ამაღლობელი რატი – (ეს სიყვარული გავდა ბავშვობის..)

June 28, 2012 § Leave a comment

ეს სიყვარული გავდა ბავშვობის
დროინდელ ზაფხულს, აგარაკს, ნიავს
რაღაც უწინდელს, რასაც დავშორდი –
ხეებზე ღამეს, მთვარეს და ქლიავს.

წყაროზე წასვლას, დასუსხვას ჭინჭრით
ზღაპრებს ბუხრის წინ, საუბრებს გვიანს
და როგორ მტკივა, და როგორ მიჭირს,
როცა მკვდარია და თვალებ-ღია

ეს სიყვარული, ოდესღაც წიწკვი,
ნაძვის ახალი წიწვივით ბასრი,
სურნელოვანი შუადღის სიცხით
და ნაძვის ჩრდილში მოსული აზრით: –

“რომ შენ მიყვარხარ” და რომ ეს გავდა
მინდორში დევნას ფრინველის ჩრდილის,
თეთრ პერანგს გასვრილს ბალახით, ანდა
მუხლებზე სისხლს და მშობლების ჩივილს.

ეს სიყვარული ცივ წყაროს გავდა,
პეშვით რომ ვსვამდი და წყურვილს კლავდა,
რომლითაც იმავ ჭრილობებს ვბანდი
სულსა და სხეულს, მუხლთან და მკლავთან.

და სული ჩემი სიყვარულს ამას
ყველაზე მყუდრო სახლივით გრძნობდა,
აივნებიდან ხედავდა ლამაზს –
მზის ჩასვლასა და ამოსვლას სოფლად.

ეს სიყვარული უმთავრესს გავდა,
თვითონ სიყვარულს, სხვა ყველა განცდას
მას ვადარებდი – ცოლივით მყავდა
დასავით მყავდა, ძმას ვგრძნობდი მასთან.
ახლა კი მხოლოდ ხსოვნაში დამრჩა,

4 ივნისი 2009.
Rati Amaglobeli – (Es Siyvaruli Gavda Bavshvobis)

ირაკლი აბაშიძე – რუსთაველის ნაკვალევზე

June 24, 2012 § Leave a comment

ნახე ეს ცა…
ამ არწივის წამოფრენა,
ამ ტყის ცეცხლი…
ჰორიზონტი მკრთალი…
არა, შორით
ამ სამყაროს წარმოდგენა
ჯერ არ ძალუძს
კაცს გონების თვალით.
წარმოიდგენ
თეირანის მტვრიან ბინდებს,
მაგრამ ვერა
ფენჯაბსა და ლაჰორს,
უნდა ნახო,
უნდა ერთხელ ჩამოფრინდე,
უნდა ნახო,
შენი თვალით ნახო.
ნახო ამ გზებს,
ჯერ უხილავს, ჯერ უხსოვარს,
რა მზე აჭერს ,
რა ბულბული უსტვენს…
ეს ქვეყანა
თვით გენიოსს, სწორუპოვარს,
არ იქნება,
არ ენახოს რუსთველს.
არ შეჰყროდეს
აქ ლხინსა თუ ომის გრიალს,
არ ეხილოს
ეს ბიბინი სერთა
არ ენახოს
„სმენად მხეცნი მოვიდიან“,
არ ეგემოს
„ ვა, სოფელოს“ სევდა.
და მეც დავალ,
ვინძლო მის კვალს ვინიშნებდე
ინდოეთის
გადაკარგულ გზებზე;
შვიდასი წლის,
შვიდიათას წვიმის შემდეგ
მის ნაფეხურს,
მის ნაკვალევს ვეძებ.
სად იარა,
სად უცქირა ცრემლთა ფრქვევას,
სად მიუსწრო
ძმას შეფიცულს ძმასთან?…
არაბეთის ზღვასთან იდგა?
მეც აქ ვდგავარ,
მეც აქ მოვალ,
არაბეთის ზღვასთან.
სად ჩამოჯდა,
სად გარინდდა,
სად შეჩერდა,
სად აღმოხდა
მშობელ ქვეყნის ჰანგი?
განგის პირას
მწირთა ლოცვას
თუ შესცქერდა-
მეც მათ შევცქერ,
აი, ჩემს წინ განგი.
თითქოს ვხედავ,
თითქოს მართლაც
ნათლად ვხედავ
ჩემს და ფერმრკლთალს,
ჯანმრთელსა და სულმრთელს…
არა, ეს გზა,
როგორც მგოსანს,
როგორც მხედარს,
არ იქნება,
არ ენახოს რუსთველს.
რა იშოვა,
რა წააგო, რა მოიგო,
რა დაკარგა,
ქვეყნად არვინ იცის,
მხოლოდ მესხეთს
უცხო განძად წამოიღო
სიყვარული
ინდოეთის მიწის.
რა ცაც წვავდა-
ვმღერი მეც იმ ვარსკვლავეთზე,
სადაც შედგა,
მეც იმ ზღურბლზე შევდექ…
ინდოეთში
რუსთაველის კვალს დავეძებ-
აღარც აქ ჩანს
შვიდასი წლის შემდეგ..

