აკაკი წერეთელი – ხატის წინ

April 5, 2013 § Leave a comment

მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი
და საიდუმლო პარპალით
ბნელს ფანტავს მისი ნათელი.

მყუდროდ, უხმოდ და უძრავად
დნება, ვით მსხვერპლი დიადი,
რომ მადლით გაასპეტაკოს,
თვალუწვდომელი წყვდიადი!

მივჩერებივარ ამ დიდ ძალს
მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული;
მეცა უსიტყვოდ, უძრავად,
ცის სვეტად გაქვავებული.

რაღაც უცნაურ ერთობას
ვხედავ სანთელს და ჩემ შუა!
მხოლოდ ვგრძნობ… თვარა ვერ სწვდება
ჩემი გონება და ჭკუა.

სანთელი ჩემი ხორცია,
სიცოცხლე – მოკლე პატრუქი,
ნათელი – ჭკუა-გონება,
იმათგან გამონაშუქი.

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე – მთელი ქვეყანა,
და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,
არ შემიძლია მეც განა?

კი… მაგრამ მნათე არსად ჩანს,
ჩემთან მომტანი ცეცხლისა,
ის მოციქული მომავლის,
მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!

Akaki Wereteli – Xatis Win

აკაკი წერეთელი – ხანჯალს

April 5, 2013 § Leave a comment

შენი ჭირიმე, ხანჯალო,
რკინაო ხვარასნისაო,
შენ ერთად-ერთო იმედო
მტრისაგან გამოხსნისაო!..

გლესავ და გლესავ, ხანჯალო,
ამოგიფერავ გულსაო,
შენ უნდა ეძმო და ეყმო
უმართლოდ დაჩაგრულსაო!

ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ,
ორივე გვერდით მჭრელიო;
გპატრონობს გული ფოლადი
და გიპყრობს რკინის ხელიო.

მისი გამჩენის ჭირიმე,
ვინც რომ შენ გამოგჭედაო!
ჭირიმე, შენი ჭირიმე,
მტერს აუტირე დედაო!

ბევრი ნაღველი შეასვეს
მტრებმა ამ ჩემსა გულსაო,
შენ მიმკურნალე, მახვილო,
უმართლოდ დაჩაგრულსაო!

მიმოციქულე მტრის გულთან,
მიმიძღვენ ჩემი სალამი:
ის ვითომ საწერელია,
ჩაერჭვე, როგორც კალამი!

მისი წითელი მელნითა
შემაღებინე ჭაღარა,
იმისი კვნესა იქნება
ჩემთვის დაფი და ნაღარა!

გლესავ და გლესავ, მახვილო,
ფოლადო, ჩემო რკინაო!
დროა, ამოდი ქარქაშით,
აღარ გაქვს აწ მანდ ბინაო.

Akaki Wereteli – Xanjals

აკაკი წერეთელი – ხალხური

April 5, 2013 § Leave a comment

მინდვრად ეგდო თეთრი ქვა,
დავკარ ხელი, თან ამყვა…
ქალო, შენი სიყვარული,
სადაც წაველ, თან წამყვა.

ქვა უბეში ჩავიდევი,
დამამძიმა, დამძალა!..
ქალო, შენი სიყვარული
გამწარდა, ვით სამსალა.

ქვა ავიღე, გადავაგდე,
მივუმატე ძველ ყორეს…
ქალო, შენი სიყვარულიც
გადვულოცე მეორეს!

იმ ქვას წვიმა დაასველებს, –
ცრემლები – შენს სიყვარულს…
მაგრამ წვიმა ქვას ვერ ალბობს
და ცრემლები კაცის გულს.

Akaki Wereteli – Xalxuri

აკაკი წერეთელი – ჭაღარა

April 5, 2013 § Leave a comment

ის აღარა ვარ, რაც ვიყავ,
ძნელი ყოფილა ჭაღარა…
ვეღარ გაჰკივის თამამად
ჩემი დაფი და ნაღარა.

გული არ იშლის გულობას,
მაგრამ ვერ მოსდევს ძალ-ღონე!..
ვარ ბევრი “ვაის” მნახველი
და ბევრი “უის” გამგონე.

ამევსო გული წვეთ-წვეთად
ნაღველითა და შხამითა,
ისე, ვით საუკუნები –
სხვადასხვა მრავალ წამითა.

მაშ რაღად მინდა სიცოცხლე
მე, აწმყო-გამწარებულსა,
თუ, ვისაც ვეტრფი, ვინც მიყვარს,
ვხედავ მას აოხრებულსა?

მაგრამ იმედი, ცის ნიჭი,
რომ გამიელვებს გლახ-გულსა,
თავი ტარიელ მგონია,
ოცნებით გარემოცულსა.

ვუხმობ ფრიდონს და ავთანდილს,
მხარი მხარს მივცეთ, ხელი ხელს,
ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავს,
მოელის ტურფა გამომხსნელს!

რა ვუყოთ, თეთრი მერიოს!?
სისხლით შევღებავ ჭაღარას
და სულ სხვა ხმაზე დავუკრავ
ამ ჩემს დაფსა და ნაღარას.

