გიორგი არაბული – "მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ"

December 5, 2014 § Leave a comment

მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი),
არ შეგვიძლია, რომ სხეული წამებას მივცეთ,
ზოგჯერ ისეთი მარტივია შეაღო კარი
და კარის უკან დამწყვდეული ვერ ნახო სივრცე.
გზას მივყვებოდეთ შენ გოლგოთის, მე ჩემი სოფლის,
მერე კი ერთად მივდიოდეთ თოვლში და ქარში,
ჩვენ დედამიწა ისეთივე პატარა გვყოფნის,
სადაც შენ ჯვარზე გაგაკრეს და მე მარტო დავრჩი.
დრო იტყუება… კვლავ გოლგოთის მთიდან დაგვყურებ,
მე პირჯვარს ვიწერ და ვლოცულობ და ღმერთო… “ამინ”
კაცობრიობა დაამწყვდიეს… კარი დახურეს…
ახლა ფანჯრებთან ერთმანეთის სხეულებს ჭამენ.
მიწაზე ყველას დაავიწყდა რწმენაც და ქრისტეც,
ჯვარზე გაცვეს და დაიჯერეს… ჰგონიხარ მკვდარი
ადამიანებს – ძნელია რომ დღეს რწმენა მივცეთ
მე და შენ, ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი).


Giorgi Arabuli – Me Da Shen Gmerto, An Me Da Tqven, An… Rogorc Ari

გიორგი არაბული – მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი),

გიორგი არაბული – "სიტყვით დაიქარგა – სიყვარული"

October 8, 2014 § Leave a comment

სიტყვით დაიქარგა – სიყვარული,
კოცნა – ტაეპებით მოგიწანი,
მიყვარს – უაზრო სიარული,
(ერთხელ პანთეონთან მომისწარი…).
სიტყვა ავიხირე – სევდიანი,
სევდაც – მილეული, დახეული,
რიცხვი – რა თქმა უნდა შვიდიანი,
ფიქრი – სიყვარულში გახვეული.
რითმა – გაცვეთილი, ბანალური,
ასე – დახეული-გახვეული
გვარი – რა თქმა უნდა არაბული,
თმები – რა თქმა უნდა დახვეული.
თვალი – ზოგჯერ მწვანეც, თაფლისფერიც,
წარბი – ერთი წარბი შრამიანი,
ლექსი – რა თქმა უნდა ატმისფერი,
ცოტა მოლუდო და შარიანიც.

ბოლოს – ალბათ ისევ თარიღი და
ალბათ ისევ – გიო არაბული,
მისამართი – ჩემი სამყოფლიდან,
რითმა – რითმა ისევ ბანალური.

Giorgi Arabuli – Sityvit Daiqarga – Siyvaruli
გიორგი არაბული – სიტყვით დაიქარგა – სიყვარული

გიორგი არაბული – "შენს თვალებს – როშკის ტბებს"

October 2, 2014 § Leave a comment

შენს თვალებს – როშკის ტბებს,
შენს ხელებს..
შენს თითებს – ნაწვეთარს გუროსას..
მე მხოლოდ სიზმარში შევეხე –
შენს სხეულს –
ნედლ ყვავილს, სუროსას..

შენს ნეკნებს,
შენს მკლავებს,
შენს ხალებს,
შენს წარბებს, წამწამებს – თავშავას,
მე მხოლოდ სიზმარში გიხილე
და მერე სიზმარმაც წამშალა..

შენს თვალებს, შენს სუნთქვას.. ვიგონებ
შენს ფრაზებს,
შენს სიტყვებს – ავკარგებს..
მე მხოლოდ სიზმარში გიპოვე
და მერე სიზმარიც
დავგკარგე.

Giorgi Arabuli – Shens Tvalebs – Roshkis Tbebs
გიორგი არაბული – შენს თვალებს – როშკის ტბებს

გიორგი არაბული – უპუნქტუაციო სამშობლო (და ლექსიც)

June 30, 2014 § Leave a comment

ჩვენც დროში დაკარგულ თაობას ვემსგავსებით
რომელსაც საყვედურობენ

გაიზრდებიან შვილები
ჩვენი ტკივილით გამოკვებილები
აიდგამენ ენას და მთელი ცხოვრება
ზიზღით ჩაგვეკითხებიან
– სად იყავით როცა
– ხმა რატომ არ ამოიღეთ როცა
– რაზე ფიქობდით როცა

ჩვენ არც ძალა გვექნება თავისმართლების
არც სიმართლე და ამიტომ ვერ ვეტყვით შვილებს
რომ გვეძინა
რომ გვეშინოდა
რომ ამოვქოლეთ ფანჯრები
რომ გავჩუმდით
რომ შევეგუეთ

ჩვენი შვილები ყოველდღე გაგვახსენებენ
ქუჩაში მოკლულ ადამიანებს
ნაწამებ პატიმრებს
გამქრალ და დატბორილ სოფლებს
წართმეულ მიწას
სუფრაზე დაღვრილ ოფლს
და დუმილს
რომელსაც ამოვეფარეთ როგორც მშვიდობას

სად იქნება სიმართლე
რომელ რწმენას ჩავიცვამთ
რომელ ჭეშმარიტებას ამოვეფარებით
რომელ მომავალზე ვიფიქრებთ

ძველებურად გავაბოლებთ სიგარეტს და ჩვენი წარსულით დამძიმებული კვამლი გაგვახსენებს რომ
ჩვენ დავანგრიეთ საქართველო
ჩვენ დავკარგეთ რწმენა
ჩვენ დავხოცეთ ადამიანები
ჩვენ დავარბიეთ მიტინგები
Äჩვენ დავიძინეთ

ბედნიერებიც კი ვიქნებით რადგან დავრწმუნდებით
ყველაფერი ჩვენი ბრალია
მხოლოდ ჩვენი

მერე ჩვენი შვილებიც გაიზრდებიან
ისინიც დაიწყებენ სამშობლოზე ლექსების წერას
ძველს დაანგრევენ და ვიდრე ახალს ააშენებენ
ამ ნანგრევებში ახლა მათი შვილები ჩაეფლობიან
როგორც ჭაობში და სანამ იქიდან ამოვლენ
დაბერდებინ ჩვენი შვილები

სად იქნება ღმერთი
ვის ტანსაცმელს ჩაიცვამენ გაყინული ბავშვები
რომელ კედელს ამოეფარებიან ცოლები
რომელ მომავალს დაპირდებიან მამები შვილებს
(როგორი) იქნება ჩვენი ქვეყანა

რაღა ეშველება სუფრას
რის სადღეგრძელოს დალევენ პატრიოტები
როგორ დამთავრდება ქეიფი
როგორ დამთავრდება ჩვენი ქვეყანა

მერე მოხდება დრო

შვილიშვილები
ჩვენს ლექსებში აღმოაჩენენ სამშობლოს
და წიგნის თაროზე შემოდებენ ძველ ალბომთან
ერთად

Giorgi Arabuli – Upunqtuacio Samshoblo (Da Leqsic)

Where Am I?

You are currently browsing the გიორგი არაბული category at leqsebi.