მურმან ლებანიძე – დიდი პოეტი ჩვენ დროდადრო ასეთიც ვიცით

October 16, 2014 § Leave a comment

ის ქართლს შეჰხარის,
მის მოწყენილ მშვენიერებას:
გზა ტირძნისისკენ,
კლდეს კასპისას, მეტეხის პურებს;
გრძნობს მათის ჭვრეტით
უზენაეს ბედნიერებას,
ელაციცება
მისი თვალი გლეხკაცს და ურემს.

ის არ სვამს კითხვას!
არ პასუხობს არვისგან დასმულს!
მას, დაღლილს ბრძოლით
და მსოფლიო ნგრევათა ელდით,
სიმშვიდე მხოლოდ!
არაფერი სხვა მეტი არ სურს –
დანთქმული არის
ის ამჯერად სამშობლოს ჭვრეტით,

გზები, მინდვრები,
ფეხადგმული ძნები ახარებს,
ის ქართლს შეჰხარის –
ყურძნის ტბებს და მიწისას ნაყოფს;
„ავჭალის იქით“,
„გავსცდით ხანდაკს“,
„ზვრები გრაკალის“,
ის ქალი ისევ
„მწუხარებით
მიჰყვება ახოს…“

როგორ! ეს არის?
სულ ეს არის ხატი პოეტის?!
რა იქნა გმირი,
მომავალი ნაბიჯით მტკიცით?!
– ერთ გუნებაზე
ვერ იქნები კაცი ყოველთვის!
დიდი პოეტი
ჩვენ დროდადრო ასეთიც ვიცით!

Murman Lebanidze – Didi Poeti Chven Drodadro Asetic Vicit
მურმან ლებანიძე – დიდი პოეტი ჩვენ დროდადრო ასეთიც ვიცით

მურმან ლებანიძე – "შრება სისხლი, კვალად სჭკნება ხორცი"

October 16, 2014 § Leave a comment

შრება სისხლი, კვალად სჭკნება ხორცი,
ყველაფერი ბერდებაო ნორჩი,
უცვლელია მხოლოდ ჟამთა დენა,
ყველაფერი ცვალებადობს დროში… –

ამიტომაც ცვალებადობს რწმენა?!
ამიტომაც ცვალებადობს მრწამსი?!
აგე, კაცი! – დგას სიკვდილის პირად –
არაფერი, არაფერი მსგავსი!

Murman Lebanidze – Shreba Sisxli, Kvalad Schkneba Xorci
მურმან ლებანიძე – შრება სისხლი, კვალად სჭკნება ხორცი

მურმან ლებანიძე – "თვეები დის და დღეები მიხტის"

October 16, 2014 § Leave a comment

თვეები დის და დღეები მიხტის _
უახლოვდება პოეტი სიკვდილს.
ეგ _ არაფერი! ვინ არის იგი, _
ვისთვის შეცვლილა ბუნების რიგი?!
ერთხანს ვუსინჯე კიდევაც კბილი
სიკვდილს _ ვერ იყო ძილივით ტკბილი…
მაგრამ რაკიღა კვლავ ხიდზე მოვხვდი,
ვუახლოვდები რაკიღა სამოცს
(სხვა საპატიო მიზეზთა გამოც!)
მე გადავწყვიტე სიკვდილი გვიან!
კი, იმნაირი ქარები ჰქრიან,
მე უნდა ვნახო მზე, მთვარის სასძლო _
ამ საუკუნის თოვლები ვალხო _
იმ საუკუნის გორები ვნახო.
მე უნდა ვნახო: კეთილს და ბოროტს
ვის რა მიეზღვის ბოლოს და ბოლოს…
ვნახო სინათლე მშობელი ხალხის,
ოცდამეერთის დავესწრო დილას _
ათასწლეულის დაწყებას ახლის _
და მერე მოვკვდე მშვიდად და ტკბილად!

Murman Lebanidze – Tveebi Dis Da Dgeebi Mixtis
მურმან ლებანიძე – თვეები დის და დღეები მიხტის

მურმან ლებანიძე – "საზიზღარია, ჩემო ალექსი"

October 16, 2014 § Leave a comment

საზიზღარია, ჩემო ალექსი,
უგულისძგერო, ვითომ ღრმა ლექსი!
ნახელოსნევი და ნაწვალები –
ტვინით ნაჭყლეტი ჩალა ბწკარები!

მე მიყვარს ლექსი, – შიგ გულში გგლიჯო, –
გამოვარდნილი, როგორც ზვიგენი,
რომელიც ყვირის: – მაცადე, ბიჭო,
მე თვითონ ვიცი – გზა გავიგენი!

Murman Lebanidze – Sazizgaria, Chemo Aleqsi
მურმან ლებანიძე – საზიზღარია, ჩემო ალექსი

მურმან ლებანიძე – "შეეწებება ლოკოკინა ქვეშიდან ხის ძირს"

October 16, 2014 § Leave a comment

შეეწებება
ლოკოკინა ქვეშიდან ხის ძირს
და კენწეროსკენ
ეშურება, ბეჯითად იღწვის….

