ლაშა-გიორგი – შუბლი შეუკრავთ ამინდებს

November 29, 2013 § Leave a comment

შუბლი შეუკრავთ ამინდებს,
ზამთრის სიცივე კმარა!
მე გეუბნები: დამინდე!
შენ კი მპასუხობ: არა!

დუმილზე გატყობ, მზადა ხარ,
დრამა აქციო ფარსად,
მე გეკითხები: სადა ხარ!
შენ კი მპასუხობ: არსად!

ხეები თრთიან, მხეცები,
ქარი გაედო ძერას,
დაგეძებ ხელის ცეცებით,
შენ კი მარიდებ მზერას.

ერთხელაც წვიმა მოვიდეს,
აავსოს ყველამ სათლები,
გაგივლის ეგ სიჯიუტე
და მერე მოგენატრები.

შუბლი შეუკრავთ ამინდებს,
ზამთრის სიცივე კმარა!
მე გეუბნები: დამინდე!
შენ კი მპასუხობ: არა!

Lasha-Giorgi – Shubli Sheukravt Amindebs

ლაშა-გიორგი – სიყვარული ღმერთია

November 20, 2013 § Leave a comment

სიყვარული ღმერთია,
და ღმერთია ოდინი,
ახლა ეს გზაც ერთია,
და შენი მოლოდინი.

არაფერი მაშინებს,
არც მრისხანე ვალჰალი,
მხოლოდ გული ქოშინებს,
და ეპოქა ახალი.

ვხედავ მე შენს ორეულს,
დაბოღმილან ვანები,
მაგ სიტურფეს შორეულს,
რადგან ვეთაყვანები.

რადგან ჩემზე გარისხდა,
დედოფალი ფრიგია,
ეშაფოტის არის ხმა,
უკვე ჩემი რიგია.

ვარსკვლავს გაეჯიბრება,
მარგალიტის კოლიე,
დღისით მომიგონიე,
ღამით მომიგონიე.

სიყვარული ღმერთია,
და ღმერთია ოდინი,
ჩვენი გზები ერთია,
მკლავს შენი მოლოდინი.

Lasha-Giorgi – Siyvaruli Gmertia

ლაშა-გიორგი – ცივი ზამთრის სილუეტი

November 17, 2013 § Leave a comment

არ ეღირსა ამ ცივ ზამთარს ზეცის გადაკარება,
არცა ცრემლი,არცა რული თვალებს არ ეკარება.
ღამე კრთება და ზამბახი,სიო უსტვენს იასა,
ჩემში მგლური ბუნება აქვს ისევ ადამიანსა.

არ ეღირსა ამ ცივ ზამთარს ზეცის გადაკარება,
არცა ცრემლი,არცა რული თვალებს არ ეკარება.
და ვარსკვლავთა აღარ მოსჩანს იდუმალი თენება,
ვერ ვისწავლე ოცნებათა სწორი გამოყენება.

არ ეღირსა ამ ცივ ზამთარს ზეცის გადაკარება,
არცა ცრემლი,არცა რული თვალებს არ ეკარება.
უკან დარჩა სიყმაწვილის უთმენელი ზიანი,
უკან მომდევს შენი მზერა,მუქი,ალერსიანი.

არ ეღირსა ამ ცივ ზამთარს ზეცის გადაკარება,
არცა ცრემლი,არცა რული თვალებს არ ეკარება.
ქარი ბორგავს და ქუჩებში ნისლიანი მტვერია,
შენს გარეშე არსებობა ახლა არაფერია.

lasha-giorgi – civi zamtris silueti

ლაშა-გიორგი – მზიანი არის ამინდი

October 17, 2013 § 2 Comments

მზიანი არის ამინდი,
ყვითელი,როგორც კეხურა,
იყავი დიდი რაინდი,
ყაბალახი რომ გეხურა.

ეზოს,ხეხილით მოფენილს,
დაამშვენებდა ცხენია,
ადრე გიყვარდა სოფელი,
დღეს სოფლელობა გრცხვენია.

უფროსია თუ ნორჩია,
ყველა კაიფობს აბებით,
ვაი ბედკრულო ჯორჯია,
გაივსე ლუარსაბებით.

ლაშა-გიორგი – სახე დამალე

October 17, 2013 § Leave a comment

ხშირად უმზერდა თვალებში სიკვდილს,
ოცნება ბედს არ შეუდრკა,დახე,
მე შევამჩნიე და დღესაც მიკვირს,
რა გულმოდგინედ დამალე სახე.

