ტერენტი გრანელი – დაბრუნება სოფელში

December 14, 2014 § Leave a comment

ახლა არის ივნისი, ახლა გვიან ღამდება.
მაგონდება ბავშვობა, – ეს ცა მაშინ სხვა იყო.
ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას,
მერე თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო.

ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს
(ახლა უფრო ხშირია დარდი და უძილობა).
მზერას მტაცებს საყდარი. ველზე გათხრილ სამარეს
ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას.

ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად:
მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება.
ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა,
ახლა ჩემში გაკილვა ყველას ეპატიება.

თუმცა თვალებს ცეცხლიანს არ ეტყობათ დაღალვა,
ვიცი, გაფითრებული ვგავარ შემოღამებას.
ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა, –
არ თავდება ვარამი და იობის წამება.

ახლა მინდა ამ მზეში იმედები გახშირდეს
(თუმცა რაა იმედი? – წამიერი ფარ-ხმალი).
მელანდება სიკვდილი და სოფელი მამშვიდებს,
ჩემი ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი.

Terenti Graneli – Dabruneba Sofelshi
ტერენტი გრანელი – დაბრუნება სოფელში

ტერენტი გრანელი – სიშორეზე

December 14, 2014 § Leave a comment

ახლა შენს საფლავს ხომ ნელა ათოვს
და ჩემი გრძნობა ლექსში იღვრება.
სადღაც წევს ქალი მიწასთან მარტო,
მას ახლო გველი თუ ესიზმრება.

გაქრა წარსულის შავი ხაზები
და სადღაც ქალზე ელავს ოცნება.
და საუბრობდნენ შორს ვიღაცეები
და ბოლოს დარჩა უსიამოვნება.

ღამეს ამნაირს წამება მოსდევს
და სადღაც ქალი გადის ეზოდან.
ალბათ ვიღაცას იქ ეძახოდნენ
და ეს ძახილი მე არ მესმოდა.

ახლა სადღაც შორს თეთრი ნისლი დგას,
მე გამიტაცეს ძველმა ფიქრებმა.
ისევ იცვლება გული სისხლისგან
და ჩემი გრძნობა ლექსში იღვრება.

Terenti Graneli – Sishoreze
ტერენტი გრანელი – სიშორეზე

ტერენტი გრანელი – "ცისფერია ფიქრი წმინდა"

December 14, 2014 § Leave a comment

ცისფერია ფიქრი წმინდა,
სახელია და ხსენება.
სამუდამო ძილი მინდა
და სიკვდილით დასვენება.

და მგონია, წუხელ წვიმდა,
შორს ბაღია და მშვენება.
სამუდამო ძილი მინდა
და სიკვდილით დასვენება.

Terenti Graneli – Cisferia Fiqri Wminda
ტერენტი გრანელი – ცისფერია ფიქრი წმინდა

ტერენტი გრანელი – "კვიპაროსს არხევს ქარი ფერდობთან"

December 14, 2014 § Leave a comment

კვიპაროსს არხევს ქარი ფერდობთან,
და ჩემი სისხლი ნელა ილევა.
და წვიმიან დღის უიმედობა,
და წვიმიან დღის განწყობილება.

იქ სხვა გულია, ეს გული მე მაქვს,
და ჩემი სისხლი ნელა ილევა.
და წვიმიან დღის მწუხარე თვლემა,
და წვიმიან დღის განწყობილება.

და გულს დაეტყო გამოცოცხლება,
ძვირფასო, სისხლი ნელა ილევა.
და წვიმიან დღის ჩუმი ოცნება,
და წვიმიან დღის განწყობილება.

Terenti Graneli – Kvipaross Arxevs Qari Ferdobtan
ტერენტი გრანელი – კვიპაროსს არხევს ქარი ფერდობთან

ტერენტი გრანელი – უიმედო დაბრუნება

December 14, 2014 § Leave a comment

რა გულმოკლული მივალ ოთახში,
ღმერთო! რანაირ ბინაზე მივალ.
დღესაც მწუხარე ვიყავი ბაღში,
ახლა ქარია, მახსოვხარ, მცივა.

მივალ, დამხვდება მკვდარი ქალივით
ჩემი ლოგინი, თითქო სოველი.
მე მოვალ მალე ღამენალევი,
როგორც თვალები, ცრემლის მთოველი.

მიდის ფარული ეს გამწარება,
ვეძებ თანამგრძნობ მეგობრის ხელებს.
ჩემს გულისწყრომას, ჩემს აღსარებას
მე ვეუბნები ოთახს, სიბნელეს.

გაივლის ღამე – სამარე სულის,
ო, მიხარია ეს გათენება.
და გავალ მზეზე მე მოქანცული,
როგორც სიზმარი და მოჩვენება.

Terenti Graneli – Uimedo Dabruneba

ტერენტი გრანელი – უიმედო დაბრუნება

ტერენტი გრანელი – "ეს მაღალი ჩინარი"

December 14, 2014 § Leave a comment

ეს მაღალი ჩინარი,
აქ წამებას განიცდის.
ჩემი მხსნელი ვინ არი,
რას მივმართო, არ ვიცი.
               