ვითომც ლექსების
წიგნია და ფერადი ყდა აქვს _
ზურგსა ჰკიდია
სახლ-კარი და ბეჯითად დააქვს.

უძახე მაგას
შენ პედანტი! დღეგრძელობს, გახლავს!
ეგ უსიკვდილოდ
მოექცევა კენწეროს მაღლა!

რაიო?! ,,ტფუი!
ნაკვალევზე სტოვებსო ლორწოს?!”
შენ, როგორც გატყობ,
უფრო მეტად არწივი მოგწონს!

-კი! ერთს დასჭყივლებს,
გაერევა სავათის გუნდში
და მაგ კენწეროს
დააცხრება ნამდვილად წუთში!

მაღალმა ღმერთმა,
ლოკოკინავ, რაღაც დაგაკლო _
გარემოს შეგრთა,
შეგახამა, ჩაგკლა, ჩაგაქრო.

სამაგიეროდ
სიბეჯითე მოგმადლა სახსრად
და მხრებზე…
სახლი გაოგასხა
შენ ფრთების ნაცვლად…

წყნარად! სიფრთხილით! _
ყოველ ნაბიჯს ეჭვითაც განსჯი _
გასწი, საბრალო
ლოკოკინავ, ბეჯითად გასწი!..

კმაყოფილია
ლოკოკინა ცხოვრების ეტლით:
ბეჭებზე სახლით,
მყუდროებით, კომფორტით, ხვედრით!

არ მიაჩნია
ეგ არწივი არაფრად დიდად!
მოკლე ნაბიჯით
წინ მიიწევს თანაბრად, მშვიდად.

ხანდახან
მაინც გაუელვებს ჩვენს ლოკოკინას:
,,დახე უწესოს!
მაცოდინა ეგ როგორ ფრინავს!!!”

Murman Lebanidze – Sheewebeba Lokokina Qveshidan Xis Dzirs
მურმან ლებანიძე – შეეწებება ლოკოკინა ქვეშიდან ხის ძირს

მურმან ლებანიძე – "თათარაიძის პატარა ქალო"

October 16, 2014 § Leave a comment

თათარაიძის
პატარა ქალო,
შენ შენი გული
პოეზიის ცეცხლს მიეც უშრეტს,
თავდავიწყებით
შენ შენსას ჰგალობ –
იხარე, შვილო,
ესახელე ჩვენს ბედკრულ თუშეთს!
ჩიტუნას ჰჰგავხარ
პაწაწუნას, რომელიც სჭყივის
და გაჩქარებით
ათასნაირ ტკბილ ხმას გამოსცემს;
ტირილ – წუხილთან
სიხარულიც შენს ხმაში სჭვივის,
გაოცებულხარ, –
გაოცება შენი გვაოცებს.
შენ არ გეწყინოს,
არ თქვა: რჩევა ადვილად ითქმის!
მე შენ ერთს გკადრებ,
არას გეტყვი მრავალსართულად:
შიგდაშიგ, შვილო,
ეგ ყვავილი თუშური სიტყვის!
სთქვი უფრო ნათლად,
ცოტა უფრო მთავარ – ქართულად!
სხვა რა გირჩიო?!
გახარებას ლექსით გვპირდები –
„ჩემ დედო” უთხარ
დედას მთავარს, ვინაც შეგიგრძნო!
ხომ მოგვეწონა
დაქსოვილი შენგნით ჩითები?!
ხომ მოგეფერა
საქართველო როგორც შეიძლო?!
თავდავიწყებით
შენ შენსას ჰგალობ…
მადლი შენს გამჩენს,
შენს გამომცემ ქორბუდა თუშეთს!
თათარაიძის პატარა ქალო,
გვირილას შენსას
ბერიკაცი იმედით უჭვრეტს!

Murman Lebanidze – Tataraidzis Patara Qalo
მურმან ლებანიძე – თათარაიძის პატარა ქალო

მურმან ლებანიძე – "თავის მოკვლას არ ცდილობდა"

