასად
შემომრჩა-მეთქი, –
მუდამ ამ სიტყვებს ვამბობ ხოლმე,
შევდგები მერე,
გავჩერდები,
ზეცას ავხედავ
და მაგონდება;

ისეთებიც ხომ არსებობენ,
მთელ სიცოცხლეში მსუბუქად რომ მიაბიჯებენ,
იფიქრებ, თითქოს ქარს მიჰყვებიან
და უშფოთველად მიაქვთ ცხოვრება.
მაგრამ ქარსაც აქვს დრო, ადგილი,
ბოლო წერტილი,
სადაც ჩადგება და მუხლს მოიყრის.”

Tornike Chelidze

Where Am I?

You are currently browsing the თორნიკე ჭელიძე category at leqsebi.