არჩილ სულაკაური – მხოლოდ ერთხელ…

July 10, 2014 § Leave a comment

მინდა,
ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?

მივდივარ და სად მივდივარ,
სადაური საითა?
ლელო ერთხელ გავიტანე,
განა კიდევ გავიტან?!

გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ
ჩამოვხსენი კარები.

მხოლოდ ერთხელ აღვაშენე
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დიდგორისკენ
მხოლოდ ერთხელ დავძარი.

მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა
სიყვარულის სიზმარი
და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ
კარნი სამოთხისანი.

მინდა,
ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო.
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!

სადაური სად გაფრინდა,
ვის ცერზე ზის ტიალი,
ვის შეუდგა და ვის ასმევს
შარბათს ოქროს ფიალით?

ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს ახლა ერთხელ
მან ცამოხსნას კარები!

ახლა სხვამან აღაშენოს
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დასძრას დიდგორს,
როგორც ერთხელ დავძარი!

ახლა სხვასაც დაესიზმროს
სიყვარულის სიზმარი
და განეხვნეს ერთხელ სხვასაც
კარნი სამოთხისანი!

მინდა,
ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო.
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო!

Archil Sulakauri – Mxolod Ertxel…

არჩილ სულაკაური – უძილობა

July 2, 2014 § Leave a comment

მთელი ღამე ხმაურობდა ზღვა,
ზღვის ხმაური სასთუმალთან მედო.
უძილობით ახლა უნდა ვზღა,
ბნელ სიზმრებში რაც ჩავკარგე ერთ დროს,
რაც ჩავლეწე, ჩავაფშვენი ღამით
ნასიზმრალი, ბორგნეული ხმები.
რასაც მკაცრად ითხოვს უკან ჟამი
და რის გამოც უძილობით ვკვდები.
ზღვის ტალღებზე მიმსხვრეული ხმა
ჩემ ძველ სიზმრებს ეშხეფება თითქმის…
ვიცი,
ერთხელ რაც მე უნდა ვთქვა,
სხვა ვერავინ,
ვერასოდეს იტყვის.

Archil Sulakauri – Udziloba

September 25, 2000 § Leave a comment

  1. “უკვე მოგეცი”

Where Am I?

You are currently browsing the არჩილ სულაკაური category at leqsebi.