მაგრამ ვაიმე, რომ ეჭვი
მოუგზავნია ჯოჯოხეთს:
მაცდურ სარკეში მახედებს,
ოცნებას მიკლავს… გულს მიხეთქს!..

ამბობს: “ფრიდონ და ავთანდილ
ჯერ ვერ გადიხდის ომსაო!…
და შენც ტარიელს მოჰგავხარ
ისე, ვით კატა ლომსაო”.

მართალი არის, მაგრამ რა?
რისთვის დავკარგო იმედი?
გმირს წინა-უძღვის ყოველთვის
უძლური წინამორბედი!..

არა! აყვავდეს იმედი!…
გულს ვერ გამიტეხს ჭაღარა!..
გმირებს უძახის… უყივის
ჩემი დაფი და ნაღარა!..

Akaki Wereteli – Chagara

აკაკი წერეთელი – ძმობა, ერთობა და სიყვარული

April 5, 2013 § Leave a comment

მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
იყოს წყეული… ის იყოს კრული,
ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

საერთშორისო მტკიცე კავშირი,
ეს არის ქრისტეს სწავლა და მცნება,
საყოველთაო, სამარადისო, –
და არ საწუთო სიზმარ-ოცნება.

ვისაც ესა სწამს წრფელის განზრახვით
და ჭეშმარიტად არს გამსჭვალული,
მას შეერგება ციურ მანანად
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

ვინც გაიძახის ცარიელ სიტყვებს
და გულში სულ სხვა აქვს დამარხული,
ამაო არის მისი ნათქვამი:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
იყოს წყეული… ის იყოს კრული,
ვინც მხოლოდ სიტყვით გაიძახოდეს:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

Akaki Wereteli – Dzmoba, Ertoba Da Siyvaruli

აკაკი წერეთელი – ძირს

April 5, 2013 § Leave a comment

ძირს, მთავრობავ, უსამართლო!
ვეღარ ვიტანთ გასაჭირსო, –
ყოველი მხრივ გეძახიან:
“ძირს, მთავრობავ! აწ კი ძირსო!”

კმარა ისიც, რაც ვითმინეთ,
გვიმატებდი ჭირზე ჭირსო!
ის აღარ ვართ, რაც ვიყავით,
გავიღვიძეთ და აწ – “ძირსო!”

ჩვენის სისხლით, ჩვენის ოფლით
უხვად რწყავდი ქვეყნის პირსო, –
დღეს ეს აღარ მოხერხდება,
გეუბნებით მიტომ: “ძირსო!”

ბნელს ნათელმა მოაშუქა
და ერთ რამედ ესეც ღირსო!
ძველი წესი-წყობილებაც
ბნელს გაჰყვება და შენ – “ძირსო!”

შენგან, ძალაუნებურად,
არ მოველით დანაპირსო.
ჩვენ მოვუვლით ისევ ჩვენს თავს,
არ გვინდებხარ, – “ძირს და ძირსო!”

ძალას ჰკარგავ, ის გაწუხებს,
აღარ გიხსნის დანა პირსო,
მაგრამ რა ვქნათ? ქვეყნის ტანჯვას
სჯობს იტანჯო ერთმა – “ძირსო!”

ხალხი იბრძვის! ხალხი ჰღელავს!
ვეღარ ასდებ აწ აღვირსო!
ყოველის მხრივ შეგძახიან:
“ძირს, მთავრობავ, ძირს და ძირსო!”

Akaki Wereteli – Dzirs

აკაკი წერეთელი – ციცინათელა

April 5, 2013 § Leave a comment

ჩემო ციცინათელა!
რად მიჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა!

ანათებ და კარგი ხარ,
მე თუმც არას მარგიხარ!
ჩემი იყო, ის მინდა,
შენ კი სხვისი ბარგი ხარ!

აბრეშუმის პეპელა,
ფუტკარი და წურბელა,
შენზედ სარგებლიანი
შენ გენაცვალოს ყველა!

წურბელა მკურნალია,
მაგრამ ცოტა მყრალია…
მშიერი – სისხლის მტერი,
რომ გაძღება – მთვრალია!

მაშ რად მინდა წურბელა?
მან გული დამიბნელა!
ისევ შენ და ისევ შენ,
ჩემო ციცინათელა!

მეორე თაფლს და სანთელს
გვიკეთებს და სარგებელს
მით გვაძლევს, მაგრამ კბენით
გვისივებს ცხვირ-პირს და ხელს!

მაშ რად მინდა ფუტკარი,
მკბენარი, მოისარი?
ისევ ციცინათელა,
უწყინარი ის არი!

მესამე ტანს გვიმოსავს,
წყნარია და არ იქმს ავს,
მაგრამ უგნურებითა
პარკში იღრჩობს თავის თავს!

მაშ რად მინდა პეპელი,
უგნურად თავის მკვლელი,
და როგორ არ მერჩიოს
მასაც ციცინათელი?