პასუხად ვნახე ძველი კითხვები,
ასჯერ გავჭერი ერთი გონებით,
შენთან ვდგავარ და არ გეკითხები,
გულით გატარო თუ მოგონებით.

ოცნება ბედს არ შეუდრკა,დახე,
ვერ დააოკა დილამ ფერწერა,
შენ გულმოდგინედ დამალე სახე
და სიყვარული შუბლზე გეწერა.

ლაშა-გიორგი – კვლავ მოწყენილი თვლემენ ტყეები

October 7, 2013 § Leave a comment

კვლავ მოწყენილი თვლემენ ტყეები,
გონებას ამღვრევს ტურფა მხევალი,
შენს წასვლას უნდა მხოლოდ დღეები,
დაბრუნებას კი თვენახევარი.

ისევ დაზამთრდა-ისევ თავიდან
და გამოფინა თეთრი საცვალი,
ჩვენ გამოვაკლოთ მოდი ავიდან
ბოროტება და დედინაცვალი.

ახლა დაფრინავს მხოლოდ ბეღურა,
გადაიხვეწნენ სხვაგან ჩიტები,
სოფლიდან ისმის ხასანბეგურა,
ნეტავ იცოდე როგორ მჭირდები.

კვლავ მოწყენილი თვლემენ ტყეები,
გონებას ამღვრევს ტურფა მხევალი,
შენს წასვლას უნდა მხოლოდ დღეები,
დაბრუნებას კი თვენახევარი.

ლაშა-გიორგი – სიყვარულის გარეშე

October 6, 2013 § Leave a comment

ვხედავ,მტკვარში გემია,
უკაცრავად,ტივები,
ლექსი არ გიგემია,
მე კი მემოტივები.

ცაზე ვხედავ თოლია-
დაფრენს,შეკრა კამარა,
არაფერი მდომია,
დავრჩი მე შენს ამარა.

მხოლოდ ღმერთი იწამე,
დაუბერავს ზღვაური,
თითები დავიჭამე,
მკლავს ეს აურზაური.

რადგან ყველა უბრია,
კვდება სული სალეშე,
არსად მისაუბრია,
სიყვარულის გარეშე.

ლაშა-გიორგი – შენს ორეულს გავს

September 30, 2013 § Leave a comment

მიდის ორთქმავალი,
აპობს სივრცის რკალს,
გოგო მომავალი,
შენს ორეულს გავს.

მოუყვება ქუჩას,
და ვერხვივით კრთება,
მკერდის ღარი უჩანს-
ჩემი საკუთრება.

ნეტავ შენი სახე,
მუდამ თვალწინ მედგას,
ყელზე წვრილი ძარღვი,
ფეთქავს.
ფეთქავს.
ფეთქავს.

ლაშა-გიორგი – ჩემ ბედს გავიზიარებ

September 30, 2013 § Leave a comment

ჩემ ბედს გავიზიარებ,
წამიყვანენ ქარები,
არვის დავაზიანებ,
არვის გავეკარები.

ფერებია ნართული,
მოდის თვალთა ნათება,
ვდგავარ წელგამართული
და ჩემი მემართება.

ასე იყო წინადა,
იქცეოდნენ კაცურად,
ღამემ გაიცინა და
სიზმარეთში გაცურა.

ლაშა-გიორგი – მუზა

September 30, 2013 § Leave a comment

ერთადერთი მუზა შენ ხარ პოეტის,
მაგ სიტურფეს დაგიფარავს კაბა რას,
გეშინია ქარის მიეთ-მოეთის,
ქალაქიდან გადაწყვიტავ გაპარვას.

მზის ბილიკზე ფეხშიშველი მიდიხარ,
ოცნებებმა მდელო შემოგატარა,
ყაყაჩოებს კითხე:
-უკვე დიდი ხარ.
გვირილები გეძახიან:
-პატარა!

ერთადერთი მუზა შენ ხარ პოეტის,
(პოეტს თუკი დაუძახებ მეკობრეს)
უკვე გესმის ქარის მიეთ-მოეთის:
“ნუ დატოვებ!ნუ დატოვებ მეგობრებს!”

Where Am I?

You are currently browsing the ლაშა-გიორგი category at leqsebi.