გაგა ნახუცრიშვილი – ვარ ნაპოლეონი

October 4, 2014 § Leave a comment

ვარ ნაპოლეონი!..
მომკალით, იცოდეთ, მსოფლიოს დავიპყრობ,
ვიწამე ლუდხანის და ვიღაც ავარას
ვნიშნავდი ჩემს რაზმში დიდ მხედართმთავარად,
სიკვდილიც შემთხოვდა: გრძნობები გავიყოთ,
მომკალით, იცოდეთ მსოფლიოს დავიპყრობ!

ვარ ნაპოლეონი!
მსოფლიოს ხმაურიც ფეხებში მედება,
მე არ მწამს ცრემლები, ხვეწნა თუ ვედრება,
არ მწამს ტრაგედია და მარცხი ცბიერი,
უკან არ დაიხევს ავარა მშიერი,
მოვმადლე ავარას მეფური იერი!

ვარ ნაპოლეონი!..
ქარები, წვიმები არის სასაცილო,
მოდით, რომანტიზმი ერთად გავაცილოთ
და ჩემთან დადექით ფერკმრთალი ვარდებით,
რადგან სიფერადეც გახდა სასაცილო,
მოდით, სიყვარულიც ერთად გავაცილოთ.

ვარ ნაპოლეონი,
ვიღაცა ოხერი თუ იმპერატორი!..
თქვენ ჩემთან მოხვედით? რა გინდათ, ბატონო?
და რაკი მოხვედით, ხართ გიჟი ან პოეტი,
ბრძოლა ხომ დაიწყო, დგას საღამოეთი
და მაინც იბრძოლეთ, გწამთ იმპერატორის.

ვარ ნაპოლეონი!..
მსოფლიო ცახცახებს და ვიგრძენ დაღუპვა,
არ შეცდეთ, მე სისხლი სულაც არ მწყურია,
არ მინდა ოცნების ეჭვებით გალუმპვა
და ვიცი დიდების შიში და შურია.
უბრალოდ, სამყარომ დამღუპოს, მწყურია!

ვარ ნაპოლეონი!..
როცა დავიპყარი სამყაროს ნაწილი
და როცა შევიგრძენი ცრემლები ნამდვილი,
როცა დავიკარგე ცრემლების ქაოსში
და როცა ღრიალით საშინლად დავოსდი,-
არ მსურდა ეჭვებით ოცნების დაღუპვა.

ვარ ნაპოლეონი!..
ლამაზი სიკვდილიც არ არის ამქვეყნად,
მიქარავს ტოლსტოი, ვკვდები ვით ათასი,
ვარ იმპერატორი და თანაც ჯამბაზი!
ძნელია ოცნების, იდეის განდევნა.
ზამთარიც ჩამოდგა ვით ქამელეონი.

ვარ ნაპოლეონი!..
ზამთარი სიმღერებს და ფერებს შეიცვლის,
დავმარცხდი? არ მჯერა და ალბათ შემრისხეს,
მე უკვე დამღუპა სიყალბემ ზამთარის
და სადღაც ივსება უაზროდ დავთარი.
და მეც შევეწირე ფერებს, ქამელეონს,
წადი, ჯანდაბამდის გზა გაქვს, ნაპოლეონ!
მასხრობა ყოფილა ადამის გენია,
დახურეთ ფარდები, ფარდები, მრცხვენია!

Gaga Naxucrishvili – Var Napoleoni
გაგა ნახუცრიშვილი – ვარ ნაპოლეონი

გაგა ნახუცრიშვილი – დაკარგული მოტივი

October 2, 2014 § Leave a comment

ცარიელზე ცარიელი ველები,
ვეღარ გხედავ როგორც გამქრალ მადათოვს,
მომაწოდე დათოშილი ხელები,
მეც მცივა და მითხარ როგორ გაგათბო!..

გაიგე, რომ დროა ახლა ასეთი,
რახანია დაიხოცნენ კრავები,
ახლა მხოლოდ სიჩქარე და გაზეთი,
ახლა მხოლოდ ღრიალებენ ძრავები.

