გია ფერაძე – ყაყაჩო

September 20, 2014 § Leave a comment

ჩემსავით მარტო , მოწყენით,
ჩემსავით განმარტოებით,
ციხის კედლებშიც იზრდება
წითელი ყაყაჩოები.

შორიდან ჩუმი ალერსით,
სარკმლიდან ფრთხილად
ვდარაჯობ.
ალბად ცოტა აქვს მისჯილი
ამ ჩვენი ზონის ყაყაჩოს.

სხვაობა იცით რაშია!
და განსხვავება რა არის?
პატიმარ ყაყაჩოს ზემოთ
ვეებერთელა ცა არის,

მე კი, რადმენი ხანია,
ვარამს ჩემს გულში ვინახავ.
არც მზე და არც ვარსკვლავები,
წლებია რაც არ მინახავს.

მე და ყაყაჩო ერთნი ვართ,
სიკეთისაკენ მარები.
ორივე ცოდვის შვილი და
ორივე პატიმარები…

Gia Feradze – Yayacho
გია ფერაძე – ყაყაჩო

გია ფერაძე – "წმინდა სანთელი დავანთე შენთვის"

July 25, 2014 § Leave a comment

წმინდა სანთელი დავანთე შენთვის
რატომღაც ჩემსკენ გადმოიხარა,
და სანთელიდან ღვენთი წვეთ-წვეთად
ჩემი ცრემლივით გადმოიღვარა.
მხოლოდ ღვთისმშობელს, წმინდა მარიამს
ან წმინდა ნინოს თუ შეგადარებ,
დაგროვილი წვეთებს, ცრემლად ნაღვენთებს,
მთელი ცხოვრება ხელით ვატარებ,
ვფიცავ სალოცავს, რომ მოუთმენლად
ისეთ მომენტს და ისეთ დროს ველი,
შენ ხატი იყო და მე მარადჟამს
მუხლმოდრეკილი, შენზე მლოცველი.
ოღონდ ეს არის, ვერ მოვაღწიე
ვერ მოვახერხე შენს წინ დამხობა
შევევედრები მამაზეციერს,
მთელი ცხოვრება ასე მამყოფა.

Gia Feradze – Wminda Santeli Davante Shentvis

გია ფერაძე – "რაც მოხდა , მოხდა დასრულდა"

July 25, 2014 § Leave a comment

რაც მოხდა , მოხდა დასრულდა
გული შუაზე გაიყო.
ვინც მიყვარდა ან რაც მსურდა
ყველა მორევმა წაიღო.
რუსთაველის თეატრს მოვწყდი,
როგორც ძუძუს პატარა,
ამერიკა, იტალია,
რა ვთქვა, სად არ მატარა.
შოტლანდია,
საბერძნეთი,
ინგლისი და ვარშავა,
თქვენი გია იმ ქვეყნებში,
აღარასდროს არ ჩავა.

აღარც სცენა,
კულისები,
არც გრიმი და როლები
ყველა ჩემს როლს ნათამაშებს,
ცრემლით ვეამბორები.

ვით ვარსკვლავი მოწყვეტილი,
კოსმიური მარსიდან.
ჩემი თავი მოვისროლე
“კავკასიის” კასრიდან.

მომიტევეთ თუკი ვინმეს
გაწყენინეთ რაიმე
ბნელსა ვზივარ, ექოდ მესმის
ჩემივ ოხვრა – “ვაიმე”

ცუდს ვერავინ იტყვით რადგან,
ყველა ჩემი ბრალია.
მართლა ხშირად მახსენდებით,
კაცია თუ ქალია.

თუკი ვინმეს არ ვუყვარვარ
მისცეს დღენი დღეგრძელი.
მათთან ჩემი ყურადღებით
მეტი ვეღარ შევძელი.

ეხლა გაზეთს და რადიოს,
დღე და ღამე შევნატრი.
რომ როგორმე მომაგონონ,
ჩემი ძველი თეატრი.

ვიცი აღარ დაბრუნდება, ძველი დრო და მომენტი,
– “რატომ აცდენ, რატომა სვამ”! ვეღარ მეტყვის
რ ო ბ ე რ ტ ი.
ალბათ უკვე ჩაესვენა, ჩემი ფერთა მოლბერტი,
ხომ მოგცილდათ თეატრიდან.
ამ ცხოვრების
ხ ო რ ც მ ე ტ ი.

მე ჩემს სასჯელს ვიხდი გულით, მთელი ჩემი ზრდილობით,
ზოგ-ზოგივით ვერ ვიცხოვრებ, ჩემი “პადხალიმობით”
ბევრი წყალი ჩამოირბენს, ხან მღვრიე, ხან ანკარა.
არც კი ვიცი როდის გნახავთ,
ან გნახავთ და ან არა…

ბედმა ფეხი წამომიდო, როცა ვიყავ თქვენს გვერდში,
ღმერთმა არ ქნას რომელიმე,
რომ ჩავარდეთ,
ჩემს დღეში.

