გიორგი საჯაია – მთვარე-ძაღლიშვილი

July 28, 2013 § Leave a comment

მთვარე – ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ – პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ – გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით…
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ – ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს…
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე – თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს…
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე – ბევრი არაფერი…

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია –
ფიქრიც მიძნელდება… იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.

giorgi sajaia – mtvare-dzaglisshvili
გიორგი საჯაია – მთვარე-ძაღლიშვილი

ლაშა-გიორგი – როგორც გეწერინება

July 25, 2013 § Leave a comment

როგორც გეწერინება,ისე უნდა დაწერო,
ერთი პწკარით მეტი და ერთი პწკარით ნაკლები,
შანდალს ჰგავდა ბრდღვიალას მზით ნაქარგი კენწერო,
მატარებელს მოსდევდნენ შორაპნული სახლები.

როგორც გემღერებოდეს,ისეთივე მომგვარე,
ექო უნდა მოსწყვიტო ჭიუხის კლდეს,ფრიალოს,
ლულა უნდა ბოლავდეს,ლულა ჯიხვებთმოყვარე,
ქარმა წითელჯვრიანი დროშა ააფრიალოს.

როგორც გეჩქარებოდეს,ისე უნდა ირბინო,
გული ამოვარდნილი რომ იპოვო ჯარგვებში,
კლანჭი გაჰკრას დამჭკნარ გულს,კლანჭი გაჰკრას მიმინომ,
სისხლისფერი ჩუხჩუხი რომ გავიგოთ ძარღვებში.

როცა ეტირებოდა,ცრემლი ჰქონდა ულევი,
თითქოს წმინდა მარცვალი მიწას მოაბნიესო,
და მიჰქონდა ბებერ ხარს მოჭრიალე ურემი,
მოტირალო გოგონავ დაგიფარავს იესო!


lasha-giorgi – rogorc gewerineba

ლაშა-გიორგი – ჩემთან ზაფხულია ოდეს

July 25, 2013 § Leave a comment

შენთან ალბათ მიწა იწვის,
ჩემთან ზაფხულია ოდეს,
იყოს სურნელება წიწვის,
გარეთ ქარაშოტი ქროდეს.

გულში დაბუდებულ სევდას,
დრონი მკურნალობენ ღადრით,
რადგან ბავშვობიდან სდევდა
ევას უნებლიე ხათრი

ადამს მიაწოდა ვაშლი,
არვის არ ახსოვდა ღმერთიც,
წარსულს ვერასოდეს წაშლი,
საბედისწეროა ერთიც

ბიჯი გადადგმული მრუდე,
არაფერი გშველის მხვნელო,
უცებ,დრო რომ გადაბრუნდეს,
კვლავ ვირთხებს დარჩებათ ლელო.

ბოლო კეთილი აქვს ზღაპარს,
ბევრიც არ შეშვენის გესლი,
კეთილს ვინ აუგებს საფარს,
ხელისგულზე დგას და ესვრი.

გარეთ ქარაშოტი ქროდეს,
ქედს რომ არ გიხრიდეს მადამს,
ევას გააღვიძებ ოდეს,
ჩემში გავაღვიძებ ადამს.

lasha-giorgi – chemtan zafxulia odes

ლაშა-გიორგი – ღრუბელმა ზეცა მოფინა

July 25, 2013 § Leave a comment

ღრუბელმა ზეცა მოფინა,
კარავში-ტომის ბელადი.
სიამოვნება ყოფილა,
როცა შენს გამო ვღელავდი.

სუყველა ჟანგმა წაიღო,
ბაბუაჩემის ცულები,
წვიმა იყო და ცა იყო
ტალღასთან შეფიცულები.

წყეული ბედი,წყეული,
ლამაზი ქალი სხვისია.
შენი კენარი სხეული
ახლა უბელო ზღვისია.

მე კი-მედუზის ამარა,
ნაპირზე-თეთრი ქაფური,
მზემ რომ ვერ დაასამარა
შავი ზღვა-მამაპაპური!

მერე თოლია მოფრინდა,
გუნდის ამაყი ბელადი,
და მთელ სეზონზე მყოფნიდა
რასაც შენს გამო ვღელავდი.

lasha-giorgi – grubelma zeca mofina

ლაშა-გიორგი – ამ ზაფხულს შენი სუნი აქვს რადგან

July 25, 2013 § Leave a comment

ამ ზაფხულს შენი სუნი აქვს რადგან
მზე იყურება შენს დამწვარ კანში,
თავზე სხივების გვირგვინებს გადგამს
გპოულობს ხევში და მიწის ქანში.

