თემურ ჩალაბაშვილი – ვიცი გადამრევს ზაფხულის წვიმა

May 16, 2013 § Leave a comment

ვიცი, გადამრევს ზაფხულის წვიმა
და წუთისოფლის ზანტი ეტლები,
ასე ყოფილა დიდი ზნის წინათ,
ასე შეშლილან სხვა პოეტები.

ვიცი გამამხელს სადმე ცდუნება,
დრო ჩამემსხვრევა თვალში სიზმრებად,
ქარი წამოვა ვით ერთგულება –
და შენსკენ ,მავალს შემეხიზნება.

თეთრი ქედნები მასხედან მხრებზე,
ვიღაც მაკავებს ცისკრის ძაფებით –
თქვენ ჩემში პოეტს ამაოდ ეძებთ,
მე მხოლოდ სურვილს ვეთამაშები.

ვიცი, გადამრევს ზაფხულის წვიმა
და წუთისოფლის ზანტი ეტლები.
ასე ყოფილა დიდი ზნის წინათ,
ასე შეშლილან სხვა პოეტები.

Temur Chalabashvili – Vici Gadamrevs Zafxulis Wvima

თემურ ჩალაბაშვილი – ჭირისუფალი

May 16, 2013 § Leave a comment

შეუფანცქალდა გული პაწიას,
დაეცა მიწას – ახალმოთოვლილს.
ატირდა მუხა, ტოტი დასწია
და მიაფარა მკვდარ ჩიტს ფოთოლი…

Temur Chalabashvili – Chirisufali

თემურ ჩალაბაშვილი – ციკლიდან "ყინულის ქალაქი"

May 16, 2013 § Leave a comment

ამიერიდან მე შენ გეკუთვნი,
გადამავიწყდა ძველი მითები,
შენ ხარ მაღალი ჯვარი გეგუთის,
მე კი – დაღლილი ბერის თითები.

და როგორც მიწა ლტოლვილთ მიუტევთ,
ნუ გაგაოცებს ჩემი იერი.
შენ ამაყი ხარ ვით სიჯიუტე,
მე ვით სიმორცხვე – ვარ თვინიერი…

აჰა, მორჩილი მონის კისერი,
აღზევებულა ჩემი ქალაქი,
ისევ და ისევ შენ თუ მიშველი,
ცოცხლობდეს ჩემი ძვალთშესალაგი.


ამიერიდან მე შენ გეკუთვნი,
გადამავიწყდა ძველი მითები,
შენ ხარ მაღალი ჯვარი გეგუთის,
მე კი – დაღლილი ბერის თითები…

Temur Chalabashvili – Yinulis Qalaqi

Where Am I?

You are currently browsing the თემურ ჩალაბაშვილი category at leqsebi.