მერე იტყვით: “ყოჩაღ გია, რა ნერვები გქონია”!
შეცოდებით, შეგიცოდებთ, გულით?! არა მგონია!

საბოლოო თხოვნა მრჩება,
რომ გამოხვალთ სცენაზე,
თქვენთვის ჩუმად გაიხსენოთ,
ერთი, გია ფერაძე.

Gia Feradze – Rac Moxda, Moxda Dasrulda
გია ფერაძე – რაც მოხდა , მოხდა დასრულდა

გია ფერაძე – "ჩემს პატარა მარიკელას"

September 22, 2013 § Leave a comment

ჩემს პატარა მარიკელას ,
კაბა როგორ უხდება.
ლოცვად მისად წმინდა წყარო ,
ცრემლად აჩუხჩუხდება.

მზე თვალს ნაბავს , ეფერება ,
მზე ხომ მისი დედაა.
მარიკელაც მზის სხივს კოცნის ,
იცის , დედისერთაა.

ასეთს ვინ არ შეიყვარებს ,
კეთილს და თავაზიანს ,
როგორც შველი ისე დარბის
ღმერთო – რა ლამაზია.

ზეცას შევთხოვ , მზის ქვეშეთში ,
უდარდელად გატაროს
მარიკელა , სევდავ ჩემო ,
მარიკელა – პატარა !

Gia Feradze – Chems Patara Marikelas

გია ფერაძე – ხუთი წლის უკან…

September 22, 2013 § Leave a comment

ხუთი წლის უკან…
ხუთი წლის უკან…
ერთად ვიყავით ჩემო ირინა,
ამ დაწყევლილი დღეს, სწორედ ორშაბათს
ჩვენ შავმა კატამ გადაგვირბინა.
ისე გავიდა ეს ხუთი წელი,
თითქოს გავიდა ცხოვრება მთელი.
ვერ გივიწყებ და თუ გინდ მომკალი,
რა ძალა გქონია ასეთი მწველი.
ხუთი წლის უკან…
ხუთი წლის უკან…
რა ბედნიერი ვიყავით არა?
ამ დაწყველილ დღეს, თანაც ორშაბათს
დამტოვე მარტო ჩემო პატარა.
როგორ მიყვარხარ ღმერთს გეფიცები
მე უნდა მომკლას შენზე ფიქრებმა,
ასე იყო და ასეა დღესაც
კუბოს კარამდე ასე იქნება.
ხუთი წლის უკან…
ხუთი წლის უკან…
არ დავიწყების რეკენ ზარები
შენზე მგლოვიარე კვდება ფერაძე
ღმერთისგანაც კი შენაზარები.

Gia Feradze – Xuti Wlis Ukan…

გია ფერაძე – დედა!

September 22, 2013 § Leave a comment

კარგი დედა , ნუ ტირიხარ ,
ნუ ტირიხარ რა !
ღიმილი და სიხარული
რატომ ჩაგიქრა.

რა მოხდა რომ პატიმარი
შვილი გყოლია ,
პატიმრობა ბავშობიდან
არ დამყოლია.

ეს ხომ ავი ტრიალია
ჩემი ბედისა.
დედა , შენი ჩახუტება ,
აღარ მეღირსა.

ნუ ტირიხარ , გეხვეწები ,
ნუ მისერავ გულს.
შენზე უფრო , შენი ნახვა ,
შენ შვილს უფრო სურს.

ეს ოხერი დრო გაირბენს ,
მალე გნახავ მე.
ნუ ტირიხარ , შემოგევლე ,
შენი ჭირიმე.

მოიშორე გულზე დარდი ,
ყურს ნუ უგდებ სხვას ,
ჩემზე დარდით გევედრები
ნუ ითეთრებ თმას.

ნუ ტირიხარ , ჩემო დედა ,
გეყო ფიქრები.
ძაან მალე , გეფიცები ,
ერთად ვიქნებით.

ახლა მივხვდი შენი ფასი ,
თუ რა ყოფილა.
დედა-შვილის სიყვარული ,
სად გაყოფილა ?!

ამიტომაც გამიმაგრდი ,
არ მოხუცდე რა ?!
რომ გამოვალ ყურში ჩუმად
მინდა რომ გითხრა:

მე შენს მეტი ჩემო დედა ,
არვინ მინდა სხვა.
ისე მწარედ ჩაგეხუტო ,
ვერაფერი თქვა.

ამიტომ გთხოვ , ასე მწარედ ,
ნუ ემდური ბედს.
კარგი დედა , საყვარელო ,
ნუ იტირებ მეტს!

Gia Feradze – Deda!

გია ფერაძე – ქუჩა ნაწვიმარია

September 22, 2013 § Leave a comment

ქუჩა ნაწვიმარია, ფოთლებია ფენილი.
სად იჩქარის მარიკა, ჩემგან ობლად შთენილი.
უკან მისდევს ცუგრია, არ წყინდება ხტუნება.
შვილო როგორ მწყურია შენი ჩახუტუნება.