ისევ ქარი და ქარი,
ქარი მე არ მეყოფა.
მე მინდა მეგობარი,
მე დავეძებ მეგობარს.
გული გრძნობს ანაზებს,
და ვიდარდებ მარტო მე.
ღმერთო! ამ ქვეყანაზე

ასე რისთვის დამტოვე.


Terenti Graneli – Es Magali Chinari

ტერენტი გრანელი – ეს მაღალი ჩინარი

ტერენტი გრანელი – ფანტასტიკური ღამე

December 14, 2014 § Leave a comment

I
უძილო ღამე, ყრუ ფიქრები და ფანტაზია,
ცოხვრების რბენა, მარტოობა აუწერელი.
წითელ ოცნებას მდუმარებით ფანტავს აზია.
უძილო ღამე, ყრუ ფიქრები და ფანტაზია.
ჩვენი სიტყვები ყველასათვის ფიანდაზია.
თავის ლექსებში იხედება კონნე სპერელლი.
უძილო ღამე, ყრუ ფიქრები და ფანტაზია,
ცხოვრების რბენა, მარტოობა აუწერელი.
II                      
მწვანე მირაჟი, ღამის რკალი, სახე ლამაზი,
უტეხი ტევრი და სპეტაკი ნიამორები,
სწორი მეტეხი, დამსხვრეული ოქროს არმაზი.
მწვანე მირაჟი, ღამის რკალი, სახე ლამაზი.
პანის მორევში იღვენთება ცრემლით ალმასი.
ყვითელ სივრცეში ცეცხლით იწვის ღია ზმორები.
მწვანე მირაჟი, ღამის რკალი, სახე ლამაზი,

უტეხი ტევრი და სპეტაკი ნიამორები.


Terenti Graneli – Fantastikuri Game

ტერენტი გრანელი – ფანტასტიკური ღამე

ტერენტი გრანელი – "ისევ მაღალ ცას ვეთაყვანები"

December 14, 2014 § Leave a comment

ისევ მაღალ ცას ვეთაყვანები,
ძვირფასო, ისევ მე შენ მინდოდი.
გადაშლილია ჩემს წინ ყანები,
გადაშლილია ჩემს წინ მინდორი.
შენ გულის კარი ისევ დახურე,
მიწას დაეცა დღე, როგორც ბადე.
წავედი მარტო და ვინახულე
ადგილი, სადაც მე დავიბადე.
ათასი ფიქრი ირევა თავში,
შენი სახელი უკვე ფიცია.
მეთამაშება ჩემი დის ბავშვი
და ის მეძახის ახლა ბიძიას.

და ქარიშხალი შენ გულს გინთებდა,

ძვირფასო, ერთხელ კიდევ მახსენე.
კარგია ახლა სიკვდილი დებთან,
მერე თბილისში თუ წამასვენეს.
ისევ მაღალ ცას ვეთაყვანები,
ძვირფასო, ისევ მე შენ მინდოდი.
გადაშლილია ჩემს წინ ყანები,

გადაშლილია ჩემს წინ მინდორი.

Terenti Graneli – Isev Magal Cas Vetayvanebi
ტერენტი გრანელი – ისევ მაღალ ცას ვეთაყვანები

ტერენტი გრანელი – ღამის მოუსვენრობა

December 14, 2014 § Leave a comment

ღამეა ჩუმი და მაღლა ნისლია.
და შენზე ფიქრით ბევრჯერ ავენთები.
რა ვქნა, გაფრენა მე არ შემიძლია,
რომ ვნახო ქვეყნის ყველა პლანეტები.
                           
ჩემს ამგვარ გრძნობას ტირილს უძახიან,
წმინდაო ღმერთო! მე დიდხანს გელოდი.
სული – სხეულის ჩუმი ტუსაღია,
სული – უცნობი, სული – ანგელოზი.
მოდის დღე ახალი და ნელა ბერდება,
აქ დუმილია, ალბათ იქ ტირიან.
გრძნობის კოცონი ისევ ძლიერდება
და გრძელი ღამე ჩემი სიკვდილია.
მსურს წამოვიდეს დილა მტრედისფერი
და მივყვებოდე ქარში გასვენებას.
შუაღამეა, რაღაც ვერ ვისვენებ

და ახლა მინდა იყოს გათენება.

Terenti Graneli – Gamis Mousvenroba

ტერენტი გრანელი – ღამის მოუსვენრობა

ტერენტი გრანელი – "ახლა ღამეა, – სისხლის გაშრობა"

December 14, 2014 § Leave a comment

ახლა ღამეა, – სისხლის გაშრობა,
კვლავ გათენდება დღე ულმობელი.
მე მაგონდება ჩემი ბავშვობა
და წალენჯიხა – ჩემი სოფელი.
                              
ყოფნა მიწისთვის რა მიზანია,
ეს თეთრი ფიქრი ჩემთან მოფრინდა.
მე დები წერილს არ მიგზავნიან,
წერილს არ ველი ახლა სოფლიდან.
გადიღო წვიმამ, ო, როგორც ცხელა,
სულს მეგობარი ხშირად არ იცნობს.
და მინდა ისევ შევძულდე ყველას

და მინდა ყველამ რომ დამივიწყოს.


Terenti Graneli – Axla Gamea, – Sisxlis Gashroba

ტერენტი გრანელი – ახლა ღამეა, – სისხლის გაშრობა

Where Am I?

You are currently browsing the ტერენტი გრანელი category at leqsebi.