ლელა ლაშხი – "ესეც გაივლის,როგორც ყოველი"

May 9, 2013 § Leave a comment

ესეც გაივლის,როგორც ყოველი,
მე კი ვინ მომცემს რაც ასე მინდა?!
არ ვიცი,ვისგან რამდენს მოველი?!
ან ჩემი, ვისთვის რამდენი ღირდა?!
ვიწრო ლელიანს ეპოვნა ჩრდილი,
ღამის პირმშონი ისევ მელიან,
ვიდექი მათკენ ხელგამოწვდილი,
წინ კიდევ ბევრი გასავლელია…
როდის გაივლის?!
წავა საითკენ?!
არც ისე დიდი დრო დამრჩენია,
თუ ამის გჯერათ,
მაშ თქვენ წაიღეთ,
მე მოვრჩი,
ახლა თქვენი ჯერია…

Lela Lashxi – Esec Gaivlis, Rogorc Yoveli
ლელა ლაშხი – ესეც გაივლის,როგორც ყოველი

ლელა ლაშხი

May 9, 2013 § Leave a comment

დღეს,სწორედ ამ წამს შენ მომენატრე,
სახლი მომინდა,
საჩვენო სახლი,
გახვითქულ ლოდინს ამოვეფარე
და
მარტოობის მივენდე ძახილს… 
ჩემი ცის ფერი გაჩუქე,ჩემო…
ჩემი ზღვა მხოლოდ შენთვის ვაღელვე, 
იქნებ იმედი გამოიმეტო, 
იქნებ ოცნებას ჩემთვის დანებდე. 
უდღეურივით მივყვები ქუჩას, 
შენი ჩრდილისფრად ელავდა ვერხვი,
სევდას კი ბოლო არაფრით უჩანს,
თქმა მინდა,მაგრამ ვერავის ვეტყვი.
ჩვენი სახლის გზა მეტად შორია,
სადღაც მთაშია,
მიუვალ მხარეს, 
ბილიკზე პეპლებს მოუთოვიათ
და ჩემი სევდაც მათ მივაბარე.
აშქერილიყო ბინდი მდელოზე,
როგორც არასდროს,მენატრებოდი… 
ელფებმა მთვარე თეთრით შემოსეს,
მეგონა აღარ დავიღლებოდი… 
დილის მადლივით სუფევდი ირგვლივ, 
ზღვა სავსე იყო მზითა და შენით,
ვნების სურნელი ზეცისკენ მიდის, 
ვარდით მოსილი ფერდასამშვენით… 
მივყვები უხმოდ,სახლის გზას ჩვენსას… 
იქნება დამხვდე,
იქნება გნახო… 
წვიმის მთესავი ნაკადულს თესავს,
აარაკრაკებს ჩვენს სახლთნ ახლოს… 
ისე მომინდა ცხოვრება შენთან,
შენთან სიბერე და ბოლო ჟამი,
სიმთელე,
თითო-ოროლა დღეთა,
ყველასაგან
და ყველაფრით დაღლილს..
Lela Lashxi

ლელა ლაშხი

May 9, 2013 § Leave a comment

ხმელეთად დამეგო დღე-ღამის ნიშა…
დაუსრულებელ ტკბობად ვიქეცი,
შენ თუ გადარჩი მე რაღა მიშავს?!.
მზისგან ხომ ჩემსკენ გამოიქეცი?!.
იყო ზღვა,
იყო მოლურჯო ღამე,
იყო ცა ღრუბლის ჩამონაგლეჯი,
მინდოდა,
ეცნე მთვლემარე მთვარეს,
დარდით და ბოღმით გულმკერდგახლეჩილს.
იყო,
იმდენი რაიმე იყო…
არც არაფერი ყოფილა ბევრი,
სულყველგან წვიმა რომ ყოფილიყო,
რაღა გამრჯიდა ქარების დევნით.
გამილალისფრდა სიზმრები შენზე,
გამირიჟრაჟდი მწვანე დარაბად,
ალბათ ოდესმე გაქცევას შევძლებ,
გაჩუქებ,მთელ ჩემს დავიდარაბას…
Lela Lashxi

ლელა ლაშხი – ტრამალის მგელი

May 9, 2013 § Leave a comment

ნება მიბოძეთ,
წარმოდგინოთ,
ჩემი ტრამალის მოსაყდრე მგელი,
მიუსაფარი…
გადაქანცული…
მარტოობის და ხმაურის დევნით.
ის იყო ერთი,როგორც ერთ-ერთი,
ის იყო შორი,როგორც ნუგეში,
გაგდებული და მივიწყებული,
გადამალული თავის ბუდეში.