მართლა საით მიდიხარ, მაგ ფერადი ბუშტებით.
ოი, როგორ მინდიხარ, მკერდს ვილეწავ მუშტებით.
ბავშვმა დედა არ იცის, რომ სითბოდ მოჰფენოდა,
ვეღარ ისმენს მის სიცილს, მერე რარიგ შვენოდა.

მამა ჯერ ცოცხალია, მარიკასთვის-ლეშია,
ვა რა დიდი ბრალია, რომ ცივ სიბნელეშია.
რომ გაგიცნობ ცხადია, ჩემო თეთრო თოლია,
ვინც კი დანაბადია, ყველას მამა ჰყოლია.

გაცნობა კი მოხდება, როს მიხილავ ცხედარად.
მაშინ ალბათ არ იტყვი: რად, მომიკალ დედა, რად!
მაშინ შეგებრალები, დაბრუნდება ღირსებაც.
ეს ლამაზი თვალები ცრემლით ამოივსება.

ციმბირიდან გიყურებ, მარი, ჩემო ყველაო.
აბარტყუნებს დიდ ყურებს, შენი ცუგრიკელაო
ქუჩა ნაწვიმარია, ფოთლებია ფენილი.
ჰა, ეს ლექსიც მარიკა, შენსკენ გამოფენილი.

Gia Feradze – Qucha Nawvimaria
გია ფერაძე – ქუჩა ნაწვიმარია

გია ფერაძე – ირინას

September 22, 2013 § Leave a comment

” ადამიანი მეორდებაო”
მეცნიერები მსჯელობენ ასე ,
მე არ მჯეროდა , მაგრამ ეს ფრაზა ,
მოულოდნელად დღეს დავაფასე.

ვნახე ჟურნალი სულ ძველის-ძველი ,
და საოცრება ! შენი სურათი !
გაცინებული , სიცოცხლით სავსე ,
თვალში ცეცხლით და ხელში სურათი.

ო , ეგ სიცილი , ეგ ბაგე-კბილი ,
შენი მანერა და შემართება.
ციხის ქვის კედელს შუბლით ვასკდები ,
ხომ არ ვგიჟდები… რა მემართება . . .

ეს ჟურნალი და ძველი სურათი ,
მჯერა , იქნება ამის თავმდები/
რომ სიყვარულო , ჩემო – ირინა ,
შენ ისევ ისევ დაიბადები ! ! !

Gia Feradze – Irinas!

გია ფერაძე – გამარჯობა ჭიაყელავ!

September 22, 2013 § Leave a comment

გამარჯობა ჭიაყელავ! მე ვარ ვეღარ მიცანი?
შენ ერთს გელის სამარე და ჩემი კუბოს ფიცარი.

დამაცალე, მოვაგროვო დასამარხი ლოდები,
ერთგული ხარ ჭიაყელავ, ვიცი, რომ მელოდები.

ცოტა კიდევ დამაცადე ჩემი კუბოს მაყარო,
ისე უნდა დავლპე ზევით, პირიც არ დამაკარო.

ჯანსაღს როგორ ჩამოგიტან, ამ ჩემს სხეულს მიწაში,
გაოცდები, რომ შეძვრები ჩემი კუბოს ფიცარში.

მაგრამ მაინც ჩემი ხარ და თან საოცრად ერთგული
შენი იყოს დაულპობი გატანჯული ეს გული.

თანაც გათბი ჩემი გვამის ფოსფორი რომ იალებს
შეექეცი, რას გაუგებ, ე, მაგ გულის იარებს.

Gia Feradze – Gamarjoba Chiayelav!

გია ფერაძე – გამარჯობა ჭიაყელავ!

გია ფერაძე – "რა ბედნიერი ვიყავი წუხელ"

September 22, 2013 § Leave a comment

რა ბედნიერი ვიყავი წუხელ…
აზრი არა აქვს… არავის ვუმხელ
რა ბედნიერი გამხადე ღმერთო,
სიონში ვიყავ, იქ იყო ყველა;
ჩემი სნათელი “ჯვარცმასთან” ენთო,
როგორც სიმბოლო “დახსნა” და “შველა”.
იყო ზაფხულის ღია სარკმელი,
სანთლები ლოცვის ხვატით დნებოდა,
ტაძარში-სუნი, წმინდა საკმევლის.
გარეთ კი ძმები მელოდებოდა.
ისმოდა ძველის ძველი გალობა,
ერთად შემკული ვით თაიგული
და ზეციერის დიდი წყალობა,
სიყვარულისგან სკდებოდა გული.
იქ იყავ შენაც, გეცვა ცისფერი,
და ცის ასულის გქონდა იერი.
გაოცებული დიდხანს გიცქერდი,
რა კარგი იყავ, რა მშვენიერი…
მერე გაწვიმდა… თბილისის წვიმა…
და ნიაღვარმა ლამის წამიღო.
რა ბედნიერი ვიყავით წინათ…
ეს ყველაფერი ხო მართლა იყო…

Gia Feradze – Ra Bednieri Viyavi Wuxel

Where Am I?

You are currently browsing the გია ფერაძე category at leqsebi.