დათო მაღრაძე – ბაქანი, წეროები, კონიაკი.

May 15, 2013 § Leave a comment

ზეცას, თუნდაც მოღუშულს,
მოწყენილს
და წვიმიანს,
ფრთების ჯარს რომ მიანდობს
ყელგაწვდილი ფრინველი,
მისი სულისკვეთება
ამ საკრავის სიმია.
… დრამა ორ მოქმედებად,
მოქმედება პირველი:

-გავა მატარებელი?
ხალხია თუ თხებია,
ზოგი მოკლე კაბით და ზოგი
გრძელი ულვაშით,
რაც ქვეყანას მოვედი,
ამას მეკითხებიან,
მერე უკვირთ, მნახავენ
ადრიანად დუქანში.

ასეთ გზებზე ვათრიე
ჩემი ალფა-ომეგა,
ცაზე მოხვდა პატრიას
ლექსის პწკარი ყანჩებად,
არასდროს მინატრია-სადმე
რამე მომეგო,
რადგან პირჯვარს ვიწერდი
მხოლოდ გასამარჯვებლად.

იყო ბედთან თამაში,
იყო გზაზე დაცემაც,
წუთისოფლის შალაშინს როცა
ტრფობა დანებდა,
რა ვქნა, ვერ მივიცალე
თქვენთვის პატივსაცემად.
რადგან მუხლზე ვიდექი
მხოლოდ სათაყვანებლად.

არსაით არ მეძახდა
საგანძური მეფეთა,
მთვარე მედგა ნაკლული,
სიყვარულის ქომაგი,
შეძახილით კაფეში იყო
ჩემი შეკვეთა:
-კონიაკი ფრანგული
რიჟრაჟამდე ორმაგი!

წუთისოფლის მენიუს
მივაწერე ფასები,
უფრო ხელმისაწვდომი,
ვიდრე სხვაგან ნახავდით,
საფასურად სიცოცხლე,
საკმარია სავსებით,
სიყვარულის მხარგასწვრივ,
როგორც გადასახადი.

ამ ქალაქში, რა ვიცი,
ძველად ვის რა ენება,
ახლა გახდა წრფელობა
ირონიის საბაბი,
სიცოცხლეს იგრძელებენ
გაგრძელებით ენების
და ასაკსაც იკლებენ
დამოკლებით კაბების.

როგორც ჭაღის პეპლები,
ირევიან ნაშები,
თითქმის დავიწყებული
ცოცხლდებიან ქუჩები,
დაბერილი ტუჩებით
ადრე ნაპარპაშები
კვლავ მოდიან
შენ იცი,
თუკი გადაურჩები.

გადარჩენა ერთია,
სიყვარულის წვეთია
ბედი შეუკვეთია,
ამის დამწერს ორმაგი,
აბა ახლა შენ იცი,
შენა ხარ და ღმერთია,
თუ დარჩები პირველი
სიყვარულის ქომაგი.

ზოგი ხალხს თვლის – მოსეა,
ზოგი თავს თვლის მესიად,
მინდა გავქრე მზიანად,
შევერიო უსიერს,
ანდა ვკითხო ფღანგულად,
ძველებური წესია,
თანაც თავაზიანად:
შიგ ხომ აღ გაქვთ, მუსიე!

მუზეუმში საკლავით
მისდგომიან ოპიზარს…
საკმეველი გზას იკვლევს,
საპოვნელად ნაკლისა
ეკლესია იქნება
მეკვლე ქრისტეშობისა,
როცა გვირგვინს ეკლისას
კაცი მოისაკლისებს.

რუხი ცა გააცილებს
წეროების ქარავანს
და მოიწყენს ბაქანი,
ცრემლიანი საცოლე…
მგონი, გუნდს გადავყევი,
მგონი, მე აქ არა ვარ,
სულ შენ ეღვენთებოდი
ცისქვეშეთის საწოლებს.

