ზვიად გამსახურდია – "ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს"

January 15, 2014 § Leave a comment

ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს უცნაური რამეა
ქრისტეშობის ღამე მუდამ საოცარი რამეა
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა
ამ ღამეს ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა

მერე ზეცად აღევლინე არ გიგუეს მიწაზე
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილთ დედამიწაზე
ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა, ცრემლი დამდენი
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი

ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა
ფეხზე დგომა არის ძნელი ადვილია დაცემა
მეც დავრწმუნდი არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა

და წარსული სიზმრად მექცა მომავალი ოცნებად
მეგობარი ვეღარ მიცნობს მნახავს და გაოცდება
ხოლო შენზე სხვა ჩემს გარდა სევდას ვინ დაიბედებს
ძველი წელი ხსოვნას მართმევს ახალი კი იმედებს

ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა ჩემი სული ცას უხმობს
ჭეშმარიტად, კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს
მაგრამ გულზე სამარცხვინოს მონდა დაღი დავაკრა
ჯვარს ვერ ვკადრებ ქრისტეს მერე ზედ იუდა გავაკრა

შერცხვენილი წაწყმედილი ეგდოს ქვეყნად ეთრიოს
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს მრავალ რამე ეთიოს
რწმენა ძნელად გადარჩება ხატი უფრო ადვილად
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად ქრისტე აღსდგა ნამდვილად

ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად ხოლო ჩვენ კი დავეცით …

Zviad Gamsaxurdia – Albat Tviton Gmerti Irchevs Ucnauri Ramea

ზვიად გამსახურდია – პოეტი და მუზა

March 31, 2012 § Leave a comment

1. დაცემული მუზა

მუზამ აიღო ქრთამი,
სხვას მიეკედლა მუზა,
მისწევდა მის ფრთათა ჩქამი,
მტრის კართან აიტუზა.

მუზამ იყარა ქოში,
კალთები აიკეცა,
ვაჭარ პოეტთა ბრბოში
ცქრიალებს მატრაკვეცა.

მუზამ გაუგო გემო
პატივს ხალათს და ჩინსა:
“ნურც გამიხსენებ ჩემო,
დიდებულთ თვალის ჩინსა”,

მითხრა და უცებ გაქრა,
არც უდარდია ჩემზე,
მუზა გამხდარა აფრა
დიდ სოვდაგართა გემზე.

გადაივიწყა ცრემლით,
რარიგ თუთქავდა გულებს,
მუზა გამხდარა გრდემლი,
ზედ სჭედენ ვერცხლის ფულებს.

გასწირა ოქროს ვერძი,
გახდა ღორების მწყემსი,
გახდა პოეტი თერძის
მაქო, ძაფი და ნემსი,

გადაივიწყა გედი,
გახდა ბატების ძიძა,
ირჩია ხარჭის ბედი,
ტრფიალი დაამიწა,

ო, აღარ გალობს ქნარზე
მზიურ ოცნების ნავში,
მუზა მიადგა კარზე
ვაჭარ პოეტთა კავშირს,

მათ კი ქვესკნელის ურჩხულს
მუზა მიჰგვარეს ხასად,
უსმენს ღვთაებრივ ჩურჩულს
ქვეწარმავალი ნასად.

დავჯექ და ცრემლი ვღვარე,
ვჭამე პეშვებით მიწა.
თავს მადგა შავი მთვარე
და… უცებ გამეღვიძა.

2. ჭეშმარიტი მუზა

აჰა, უეცრად გაქრა
ეს საზარელი ხილვა,
მუზამ ფრთის წვერი გამკრა,
ნაზად დამიწყო კილვა:

“რად დაიჯერე ჩმახი,
ეგ სიზმარია კრული,
დიდ პოეზიის ჭაღი,
დიდ აღმაფრენის სული

განა ჩაჰქრება ოდეს,
თუნდ ჩამოიქცეს ზეცა,
ავდარს სიამედ მოსდევს
ბადრი მთვარე და მზეცა.

იმად ვიცვალე სახე,
აღარ გამოვჩნდი ცადა,
რახან მიჯნურად გსახე,
შენი გამოცდა მწადდა.

არ შეორგულდი, ვიცი,
არ ამედევნე თანა,
არ შეგიბღალავს ფიცი
და პოეზიის მანნა

სასოწარკვეთილს, გულმწყრალს
ცრემლი გდენია თქეშად,
მაგრამ სინდისი ურცხვად
შენ არ მიჰყიდე ეშმას

და მის მსტოვართა ბრბოში
არ გაერიე შენა,
არ დაიჯერე როში,
არ წაიბილწე ენა.

