მიხეილ ქაშიაშვილი – *გენიოსების სამყარო*

May 4, 2013 § Leave a comment

ისვენებენ აზრები და ოცნებებს ასდევენ
და ასეთი გრძნობები სიმსუბუქეს მაძლევენ.

ჩუმდებიან ველები და თბებიან ხელები
და ზევიდან ჰორიზონტს ასველებენ ცრემლები.

ვერ იშლება წარსული – ოდეს ტანჯვით გასული
და მზეც თითქოს სევდიან მხარეშია ჩასული.

ეს თოთხმეტი მარცვალი მეტად მომხიბლავია
და სიცოცოხლის შენება წუთისოფლად ავია…

რატომ არის სიშორე სულსი ასე ნაცნობი,
რატომ არის ეს უცხო სიყვარული მათრობი?!

და ჰა ისევ ღამეა, ვარსკვლავთ შუქი ანთია
და საათზე ზუსტი დრო შესრულდა და ათია.

და მივდივარ ღამეში ვით სიკვდილის კაშკაში
და ვარ სული – დუმილი, ეს არ არის თამაში.

მიერთდება ნიავი და ჩვენ ლანდებს მივყვებით
და დრო ჩვენ არ გვეხება თვით მაგიურ ციფრებით.

შენობები მკვდარია და გაშეშდა ყოველი
და დრო ჩემზე ღრიალებს ვით მრისხანე ცხოველი.

მე კი ისევ გზაზე ვარ და სიშვიდე მაბერებს
და რითმები სიმღერას, – უკვდავებას აჟღერებს.

ხმელი ფოთოლთ გუნდები გზის ნაპირებს ედება,
ვგრძნობ სამყაროს სიკვდილი ვერაფრით გაჩერდება.

მიხმობს ისევ შორიდან უკუნითი სინათლე,
პოეზიის რიგებში ჩემი გზაა სიმართლე.

უბრალო და ნათელი მწვერვალებზე მაღლდება
და ამაყი სიცოცხლე სიცოცხლეში ალდება.

მე კი ისევ მივდივარ ოცნებების ტრფიალში,
სადღაც ნეტარ სიცოცხლის დაუღალავ ტრიალში.

და კარები შორია ვით მირაჟი ყვავილის,
უკან მომსდევს წამები და ხმა-კვდომა ჩხავილის.

იძირება ნისლები და გაგება ძნელია
და მე ცისკენ მივდივარ როგორც წმინდა ელია.

მიწა ისევ მკაცრია, ისევ გაუმაძღარი,
ისევ უმოწყალოა ვით მშიერი აფთარი.

და მიზეზებს არა სცნობს ბრმაა ბრმათა სხეულში
და დრო ჩემი გაფრენის იწერება რვეულში.

აღარ არის სიკვდილი, აღარ არის სიცოცხლე,
მახსენდება ბინდ-ბუნდად რაც აქამდე ვიცოცხლე.

და ეს არც ნაღველია, იყო წამი და სხვა რა
ბრმად მივდივარ მინდობით უშიშრობის ამარა.

მოსჩანს, მოსჩანს კარები, მოიყარეთ მუხლები,
ცრემლთა ფრქვევა იწყება, განათდება ქუფრები.

მხოლოდ სამი კიბეა კარებამდე მანძილი
და ვგრძნობ უკვე ჩემია ღვთაებრივი ნაწილი.

ჰა, შეიღო კარები და არ ვიცი როგორ ვთქვა,
ენაც ისე ჩუმდება და მძიმდება როგორც ქვა.

ზღვა ცისფერი ალები, არცა მიწა არც ზეცა,
თითქოს გამოუთქმელი ნეტარება დამეცა.

აქ სულ სხვაა სამყარო და სწმინდე უსრული,
აქ იშლება უკვდავი, – ნეტარების უფსკრული.

აქ ყველა გენიოსი ერთმანეთით ტკბებიან,
აქ არც ცრემლთა ფრქვევაა, არც ფოთლები ხმებიან.

აქ არც რამე სრულდება და ყოველი ერთია,
სამუდამო ანთება დაუსრული ღმერთია.

არის ჭეშმარიტება და კარს უკან გოდება,
სულს აღარ ახსენდება გატანჯული ცხოვრება.

ჭეშმარიტი გრძნობები, -მას აქამდე მოვყავდი,
იქნა შეწყალებული თუ როს რამეს ვცოდავდი…

მაინც გემშვიდობები შენ სხეულო ნაწამო,
მაინც გამახსენდები თბილისურო საღამო.

მაგრამ ახლა სხვაგან ვარ, მივაღწიე სხვა წამებს
და მშვიდობით სიკვდილო, მე სიცოცხლე მახარებს.

Mixeil Qashiashvili – Geniosebis Samyaro

მიხეილ ქაშიაშვილი – სანთელი

May 4, 2013 § Leave a comment

ობლად მნათობი სანთელი
სწუხდა ცხოვრებას, გლოვობდა.
და დღე არ იყო ნათელი,
უკუნით ბნელში ცხოვრობდა.

გადიოდა დრო, სიცოცხლე,
ბნელში სიბნელე მატობდა,
მაგრამ სანთლისა სისავსე
ცრემლებში ღმერთით ხარობდა.

ცდილობდა ძალა ბოროტი –
ძალისა თვისსა მაცდურით,
რომ დაემონა მონობით
მონა უფლისგან მართული.

ხან შეაჭიდა გრიალ ქარს,
არწია როგორც ლერწამი,
ხან მაცდურ ხერხებს მიმართა, –
იყო ცხოვრებით ვერაგი.

მაგრამ ნათელი სანთელი
ხედავდა შორით სინათლეს,
არ აღელვებდა ცა ბნელი,
სწამდა რომ ის გაინათებს.

იწვიდა დღეც და ღამეცა,
უმზერდა მზეს და მთვარესა,
გულს არ იტეხდა სჯეროდა,
სიცოცხლეს კვლავ უმღეროდა.

იცნო უფალმა სანთელი
და ის შემოსა ნათელით
და უთხრა ესე სიმართლე;
ქვეყნად იყავი სინათლე,

აჰა იცხოვრე სამოთხედ,
დღე უკუნითით ხარობდე,
ვერ შეგაშინოს სიბნელემ
და სამუდამოდ იმღერე.

სანთელმავ თავი დახარა,
ადიდა უფლის დიდება
და სიხარულის ამარამ
სთქვა: ჩემთვის აღარ ბინდდება.

ასე ნაგრძნობი სიცოცხლე
ჩემებრ რითმებში მოვყევი,
ვიცი სადამდეც ვიცოცხლებ
ბოროტს არ დავემონები.

Mixeil Qashiashvili – Santeli

Where Am I?

You are currently browsing the მიხეილ ქაშიაშვილი category at leqsebi.