სანამ გადაივლიან
წეროების გუნდები
ცის კიდეზე სტრიქონებს
წეროებით მივაწერ.
დავბრუნდები სიზმრიდან
სანამ გადავბრუნდები
თუ დამხვდები ბინაში,
დაბრუნებულს ბინაზე.
აქედან და შენამდე გზა
ვერ დავაცოტავე.
ვხვდები ალავერდობას
მერამდენედ უშენოდ…
თუ ოცნება ცოდვაა,
ოცნებები სცოდავენ,
უშენობას შენობა
მინდა ამოვუშენო.

შემომყურებს ბოჭორმის
ხატი წმინდა გიორგის,
ოქროსფერი გიორგი
წრფელობაზე მეტია,
გამებზარა ძახილით ყელში
სახმო იოგი
რადგან ზეცის ვარსკვლავი
გულში არ დამეტია.

შემოგყურებ ღამეში
შუქელვარე ლამპიონს,
ძახილით – გალაკტიონ!
ქარი დაგედევნება,
მინდა მთაში გავიქცე,
მწყემსებს გავეკაფიო,
ვთქვა სიტყვები მკაფიო
მწვერვალების მშვენება.

ცის არ გადაშენება,
წეროების ირაო,
მათი ფრთების მარაოს
მოწვდენილი ნიავი,
სიცოცხლით გადავიხდი
გადაუხდელ გირაოს,
ოღონდ მომწყდეს ნიავი,
ფრთებით ნალოლიავი.

ამდგარა და გამქრალა
ფიროსმანის სამარე,
არც აკვანი არა სჩანს,
იქნებ სულაც არ იყო…
თამარ, მიეთამარე,
აღდგომა დღეს გაფრინდა
უკვალოდ, უთარიღოდ.

და ისე არ ჩაივლის
ჩემი წუთისოფელი,
ცის კიდეზე სტრიქონებს,
წეროებით მივაწერ,
დასრულდება მირაჟი
თრობით დაუთრობელი,
დავბრუნდები ბინაში,
თუ დამხვდები ბინაზე.

გადაივლის ზამთარიც
მოწყენილი დღეებით,
ცაზე შეიკლაკნება
აქსელბანდი ოფიცრის,
სატრფოს გაეღვიძება კარის
ერთი შერებით,
მყუდრო საძინებელი სიცოცხლისთვის მოიცლის.

მოიცლის და
მოიცლის მარტოობის არშიას,
ოხშივარი დაგათრობს
ნათბილარი საწოლის,
გამრუდებულ ცხოვრების
გაისწორებ ხვაშიადს,
მერე წვიმა, ბაქანი,
დარჩენილი საცოლე…

და ბაქანის წვიმები
დადგენილი ფოთლიდან
ისაუბრებს ქოლგასთან
მოლოდინს რომ მოება,
ასხლეტილი წუთები, რასაც
ცული მოთლიდა,
ნაფოტებად დასცვივდა
შეჩერებულ დროებას.

აქაფებულ ტალღებში ჯერ
შევდივარ მხარულით
და თუ მეხსიერება მაინც
გახდა არქივი.
მაშინ თუნდაც დაძველდეს ეს
ჩემი სიყვარული,
სიყვარული ძველდება,
ოღონდ კონიაკივით.

P.S.
ხან ჩემივე სიტყვები
უსაშველოდ მაბრაზებს,
ამიტომაც არასდროს ნათქვამს
არ ვიმეორებ
და ძვირფასო მკითხველო,
შეისვენე ანტრაქტზე,
ვიდრე არ დაიწყება
მოქმედება მეორე.

Dato Magradze – Baqani, Weroebi, Koniaki

დათო მაღრაძე – ქალაქგარეთ

May 15, 2013 § Leave a comment

შენაკადივით როდესაც მერთვის
ბედის სიმძაფრე და ირონია,
აქ, ქალაქგარეთ, სახლია ერთი, —
მტვრიან თაროზე ბაირონია.

გადავშლი, ისე როგორც მისნობას,
დასცვივა მტვერი, დამცვივა მტერი…
და უერთდება მარადისობას
საფრთხე — რაფაზე დაყრილი მწერი..