Irakli Abashidze – Rustavelis Nakvalevze

ირაკლი აბაშიძე – ხმა ზეთისხილის ბაღში

June 24, 2012 § Leave a comment

-სხვა რამ არ მწამდა,
სამშობლოზე წმიდათა წმიდა,
შემინდე, ღმერთო,
მამულიშვილის ყოვლის დათმობა;
მნათობი შენი
საქართველოს მწამდა მნათობად,
თოვდა თუ წვიმდა –
მამულისთვის თოვდა და წვიმდა.
ო, პალესტინავ,
პალესტინავ!
ყოვლის მომცველის,
ყოვლის მფლობელის
მწამდა შენის
სიტყვის, ცხოვლისა,
მაგრამ უადრეს,
უწინარეს,
უმალ ყოვლისა,
მე სამშობლოსთვის,
სამშობლოსთვის
ვიყავ მლოცველი.
ნექტრით ის მწვავდა,
მწარე მისგან გამმწარებია,
მის ცის ქვეშ
ყმობაც
ჩემთვის იყო ალამდარობა;
მე უკვდავება
მამულს გარეთ არ მწამებია,
არ მიძებნია
მამულს გარეთ მამამთავრობა.
თუ ღირსი ვარ მისი,
მისთა სერთა,
მისთა ტყე-ველთა,
მისი სიმაღლის,
მისი სიღრმის,
მისი გავრცობის –
გულიც და სუნთქვაც,
ყველა ნიჭი
ჩემის კაცობის
მე წმინდად დავდე
საქართველოს
საკურთხეველთან.
იქ მივეც მამულს,
შემოქმედო,
შენის განგებით,
რაც მოვიხვეჭე,
რაც დავკარგე,
რაც განვიცადე;
იქ ჩაიბარე
საქართველოს მართალ მიწაზე
ის ჩემი სუნთქვაც,
ჩემი ცრემლიც,
ჩემი ჰანგებიც.
შემინდე შენ შვილს,
თუ ცოდვილი ვარ შენს წინაშე.
მაგრამ ვარ ცოცხალ
იმავ სუთქვით,
იმავ ნაღვალით,
კვლავ მიწა ჩემი
შეგავედრო
ცრემლით მდაგველით,
ამად აღვიძარ,
ამად მოველ პალესტინაშიც..

Irakli Abashidze – Xma Zetisxilis Bagshi

ირაკლი აბაშიძე – ხმა ჯვარის მონასტერში

June 24, 2012 § Leave a comment

– მე დავიკარგე…
დავიკარგე
თუ დღეს გადავრჩი?
დავრთგუნე სული,
თუ ეს სული
მე დღეს გავწმინდე?
ვარ სამშვიდობოს
ვარ აღმართზე
თუ თავდაღმართში?
რა უნდა ერქვას
ჩემს აქ ყოფნას,
სუნთქვას აწინდელს?
მე გარდვისახე?
ძველი ჩემი
გახმა ყვავილი?
კვლავ ახალ ვარდთა,
უფრო კარგთა
დღეს ვარ მფლობელი?
კვლავ ვფარავ სულში,
თუ გულმართლად
დავთმე ყოველი?
დავთმე?
და, იქნებ,
არმც რამ მქონდა დასათმობელი?
მე შენს დიდ კანონს,
დიდ განგებას
როდის გარდაველ,
როდის დავაკელ
სითბო ლოცვას,
ლოცვას მონებრივს,
მაგრამ თუ ზოგჯერ
ვერ ვუჭერდი ფიქრსაც სადავეს –
რად მომეც ნიჭი,
გულისყური,
თვალი გონების.
ან იქნებ ცოდვად
არც მეთვლება
ეს მკრეხელობა
და შენ, პირიქით,
მცირედ მითვლიდი
ჩემს შემართებას;
იქნებ ამაოდ
შენთან ვიწყებ
თავის მართლებას.
მე – სხვა ბუნების მოწოდება,
მე – სხვა ხელობა.
გარნა ვინ ვიყავ?
რა ხმა მქონდა,
რა საკუთრება?
ვიყავ მმართველი,
ხმელთა რისხვა,
ზღვათა მპყრობელი?
მე მეპყრა სკიპტრა?
მბრძანებლობის
მქონდა უფლება?
ვიყავ ქალაქთა
აღმმართველი,
დამამხობელი?
მე აზრი ვიყავ…
ბედი კაცთა
მე არ მებარა,
ჩემად ნუგეშად,
ჩემად ტანჯვად
მე ეს მეყოფის..
მე კაციც ვიყავ,
მეც ამ მიწის
მედო ბეგარა: –
მე ვიყავ მონა
სიყვარულის
და ერთმეფობის.
თუ ეს მდევს ცოდვად,
თუ მაინც მთვლი
სულად ცოდვილად,
თუ მიხმობს შენი
ხმა დამსჯელი,
მაღალ-მეფური –
ჰა, მოველ შენთან
გულგახსნილად,
დედიშობილად,
უკვე სამარის
კარს მიმდგარი,
დაღამებული.
მარქვი, სად ვტყუი,
სად ვარ მცდარი,
სად ვარ მართალი?
დღეს მარტვილი ვარ,
ყარიბი ვარ,
ვარ განდეგილი;
მარქვი, მე ჩემი გაზაფხული,
ჩემი ზამთარი…
პანტოკრატორო,
შენს წინ ვდგავარ
მუხლმოდრეკილი“..

Irakli Abashidze – Xma Jvaris Monastershi

Where Am I?

You are currently viewing the archives for June, 2012 at leqsebi.