ფხიზლობდა მუდამ,
სუნთქავდა ჩუმად,
დაძრწოდა ღამით,ტრამალის პირას,
არავინ ჰყავდა,არავის სურდა,
ვერავინ,
ვერსად ნახავდა მტირალს.
ძუნძულით დაღლილს აწვიმდა წლები,
მზესთან ლაციცით ირთობდა სევდას,
მის მონურ ტკივილს ზამბახებს ვფენდი,
მაგრამ დრო მაინც უსიტყვოდ სცემდა.
ძლივს მივაგენი,
სად არ ვეძებე…
როგორც არავინ,ის იყო ჩემი.
მინდოდა,მასაც ამოვეჩემე,
მიყვარდა ჩემი ტრამალის მგელი!

Lela Lashxi – Tramalis Mgeli

ლელა ლაშხი – "მეტი ხარ, ვიდრე ცაში ღრუბელი"

May 9, 2013 § Leave a comment

მეტი ხარ, ვიდრე ცაში ღრუბელი,
მეტი ხარ, ვიდრე წვეთები წვიმის.
მთელი დღე შენზე ფიქრებს ვუნდები,
წამერთვა ასე ნანატრი ძილი.

მეტი ხარ, ვიდრე გვირილა მინდვრად,
მეტი ხარ, ვარდზე,შროშანზე მეტი.
არ ვიცი შენგან სხვა რაღა მინდა?!
ახლა რას ვგრძნობ და შენ როგორ გეტყვი?!

მეტი ხარ, ზღვაზე ,ცაზე და სხვაზე,
მეტი ხარ, მზეზე,ჩემზეც და შენზეც,
მეტი ხარ, ყველა ხმამაღალ ხმაზე,
არ ვიცი ამ ტვითს როდემდე შევძლებ?!

მეტი ხარ, ფიქრზე შორეულ წუთის ,
მეტი ხარ, მთვარის სპეკალზე დიდი,
უშენო ფერი ჯოჯოხეთს უდრის
და თითქოს გზაზეც არავინ მიდის…

მეფე ხარ დროის,მეტი ხარ დროზე,
მეტი ხარ, როგორც ყველაზე მეტი,
მეტი ხარ, მი–ზე,ფა–ზე და სოლ–ზე,
შევეცდები და მუსიკად გეტყვი…

მეტი ხარ, ჩემში ძარღვებში სისხლზე,
სუფთა ჰაერზე მეტი ხარ უფრო.
მეტი ხარ, ბოღმით ავსებულ ზიზღზეც,
გამიჭირდება დღეს ღამე ვუთბო…

მეტი ხარ,გეთქმის ჩემი სიმეტე,
ჩემი დუმილის მყუდრო ბანაკი,
არ ვიცი ჩემთვის რას გაიმეტებ,
გასრულდა ჩემი იაგავ–არაკი…

Lela Lashxi – Meti Xar, Vidre Cashi Grubeli
ლელა ლაშხი – მეტი ხარ,ვიდრე ცაში ღრუბელი

ლელა ლაშხი

May 9, 2013 § Leave a comment

კიბეზე ვიღაც იდგა…
სულ დასაწყისში იდგა და ჩუმად,
ფიქრობდა იმას,
რაც ჰსურდა იმ წამს,
ალბათ სტკიოდა,
ან უხაროდა,
ან არაფერი,
მხოლოდ ფიქრობდა.
თვალები მისი არ ანათებდნენ,
არც ბაგეებზე უკრთოდა შუქი,
არც ხელის მტევნებს ესხათ სხივები,
გამოხუნებულ ეპიზოდს ჰგავდა,
ძველი ფილმიდან
და იდგა ასე,
უსიტყვოდ,
დიდხანს,
მერე წავიდა,
როგორც შუადღე ჩემი ფანჯრიდან.

Lela Lashxi

ლელა ლაშხი

May 9, 2013 § Leave a comment

რა უსაშველოდ იცის ხოლმე წუთმა გაწელვა,
უმადურებით ავსებული ვქოლავ საათებს.
ცის ნაპირებთან მოვახერხე შენზე დაწევა,
ჩემს გასალღობად შუაღამე კოცონს აანთებს.

მოვინადირებ კაბადონებს,ნადავლს დავითვლი,
გაგინაწილებ სასიცოცხლოდ ძვირფას საგანძურს,
მაგვიანდება,მიმასწრებენ,დრო არ დაიცდის,
რა შეიცვალა თუ დავმუნჯდი?მიყვარს,განა მძულს!

საგულდაგულოდ გადამალა აწმყომ სარდაფში,
უღიარებლად დამარხული ჩემი თაობა!
არც უნანია,ისე დათმო,ერთხელ ნანახში,
საპირჯვრე მხარზე მოინიშნა არარაობად.