Dato Magradze – Qalaqgaret

დათო მაღრაძე – სალომეა

May 15, 2013 § Leave a comment

…და დაეწვეთა სცენაზე ქალი,
მერე მეორე, მერე მესამე
და როგორც წყალზე, დაირწა რკალი,
შეეხო პარტერს და მიესალმა…

ეს ნაპირი კი უსალამოა…
უამინდოა, მზისგან სათელი,
შეარხევს სხეულს თუ სალომეა,
იქ იოანეს არ ჩანს ნათელი.

აღარც თოლია შორდება ნაპირს,
— ღელვა იქნება, — ამბობს ტურისტი,
— მე ამოვიყვან მზეს წყლიდან, დავპირ-
დები ქვეყანას შენი გულისთვის.

მაგრამ ნაპირზე სდევნიან ლოგოსს
და სალომეას გრაცია ყვავის,
ზღვის ზედაპირზე მზე კვდება, როგორც
ნათლისმცემელის მოჭრილი თავი.

— ო, მზეო ჩემო, — ამ ტრუბადურის
სიტყვის მახვილი — ო, სოლე მიო!
გადაძახილი, როგორც ნადური:
— ო, სოლე მიო!
და სალომეას
თან გული მოაქვს, თან სული მიაქვს
შენს სალომეას, ჩემს სალომეას,
არეულია სამზარეულო,
ხან დოა სოლი, ხან სოლი მია,
სანდოა ჩემი ძველი რვეული:
— სალამი, მზეო, სალამი, ია,
ეს ნაპირი კი უსალამოა
ო, სოლე მიო! ო, სალომეა…

მიმოიქცევა წყალი ქალივით
ხან სილა მოაქვს, ხან სილა მიაქვს,
ვის — მხოლოდ ვნება, ვის სული მია —
ქანავებს წყალზე აფრით დახრილით,
და ეს ნაპირიც უსალამოა,
და სოლე მიო! და სალომეა…

— მომე სალამი! ან სილა მომე,
დაღლილ სახეში, როგორც უარი,
ან სამუდამოდ მომესალამე,
მომე, სამარე, ორეუარით.

ან წამიმღერე, შენი არია,
იქნებ გამეხსნას ძველი იარა,
რამაც ფოთლები არივ-დარია
და ქარტეხილით გადაიარა.

გადავშლი ცრემლით გაჟღენთილ რვეულს,
ჩემამდე ნაწერს დიდი ხნით ადრე.
როცა შეარხევ შენს უკვდავ სხეულს,
მეფის კარზე თუ ქუჩაში ნათრევს

ვიღაცა ცდილობს, მოიკლას თავი
და ან ნესტიან სარდაფში დათვრეს,
ჯვარზე გაეკრას ორივე მკლავით,
კეფა შეუდგას ოლარში პადრეს.

არ მნდომებია სიტყვით თამაში,
შენგან გამოწვდილ სიცოცხლეს ვხარჯავ,
მინდა წაგაგო ყომარხანაში
და გაგაყოლო მდაბიო ვაჭარს.

და მაგონდება მთვრალი ჰეროდე.
შენი გრაციის ნასროლი ლასო,
მინდა, რომ თარსად დაგდო ზეროზე,
— დაატრიალე! —
გავძახო გარსონს.

მაგრამ ეკალი სულს თუ არ ავნებს,
წმინდა გიორგის შევუთქვამ საკლავს,
ვაჭარს მოვუჭრი გზებს საქარავნეს
და პაპიჩემის სატევარს დავკრავ.

მინდა დავწერო შენზე სიმართლე,
რაც იყო ისიც, ისიც, რაც მსურდა,
წყალზე დააგდე ჩემი სინათლე
და წვრილ ვარსკვლავთა მეღვრება ხურდა.

შენა ხარ ჩემი ფიქრის ნაღები
და შენზე წერა ჩემი ბედია,
ამიტომ ვყვირი ყელის ძარღვებით:
— თავისუფლება ბინძურ მედიას!.

