ვახუშტი კოტეტიშვილი – ოდესმე მაინც

April 3, 2014 § Leave a comment

ოდესმე მაინც,
ოდესმე მაინც,
მივაღწევ იმას,
მიხმობდა რაიც,
რისიც ვიწამე,
რასაც ვეწამე,
რაც ორთა შორის იყო მესამე
თქვენთვის,
ჩემთვის კი _ უპირველესი
ჩემს და ჩემს შორის,
წიაღ და მიღმა,
რამაც დამამხო და ამით მიხმო,
რამეთუ ბრძანა:
ოდენ მესმინა,
და მახნევინა,
და მათესვინა
მზეში თუ ქარში,
ავდარში, დარში,
და უპოვარი კვლავ იგივ დავრჩი,
რამეთუ ბრძანა, ოდენ მესმინა,
მაგრამ სხვის მკლავზე გადაეწვინა
ის ხელეური _ ჩემი ნაყოფი,
ჩემი ოცნების მზეში ნამყოფი,
ჩემი ნაღვაწი,
ჩემი ნახნავი,
სულის სარჩო და ეჭვის სახრავი.
ოდესმე მაინც,
ოდესმე მაინც,
მივაღწევ იმას, კვლავ მიხმობს რაიც…
რისიც ვიწამე,
რასაც ვეწამე…
ეჭვები ბჭეებს შემილეწავენ
და განიხვნება ჩემი ბეთლემი,
არვის ვეზაკვი,
არვის ვეთნევი…
მაშინ გაგიხსნით მე ჩემს დარბაზებს
და თქვენი მანჭვა არ გამაბრაზებს.

Vaxushti Kotetishvili – Odesme Mainc

ვახუშტი კოტეტიშვილი – ნიავის სონეტი

January 9, 2014 § Leave a comment

თქვენ მყარად დგახართ ამ მიწაზე. მე ვარ ნიავი.
თქვენ ნუ გგონიათ, გიყურებდეთ თითქოსდა უნდოდ.
გარწმუნებთ, არ მაქვს მე თქვენს მიმართ რამე სიავე,
ოღონდ ეს ჩემი ნიავობა არ შემიზღუდოთ.

მე ხომ არ მიშლის ნერვებს თქვენი მთობა, ზღვაობა,
ცათამბჯენობა, მიწიერი წონა, სიმძიმე?!
თქვენ რად გაღელვებთ, ჩვენს შორის რომ არის სხვაობა?
თქვენ მჭახედ ბრჭყვინავთ, ხოლო მე კი ოდნავ ვციმციმებ.

თქვენია, ქვეყნად ყველაფერი, რაც იყიდება,
და თვლა არა აქვთ ფუთებს, ყუთებს, ჩანთებს თუ ბოთლებს…
თქვენ მიიხვეტავთ მთელი ქვეყნის ავლა-დიდებას,
მე კი მარტოდენ შემოდგომის ნაირფერ ფოთლებს.

ითმინეთ ჩემი ნიავობა, სანამ გიგალობთ.
ნუ იზამთ ისე, რომ უეცრად ამაგრიგალოთ!

Vaxushti Kotetishvili – Niavis Soneti
ვახუშტი კოტეტიშვილი – ნიავის სონეტი

ვახუშტი კოტეტიშვილი – თქვენ და მე

June 21, 2013 § Leave a comment

თქვენ _ ყველაფერი,
მე _ ფერი ყველა.
დამექცეს ჭერი,
თუ გთხოვოთ შველა.

თქვენ _ ქვეყნის ოქრო
და შარა ვრცელი,
მე _ ოკრობოკრო
ბილიკი ძნელი.

მამრი თუ მდედრი _
ნუ მყვედრით ყველა,
მე _ ჩემი ხვედრი _
შვლის ნუკრის შველა…

მე ამ წესს ვიცავ
ღამეც და დღეცა,
რომ ჩემი მიწა
ვაქციო ზეცად.

Vaxushti Kotetishvili – Tqven Da Me

ვახუშტი კოტეტიშვილი – ჩვენ არყოფნიდან მოვედით

May 16, 2013 § Leave a comment

ჩვენ არყოფნიდან მოვედით
და ვნახეთ, ყოფნა რაც არი,
აზრი ამქვეყნად ყოფნისა
თითქოს არი და არც არი.
წინ-წყალი, უკან მეწყერი,
ცეცხლი და ბოლოს ნაცარი.
ბედნიერებას ვეძებდით,
მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი.
სიკვდილი დედა ყოფილა,
სიცოცხლე – დედინაცვალი.

Vaxushti Kotetishvili – Chven Aryofnidan Movedit

ვახუშტი კოტეტიშვილი – ჩაკრულო

April 1, 2012 § Leave a comment

სიმღერავ ქართულო,
მარტივო და რთულო,
უნაზეს სიმებად,
სირმებად დართულო,

ცამდე აღმართულო
სართულზე სართულო,
წიაღით მომსკდარო,
სილაღით გართულო.

მრავალგზის ჩაგრულო,
სულო ვერჩაკლულო _
«ჩაკრულო»!

Vaxushti Kotetishvili – Chakrulo

ვახუშტი კოტეტიშვილი – მზეოს

April 1, 2012 § 1 Comment

ჩემი მარტოობის ბაღში
გაჩნდა უცხო ყოილი,
როგორც უპატრონო ბავშვი,
ნიავს ჩამოყოლილი.

ჩამძახიან ვერ იქნება
ის შენს ხელში მოვლილი,
რადგან წლები ეფიქრებათ
ჩემზე ჩამოთოვლილი.

რა იციან, ზოგჯერ დარობს
დეკემბერში მაისი
და ენძელაც თოვლქვეშ ხარობს,
როგორც ედელვაისი.

Vaxushti Kotetishvili – Mzeos

ვახუშტი კოტეტიშვილი – ბოლო სადღეგრძელო

April 1, 2012 § Leave a comment

ესეც ჩემი იღბალი თუ ბედი _
გამიფრინდა სიხალისის მტრედი.

ესეც ჩემი იღბალი თუ წერა _
ქვეყანაზე აღარაფრის მჯერა.

სიბრძნე, ღვინო, დუდუკი თუ ქალი,
ყველაფერი ამ ჭიქაში ვკალი.

შესასმელი დამრჩა ბოლო ჭიქა:
ჭირი აქა, ხოლო ლხინი იქა!


Vaxushti Kotetishvili – Bolo Sadgegrdzelo

Where Am I?

You are currently browsing the ვახუშტი კოტეტიშვილი category at leqsebi.