October 16, 2014 § Leave a comment

თავის მოკვლას არ ცდილობდა,
იჯდა, თავდახუფულს
ბერძნის ქალი ქმარს სტიროდა,
არ ჰკვირობდა კუბოს…
არ წიოდა, არ ჰკიოდა
შავ-ბნელ კვირა დილით,
გაკვირვებას არ ცდილობდა
მწარე სინამდვილით.
ვთქვი სამძიმრის რაღაც მსგავსი
(შვიდი იყო დილის…) –
წაიშინა ხელი თავში
და უმატა ტირილს…
რძალი ძუძუს აწოვებდა
ჩვილს, და ძუძუ ჰქონდა მკვრივი;
ტაშტს კუბოს ქვეშ ასწორებდა,
თან – სტიროდა ქვრივი.
მე სიტყვები მაოცებდა:
დაზაფრული პირით.
ხომ ბერძნული არ ვიცოდი –
ვგრძნობდი ყოველ სიტყვას,
თითქოს გვერდში (არ ვიძროდი…)
თარჯიმანი მიდგა.
მივეყუდე იქვე კედელს,
და ვფიქრობდი ფიქრებს კეთილს,
ყურს ვუგდებდი ბერძნულ მოთქმას
და ვთქვი გულში ჩემთვის:
ვართ ადამის რტო სხვადასხვა,
ვართ სხვადასხვა ტომის,
ერთნაირად დრომ გადაგვსხლა,
მაინც, გვილხინს რომელს?!
ერთნაირად ვიბადებით,
მოვალთ ერთი ძირით,
ერნაირად ვიმარხებით,
ერთნაირად
ვსტირით!

Murman Lebanidze – Tavis Mokvlas Ar Cdilobda
მურმან ლებანიძე – თავის მოკვლას არ ცდილობდა

მურმან ლებანიძე – "ჩემო ციალავ"

October 16, 2014 § Leave a comment

ჩემო ციალავ,
ჰა, შენ ლექსი: ტაია, ტაია…
შენ, ოქროსფერო
შინაბერავ, ჩვენო დაია!

არცთუ კეკლუცო,
მაგრამ თბილო, სანდომიანო,
მაინც მისჯილო, –
ეს ცხოვრება მარტომ იარო…

დასწყევლოს ღმერთმა –
ალათაში, ბალათაშია –
შენ ის ქალი ხარ,
ვისიც ბედი მარად გზაშია.

იღბალი შენი –
პოეზია ანთია ქარში!
იღბალი ჩვენიც –
ჩვენი ლექსის გადიად დაგვრჩი!…

გემწარა, ვიცი!
მაგრამ ოცი წელიწადია,
ღმერთმა ხომ იცის,
გახარება შენი მწადია…

ციალავ-ჩემო,
ჰა, შენ ლექსი: ტაია, ტაია…
ასმათო ჩვენთვის!
ოქროსფერო ჩვენო დაია!

Murman Lebanidze – Chemo Cialav
მურმან ლებანიძე – ჩემო ციალავ

მურმან ლებანიძე – როგორ გაბედე?!

October 16, 2014 § Leave a comment

როგორ გაბედე! –
დაუნდობლად მკაცრმა და ბასრმა
და უნამუსომ
გაგიელვა შენ ჩემზე აზრმა!

შეურაცხყოფას
შენგნით ჩემსას საზღვარი არ აქვს:
შენ შენი ადლით
გამზომე და სხვაც მიეც ტალახს…

ვარ გაკვირვებას!
როგორ?! კითხვით ტყე-ველს შევცქერი:
ნუთუ ცხოვრებით
საკუთარით მე ვერ შევძელი,

აღმეძრა შენში –
ლექსით, ბრძოლით, საქმით და წიგნით –
ჩემზე და კაცზე,
უმაღლესი აზრი და ფიქრი!

მაგრამ…
ეგ აზრი ლოკოკინას პაწია ტვინში
იშვა რაკიღა, –
ჩემგან წყენის არც კია ღირსი –

მე ვერ მამცირებს!
სიღარიბეს, სირეგვნეს ბეჩავს
და უნუგეშო
სიმარტივეს მეტყველებს შენსას!

Murman Lebanidze – Rogor Gabede?!
მურმან ლებანიძე – როგორ გაბედე?!

მურმან ლებანიძე – "პარტახი – მძაგდა!.."

October 16, 2014 § Leave a comment

პარტახი –
მძაგდა!
მათრახი –
მძულდა!
ასრულდა,
ახდა –
აგორდა
გუნდა!
ხეობის წიგნდში – მწუროდა! მსურდა! –
შელოცვასავით ჩავწერო უნდა:
ხრიხონისს,
ქრისტესს,
კვახიშხიეთს,
ბოყვას –
ჩემს ჯიშს,
ჩემს ჯილაგს,
ჩემს თვისტომს,
მოყვასს:
(ცეცხლი დაინთება, კერია არ ჩაქრება) –
კეთილი იყოს თქვენი დასახელება!
ფარახეთს,
სევას,
მრავალძალს,
სხიერს –
ჩემს სისხლს და
ჩემს გენს,
ხნიერს და
ძლიერს:
კეთილი იყოს თქვენი დასახლება –
თქვენი მშენებლობა! თქვენი ჩასანგრება!
პარტახი –
მძაგდა!
მათრახი –
მძულდა!
ასრულდა!
ახდა!
მწუროდა!
მსურდა! –
შემობრუნება ხომ იძრა დროთა?!
ეს სიხარულიც ვიმკაროთ ცოტა!

Murman Lebanidze – Partaxi – Mdzagda
მურმან ლებანიძე – პარტახი – მძაგდა!

Where Am I?

You are currently browsing the მურმან ლებანიძე category at leqsebi.