Dato Magradze – Salomea

დათო მაღრაძე – ნატურმორტი ვაშლებით

May 15, 2013 § Leave a comment

სუსტი სინათლე და ვერცხლის სინი
და მოწითალო სინზე — ვაშლები
და თუკი კართან დამალბობ წვიმით,
ჩამავალ ვაშლის სხივზე გავშრები.

ჭერზე ჭაღივით დავკიდებ სათქმელს,
რომ ვაციმციმო მკერდზე ბისერი,
ან მოვადგები რიჟრაჟზე სარკმელს
ამომავალი ვაშლის სიმღერით.

მაგრამ, ვინ იცის, არა ხარ მარტო,
ნაორთქლარ საწოლს ასწორებ მშვიდად
და ყოველივე უბრალოდ გართობს,
ისიც, რომ წვიმდა,
წვიმდა და
წვიმდა.

და თუ შეშლილის საშველის კალთას
არხევს შიშველი ქალი ვაშლებით,
აშლილი ფრთებით ბრინჯაოს ქალთან
ჩამავალ ვაშლის სხივზე გავშრები.

რა შეედრება ამ ღამის თევას —
დარწეულ ფიქრში ეჭვების ამშლელს,
თუ ვერცხლის სინზე დააწყობს ევა
სამოთხის ბაღში დაკრეფილ ვაშლებს..

Dato Magradze – Naturmorti Vashlebit
დათო მაღრაძე – ნატურმორტი ვაშლებით

დათო მაღრაძე – ლამანჩელი კაფეში

May 15, 2013 § Leave a comment

ზის ლამანჩელი კაფეში,
ძველს დაუკვეთავს კონიაკს,
გახუნებული აფიშა
სატრფოს ბარათი ჰგონია.

ქლესური გადაძახილით
თავები წაუქონიათ,
ის მიდის მტერზე მახვილით,
სიკვდილი მღერა ჰგონია.

ტრამალის ქარი დაბმული
საკანის ტიბიკონია,
ეს სახიჩარი მამული
რაინდს სამშობლო ჰგონია..

Dato Magradze – Lamancheli Kafeshi

დათო მაღრაძე – კაფე ჰეინეკენ

May 15, 2013 § Leave a comment

ბნელა კაფეში… მზე ქალაქს ტოვებს,
წვიმით ნარეცხი წვეთავს აფიშა,
ხან რა კარგია ეს სიმარტოვე
წყნარი საღამოს სინატიფეში.

სად დარჩა ბრძოლის ქარი და ზარი,
ძველი სამრეკლოს წრფელი ძახილი,
მოყვასის წასვლით წართმევა მხარის,
ზვარაკად მისვლა შეხსნილ მახვილით.

შემოვრჩი ამ სტეპს დაღლილი მგზავრი,
ვით თუნგით შარბათს შაჰინ-შაჰილი
და ვთბები, როგორც ვენახის ზვარი,
ღვინობისთვეში მზისკენ დახრილი.

სად გაქრა თრთვილი მინაზე ბზარით,
ვისხენებ თოვლში ჟღარუნს მარხილის,
ოფიციანტი მიღიმის კრძალვით:
ჩვენებას ცვლით თუ — ძველი სამხილით?..

მღერის ჰიუსტონი… მგონი უკეთ ვარ,
ვკითხულობ მენიუს, ვის სატრფოს წერილს,
მშვიდობით, ძმებო,
მე კვლავ ვუკვეთავ
სისხლით დაცლილი „სისხლიან მერის“.

„ლადყ ანდ ჰამილტონ!“

მიყურებს ტოლჩა არაყი,
მტევნებს ვერ მალავს პერანგი,
ტრედი აფრინდა,
ბარათი
წითელ ღეროზე შევაბი.

თავდაპირველად მიიღეთ
ჩემი გულწრფელი სალამი,
ვერაზე ყანა ბიბინებს,
ვაკეში დაწვეს წალამი.

ზემელი დასცეს სარეცელს,
ფერი უცვალეს მეიდანს,
პატარა ბიჭებს დაეძებს
პომადიანი დეიდა.

მძლე-მონუმენტურ კერპწერას
ბლომად ხახვებში თუშავენ,
ძველ უბანს სუნთქვა ეძნელა:
თქვენ ან სხვას რა დავუშავე.