პოულობ ადგილს,მზეს ეფიცხები
და არ გადადრდებს როგორ იწვები
და შრიალებენ ძლიერ ფიცხები,
ძლიერ ალვები,ძლიერ წიწვები.

მათი შრიალი ღმერთის ენაა,
თვალებს დახუჭავ, ფიქრით გატენავ,
ჩვენი სამყარო იმოდენაა,
გაუჭირდება შენი დატევა.

lasha-giorgi-am zafxuls sheni suni aqvs radgan

ლაშა-გიორგი – მემახსოვრება

July 25, 2013 § Leave a comment

რის მაქნისი ხარ სიკვდილო მაშინ
თუ დაგასწარი მე აღსარება,
და სიცოცხლესთან ცელქი თამაში
ბოლო წუთამდე მემახსოვრება.

მემახსოვრება სამშობლოს მთები,
გადაკარგული მასზე ირაო,
არავინა მყავს სანთლის ამნთები
სული რომ შენთის დავაგირაო.

მემახსოვრება მშობელი დედა,
(აგებდა ჩემთვის ალბათ კიდობანს)
როცა პატარას უკან დამდევდა,
სიჭაბუკეში სწევდა გიდობას.

და მახსოვრობის ფერადი ლენტი,
გარდაიქმნება,როგორც ცხოვრება,
არც ნაკლები და არც ბევრად მეტი,
შენთან შეხვედრა მემახსოვრება!
lasha-giorgi-memaxsovreba

როინ აბუსელიძე – მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ

July 25, 2013 § Leave a comment

მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ,
ამ ბოლოს დამჩემდა ფიქრი და ანკესი,
სიყვარულს ძალიან ხმამაღლა ვყვირივარ,
სიყვარულს ვყვირივარ და შენ კი არ გესმის.

დაცურავს კალმახი და ჭალის კანაფებს,
მივყავარ სადღაც და ვეჩვევი ხეტიალს,
შენსავით ამ ქვეყნად არ ვნატრობ არაფერს,
თუმც ძაღლის ყველაზე უბედო ბედი მაქვს.

წვებიან დღეები მოდიხარ ჩემთან და
მწყევსით გარეკავ ამ დარდს და კაეშანს,
მზეც ისევ გაწვება დაღლილი კლდესთან და
თულექსებაცრილი საღამოც დაეშვა –

კვლავ მუზებს ვისტუმრებ, გრძნობების ექიმებს,
ისევ პოეზია… ღამე და ანკესი,
სიყვარულს ვდუმვარ და სიყვარულს ვყვირივარ
ვიცოდე ნეტავი შენ ვერ თუ არ გესმის –

მიყვარხარ, (ეს ისე) მიკვდება გული და
კანაფის საშინელ – სიცილით ვტირივარ,
მე თუ ვარ ფხიზელი ძალიან ცუდი და…
თუ მთვრალი, – ყველაზე მაგარი წყვილი ვართ!

roin abuselidze – me da shen yvelaze magari wyvili vart

ოთარ ჭილაძე – შიში

July 25, 2013 § Leave a comment

დე, ასე ქროდეს, ქროდეს და ქროდეს,
ფრთებდაგლეჯილი ქვითა და ქვიშით…
მე მინდა ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.

ეს სულ არ არის ამინდის ბრალი,
არც ღვინის ბრალი… მეც ვგრძნობ და ვიცი,
თუმცა ხეები გვანან დღეს მთვრალებს
და მტკვარიც თითქოს შიგნიდან იწვის.

ეხეთქებიან ტოტები ტოტებს,
ზეცას იკლებენ ვაით და ვიშით.
და მაინც, ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.

otar chiladze – shishi

გალაკტიონ ტაბიძე – ათოვდა ზამთრის ბაღებს

July 25, 2013 § Leave a comment

ათოვდა ზამთრის ბაღებს,
მიჰქონდათ შავი კუბო,
და შლიდა ბაირაღებს
თმაგაწეწილი ქარი.

გზა იყო უდაბური,
უსახო, უპირქუბო.
მიჰქონდათ კიდევ კუბო…
ყორნების საუბარი:

დარეკე! დაუბარე!
ათოვდა ზამთრის ბაღებს.

galaktion tabidze – atovda zamtris bagebs

ტერენტი გრანელი – SILENTIUM

July 25, 2013 § Leave a comment

ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა
(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).
სულში უიმედო სივრცე გაიშალა,
გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.

ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები,
მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი.
მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები,
მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.

ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.
ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,
მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.

ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია,
ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი.
მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია,
მოდის გათენება, როგორც ბალდახინი.

Terenti Graneli – Silentium
ტერენტი გრანელი –  SILENTIUM

Where Am I?

You are currently viewing the archives for July, 2013 at leqsebi.