ჩემის დაცემის მნახველს
ცრემლის გდენია ღვარი,
მაგრამ ჩემს წმინდა სახელს
გიჩურჩულებდა ქარი.

განა დაისის ღრუბლის
ცის კაბადონზე ფენა.
ჩემი ნათელი შუბლის
შენთვის არ იყო ჩენა?

განა ტალღათა ტაში,
განა ნიავთა ნანა
არ გიმღეროდა მაშინ,
რომ დაგყვებოდი თანა?

ამიერიდან შენთან
იქნება შენი მუზა,
შენთან ჩაუშვა ღუზა,
შენს სულში ჩაიღვენთა”.

Zviad Gamsaxurdia – “Poeti Da Muza”

ზვიად გამსახურდია – “ვეფხისტყაოსნის სიმფონია”

March 31, 2012 § Leave a comment

მულღაზანზარულ მუზარადთა ზმათ და ზარებათ,
ზეიდალთაებრ მზე-ზარნიშით მბზინვარე ზღვათა,
ზედგამზრახველთა არგამწირავთ მუქაფის ზღვადა,
ზეგარდმო ქნარნი მუნ ამკობენ სეშთა ზარებად.

გაჭრად იჭურვის ჭარმაგოსან ჭაბუკთა ჭმუნვა,
სული სათთა და სპეტ-სოსანთა იფრქვევა ნაზი,
ბროლის კუბონი, ბროლ-ბაკმათნი მზეობენ მუნვე,
გიშრის ტბათაგან ლალს მოადენს მუტრიბთა საზი,

ბივრილ-სათთაგან და ელვარე საფირონთაგან
მუნ კიანთობენ ლაღ სტრიქონთა სამაჯურები
ლალ-მარგალიტნი ათასგვარნი, ათასჯურები,
სცვივა მთიებთა ნაკვალევზე განარონთაგან,

მნათობთა თანადს მას უყვარდა ზიმზიმი მზეთა,
ზერგნა ბოროტი ცთომილების მას უხაროდა,
დაბნედით განცდა სინარნარეთ და სინაზეთა,
გულის წარტყვევნა უდილეგოთ და უხაროდა,

ლაღად მიმფრენი ტაიჭები, შევარდენები,
სიხაფე ხაფთა და მათრახით ხლეჩა ხორცისა,
მონათა ყორე გმირთა მაჯით წანახოცისა,
ბედისწერადი ნიაღვრების შავი დინება,

ვეფხური მზერის დადუნება ვეფხურ შეტევით,
ეხო მგრგვინავი უდაბნოში ატეხილ ლომთა,
სამუმის ბუღში გაჩაღებულ მძვინვარე ომთა,
გაფიცხება და ცას მიწევნა ცეცხლის სვეტებად,

ზეგარდმო მადლი მოავლინა ჩვენზედ ზენამან
გულს განახლება, ხოლო სმენას მოსცა სიამე,
მიუთხრობელი ვით მოგითხროთ ბრგვნილმან ენამან,
თუ ვით დიადობს სამყაროზე მზიანი ღამე!

არ დაიმცრობის მამაცურთა მკლავთა კვეთება,
მიჯნურის სახმილს რა ძალით ძალუძს, აბა დაშრეტა,
დგას შეუღწეველ სრა-დარბაზად შემოქმედება,
ვით უბურღავი კლდე-გრეხილი ურღვევთა შრეთა.

Zviad Gamsaxurdia – “Vefxistyaosnis Simfonia”

ზვიად გამსახურდია – მთვარის ნიშნობა გალაკტიონ ტაბიძისადმი

March 16, 2012 § Leave a comment

არფაზე გაკრული გველი
ჩუმი ნიშნობაა მთვარის.
გათავდა ვარსკვლავთა რთველი
აღმოხდა ცისკარი ჯვარის.

მნათობთა ეს სამოსელი
სარკეა ანგელოსთ მხარის
გაბრიელ – ზღურბლისა მცველის
მიქაელ – დამცემი ზარის!

ალმასით მოსთული სელი,
ტატნობზე – ელვათა ბზარი
ზავდება კამარა ვრცელი

იხსნება ცხოვნეთის კარი.

აფრაზე გაკრული გველი,
ფერისცვალება ქნარის,
ცის გარდაცვალებას ელი,
ახლოა დარობა დარის!


Zviad Gamsaxurdia – Mtvaris Nishnoba Galaktion Tabidzisadmi

Where Am I?

You are currently browsing the ზვიად გამსახურდია category at leqsebi.