გაზონზე ძროხა ბალახობს, —
ნოსტალგიაა პოეტის.
სიმფონიური შალახო…
— ბის!
— ბრავო!
ტაში მოედნის…

კარგი დაუდგა თამაში
ნახიშტარსა და
ნატორევს.
ეფენდი ყომარხანაში
ღმერთის კრიშიდან აგორებს.

„ფოსტას“ არავის ამადლის,
ქოსას უღიმის ქოსურად,
მუჭში წკარუნი კამათლის
დუ-შაშზე არი ორსულად.

— რაც ტრფობის
აგცდა შარბათი,
მწვანე მაუდზე მოსულა.

2.
— თენდება… შენი ნაქები
სველი რიჟრაჟი…
შეხედე,
შენ, ისევ დაიკარგები,
თუ…

გამოჩნდები დღე-დღეზე…

…იცი, მას აქეთ წლებია,
ამ ტახტზე იწვა ბებია…
პაპას მოჰქონდა სარჩო და
მთელი დღე ღვინის რუმბებთან
იდგა და ღვინით ვაჭრობდა
…ჰო, და… რო გაისტუმრებდა…
როგორც კი გაისტუმრებდა,
ამ ტახტზე ჩემი ბებია,
ხა, ხა, ხა… ჩემი ბებია,
წარმოიდგინე ბებია…
ჰო, და… იცი… ნუ, არ ვიცი…
აი, აქ ცელქობდა ბებია…
მეც იმის სუნთქვას განვიცდი,
და იმის წუთებს ვნებიანს…
…ეს ისე… მოჰყვა ლაპარაკს,
შვილიშვილი და ბებია…
თვითონ მომიყვა,
აბა, რა…
მე კი არ დამსიზმრებია.

და შენ, დაწერე რითმებით,
თუ ღმერთმა არ მომიტევა,
ბებოს ტახტი და მითები,
როგორ შემერგო მზითევად.

3.
„ჰეინეკენში“ ვმღერით და
კავალერისტობს ქვეითიც,
მონატრებია ერისთავს
„გაღმა-გამოღმა ხრეითი…“

მამაპაპურმა დაგვღალა,
მოვიდა სულ სხვა ქეიფი,
ფეხი იტკინა ცანგალამ
ელოუნ დარჩა ბეიბი.

ცანგალა ომში არ წავა,
უყვარს სითბო და ლეიბი,
დედიკო მას ენაცვალა,
გაუჩალიჩებს რეიტინგს.

დაცხრება ბედის მთარსავი,
დადგება ლექსის ამინდი,
ნუგეშს მცემს ნიკალასავით
სოლოლაკური კრამიტი..

Dato Magradze – Kafe Heineken

დათო მაღრაძე – თეთრი ჰოსპიტალი

May 15, 2013 § Leave a comment

დედა მიტირა ამ ომმა,
დღესაც მივწერე საცოლეს…
კუ-კუ-რუ-კუ-კუ… პალომა…
ერთიც ვიმღერო, მაცალე!

მოგონებებში დავები:
— ჩაის დალევ თუ ყავა რძით?..
მიღიმის მუხლისთავებით
დიდებულება სავარძლის.

— დაგელოდება საცოლე, —
მოწყალების დის ნუგეში…
და ჰოსპიტალის საწოლებს
სურთ გადაფრენა ბუდეში,

როგორც მოწყენილ წეროებს
ფათქუნით ფრთების ზეწრების;
ვარსკვლავზე სახელს მოვაწერ,
ვარსკვლავებს თუ მოვესწრები.
თეთრი სამოსით მოსილი
მოწყალების და ბინდიდან
ზეციურ ანგელოსივით
სარკმლიდან შემომიფრინდა.

კვლავ ზმანებაში დავები, —
— ჩაის დალევ თუ ყავა რძით?..
მიღიმის მუხლისთავებით
დიდებულება სავარძლის..

