მედეა კახიძე – "ყველას ვიღაცა"

October 4, 2014 § Leave a comment

ყველას ვიღაცა
გვიწოდებს ლამაზს,
ხან გარეული, ხან შინაური,
ყველა ადვილად
მიხვდება განა,
ხუმრობაა თუ ქათინაური.

ვინმე ვინმესთვის
გზა არის დიდი,
ვინმე ვინმესთვი
არის იმედი,
განა ყოველთვის
სიმღერით მიდის
სიჭაბუკიდან გზა სიბერემდი.

მე ვინც მგონია მკაცრი და ცუდი,
ჩემთვის ვინც არის კაცი უგულო,
არის სხვა ქალი –
ვინც წლობით უცდის,
და საწუთროში
მისით სულდგმულობს.

ზოგჯერ სიცოცხლეს
დაუსვამ წერტილს,
სახეს ღრუბელით ჩამოიქუფრებ,
და მაინც სადმე
სიყვარულს შენს წილს
იპოვი, როგორც
გრემის სიტურფეს.

ხან დაბერდები კაცთან
შემთხვევით,
მოკვდები, როგორც
ზამთრის ცივი დღე,
ხან უცხოს სადმე შეეფეთები
და მთელ სიცოცხლეს
ვეღარ ივიწყებ.

რადგან ბუნება არ გვრჩება ვალში
რაღაც სიკეთით
ყველას მოგვმადლის,
იმედის ზღვაში თეთრი აფრებით
ვტივტივებთ, როგორც
შორი ხომალდი.

ყველას ვიღაცა გვიწოდებს ლამაზს,
ხან გარეული, ხან შინაური,
ყველა ადვილად
მიხვდება განა,
ხუმრობაა თუ ქათინაური.

Medea Kaxidze – Yvelas Vigaca
მედეა კახიძე – ყველას ვიღაცა

მედეა კახიძე – "სველ მატიტელებზე მოვრბივარ"

October 3, 2014 § Leave a comment

სველ მატიტელებზე მოვრბივარ,
გავთელე გვირილა ნაწვიმი,
მე დამარცხებული გნოლი ვარ,
შენ _ გამარჯვებული არწივი.
გეძახის უძირო ოცნება,
შენს წინ მსურს მუხლებზე დავეშვა,
კერპი ხარ,
მოვსულვარ მლოცველად
და გულში ვიხუტებ კაეშანს.
ვფარხალებ ეჭვის ფაცერში,
გზას გულის ფანცქალით გავცქერი
და არც მსურს ვიწამო
სხვა გზები,
მოდიხარ ცხენდაცხენ ნავარდით,
არ გინდა გახედვა არსაით,
მსურს ტოროლასავით ავვარდე
და შენს გულს შევასკდე ცასავით
გულამოვარდნილი მორბიხარ,
გათელე გზა წვრილი…
მე გამარჯვებული გნოლი ვარ,
შენ _ შენ დამარცხებული არწივი.

Medea Kaxidze – Svel Matitelebze Movrbivar
მედეა კახიძე – სველ მატიტელებზე მოვრბივარ

მედეა კახიძე – "ვინც გამიცინა"

April 3, 2014 § Leave a comment

ვინც გამიცინა
ყველა კაცს ვენდე,
მაგრამ
ეს კი ვერ ვისწავლე დღემდე,
სიმართლის მთქმელი
რომ დადის ურმით.
გულს იფხანს მხოლოდ
საწუთროს მდურვით,
რომ ყურები აქვს
თურმე კედებსაც
თუკი სიმართლის
სიტყვას შებედავ.
მე ვატრიალებ
ქარის წისქვილებს,
თუმც ვხედავ, ხალხი
როგორ ქირქილებს.
რადგან მე ვჯობდი
ბევრს ცით თუ ღრეთი
მყავდა ყოველთვის
მე ჩემი ღმერთი.
მე მესეოდენ, ვით ჩიტი ხურმას
და ვინც მეწვია
ოჯახში სტუმრად,
კაცი მეგონა
მგელიც და ტურაც.
ზოგ-ზოგებივით,
ვით ჭოტი ბუკნა
მხოლოდ ჩემს ჩრდილთან
არ ვტეხდი ლუკმას.
ყველას ვკერძავდი
მთელი წლის სარჩოს,
გულში ვიკრავდი
წამსვლელს და დამრჩომს
მათთან გულღიად
ვუვლიდი ფერხულს
და თუ მგლებისგან
მიპოვით შეხრულს,
იცოდეთ, ჩემმა მოყვრებმა დამხრეს,
რომლებიც სხვაზეც იხმარენ ამ წესს
თუ მე ბრმად ვანდონ
გულის გასაღებს,
ვინც თავს ჩემს ერთგულ კაცად ასაღებს,
სინამდვილეში მაიმახია,
არ შემიცოდოთ,
ჩემზე ახია!

Medea Kaxidze – Vinc Gamicina
მედეა კახიძე – ვინც გამიცინა

Where Am I?

You are currently browsing the მედეა კახიძე category at leqsebi.