ისევ ლტოლვა ისევ ისე წანწალი…
და ნაცნობი უცხო ჩვენი სამყარო,
დიდი ხნის წინ დამიმთავრდა საგზალი,
ძალაც არ მაქვს ლექსები რომ გავყარო.

ხომ ხდებოდა პოულობდნენ გასაღებს,
ხომ ხდებოდა ზღაპარი და მითები,
რა იქნება, სადმე მაღლა დავსახლდეთ,
ხეზე ისევ ხომ ცხოვრობენ ჩიტები.

დავიღალე თითქოს ვებრძვი ურდოებს,
მე ვარ გიჟი, მაგრამ არ ვარ მოცარტი,
გევედრები: მარტო მაინც ნუ მტოვებ,
გთხოვ ცარიელ სასახლეში მობრძანდი!..

Gaga Naxucrishvili – Dakarguli Motivi
გაგა ნახუცრიშვილი – დაკარგული მოტივი

გაგა ნახუცრიშვილი – არა მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე….

September 10, 2014 § Leave a comment

“არა, მეგობარო, აქ უარესია,
აქ გაიფანტება იმედი, ნიჭი.
აქ ქრება ოცნება, ოცნება – მესია,
ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით.

არა, მეგობარო, არა ღირს ცხოვრება,
არა ღირს ცხოვრება, რომც იყო ქრისტე,
არა ღირს ნუგეში თუ ყულფის მორგება,
არა ღირს!.. არა ღირს!.. რა გითხრა კიდევ.

არა, მეგობარო, არა ღირს ღიმილი,
მე ვიცი, ღიმილსაც დაახრჩობს ბოღმა,
არა ღირს, იცხოვრო ღმერთივით, ვირივით,
არა ღირს, იცხოვრო ფხიზელმა, ლოთმა.

არა, მეგობარო, არა ღირს სიმშვიდე,
არა ღირს იყვირო, გაჩუმდე მორცხვად,
არა ღირს სიყვარულს, სიხარულს იმკიდე,
ტალახში გასვრიან სიწრფელეს როცა.

არსებობს წამება, წამების სიჩქარით
შენს ხსოვნას ვაჩუქე ერთ-ერთი წამი,
ტკივილით, უაზროდ რაღაცა გითხარი
უშენო, თოვლიან, ყინვიან ღამით.

არა, მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე,
აქ გაგეფანტება ოცნების ნიჭი,
ოცნება დაალპეს, წაბილწეს, გაქურდეს,
ცრემლსაც კი დაკარგავ ლამაზი ბიჭი.”

Gaga Naxucrishvili – Ara Megobaro, Aq Agar Dabrunde…
გაგა ნახუცრიშვილი – არა მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე….

გაგა ნახუცრიშვილი – მოკლე კაბა

November 27, 2013 § Leave a comment

გაზაფხულდა,მოკლე კაბა ჩაიცვი,
სხვა რა გითხრა,შემიყვარდი მოკლედ,
უიმედო არ მინახავს მაისი,
და ნუ მეტყვი: იმედები მოკლეს.

საგიჟეთმა ოცნებები გარეკა,
იფანტება ოცნებების ჟინჟღლი,
შებმული მაქვს შენთვის ლექსის კარეტა,
თან დამყვება გადარევის შიში.

მოკლე კაბით მოდი,რამე მითხარი,
ავარჩიოთ უკაცური კაფე,
გავაღვიძოთ იმედები მიმფრთხალი,
ჩქარა,თორემ წყვეტენ შვების ძაფებს!

კაფეს კართან ჩამომჯდარი პოეტი,
უყურებდა ფანჯრის შიშველ რაფას,
ერთობოდა თავის სიმარტოვეთი…
გაზაფხულდა,გაქრა მოკლე კაბა!

Gaga Naxucrishvili – Mokle Kaba

Where Am I?

You are currently browsing the გაგა ნახუცრიშვილი category at leqsebi.