Dato Magradze – Tetri Hospitali

დათო მაღრაძე – სალვე

May 15, 2013 § Leave a comment

ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს
ნაომარი ქვას მოვძებნი კეფით,
თვალს შევავლებ განივ ფრთებზე
ჯვარცმულ ქორს
და გულისპირს გადავუშლი ზეფირს.

დაყრილ მკლავებს დავატოლებ ცაზე ქორს,
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს.
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს,
ამ ქალაქში მტვერია და ბური,
მითქმა-მოთქმას მიჩენილი ყური…
ვინც არ იყო უშურველთა შორის,
ზეთის ნაცვლად შუბლზე იცხო შური,
ამ იღბალში ატეხილი შარიც შურს,
როცა ისმენს ლექსში კაბის შარიშურს,
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს
მაზიარე ღვინითა და პურით.

ალკოჰოლით და თამბაქოს კვამლით
კაფეებში დაბინდული მზერა…
ეს ქალაქი არ ყოფილა გავლით,
ვინც შეეხო, ექცა ბედისწერად.
სადარბაზოს შესასვლელი — სალვე
ზედ — მარკიზი, დაცერილი ცუდად,
ნააფიცრალს ჰგავს სიცოცხლის დამლევს,
გალოთებულს მოგდებული ქუდით.

ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს
ძველი სახლის ჭერი კედელს დაშორდა,
ჯოხის ცხენმა დაიბრალა რაშობა,
გამოასწრო, როგორც დედის საშოდან,
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს
ნანგრევებში მოჰყვა ჩემი ბავშვობა.

ანგელოსო, ჩალის ქუდი ასე შორს,
წყალს მიჰქონდა სამოთხიდან ასე შორს…
და ხიდიდან ყვავილები მძივად
თითქოს ძაფი გამწყდარა და ცვივა,
თითქოს მძივის გაწყვეტილა ძაფი
და ყვავილებს ალივლივებს ტალღა,
ჩალის ქუდი ვერ იპოვის ნაპირს,
შეერევა, როგორც სათიბს ღალღა.

ანგელოსო, მიტოპავენ წვალებით…
სიყვარული მდინარეში ფონია…
დაირწევა ჯაზი მაწანწალების, —
შეწყალების უკვდავი სიმფონია.
ზედ სათიბზე ფეხით მოდის ქალი,
ტერფიც არ დასველებია პურში,
პირჯვარს ვიწერ, რომ არ ჰყავდეს ცალი,
ამიცხადდეს, რაც მესიზმრა გუშინ:
მწიფე პურის მოვარდნილი წყალი
პურის ზვირთზე — ფეხშიშველი ქალი…
შესვლას ვბედავ, გადავაბი მორი მორს,
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს.

— საით არის ამ სათიბის სალვე,
პურის ჩქერში თუნდ მხარულით შევალ,
თეთრი ქალი სხეულს გაიალვებს,
ასე ახლოს გაიელვებს ევა.
და იელვოს თუნდაც ციდან დელგმამ,
პურის ტალღებს თუნდ მხარულით გავჭრი.
და ოცნება შემეწევა ყველგან, —
ნატვრის ხეზე განასკვული ნაჭრის.

შემეწიე, ანგელოსო, გვედრი,
დაგლანდე თუ დღესასწაულს ვენდე…
თეთრ ტაძარში მომყავს ქალი თეთრი,
რაც იქნება, ის იქნება შემდეგ.
თოვლში ვარდი აყვავდა და ვარდზე თოვს.
ქორი ზოლად გააყოლებს ცაზე შოვს,
ანგელოსო, არ მენახე დღემდე,
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს.
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს
აზ საყვარელს წერილს ვუწერ, შორია,
ქვაზე — კეფა, მაღლა ცაზე ქორია,
ერთი იყო, ვხედავ, ახლა ორია,
მადლი უფალს! ქორსაც სატრფო ჰყოლია,
ფრთა შეახო და თან გაიყოლია.
ფრთა შემახე, ანგელოსო, ასე შორს,
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს….

Dato Magradze – Salve

Where Am I?

You are currently browsing the დათო მაღრაძე category at leqsebi.