ჩემო ციცინათელა,
საით ჰფრენ ნელა-ნელა?
მე ვარ შენი ერთგული,
სხვა მოგატყუებს ყველა.

მებრალები, – კარგი ხარ!
და ვაი, სხვის ბარგი ხარ!
სხვებს ბნელშიაც უნათებ,
მე კი დღეც არ მარგიხარ.

ნეტავ რისა გაქვს რიდი?
ჩემსკენაც გამოფრინდი,
ნათელი მომაფინე,
მეც გამინათე ბინდი!

კმა, რაც დღემდის ვიწამე;
აწ საყვარლად მიწამე
და მაშინ შენს სიყვარულს
დამავიწყებს მიწა მე!..

ჩემო ციცინათელა,
სადღა ჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორ-შორ ნათებამ
უდროოდ დამანელა!…

Akaki Wereteli – Cicinatela

აკაკი წერეთელი – ჩემი სიმღერა

April 5, 2013 § Leave a comment

ტიალმა წუთისოფელმა
ნაღველი დამალევია;
არც მომკლა, არც დამარჩინა,
არც სული დამალევია.

გაჩენის დღესა ვიწყევლი,
სიცოცხლის წამსა ვაჩვენებ;
მატყუარ სოფელს ვატყუებ:
რასაც ვგრძნობ, მას არ ვაჩვენებ!

ცრემლი რომ მაღრჩობს, ვიცინი…
ჩემი პირბადე ის არი!
სხვას ხელთ რად მივსცე ჯირითად
მე ჩემი გულის ისარი?!

ჩემი ეკალი სხვებისთვის
იაა, ზამბახ-ვარდები.
თავო, ნუ ეძებ თანამგრძნობს, –
სისულელეში ვარდები!

სჯობს, ისევ მწარე სოფელმა
ნაღველი დამალევიოს;
არც მომკლას, არც დამარჩინოს,
არც სული დამალევიოს!.

Akaki Wereteli – Chemi Simgera

აკაკი წერეთელი – ჩემი თხა

April 5, 2013 § Leave a comment

ჩემო ლამაზო ბეკეკა,
შენ ჩემო თხაო ბელაო!
ჩემი მტერი და ორგული
შენ გენაცვალოს ყველაო.

წვერი გაქვს დეკანოზისა
და რქები ეშმაკისაო,
კბილები, ნამგლად ნალესი,
ნეკერს კვრეხს, ბალახს მკისაო.

მთაში რომ წაკოკინდები,
დააგდებ მინდორ-ველსაო,
ჯიხვებს ეწვევი კლდეებში,
იქ მოიღერებ ყელსაო!

გაძღები, გასისინდები,
ჯიქანს გაივსებ რძითაო,
რა გზითაც დილას წასულხარ,
ბრუნდები იმავ გზითაო.

მოხვალ და საწველს ამივსებ,
არ დამამადლი წველასო!..
მეძღვნეო ჩემი შვილების,
შენ მირჩევნიხარ ყველასო.

თვალის-ჩინივით მოგივლი,
ნუ გეშინია მტერისო!..
მაგ ძუძუების ჭირიმე:
საწველში ჩაიმღერისო!..

ბეკეკავ! ჩემო ბეკეკავ!
შენ ჩემო კარგო ბელაო!..
ჩემი ოჯახის ურგები
შენ გენაცვალოს ყველაო!

Akaki Wereteli – Chemi Txa

აკაკი წერეთელი – ჩანგური

April 5, 2013 § Leave a comment

მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა,
გულს სიწმინდით ახურებდეს!

ერთი ჰქონდეს მას საგანი:
ჰარმონია მისი ხმების
ცხოვრებაში იყოს ბანი
ხან ლხენის, ხან მწუხარების!

აღტაცებით სიმთა ჟღერა
გამოსცემდეს მაგნიტის ხმას
და მაზედაც ჩემი მღერა
ორხმოვანად გამოისმის,

რომ დაჩაგრულს იმ სიმღერით
თვალთ ცრემლები ეშრობოდეს
და მჩაგვრელს კი გულში ძგერით
ისარივით ესობოდეს!

მაშინ მხოლოდ ამ ჩემ ჩანგურს
აშორდება უქმად გდება
და, ვინც გრძნობით დაუგდებს ყურს,
ვფიცავ, არც ის მოსტყუვდება!

გამიქვავდეს მაშინ ენა,
თუ რომ ვისმე მივეფერო,
და გამიხმეს ეს მარჯვენა,
თუ სიმრუდით სიმთ ვაჟღერო!…

რაგინდ ბედით ვიყო კრული,
საშინელიც მექნეს ბოლო, –
არ შედრკება ჩემი გული,
გინდა ქვითაც ჩავიქოლო!

სხვისი ლხინით ხომ ვიხარებ,
თუ რომ ჩემ თავს დავრჩი ავად,
და მაინც არ აღვიარებ
შავს თეთრად და თეთრსა შავად!

მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა
და გულს წრფელად ახურებდეს!

Akaki Wereteli – Changuri

Where Am I?

You are currently viewing the archives for April, 2013 at leqsebi.