წავა,გაივლის,არ დარჩება სამიდღემჩიოდ,
ვინ მიჩვეულა,ისე,რომ არ გადასჩვეოდეს,
მე მეშინია,მაკანკალებს,არ მივეჩვიო,
უპატიებელ იარებად არ მემჩნეოდეს.

ის,რაც ასე და ამნაირად აშთობს მოლოდინს,
ის,რაც ამდენად ავიწროვებს ბილიკს თმენამდე,
ის,რაც მიგათრევს იძულების წესით ბოლომდის,
ის,რაც გაშორებს საკუთარი თავის რწმენამდე.

რომ არ წარხოცავს,შენში ფარულ ყველა ღირსებას,
რომ შეგინახავს დედაშენის თბილი გულივით,
თუ წაგაქციეს,ის მოგკიდებს ხელებს ისედაც,
გამოგიწოდებს დაღლილ იმედს,თბილი პურივით.

რა უსაშველოდ იცის ხოლმე წუთმა გაწელვა,
უმადურებით ავსებული ვქოლავ საათებს.
ცის ნაპირებთან მოვახერხე შენზე დაწევა,
ჩემს გასალღობად შუაღამე კოცონს აანთებს.

Lela Lashxi

ლელა ლაშხი

May 9, 2013 § Leave a comment

შენ ყველა გიცნობს,
როგორც ერთადერთს,
შენ ხარ ყველასთვის,
მხოლოდ არავინ,
სახელწოდებას პარავ სამყაროს,
შენსას,
რომ გერქვას _ადამიანი.
სახელებს,
ჩემთვის ძვირფას სახელებს,
სახეებს,
არცერთს,
რომ არა ჰგვანან,

დაგვის ზამთარი,
გასწმენდს მზის ოფლი,
მოუმაქმანებს მკლავზე სარტყელად.
როდესაც შეგხვდი,
ასი წლის მერე,
ჩემი ტყავიდან გამოქცეული,
შენ ისევ ისე დაგვილ–დავარცხნილს,
გენთო კვარცხლბეკზე ნორჩი სხეული.
ჰო,
მაინც ყველა გაერთადერთებს,
ყველასთვის,
მაინც შენ ხარ არავინ,
ამ სახეს,
ამ ჩემს საყვარელ სახელს,
მოვიპარავ და დავაარქივებ…


Lela Lashxi

ლელა ლაშხი

May 9, 2013 § Leave a comment

მიფათურებდა სულში ხელებს ჭრელი დემონი,
თვალშიგაყრილი ღმერთს ვუზივარ ძოწის მუხლებზე,
შენზე ოცნებას,
აქაც ვეღარ ვერიდებოდი,
დაუსრულებლად ვუამბობდი,
ჩემს მკვდარ მუზებზე…
შორსა ვარ ახლა,
ისე,
როგორც შორს ვარ ყოველთვის,
ისე ახლოს ვარ შენს ფიქრებთან,
როგორც მზე ცასთან,
მივდიოდი და ნაფეხურად გულს გიტოვებდი,

ჭრელი დემონი ოკეანის ნაპირებს გასცდა
და ზღვა ჩაცელა,
უკანასკნელ კენჭამდე მარჯნის,
განთიადს სული ,
ისე უმალ ამოახვრიპა,
რიგში ელოდნენ,
დამცირებულ სათქმელს ღეჭავდნენ,
იმან კედელზე აგვაკრა და ყველა დაგვხვრიტა!
ხმაგაბზარული,
აღმართ–აღმართ მე და ის,
“დიდი”,
დაღლილნი,
მაგრამ მაინც ზევით ამოვდიოდით,
მიტევებული ომის სურნელს ვერ განვიცდიდით,
როცა მოვბრუნდი,
ჩვენს კვალდაკვალ,
შენც მოდიოდი…

Lela Lashxi

ლელა ლაშხი – "მოძალადეა ერში ბერი თავისი არსით"

May 9, 2013 § Leave a comment

მოძალადეა ერში ბერი თავისი არსით,
ჭეშმარიტების მქადაგებელ ზეშინაარსით…
მოძალადეა ქალში კაცი დღიდან გაჩენის,
არმორჩილების შემთხვევაში–ვერგადარჩენა!
ასცდა სამოთხეს.
წინგადადგმული ერთი ფეხიც საბედისწეროდ,
გასალანძღად და დასამხობად საკმარისია!
ჩემი ჩემია,
შენი ჩემია,
ჩვენიც ჩემია,
ყველა ჩემია,
ჩემი ვისია?!
არავისია,მარტო ჩემია.
ჯერ ჩემს შეძენილ ბილეთზე ვზივარ,
შემეღირსია!

Lela Lashxi – Modzaladea Ershi Beri Tavisi Arsit

Where Am I?

You are currently browsing the ლელა ლაშხი category at leqsebi.